სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11940

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
პიმენ (პავლე) სამუელის ძე დაშნიანი 1872-1937წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ჩხუტელი, ცაგერი პიმენ (პავლე) სამუელის ძე დაშნიანი 1872-1937წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ჩხუტელი, ცაგერი

1872-1938 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი დაშნიანი სია

ცაგერი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

506       ბეჭდვა

პიმენ (პავლე) სამუელის ძე დაშნიანი 1872-1937წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ჩხუტელი, ცაგერი

პიმენ დაშნიანი 1872-1938წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ჩხუტელი, ცაგერი


აბადების ადგილი: სოფელი ჩხუტელი, ცაგერის რაიონი.

1936 წლის 18 აპრილს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა არქიმანდრიტი პიმენი დააპატიმრა და ბრალად წაუყენა ბავშვების ფარული ნათლობა. პავლე დაშნიანის საქმე "სამეულმა" 1937 წლის 27 ნოემბერს განიხილა, ბრალდება ასე იყო ფორმულირებული: ანტისაბჭოთა განწყობილება, მოსახლეობის პროვოცირება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, საბჭოთა წყობილების დამხობის თაობაზე ხმების გავრცელება, კონტრრევოლუციური რელიგიური ჩვეულებების პროპაგანდა, 1936 წელს მასობრივი ნათლობების ჩატარება, კოლმეურნეობის, როგორც არარენტაბელური მეურნეობების, ლიკვიდაციისაკენ მოწოდება. "სამეულმა" პიმენ დაშნიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. 

არქიმანდრიტი პიმენი (დაშნიანი)
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წიაღში მრავალი მოწამე და ღირსი მამა განდიდებულა. IV საუკუნიდან მოყოლებული მტერთა უწყვეტი შემოსევების შედეგად მრავლად იღვრებოდა ქრისტიანთა უმანკო სისხლი ქართულ მიწაზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თავის ქადაგებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ არცერთ ავტოკეფალურ ეკლესიას არ ჰყავს ამდენი მოწამე და თავდადებული პიროვნება, რამდენიც ჩვენს სამშობლოს. მიწას რომ მოუჭირო ხელი, იქიდან წმინდათა სისხლი გამოიწურება. ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში. XX საუკუნეში გამეფებულმა სამოცდააწლიანმა წითელმა რეჟიმმა და უღმრთოებამ ქართულ ეკლესიას ახალი წმინდანები შემატა, რომელთა ნაწილი უკვე დედაეკლესიის მიერ წმიდათა დასშია შერაცხილი, თუმცა უმეტესი მათგანის ღვაწლი, ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული ჯერჯერობით გამოსაკვლევი და შესასწავლია. ამჟამად გაგაცნობთ ერთ-ერთი ასეთი ახალმოწამის, ლეჩხუმელი არქიმანდრიტ პიმენის (დაშნიანი) ცხოვრებას. სანამ უშუალოდ მამა პიმენის შესახებ ვისაუბრებდეთ, გადავხედოთ მის გენეალოგიას, თუ ვისი შთამომავალი იყო ეს ღირსეული პიროვნება. საეკლესიო დოკუმენტების მიხედვით ჩვენთვის ცნობილია მისი მოსახელე, დიდი პაპა, მღვდელი პავლე გიორგის ძე დაშნიანი, რომელიც 1786 წელს ლეჩხუმში, წარმოშობით აზნაური მღვდლის ოჯახში დაიბადა. იმჟამად ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს დაქვემდებარებაში შედიოდა და დაშნიანებიც სამეგრელოს მთავარს ემორჩილებოდნენ. იმ პერიოდში საქართველოში არ არსებობდა სასულიერო სასწავლებლები (გამონაკლისი იყო XVIII ს-ის II ნახევარში ანტონ კათოლიკოსისა და ერეკლე მეფის მიერ დაარსებული თბილისისა და თელავის სასულიერო სემინარიები) და მომავალი სასულიერო პირების აღზრდა ძირითადად მონასტრებში ან სამლვდელმთავრო რეზიდენციებში ხდებოდა. ყმაწვილი პავლე მამამ ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიაბარა, სადაც მან საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი.


1812 წელს ცაგერელმა მიტროპოლიტმა იოანემ (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ჩხუტელის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1822 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა ცაგერელი მიტროპოლიტი იოანე (დადიანი) და ცაგერის ეპარქია ჭყონდიდელ მიტროპოლიტ ბესარიონის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 1828 წლის 16 ივლისს აღესრულა ჭყონდიდელი ბესარიონიც. წმინდა სინოდის ბრძანებით, სამეგრელოში მხოლოდ ერთი ეპარქიალა დარჩა. 1835 წლის 19 მაისიდან ეპარქიას მართავს ეპისკოპოსი გიორგი (კუხალაშვილი). მღვდელი პავლე პატიოსანი და მშრომელი მოძღვარი ყოფილა. მან დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა როგორც სოფელსა და ადგილობრივ მრევლში, ისე მთელ ეპარქიაში. სამეგრელოს მაშინდელი მთავრის, ლევან V დადიანის ყურამდეც მივიდა მისი თავდადებული სამსახურის ამბავი. მთავრის თხოვნით, მეუფე გიორგიმ მამა პავლე დადიანის ჯარის ხუცესად განამწესა. მოძღვარი მორჩილებით ასრულებდა ლოცვა-კურთხევას და მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა ძალიან გაუჭირდა ორ ადგილზე მსახურება. ჯარში ხშირად ყოფნის გამო ჩხუტელის სამრევლო ხშირად წირვა-ლოცვის გარეშე რჩებოდა, რასაც ძალიან განიცდიდა მოძღვარი. მამა პავლე დაშნიანის თხოვნით, ცაგერის მონასტრის
25-1  საპატრიარქოს უწყებანი N25 27ივნისი-3ივლისი 2013წ გვ.18
არქიმანდრიტი პიმენი (დაშნიანი) (გაგრძელება)
იღუმენმა დოსითეოსმა რომელიც თვალყურს ადევნებდა ცაგერის ოლქის სამრევლოებს, ეპისკოპოს გიორგის წერილობით მიმართა, რათა მამა პავლეს  ერთადერთი ვაჟი, დიაკონი მიხეილი , მღვდლად ეკურთხებინათ და ჩხუტელის ეკლესიაში დაენიშნათ. მეუფემ გაითვა ლისწინა მათი სამართლიანი თხოვნა და  1837 წლის 27 ნოემბერს დიაკონ მიხეილს  მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელი მიხეილ პავლეს ძე დაშნიანი 1807 წელს იყო დაბადებული. საეკლესიო განათლება მან თავის მამასთან  მიიღო. 1833 წელს სამეგრელოს მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა და ჩხუტელის სამრევლოში განამწესა. 1837-1859 წლებში მამა მიხეილი მამის თანაშემწედ ითვლებოდა, ხოლო 1859 წლიდან იგი ჩხუტელის ეკლესიის წინამძღვარია. უცნობია, რომელ წელს გარდაიცვალა მამა პავლე. მამა მიხეილი დაჯილდოებული იყო საგვერდულით, 1884 წელს კი -– სკუფიით. მას ასევე ჰქონდა ჯილდო -–– ბრინჯაოს ჯვარი ყირიმის ომის სამახსოვროდ. შთამომავალთა გადმოცემით, მღვდელი მიხეილი მსახურებას აღასრულებდა ასევე ჩხუტელის წმინდა მაქსიმესა და ღვთისმშობლის (სასაფლაოზე) სახელობის ხის ეკლესიებში, რომლებიც  XX საუკუნის 30-იან წლებში დაშალეს და იმ მასალით ჯერ სასოფლო საბჭო, შემდეგ კი სკოლა ააშენეს. მამა მიხეილს ჰყავდა მეულლე -- მარიამ ნემსაძე  (დაბ. 1819წ.), რომელთანაც სამი ვაჟი შეეძინა: მედავითნე ალექსი, მღვდელი სამუელი და ანტონი.
მედავითნე ალექსი მიხელის ძე დაშნიანი წლების განმავლობაში გულიდის მაცხოვრის ეკლესიის მედავითნედ მსახურობდა. მის მეუღლეს ერქვა ელპიდე. გარდაიცვალა 1912 წლის 26 ოქტომბერს. პაპისა და მამის გზა გააგრძელა შუათანა ვაჟმა სამუელმა.
მღვდელი სამუელ დაშნიანი ოჯახით.

მღვდელი სამუელ მიხეილის ძე დაშნიანი 1850 წელს დაიბადა. საეკლესიო განათლება მანაც თავისი მამისაგან მიიღო. 1869 წლის 14 ოქტომბერს ჩხუტელის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1887 წლის 9 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 15 აგვისტოს კი მღვდლად დაასხა ხელი და ჩხუტელის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1892 წლის 15 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1894 წლის 17 ოქტომბერს მამა სამუელი სვანეთში, თავრალის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1905 წლის 24 სექტემბერს კი ისევ ჩხუტელის ეკლესიაში ბრუნდება. 1914 წლის 13 მარტს სკუფია უბოძეს. მამა მიხეილის ჰყავდა მეუღლე ბათუ გიორგის ასული (დაბ. 1863წ.) და შვიდი შვილი, რომელთაგან ორი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. დანარჩენი ხუთი შვილის სახელებია: დავითი (დაბ. 1877 წლის 7 ოქტომბერს, იყო ცაგერის მაზრის ურიადნიკი), არქიმანდრიტი პიმენი, დიოფრე (დაბ. 1881 წლის 15 ივნისს),მღვდელი ბესარიონი და სარეფთა. ჩხუტელის ეკლესიის ბოლო წინაძღვარი იყო მამა სამუელის უმცროსი ვაჟი - მღვდელი ბესარიონ სამუელის ძე დაშნიანი, რომელიც 1888 წლის 26 მარტს დაიბადა. 1900 წელს მამა სამუელმა ბესარიონი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. 1905 წელს რუსეთის იმპერიაში დაწყებულმა რევოლუციამ საქართველოს სასულიერო სასწავლებლის კედლებშიც  შეაღწია. სტუდენტების ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩართული აღმოჩნდა ამ მოვლენებში. შთამომავალთა გადმოცემით, ახალგაზრდა ბესარიონიც ყოფილა ამ ყველაფრის მონაწილე. შეშინებულმა მამამ იგი სასწრაფოდ გამოიყვანა სასწავლებლიდან და სოფელში წაიყვანა. შემდგომში, როდესაც ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა, ბესარიონმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელთან არსებულ სპეციალურ კომისიას ჩააბარა გამოცდები და პედაგოგის მოწმობა მიიღო. იგი წლების განმავლობაში ასწავლიდა სოფელ ჩხუტელის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. 1914 წლის მიწურულს ბესარიონი დიაკვნად აკურთხეს, ერთ კვირაში მღვდლად დაასხეს ხელი და ჩხუტელის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1921 წლის თებერვალ-მარტის ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. მასობრივი რეპრესიების სუსხმა ლეჩხუმის მაზრაშიც შეაღწია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაშნიანებს ანაფორის გახდა და მათ სამსახურში ჩადგომა შესთავაზა. მღვდელ-მონაზონმა პავლემ და მღვდელმა ტარასი ანტონის ძე დაშნიანმა გადაჭრით თქვეს უარი და განაგრძეს მსახურება, ხოლო მამა ბესარიონმა, ბიძაშვილებისგან განსხვავებით, წვერი გაიკრიჭა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. სამწუხაროდ, ცოტა ხანში იგივე ბედი ეწია მამა ტარასისაც, იგი 1924 წელს იძულებით გაპარსეს და ღვთისმსახურება შეაწყვეტინეს.
მღვდელი ტარასი 1885 წლის 3 აგვისტოს ანტონ 
25-2საპატრიარქოს უწყებანი N25 27ივნისი-3ივლისი 2013წ გვ.19
არქიმანდრიტი პიმენი (დაშნიანი) (გაგრძელება)
დაშნიანისა და ანა ბიჭიას ასულის ოჯახში დაიბადა. 1901 წლის 13 ივნისს წარჩინებით დაამთავრა ცაგერის ორკლასიან ვაჟთა სასწავლებელი. 1910 წლის 20 სექტემბერს იგი ქვედრიშის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. XX საუკუნის 10-იანი წლების მიწურულს დიაკვნად აკურთხეს, მალევე მღვდლად დაასხეს ხელი და მესტიის სამრევლოში განამწესეს. მას ჰყავდა მეუღლე -– ნინო ელისაბედის ასული (დაბ. 1893 წლის 14 ნოემბერს). სულ სხვაგვარად წარიმართა მამა პიმენის ცხოვრება, რომელმაც დაშნიანების გვარში ყველაზე მაღალ სასულიერო იერარქიას მიაღწია.
 არქიმანდრიტი პიმენი, ერისკაცობაში -- პავლე სამუელის ძე დაშნიანი, 1879 წლის 23 მაისს დაიბადა (მისი დაბადების წელი და თარიღი დასაზუსტებელია, მეორე ვერსიით 1876 წელს დაიბადა, ხოლო მესამე ვერსიით -– 1872 წელს). სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სამი კლასი დაამთავრა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში ისწავლა. 1892 წლის 7 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ამავე მონასტრის მორჩილად განამწესა. 1894 წლის 11 მაისს გურია-სამეგრელოს ეპარქიის, სოფელ ორკის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1903 წლის 12 აგვისტოს ისევ ნამარნევის მონასტრის მორჩილად მიიღეს. 1905 წლის 10 აგვისტოს ნამარნევის მონასტერში ბერად აღკვეცეს და სახელად პიმენი უწოდეს. 1905 წლის 16 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. 1906 წლის 29 ივნისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი. 1909 წლის 30 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1910/11 წლებში მამა პიმენმა შეაგროვა კეთილნებელობითი შემოწირულება 505 მანეთი და მონასტერს შეწირა. 1922-1923 წლებში ნამარნევის მონასტერი დაიხურა. მამა პიმენი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და სასაფლაოზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ეზოში მდებარე პატარა სენაკში ცხოვრობდა. ამ ტაძარშივე აღასრულებდა იგი წირვალოცვებს და სხვა საეკლესიო წესებს. არქიმანდრიტ პიმენის ძმისშვილი, ქალბატონი სუქია ბესარიონის ასული დაშნიანი იგონებს: „ბიძაჩემი პავლე გიორგიმ იგი ბერი იყო და ცოლ-შვილი არ ჰყავდა. იერარქიით ბიძია არქიმანდრიტი იყო. იგი წმინდა მარიამის ტაძრის ეზოში ცხოვრობდა განცალკევებით და მსახურებასაც ამავე ტაძარში ასრულებდა. ერთ დილას, როცა საუზმეზე არ მოვიდა, მამამ მოიძია და ცოცხალ-მკვდარი იპოვა თავის სახლში. იგი მაშინდელ სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარეს რწმენის ერთგულებისათვის უცემია და უპატრონოდ მიუტოვებია. მართალია, ბიძია პავლე ამ შემთხვევას გადაურჩა, მაგრამ ბოლოს მაინც რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1936 წელს, როდესაც პირველი საბჭოთა არჩევნები ჩატარდა, ბიძაჩემი დააპატიმრეს, რომ როგორც მოძღვარს ხელი არ შეეშალა მათთვის. იგი ქუთაისში გადაიყვანეს და უგზო-უკვლოდ გააქრეს. მამამ და ბიძებმა ბევრი ეძიეს და გაარკვიეს, რომ ცემით მოეკლათ. ყველა ადამიანს უშურველად მომადლებს ხოლმე ღმერთი ნიჭს, ოღონდ გამომსახველობის საშუალება სხვადასხვაა,“ ასე დაასრულა მოგონება ქალბატონმა სუქიამ. ხელისუფლების მხრიდან მამა პიმენი არაერთხელ დააპატიმრეს და შეურაცხყვეს. 1933 წელს იგი სოფლებში პროვოკაციის გავრცელების ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა არ გაუსამართლებიათ და მალევე გაათავისუფლეს სამხილების არქონის გამო. ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და ზეწოლის მიუხედავად არქიმანდრიტი პიმენი მაინც აგრძელებდა მღვდელმსახურებას, რაც დასტურდება 1935 წლის 16 აპრილს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ სიმონის (ჭელიძე) მიერ გაცემული სამღვდელო მანდატით, სადაც წერია: „ესე ეძლევა ცაგერის რაიონის ს. ჩხუტელში მცხოვრებს არქიმანდრიტ პიმენს, იგივე პავლე დაშნიანს მას შინა, რომ იგი ამჟამად ირიცხება ქუთაის-გაენათის ეპარქიაში მოქმედ კულტის მსახურთა სიაში და აქვს უფლება, შეასრულოს ყოველი მღვდელმოქმედება მორწმუნეთა


25-3 საპატრიარქოს უწყებანი N25 27ივნისი-3ივლისი 2013წ გვ.20
არქიმანდრიტი პიმენი (დაშნიანი) (დასასრული)
სურვილის და მოწოდების თანახმად. საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი მთავრობის 1924 წლის 21 ნოემბრის დადგენილების N 124-ის მეექვსე მუხლის მიხედვით, „დაწესებულება ან თანამდებობის პირი, რომელიც ამ თუ იმ სახით კულტის მსახურს დევნას დაუწყებს, ან ხელს შეუშლის კულტის მსახურების დროს, პასუხს აგებს, როგორც ხელისუფლების გადამე- ტებისათვის“, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1928 წლის N 133-ე მუხლი ამბობს: „ხელის შეშლა რელიგიური წესის შესრულებისათვის გამოიწვევს იძულებით მუშაობას ექვს თვემდე“. 1936 წლის 18 აპრილს იგი ხელმეორედ დააპატიმრეს, ამჟამად უკვე მასობრივი ნათლობის ბრალდებით. საბჭოთა კანონმდებლობით, ბავშვების ნათლობა დანაშაულად არ ითვლებოდა და ამ ბრალდების გამო მამა პიმენი გაოცებას გამოთქვამს კიდევაც დაკითხვის ოქმში. იგი ამბობს, რომ 1936 წლის დასაწყისში მან დაიწყო ბავშვების მასობრივად მონათვლა, რადგან მოდიოდნენ თხოვნით და მას, როგორც მღვდელმსახურს, უარის თქმის უფლება არ ჰქონდა. აქვე მან აღნიშნა, რომ ნათლობის უფლება ჰქონდა მიცემული მანდატის წყალობით და არ იცოდა თუ ეს დანაშაული იყო. 1936 წლის 22 მარტიდან 18 აპრილამდე მან 120 ბავშვი მონათლა, რაც დაფიქსირებული ჰქონდა კიდეც რვეულში. ამ კუთხით რომ არაფერი გამოუვიდათ, ამის შემდეგ მას წაუყენეს ახალი ბრალდება -- ანტისაბჭოთა აგიტაცია, ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებები. დაკითხვის ბოლოს, შეკითხვაზე, ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ, მამა პიმენი პასუხობს: „თავს დამნაშავედ ვგრძობ ერთი იმაში, რომ იმის შემდეგ, რაც 1933 წელში მე გამაფრთხილა შინსახკომმა ხელი ამეღო ასე მღვდელმოქმედებაზე, მას მერე არ უნდა დამეწყო და თბილისში მანდატის გულისთვის არ უნდა წავსულიყავი; მეორე იმაში ვარ დამნაშავე, რომ ჩემს სოფელს გარეშე არ უნდა წავსულიყავი და არ უნდა ავყოლოდი ხალხის ლაპარაკს. ეხლა, როგორც მოხუცებულს, თუ მაპატივებთ უკანასკნე ლად ამ შეცდომას, პირობას მოგცემთ, რომ მომავალში არ გავიმეორებ“. 1936 წლის 27 აპრილს ოპერრწმუნებულმა ჭაბუკიანმა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, შეადგინა საბრალდებო დასკვნა. საქმე შემდგომი განხილვისათვის უნდა გადასცემოდა ცაგერის რაიონის პროკურორს. ამ დროისათვის მამა პიმენი ჯერ კიდევ არ იყო დაპატიმრებული. ცაგერის პროკურორმა საქმე დასრულებულად მიიჩნია და იგი ცაგერის რაიონის სახალხო სასამართლოს გადასცა. 1936 წლის 28 მაისს სასამართლომ საბრალდებო დასკვნა დაამტკიცა. 1937 წლის 10 ოქტომბერს ცაგერის რაიონის ოპერრწმუნებულმა ჭაბუკიანმა არქიმანდრიტ პიმენის საქმე განსახილველად გადასცა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულს. 1937 წლის 27 ნოემბერს სამეულმა მამა პავლეს საქმე განიხილა და ბრალდება შემდეგი მუხლებით წაუყენა  ანტისაბჭოთა განწყობილება; 2) მოსახლეობის პროვოცირება საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ; 3) საბჭოთა წყობილების დამხობის თაობაზე ხმების გავრცელება; 4) კონტრრევოლუციური რელიგიური ჩვეულებების პროპაგანდა; 5) 1936 წელს მასობრივი ნათლობების ჩატარება; 6) კოლმეურნეობების, როგორც არარენტაბელური მეურნეობების, ლიკვიდაციისაკენ მოწოდება. სამეულმა არქიმანდრიტ პიმენს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა გამოუტანა, რაც მალევე მოიყვანეს სისრულეში.

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე 812,
5091; ფ. 489, აღწერა 1, საქმე 57598, 57592, 53723; საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს
არქივი, ფ. 6, საქმე 37190-07.
ლიტ: ჟურნალი „ხვამლი“, 2003წ. 2, გვ. 35-36 (ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის გამოცემა); ჟურნალი
„საარქივო მოამბე“, 2010წ. 8, გვ. 105. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.10.2023
ბოლო რედაქტირება 17.11.2025
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0