დეკანოზი ალექსი იაკობის ძე ჭიჭინაძე 1820 წლის 15 მარტს, სოფელ ბარში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ალექსიმ ოჯახში, მამის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდგომში იგი თვითონ იტყოდა ხოლმე: „მამაჩემისთანა მაგარი კაცი და გამბედავი არ მინახავსო.“ 12 წლის ალექსი მამამ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა, რომელიც 1840 წელს დაასრულა. 1841 წელს მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) იგი მთავარდიაკვნად აკურთხა და თავის მშობლიურ სოფელში, ბარში განამწესა. 1853 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) ხელი დაასხა მღვდლად და ბარის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა. სასულიერო განათლების მიღების შემდგომ, დეკანოზი ალექსი ჭიჭინაძე მხნედ და მუყაითად შეუდგა სასულიერო სამსახურს და ცხოვრების მიზნად გაიხადა გულითადი და უანგარო მოღვაწეობა. იმ დროისათვის სწავლა-განათლების საკითხი მთელ საქართველოში ძლიერ დაკნინებული იყო, განსაკუთრებით ისეთ მთიან რეგიონში, როგორიც რაჭაა. მამა ალექსიმ ხმამაღლა დაიწყო ქადაგება განათლების მნიშვნელობაზე და მისმა დაუღალავმა მცდელობამ მცირე დროში კეთილი შედეგი გამოიღო.
ამის გამო 1859 წელს იმერეთის ახალმა ეპისკოპოსმა წმ. გაბრიელმა (ქიქოძე) იგი ზემო რაჭის და კუდაროს მხარის ოსური სოფლების ოლქის მთავარუხუცესად დანიშნა და ამ მხარეში სწავლა-განათლების მოწესრიგება დაავალა. მაშინდელ რაჭაში ძალზე იშვიათად მოიპოვებოდა სამრევლო-საეკლესიო სკოლები, რაც ძლიერ აფერხებდა საქმის დაწყებას. დეკანოზმა ალექსიმ თავისივე სახლში გახსნა პირველი სკოლა, სადაც უსასყიდლოდ, თავისი ხარჯებით ასწავლიდა გლეხის ღარიბ ბავშვებს წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს და საეკლესიო ტიბიკონს. უმოკლეს დროში მან კიდევ სამ სოფელში გახსნა სამრევლო სკოლები, სადაც შეგროვდა საკმაო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა უმრავლესობამ შემდგომში სასულიერო ხარისხში გააგრძელა ნაყოფიერი მოღვაწეობა რაჭის მხარეში. იგი ამ სიტყვებით ანუგეშებდა სკოლის მასწავლებლებს: „იშრომეთ, ეცადეთ შვილებო, ამ წმიდა საქმისათვის და ღმერთი ყოვლადმოწყალე არის და თქვენ შრომას არ დააგდებს იგი, თუმცა მეტად მცირე სასყიდელი გეძლევათ დიდი შრომისათვის, მაგრამ მთავრობა არ დაჰკარგავს თქვენ შრომას და სამსახურს. ასე არ იქნება, გაჩდება რაიმე საშვალება და წყარო, საიდანაც მიიღებთ საშრომოს, თქვენ და თქვენი სკოლა შეიქნებით სასარგებლო და საქებარი ამ ქვეყნად და ღმერთიც დაგაჯილდოებთ.“ დეკანოზი ალექსი ასევე დიდ ყურადღებას იჩენდა ეკლესიების აღდგენა-განახლებასა და მათ გამშვენებაზე. მიუხედავად სამრევლოს სიღარიბისა მან თავის სოფელში შეძლო და ააშენა ახ- ალი ქვითკირის ეკლესია, რომელსაც შემოავლო ქვის გალავანი და შეამკო ეკლესია ყველა საჭირო ნივთით. გარდა ამისა, მან თავის სამთავარხუცესოში ააშენა და განაახლა მრავალი ეკლესია.
შესანიშნავი ადმინისტრაციული ნიჭისა და გამოცდილების გამო 1869-73 წლებში ეპარქიის სამღვდელოებამ იგი აირჩია დეპუტატად ქუთაისის სასულიერ სასწავლებლის ნივთიერი მდგო- მარეობის გაუმჯობესებისათვის. 1860-იან წლებში, როდესაც მეფის ხელისუფლებამ გააუქმა ბატონყმობა, დეკანოზმა ალექსიმ ამ საქმეშიც თავისი წვლილი შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ აზნაური იყო და წოდებრივი ტრადიციების მიხედვით იყო აღზრდილი, იგი სრულიად ეთანხმებოდა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის შეხედულებას ამ საკითხზე. თავის ქადაგებებში ის ცდილობდა თავად-აზნაურობა დაერწმუნებინა, რათა მათ სწორედ შეეფასებინათ ვითარება და გლეხები დროულად გაეთავისუფლებინათ. მართლაც, მისმა ქადაგებამ და შრომამ ნაყოფი გამოიღო და ბევრი გლეხი გათავისუფლდა მისი შუამდგომლობით და ქადაგებით. მაგალითად, ერთმა თავადმა ალექსანდრე წერეთელმა მხოლოდ მისი შუამდგომლობის შედეგად გაანთავისუფლა ყველა თავისი ყმა-გლეხი მორჩილებისაგან. მისი ქადაგება და დარიგება ყველას ესმოდა, როგორც მაცხოვრის მოძღვრების ახსნა და განმარტება და არა როგორც მიკერძოებული მოქმედება. სწორედ ამიტომაც, მან დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა, როგორც გლეხობაში, ასევე თავადაზნაურობაში. დეკანოზი ალექსი ცდილობდა, ხელი შეეწყო თავისი მრევლის მა- ტერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, იგი ხშირად არიგებდა მრევლს: „წადით იქეთ-აქეთ, გაეცანით სხავადასხვა ადგილებს, იშოვეთ სამუშევარი და მოიბრუნეთ ხელიო.“ ასევე გამოირჩეოდა იგი ქველმოქმედებითაც და იყო შემწე ყველა შევიწროებულისა, მეტადრე ქვრივთა და ობოლთა. ხშირად განუცხადებია მას სასწავლო მთავრობისთვის: „თუ ესა და ეს ობოლი ბავშვი არ მიიღეთ, მე ჩემი სამთავარხუცესოდან ფულის წარმოდგენას დავაგვიანებ სწორედ და იმას მივსცემ რამოდენიმეს, რომ მით ცოტა ხანს მაინც ისაზრდოვოსო.“ მისი სიტყვები არ რჩებოდა უნაყოფოდ და მრავალმა ობოლმა და უპატრონო ბავშვმა შეძლო სწავლა-განათლების მიღება სასწავლებლებში. თავის უპირველეს მოვალეობად განსვენებული დეკანოზი თვლიდა ხალხის სარწმუნოებრივ და ზნეობრივ აღზრდას. მას უყვარდა ხშირად სახარების ამ სიტყვების გახსენება: „თქვენ ხართ ნათელი სოფლისანი“ (მათე 5. 14) და ამ წმინდა მცნების გულითადი მიმდევარი ცდილობდა შეძლებისდაგვარად ნათელი მოეფინა წყვდიადით მოცულ სოფელში. ხალხის ზნეობრივ ასამაღლებლად, მათში ღრმა სარ- წმუნოების განსამტკიცებლად და ურთიერთშორის ქრისტიანული სიყვარულის დასამყარებლად, დეკანოზ ალექსის უპირველეს იარაღად მიაჩნდა ქადაგება. არა თუ ეკლესიაში, ღვთისმსახურების დროს, არამედ კერძო შეკრებილობის დროსაც კი ასწავლიდა ის ხალხს. ქადაგების დროს ის ძირითად ყურადღებას ამახვილებდა იმ დროს სოფელში გავრცელებულ სხადასხვა ცრურწმენებსა და მავნე ჩვევებზე, რასაც ძლიერ ჰქონდა ფესვი გაუნათლებელ ხალხში გადგმული. მეტად მკაცრად დევნიდა დეკანოზი ალექსი ბიწიერებას ხალხში. ხშირად გაიგონებდით სოფელში ცუდის ჩამდენი ხალხისაგან: „ვაი, თუ დეკანოზმა გამიგოს ეს საქმეო.“ სულგრძელობით და მოთმინებით ძლევდა მამა ალექსი ყველანაირ ბოროტებას. აქვე მოვიყვანთ ერთ მაგალითს: „ერთხელ, დიდ მარხვაში, ცისკრის შემდეგ, როდესაც მამა ალექსი აღსარებას იბარებდა და წირვისათვის ემზადებოდა, ერთმა ბრიყვმა და თავხედმა გლეხმა ბევრი უშვერი და ლანძღვითი სიტყვა შეკადრა მოძღვარს. დეკანოზ- მა გაიხსენა მაცხოვრის სიტყვები: „ქვეყანაში დევნულ იქმნებიანო“, სულგრძელად პასუხი არ გასცა გაცხარებულს. ცოტა ხნის შემდეგ შევიდა ეკლესიაში, პირჯვარი გადაიწერა და სთქვა: ღმერთო, დაგვიცევ ბოროტისაგან, შეგინებული მე დღეს არა ღირს ვარ შეწირვად უსისხლოისა მსხვერპლისაო. გამოვიდა ეკლესიიდან და წავიდა შინ დიდად დამწუხრებული, ისე რომ, წირვა ვერ შეასრულა. ამ დროს ეს თავხედი გლეხი ჩავარდა სინანულში, იგრძნო თავისი დანაშაული და ძლიერ შეწუხდა, სირცხვილით ეკითხებოდა ხალხს: რა ვქენი, ეს რა ჩავიდინეო, ნეტა თუ მაპატიებს აწი ამ ჩემს უპატიოსნებასო.
ხალხის რჩევით დამნაშავე წავიდა დეკანოზის სახლში და მხურვალე სინანულით მიტევება სთხოვა. მამა ალექსიმაც ნახა რა მისი სინანული, მშვიდად და მდაბიოდ განუმარტა მას ქრის- ტიანის მოვალეობა, თუ როგორი მოწიწებით და კრძალულებით უნდა იქცეოდეს იგი ეკლესიაში და ასე დამშვიდებული სინდისით გაუშვა სახლში.“ ასე ასრულებდა განსვენებული დეკანოზი მოციქულის სიტყვებს: „კეთილით სძლიეთ ბოროტიო.“ დეკანოზი ალექსი თავისი 55 წლიანი სასულიერო მოღვაწეობის პერიოდში დაჯილდოვებული იყო მრავალი საეკლესიო თუ საერო ჯილდოთი. 1860 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დააჯილდოდა საგვერდულით. 1864 და 1869 წლებში წმ. სინოდის ბრძანებით ებოძა სკუფია და კამილავკა. 1872 წელს მთავარხუცესობის 12 წლისთავთან დაკავშირებით მიენიჭა წმ. ანას III ხარისხის ორდენი. 1879 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით, ხოლო 1884 წელს დეკანოზი გახდა. 1890 წელს გადაეცა წმ. ანას II ხარისხის ორდენი. აღსანიშნავია, რომ მამა ალექსის ქალიშვილის მეუღლე იყო დეკანოზი მიხეილ ჯაფარიძე მამა ცნობილი მეცნიერის ტრიფონ ჯაფარიძისა და დეკანოზ ვიქტორ ჯაფარიძისა. მამა ალექსის შთამომავლები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ერის და ეკლესიის ერთგულებით. სამწუხაროდ, კომუნისტური პერიოდის განუკითხაობამ ბევრი მათგანის სიცოცხლე შეიწირა. დაუღალავმა შრომამ და ზრუნ-ვამ თავისი გავლენა იქონია მამა ალექსის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ძლიერ დასუსტდა, ამას დაერთო უმცროსი ვაჟის გარდაცვალება, რომელიც ხარკოვის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. 1897 წელში მან სისუსტე იგრძნო და ავადმყოფობა გაუხშირდა. აგვისტოში უკვე ლოგინად ჩავარდა, მაგრამ ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს გონება. 4 სექტემბერს მოხუცი მოძღვარი გარდაიცვალა. 7 სექტემბერს მამა ალექსის ცხედარი ტაძარში მიასვენეს. წირვის შემდეგ დეკანოზმა ალექსი გიორგობიანმა წარმოსთქვა გამოსათხოვარი სიტყვა, სადაც დაწვრილებით ისაუბრა მის გულწრფელ და ნაყოფიერ ცხოვრებაზე. დეკანოზი ალექსი დაასაფლავეს ტაძრის შუაგულში. საფლავზე ჭირისუფლებმა პატარა მარმარილოს ქვა დადეს შემდეგი წარწერით: „ღვაწლი კეთილი მომიღვაწებიეს, სრბა აღმისრულებიეს, სარწმუნოება დამიმარავს, ამიერითგან მიმელის მესიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცა მე უფალმან, მას დღესა შინა მართალმან მან მსაჯულმან. აქა მდებარეობს გვამი ნეტარხსენებულის დეკანოზის ალექსი ჭიჭინაძისა, აღესრულა 4 სექტემბერს 1897 წ.