სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11940

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ხომასურიძე ხარლამპი მღვდელმონაზონი , 1876-1960წწ დაბ. სოფ. სპეთი საჩხერე ხომასურიძე ხარლამპი მღვდელმონაზონი , 1876-1960წწ დაბ. სოფ. სპეთი საჩხერე

1876-1960 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ხომასურიძე სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

654       ბეჭდვა

ხომასურიძე ხარლამპი მღვდელმონაზონი , 1876-1960წწ დაბ. სოფ. სპეთი საჩხერე

ხომასურიძე ხარლამპი მღვდელმონაზონი , 1923 წლის 19 აპრილი, მარტყოდის საძმო. 

იღუმენი ხარლამპი ზაქარიას ძე ხომასურიძე

დაიბადა 1876 წელს საჩხერის რაიონის სოფელ სპეთში. 1901-1915 წლებში სწავლობდა მონასტრის სკოლაში. 1915-1921 წლებში იყო შიომღვიმის მონასტრის მღვდელმონაზონი. 1921-1955 წლებში იყო მარტყოფის მონასტრის მღვდელ მონაზონი, 1955 წლიდან გარდაცვალებამდე იღუმენი.

სურათზე: არქიმანდრიტები გერმანე იაშვილი და ხარლამპე ხომასურიძე 

1923 წლის 19 აპრილს მარტყოფის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღწერა მონასტერი. როგორც მამა გერმანე იუწყება, იმ დროისათვის მონასტრის საძმო, გარდა საქონლის მწყემსისა და კურატი ბიჭისა, 12 კაცისგან შედგებოდა. ესენი იყვნენ: არქიმანდრიტი გერმანე (იაშვილი), მღვდელ-მონაზონი ევაგრე (დიასამიძე), მღვდელ-მონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), მღვდელ-მონაზონი იოანე (მაისურაძე), მღვდელ-მონაზონი ანტონი (ოროჟდანოვი), ბერდიაკონი იოაკიმე (რამაზაშვილი), ბერდიაკონი აიათალა (ძამაშვილი), ბერდიაკონი იოსები, ბერი იოსები (მელაძე) და კიდევ სამი უცნობი ბერი.

"ამ 14 კაციდან დასტოვეს მონასტერში ბრმანი, მკელობელნი და მოხუცებულნი, სულ 6 კაცი და ერთი ჯეელი ბიჭი. ბერდიაკონი აიათალა მომვლელად უძლურია. მწყემსი და კურატი სრულიად დაითხოვეს, დანარჩენთ, რომელთაც სიჯეილე შესწევთ, ე.ი. 3 მღვდელ-მონაზონს, ერთ ბერს და ერთ მორჩილს, გამოუცხადეს, - თუ იგინი ისურვებენ მონასტერში დარჩენას, მაშინ უნდა გადაიხადონ სენაკების ნალო¬გი (ხარკი), ხოლო მოხუცებულნი კი უხარკოდ იცხოვრებენ. მათი სიტყვით, ნალოგი იქნება თვეში 2 მანეთი ოქროთი, რომლის გადახდა შეუძლებელია ჩვენი ბერებისათვის.

საპატრიარქოს უწყებანი N34 6-12 ოქტომბერი 2005წ გვ.28

მარტყოფის „ღვთაების" მონასტრის ბერები. იღუმენი ხარლამპი (ხომასურიძე, შემდგომში არქიმანდრიტი) 1876–1960 მღვდელმონაზონი აითალა (ძამაშვილი) 1873-1971

ფოტო გადაღებულია XX ს-ის 50-იან წლებში, წმ. ანტონ მარტყოფელის სვეტზე, სადაც არქიმანდრიტ გერმანეს (იაშვილი) წინამძღვრობით კომუნისტების მიერ „ღვთაების" მონასტრიდან გამოდევნილი ხუთი ბერი დასახლდა. მოღვაწენი შეძლებისდაგვარად პატრონობდენ მონასტერს და აღასრულებდენ საღვთო საიდუმლოებებს. უამრავი დამცირებისა და შევიწროების მიუხედავად სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურნენ დედა ეკლესიას. მამა ხარლამპი და აითალა უკანასკნელნი იყვნენ ღვთაების სავანეში მოღვაწე ძმათა შორის.

შესანახად მოხუცებულთა ძმათა მონასტერს დაუტოვეს 2 დესიატინა მიწა და ძროხა თავისი ხბოთი, ხოლო დანარჩენი ერთი უღელი ხარი და ერთი მოზვერი წაიყვანეს. გარდა ამისა, მორთულობა, რაც უკეთესი იყო, თავისი სამმართველოსათვის წაიღეს. აპირებენ სამზარეულოს ჭურჭლის წაღებასაც. უმორჩილესად გთხოვთ, დარიგება მისცეთ ამ ჩვენი მონასტრის ძმათ, თუ როგორ მოიქცნენ ამ შემთხვევაში".

1934 წელს კომუნისტებმა ხელახლა დაარბიეს მარტყოფის მონასტერი და მამა გერმანე ძმებთან ერთად იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა და ქირით დასახლებულიყო სოფლის ზემოუბანში. მალე ყაჩაღებად გადაცმულ ჩეკისტებს დაურბევიათ, სამღვდელო სამოსი წაურთმევიათ და მოხუცი ბერისთვის წვერის ცალი მხარე ჩამოუპარსავთ. ბერს ერთი სამდურავიც არ დასცდენია, რაც მის სიწმინდესა და ურისხველობაზე მეტყველებს. სამრეკლოდან ზარები ჩამოუხსნიათ, მამა გერმანეს არც მაშინ დასცდენია საყვედური, მხოლოდ ეს უთქვამს: დრომ მოიტანა, ეკლესიებს რომ არბევენ, აბუჩად იგდებენ და ეს არავის შერჩებაო. თვითონ კი წამითაც არ შეყოყმანებულა. ძველებურად ემსახურებოდა ღმერთსა და მოყვასს. მას წინასწარმცნობელობის მადლიც ჰქონია. დიდად დამაშვრალმა მამა გერმანემ 1947 წელს მშვიდად ჩააბარა სული თვისი უფალს.

გამოყენებული ლიტერატურა:

გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე, "XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა").



არქიმანდრიტი ხარლამპი ხომასურიძე;

არქიმანდრიტი ხარლამპი  (ხომასურიძე) 1874-1960
არქიმანდრიტი ხარლამპი, ერისკაცობაში -– ხარება ზაქარიას ძე ხომასურიძე 1874 წელს, საჩხერის მაზრის სოფელ სპეთში გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარა ხარებამ სოფლის სკოლაში მიიღო. XIX საუკუნის მიწურულს ბერად აღკვეცის სურვილით იგი დავით გარეჯის მონასტერში მივიდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1902 წლის 11 თებერვალს ამავე მონასტერში საბერო მორჩილად განამწესეს. 1907 წლის 17 მაისს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოსითეოსმა (ბერძწიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად ხარლამპი უწოდა. 1910 წლის 10 აპრილს მამა ხარლამპი წერილს უგზავნის აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესს და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ანტონს (გიორგაძე) „თქვენო მაღალღირსებავ, მაღალღირსო მამაო არხიმანდრიტო. ვერ ვიტან ადგილობრივ ჰაერსა, ხშირათ ავათ ვხთები რევმატიზმით და სხვა ავათყოფობით ნესტიან სენაკში და ვინაიდან ნათლისმცემლის მონასტერში უფრო მშრალი ალაგია, უმორჩილესად გთხოვთ, მაღალღირსო მამაო, გადამიყვანოთ თქვენს მიერ მარწმუნებელ მონასტერში და შემრაცხოთ ძმათ რიცხვში შტატზე“. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით, მამა ხარლამპის უარი ეთქვა ამ თხოვნაზე და იგი კვლავ გარეჯის მონასტერში დატოვეს. 1910 წლის 25 ივლისს ბაქოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ვახნინი) დიაკვნად აკურთხა. 1912 წლის 26 თებერვალს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ბერ-დიაკონ ხარლამპეს მღვდლად დაასხა ხელი. 1913 წლის 11 თებერვალს შიომღვიმის მონასტერში გადაიყვანეს და მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1915 წლის მარტში გათავისუფლდა ხაზინადრის თანამდებობიდან. ამავე წლის 3 ნოემბერს იგი თბილისის მაცხოვრის ფერისც-
4-1  საპატრიარქოს უწყებანი N4 24-30იანვარი 2013წ გვ.19
არქიმანდრიტი ხარლამპი  (ხომასურიძე) 1874-1960 (გაგრძელება)

ვალების სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს. 1918 წლის მიწურულს, გარდაცვალებამდე, მამა ხარლამპი მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს. 1923 წლის მარტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაარბია მარტყოფის ღვთაების მონასტერი და ბერებს ქონება და ძვირფასეულობა ჩამოართვეს. ერთი პერიოდი ტაძარიც დაკეტილი გახლდათ. თუმცა, მონასტერი მაინც აგრძელებდა ფუნქციონირებას. 1926 წლის 19 ივლისს სოფელ მარტყოფის მოაგარაკენი ითხოვენ ტაძრის ამოქმედებას. „ჩვენ, როგორც აღზრდილნი ქრისტიანული წესით და მასთან, მამა-პაპით მლოცველნი წმინდა ანტონი მარტოყოფელის ეკლესისა, გთხოვთ პატივისცემით ყველა მოაგარაკენი განურჩევლად ეროვნებისა, გაგვიხსნათ დაბეჭდილი ეკლესიები წმინდა ანტონის მარტომყოფელისა, დასაკმაყოფილებლად ჩვენის სარწმუნოებრივი სურვილისა, რაზედაც ხელსა ვაწერთ“. განცხადებაზე 32 ადამიანი აწერს ხელს. როგორც ჩანს, მთავრობამ დააკმაყოფილა მათი თხოვნა და ტაძარი გაიხსნა, რადგან ამის შემდეგ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იქ აღესრულებოდა წირვა-ლოცვა. მაგ: 1932 წლის 9 აგვისტოს ურბნელ-მაწყვერელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (სიდამონიძე) მარტყოფის მონასტრის ტაძარში ჩაატარა წირვა და ლიტურგიაზე შეასრულა ხელდასხმის საიდუმლო. ბერ-დიაკონი იოაკიმე (რამაზაშვილი) მღვდლად აკურთხა, ხოლო მწირმონაზონი ანდრია (კობლიშვილი) დიაკვნად. XX საუკუნის 20-30-იან წლებში მარტყოფის სავანე რამდენჯერმე დაარბიეს ყაჩაღებმა და კომუნისტებისგან მიგზავნილმა ავაზაკებმა. 1941 წელს მამა ხარლამპი, სხვა ბერებთან ერთად, იძულებული გახდა სოფელ ნორიოში გადასულიყო საცხოვრებლად, ხოლო მამა გერმანეს გარდაცვალების შემდეგ კი იქვე მთაზე მდებარე წმინდა ანტონ მარტყოფელის კოშკში განმარტოვებულიყო სამოღვაწეოდ. როგორც მონახსოვრე პირები გადმოგვცემენ, მამა ხარლამპის წმინდა ცხოვრებით უცხოვრია. მისი ასკეტური ცხოვრება იქიდანაც ჩანს, რომ ღვთაებაში მკაცრი კლიმატური პირობებია, განსაკუთრებით სვეტზე, სადაც ზამთარ-ზაფხულ ცივი ქარები იცის. სწორედ სვეტზე ჰქონდა მოწყობილი პატარა სენაკი წმინდა ბერს. XX საუკუნის 30-იან წლებში ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო, იღუმენის წოდება მიენიჭა. 1947 წელს, მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, არქიმანდრიტ გერმანეს (იაშვილი) გარდაცვალების შემდეგ, მამა ხარლამპი მარტო განაგრძობდა მოღვაწეობას. XX საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნატერსმა კალისტრატემ (ცინცაძე) მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.
XX საუკუნის 50-60-იან წლებში ღვთაების მონასტერში უპატრონო ბავშვთა სახლი გაუხსნიათ. ღირსი მამა სიყვარულით ლოცულობდა მათთვის და შეძლებისდაგვარად ღმრთის სიყვარულს უნერგავდა, ხშირად ასაჩუქრებდა კიდეც მათ თავისი დანაზოგიდან. მამა ხარლამპის, მიუხედავად ათეისტური მთავრობის ცინიკური დამოკიდებულებისა, თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა. 1955 წლის 24 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკIII-მ (ფხალაძე) არქიმანდრიტი ხარ- ლამპი კახეთში, ალავერდის ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ გადაიყვანა. 1956 წელს, თავისი თხოვნით, ისევ მარტყოფის მონასტერში დააბრუნეს. მიუხედავად ხანდაზმულობისა (როგორც გადმოგვცემენ), მამა ხარლამპის სიცოცხლე მოუსწრაფეს. მისი სახით კიდევ ერთი მოწამე შეემატა ქართულ ეკლესიას. თავისი ანდერძისამებრ, მარტყოფელმა და ნორიოელმა მორწმუნეებმა არქიმანდრიტი ხარლამპი სვეტთან ახლოს დაკრძალეს. ათეული წლები მისი საფლავი პატარა რკინის ნიშნით იყო აღნიშნული. რამდენიმე წლის წინ კი მარტყოფის მონასტრის საძმოს მიერ მოხერხდა მის საფლავზე ქვის დადება.
ნორიოელი და მარტყოფელი მორწმუნეების მოგონებები  ტყის მცველი შალვა დელიბაშვილი გვიამბობს: „როცა ხარლამპე გარდაიცვალა, ნორიოს საბავშვო სახლის დირექტორმა პლატონმა ტყის მცველებს შეგვატყობინა, რომ მიცვალებულისთვის გვეპატრონა. ფული შევკრიბეთ მე, ჩემმა ძმამ მირიანმა, ზაქარია დელიბაშვილმა, ზაქარიას ძმამ დათა დელიბაშვილმა, გავაგებინეთ მარტყოფელებსაც. დავმარხეთ, როგორც ეკადრებოდა ამ პატიოსან ბერს. ქელეხისათვის ხალხს მოჰქონდა ყველაფერი: პური, ყველი, მწვანილი, ლობიო. ნორიოს უბნის რწმუნებულმა ლობიო მოიტანა. ხალხს გამზადებული მოჰქონდა ზოგიერთი კერძი. ნო-
4-2  საპატრიარქოს უწყებანი N4 24-30იანვარი 2013წ გვ.20
არქიმანდრიტი ხარლამპი  (ხომასურიძე) 1874-1960 (დასასრული)

რიოელებმა და მარტყოფელებმა ხარლამპე მიწას მიაბარეს მამა ანტონის კოშკის მახლობლად. დღეს მის საფლავზე პატარა რკინის ნიშანია“. ევგენი (ჟენკა) ვამლეტის ნაამბობი: ხარლამპე ბერი გარდაიცვალა 1960 წლის 4 ნოემბერს, დავმარხეთ 7 ნოემბერს. ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი. ერთხელ მითხრა: შვილო, როცა მოვკვდები, აი, ამ მსხლის ძირში დამმარხეთო. ანდერძი შევუსრულეთ. საფლავი ჩემი ხელით გავუთხარე. სურათიც მქონდა ხარლამპისთან გადაღებული. ევა მამადაშვილი-ცქიფურიშვილი: აბეშიკებმა დამარხეს ხარლამპე ბერი. ჩემი ქმარიც დაესწრო დაკრძალვას. ხარლამპის დაკრძალვას დაესწრო მისი ნათესავი ქუთაისიდან. ერთხელ, ძმას და ძმისშვილს უთხოვიათ ამ წმინდა კაცისათვის, წამოდი ჩვენთან, ჩვენ გიპატრონებთო, მაგრამ ამ კაცმა ვერ დათმო ღვთაების მონასტერი და მამა ანტონის კოშკი. ვერა ქოპილაშვილის ნაამბობი: როცა ღვთაებიდან ბერები გამოაძევეს, ისინი დაბინავდნენ ნორიოში, ლადო აზირაშვილის ძველ სახლში. იმ ფუძეზე დღეს სოლომონ აზირაშვილის საცხოვრებელი სახლია. გამოძევებული ბერები იყვნენ: გერმან ბერი, ხარლამპე ბერი, იოაკიმ ბერი და მარტყოფელი ბრმა ბერი, მგონი იოსები ერქვა. მარტყოფელი ბრმა ბერი სანამ ღვთაებაში მოღვაწეობდა, იქიდან მარტყოფში ფეხით ჩადიოდა გამცილებლის გარეშე და გზა არ ერეოდა, ამბობდნენ: ღვთის ძალით დადის შეუმცდარადო. იოაკიმე ბერი კაჭრეთიდან იყო და წავიდა თავის მხარეში. გერმანე ბერი ხარლამპიზე ადრე გარდაიცვალა, აითალამ დამარხა ღვთაების შესასვლელთან. აზირაშვილი ლადოს სახლიდან ბერები დაბინავდნენ ფირანა კურატიშვილის სახლში. ციალა მამადაშვილი-უერთაშვილი: ხარლამპე ბერი ერთხანს შვინდაძეში ცხოვრობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ -– ბასილ აფციაურის ოჯახში. სულ მარხვას ინახავდა, ლობიანებს აცხობდა ხოლმე. ბოლოს გულმა ვეღარ მოუთმინა, ისევ მამა ანტონის კოშკთან მდებარე ღარიბულ სენაკში დაბინავდა, იქვე გარდაიცვალა. შალვა დელიბაშვილი: გერმან ბერის სამარხი დაზიანდა, როცა ღვთაებასთან მითხარ-მოთხარეს, ძვლები ამოყარეს. მე რომ ტყის მცველად დავიწყე მუშაობა, ეს ბერი უკვე მკვდარი იყო. ტერიტორია, სადაც ღვთაების სამონასტრო კომპლექსი და მამა ანტონის კოშკია, შედიოდა ზაქარია დელიბაშვილის სამცველოში. ამიტომ ხშირად გვიხდებოდა ურთიერთობა იქ მოღვაწე ბერებთან. გოგი დელიბაშვილი, ტყის მცველის ზაქარია დელიბაშვილის ვაჟი: ტერიტორია, სადაც „ღვთაების“ სამონასტრო კომპლექსი და მამა ანტონის კოშკია განლაგებული, მამაჩემის სამცველოში შედიოდა. შემთხვევითი არაა, რომ როცა ხარლამპე ბერი გარდაიცვალა, ნორიოს საბავშვო სახლის დირექტორმა პლატონ სალუქვაძემ მამაჩემს შეატყობინა, რომ ამ წმინდა ადამიანისთვის პატრონობა გაგვეწია. მამაჩემმა ითავა ამ კაცის დაკრძალვა, მოეთათბირა ტყის მცველებს, შეკრიბეს ფული. ნორიოს საბავშვო სახლს ემსახურებოდა მარტყოფელი მძღოლი გუგულა ოშაყმაშვილი. მისი მანქანით მოიტანეს კუბო, პროდუქტი. ეს მძღოლი, მამაჩემი და ნორიოს უბნის რწმუნებული კუკური ჭიჭინაძე სამი კაცი იყო ხარლამპეს დამარხვის მოთავე. ჭირისუფალი ქალებიც იყვნენ: აითალას ცოლი ოლა ძამაშვილი, შუნაანთ ანიკო შარაშენიძე. მამაჩემმა ცხვარი დაუკლა ხარლამპეს. ეს პატიოსანი ბერი დიდი პატივით დაიმარხა. ქუთაისიდან დაკრძალვაზე ჩამოვიდა მისი ნათესავი. ნინა ტაბლიაშვილი: ჩემი ქმარი ვანო იყო ტყის მცველი შალვა დელიბაშვილზე წინ. მის სამცველოში შედიოდა ღვთაების ეკლესიის მიმდებარე ტყე. შალვამ დაპატიჟა ჩემი ქმარი ხარლამპეს ქელეხში. ხარლამპე მგონი ჭიათურიდან იყო.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2023
ბოლო რედაქტირება 12.11.2025
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0