ლევან ალექსანდრეს ძე ტლაშაძე 1890-1969წწ. დეკანოზი დაბ. სოფ. ხიდისთავი. გორი
დეკანოზი ლევან ალექსანდრეს ძე ტლაშაძე
დაიბადა 1890 წელს სოფელ ხიდისთავში (გორის რაიონი) გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1905-1908 წლეებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1909-1917 წლებში იყო გორიჯვრის ეკლესიის მედავითნე.
1917-1922 წლებში იყო დიაკვანი სამთავროს მონასტერში.
1922-1930 წლებში დუშეთის რაიონის სოფელ ოძისის ეკლესიის მღვდელია. 1930-1932 წლებში ავლაბრის წმიდა მარინეს ეკლესიაშია, 1932-1935 წლებში ნავთლუღის წმიდა ბარბარეს ეკლესიაში. 1935-1947 წლებში დიდგორის ეკლესიაშია, 1947-1954 წლებში კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიაშია, 1954-1955 წლებში მცხეთის სვეტიცხოველშია, 1955 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის ალექსანდრე ნეველის ეკლესიის დეკანოზი. ოჯახი ცხოვრობდა თბილისში თმოგვის ქ. N 9.
დეკანოზი ლევან ალექსის ძე ტლაშაძე 1890 წლის 20 იანვარს დაიბადა გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში, მღვდლის ოჯახში. ერთი წლისა იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და მთელი ოჯახი დედის, იულიანა დედანიშვილის ანაბარა დარჩა. სწავლა-განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში. მან 1905 წელს დაამთავრა სრული კურსი. იმავე წელს გააგზავნეს თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სწავლობდა 1908 წლამდე (1905-1908 წლებში თბილისის სემინარია, სხვადასხვა მიზეზების გამო, ხშირად იხურებოდა), ამიტომ 1908 წლის ოქტომბერში II კლასის დახურვის შემდეგ, ოჯახური პირობების გამო, მიატოვა სწავლა და დაბრუნდა ოჯახში. 1909 წლის 23 სექტემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) გორისჯვარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში მედავითნედ დანიშნა. 1910 წლის 6 აგვისტოს დაამტკიცეს შტატში მედავითნედ და იმავე დღეს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ მასწავლებელთა მოსამზადებელ სკოლაში. 1913 წელს დაამთავრა აღნიშნული სასწავლებელი და მასწავლებლის მოწმობა მიეცა.
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 3-16აგვისტო 2006წ გვ.22
გაგრძელება
1915 წლის ოქტომბერში გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ცხინვალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მედავითნედ დაადგინა. 1916 წლის 6 მაისს კი გორში „ოქონის“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში გადაიყვანა. იმავე წლის ოქტომბერში მან წარმატებით გაიარა თბილისის სემინარიასთან არსებული სამღვდელოდ მოსამზადებელი კურსები. აპირებდა სწავლის გაგრძელებას მოსკოვის ან კიევის სასულიერო აკადემიაში, მაგრამ რუსეთში დაწყებული მოვლენების გამო, ეს კეთილი განზრახვა ჩაეშალა. 1917 წელს დაქორწინდა მცხეთის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ „წმიდა ნინოს სახელობის პანსიონში“ გაზრდილ ეფემია შიოს ასულ კაიშაურზე, რომელიც ასევე მღვდლის შვილი იყო შიო კაიშაური (დეკანოზი თავდაპირველად სოფელ კაიშაურის წმ. გიორგის ეკლესიაში მსახურობდა, შემდეგ კი ფასანაურის წმ. მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში. იგი ასევე იყო წილკნის ეპარქიის II ოლქის მოძღვართმოძღვარი. დააპატიმრეს 1938 წელს. გარდაიცვალა ორთაჭალის ციხეში და მკვდარიც კი არ დაუბრუნეს გამწარებულ ოჯახს). იმავე წლის 15 ოქტომბერს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი დიაკვნად აკურთხა, 22 ოქტომბერს კი კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა (საძაგლიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და დაინიშნა სამთავროს დედათა მონასტერში და იქ არსებულ 4 კლასიან ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად, სადაც ასწავლიდა სხვა საგნებსაც მასწავლებლის არყოფნის გამო. შემდგომში მისი მეუღლე იხსენებდა: „პირველი სამი წელი, მართლაც, ბედნიერად ვიცხოვრეთ. საქართველოსთვისაც და ჩვენი ოჯახისთვისაც ბედნიერი წლები იყო. ეკლესიის ავტოკეფალია, ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წელს შეგვეძინა პირველი ვაჟი ილია“. 1918 წლის მაისში, სასწავლო სეზონის დასრულებასთან ერთად, მთავრობამ ეს სასწავლებელიც დახურა. უსამსახუროდ და უსახსროდ დარჩენილი მამა ლევანი მცხეთაში მდგარი დარიალის ბატალიონის მოძღვრად დაინიშნა, სადაც სამი თვე უჯამაგიროდ მსახურობდა. იმავე წლის სექტემბრიდან 1919 წლის მაისამდე მსახურობდა მცხეთაში სამხედრო-სასურსათო საწყობის კანცელარიის თანამშრომლად ჯამაგირის მიღებით. 1919 წლის ივნისიდან 1921 წლის 31 დეკემბრამდე მცხეთაში ახლადგახსნილ სამომრიგებლო სასამართლოში სამწერლო მდივნად დაინიშნა. მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, მიუხე- დავად თავისი მძიმე მდგომარეობისა, მამა ლევანს არ მიუტოვებია წირვა-ლოცვა სამთავროს დედათა მონასტერში და სულიერ მოძღვრობას უწევდა იქ მყოფ დედებს. 1921 წლის 25 თებერვალს შეეძინათ ქალიშვილი იულიანა და იმავე დღეს წითელი არმია თბილისში შემოიჭრა. საქართველოს არისტოკრატიისა და სამღვდელოებისათვის სისხლიანი წლები დადგა. ბოლშევიკები წვავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც მათთვის მიუღებელი იყო. დაიწყო დაპატიმრებები და რეპრესიები. ლენინის ბრძანება, დაიხვრიტოს სასულიერო პირები გასამართლების გარეშე, დიდი გულმოდგინებით სრულდებოდა. 1922 წლის 1 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, მამა ლევანი დაინიშნა სოფელ ოძისში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, სადაც ის თავად ერისთავების ოჯახმა შეიფარა. მცხეთიდან გადახვეწილი მოძღვარი კომუნისტებმა სოფელშიც არ მოასვენეს. 1923-24 წლებში ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებისათვის რამდენჯერმე დააპატიმრეს. ერთ-ერთი პატიმრობის დროს ცხ- ენის კუდზე გამობმული გაყინულ მდინარეში ჩექმებით ატარეს, ისე, რომ ფეხზე გახდის საშუალება არ მისცეს და ასე მიიყვანეს დანიშნულების ადგილამდე. ამის გამო მას ფეხის ფრჩხილები ისე დაუზიანდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე სიარული და ფეხზე დიდხანს დგომა უჭირდა. ხოლო მეორედ ძალით გაკრიჭეს. ხელი რომ გაუშვეს, მან მოჭრილი წვერი ხელში აიღო და გონებაარეულ მოძალადეებს მიმართა: „ეს ნაკურთხი წვერია და თქვენ არ გაგათელინებთო.“ ამის შემდეგ კომუნისტებმა სხვა ხერხს მიმართეს. შესთავაზეს, ნასწავლი კაცი ხარ და ერში გამოგვადგებიო, ამასთანავე, კარგ სამსახურსაც ჰპირდებოდნენ.
30-2 საპატრიარქოს უწყებანი N30 3-16აგვისტო 2006წ გვ.23
გაგრძელება
სწორედ ამგვარად მოახერხეს მათ მამა ლევანის ძმის, ალექსანდრეს გადმობირება, რომელიც ასევე მღვდელი იყო, მაგრამ მამა ლევანთან არაფერი გამოუვიდათ. მოძღვარი უდრტვინ-ველად იტანდა მათ თავდასხმებს. ამდენი დევნისა და დამცირების მიუხედავად, სულიერად მაინც არ გატყდა და ანაფორა არ გაიხადა. 1924 წელს დაჯილდოვდა კამილავკით. 1925 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც წილკნის ეპარქიაში I ოლქის მთავარხუცესის თანამდებობა გათავისუფლდა, წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლემ (ჯაფარიძე), რომელიც პირადად იცნობდა მამა ლევანს და დიდად აფასებდა მის დამსახურებას და ერთგულებას ეკლესიის წინაშე, იგი ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნა. იმავე წლის 14 ოქტომბერს, მცხეთაში, 12 მოციქულის სახელობის საპტრიარქო ტაძარში, სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულზე კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა ლევანი სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. 1927 წელს შეეძინათ მესამე შვილი ქეთევანი, რომლის ნათლიაც იყო ერისთავების ქალი ნინო. 1929 წლის აღდგომას, კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) მას მიანიჭა დეკანოზის წოდება. კომუნისტური ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, 1930 წლის იანვარში წილკნის ეპარქიის Iოლქში ყველა მოქმედი ეკლესია დაიხურა. იმავე წლის 8 თებერვალს მამა ლევანი წმ. სინოდის სახელზე წერილს აგზავნის: „რადგან ჩემ სოფელში დარჩენა შეუძლებელია და მღვდლობის სამსახურის განებება კი არ მინდა, ამიტომ გ გთხოვთ, დროებით დამნიშნოთ თბილისში წმ. მარინეს ეკლესიის მღვდლად.“ 23 თებერვალს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით, იგი დროებით ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიაში განამწესეს, ხოლო ივნისიდან წინამძღვრობაც მას ჩააბარეს. 1932 წლის 23 აგვისტოს, თავისივე თხოვნის საფუძველზე, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დანიშნა ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის წინამძღვრად. ამასთან დაკავშირებით წმ. ბარბარეს ეკლესიის სამრევლო საბჭო წერილით მიმართავს მის უწმიდესობას: „ახალ წინამძღვარს ჩვენ პირადად არ ვიცნობთ. უკეთუ მისი უწმიდესობა ჰრაცხს მას შესაფერ კანდიდატად, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვეთქმის. ერთს კი მოგახსენებთ წმ. ბარბარეს ყოფილი წინამძღვარი, აწ განსვენებული დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე ორი წლის განმავლობაში ავადმყოფობდა, ხოლო მისმა დროებითმა შემცვლელებმა კეთილად ვერ წარმართეს ეკლესიის საქმე და მრევლი შემოიფანტა. პრესამაც რამდენჯერმე აღნიშნა ეკლესიასთან მტრულად განწყობილი სხვადასხვა ჯგუფის სურვილი ეკლესიის დაკეტვის შესახებ. ჩვენი ღრმა რწმენით ეს ასეც მოხდებოდა, რომ არ გამოჩენილიყო მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეფრემი (სიდამონიძე). მთელი ამ სამი წლის მანძილზე ტაძარი რომ ღიაა და მრევლი კვლავ დადის ეკლესიაში ეს მისი დამსახურებაა. ნიშნად ამისა 1931 წლის 11 იანვარს მრევლმა მას აჩუქა წმ. ბარბარეს ძვირფასი ხატი. ვითვალისწინებთ რა ზემოაღნიშნულს, საქმის სარგებლობისათვის ჩვენ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ თქვენმა უწმიდესობამ ჰყოს ზნეობრივ ვალდებულებად, რათა ეპისკოპოსმა ეფრემმა წმ. ბარბარეს ეკლესიის ცხოვრებას თვალი ადევნოს და მზრუნველობის ხელი არ მოაკლოს, რადგან ამით ფეხზე დაყენებული საქმეც კარგად წავა და მომავალი წინამძღვარიც გაიადვილებს მოღვაწეობას. სამრევლო საბჭო იმედოვნებს, რომ მისი უწმიდესობა გაითვალისწინებს ამას და სათანადო ანგარიშსაც გაუწევს ასანაზღაურებლად იმ ზნეობრივი ზარალისა, რომელიც ალბათ უნდა მოუვიდეს წმ. ბარბარეს ეკლესიას ეპისკოპოს ეფრემის წასვლით.“ კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ გაითვალისწინა წმ. ბარბარეს ეკლესიის მრევლის მოთხოვნა და წინამძღვრად კვლავ ეპისკოპოსი ეფრემი დატოვა, ხოლო მამა ლევანი მეორე მღვდლად დაინიშნა. ამ ეკლესიაში მან იმსახურა 1935 წლის 11 მაისამდე. 22 მაისს იგი დაინიშნა უშტატო მედავითნედ დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში. 1935 წლის 10 ოქტომბერს დიდუბის ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი თხოულობს შტატიან მედა- ვითნედ დაამტკიცონ დეკანოზი ლევან ტლაშაძე, რომელსაც ჯამაგირის სახით მიეცემა ტაძრის შემოსავლის ოთხი ნაწილი, აქამდე არსებული სამი ნაწილის ნაცვლად. 1940 წლის 6 აგვისტოს თხოულობს ერთკვირიან შვებულებას მარჯვენა ფეხში ქარების გაჩენის გამო და ითხოვს მშობლიურ სოფელ გორისჯვარის აბანოებში მკურნალობას, რაზედაც თანხმობას აძლევს წინამძღვარი დეკანოზი იროდიონ გურგენიძე. 1947 წლის სექტემბერში წითელწყაროში გაიხს- ნა ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველო სახლი, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ დეკანოზი ლევანი განამწესა. იმავე წლის 20 ოქტომბერს მისი მეუღლე ეფემია წერილით მიმართავს მის უწმიდესობას: „ყველასათვის მოულოდნელად ჩემი მეუღლე გადაყვანილ იქნა სოფლად, კერძოდ, წითელწყაროში, ღვთისმშობლის სამლოცველო სახლში. მაგრამ მას ავადმყოფობის გამო არ შეუძლია იქ სიარული. დღესდღეობით იგი ითვლება ოჯახ- ის ერთადერთ მარჩენალად. ჩვენი უფროსი შვილი ილია მეორე კურსზე სწავლობს და იგი იძულებული გახდა, თავი გაანებოს სწავლას და სამსახური ეძებოს, რათა ოჯახი მშიერი არ დარჩეს.
30-3 საპატრიარქოს უწყებანი N30 3-16აგვისტო 2006წ გვ.24
დასასრული
მამა ლევანი 13 წელია დიდუბეში მსახურობს და ესე უცებ მისი გადაყვანა რას მივაწეროთ, არ ვიცით. თუ სხვა გზა არ არის, იქნებ დახმარება მაინც დაგვინიშნოთ დიდუბის ეკლესიიდან მანამდის, სანამ ის უკან, თბილისში არ იქნება გადმოყვანილი.“ კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ, რომელმაც კარგად იცოდა თუ რა მძიმე და აუტანელ პირობებში უხდებოდათ მაშინდელ სასულიერო პირებს ეკლესიაში მსახურება, გაითვალისწინა ეს მოთხოვნა და იმავე წლის 15 ნოემბერს მამა ლევანი თბილისში, კუკიის წმ. ნინოს ეკლესიაში განამწესა მესამე მღვდლის ადგილზე. კუკიის ეკლესიის წინამძღვარი მაშინ იყო დეკანოზი იოანე ლუკაშვილი, ხოლო მეორე მღვდლად კი მსახურობდა დეკანოზი დავით გარსიაშვილი. 1952 წლის სექტემბერში კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა (ფხალაძე) იგი გადაიყვანა ბათუმში და დანიშნა წმ. სამების სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვრად. დანიშვნიდან ორი თვის თავზე მამა ლევანი იქაური სინოტივის გამო სთხოვს მის უწმიდესობას უკან თბილისში დაბრუნებას, თან უგზავნის ექიმის ცნობას, სადაც აღნიშნულია, რომ მისი იქ გაჩერება არ შეიძლება და მას აუცილებლად ესაჭიროება მშრალი ჰავა. იგი კვლავ კუკიის წმ. ნინოს ეკლესიაში დააბრუნეს. 1954 წლის 15 ივნისს დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ და დაუნიშნეს დახმარება, თვეში 25 თუმანი. იმავე წლის 1 დეკემბერს გადმოიყვანეს სიონის საკათედრო ტაძარში კანდელაკად, ხოლო სვეტიცხოველში კვლავ დაინიშნა იღუმენი პართენი (აფციაური). 1955 წლის აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა იგი დაა-ჯილდოვა მიტრის ტარების უფლებით. იმავე წლის ივნისის თვეში გადაიყვანეს წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში შტატგარეშე მღვდლად. 1956 წლის 10 ივლისს დაინიშნა კუკიის წმ. ნინოს ეკლესიაში მეორე მღვდლად. 1957 წლის 3 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკის ბრძანების საფუძველზე, მღვდელმოქმედება აეკრძალა მამადავითის ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ იოანე საყვარელიძეს. მის ადგილზე დაინიშნა დეკანოზი ლევან ტლაშაძე. 1959 წლის 1 სექტემბერს დაინიშნა წმ. სამების ეკლესიის წინამძღვრად, დეკანოზ რომანოზ პეტრიაშვილის ადგილზე. 1960 წლის 30 ივნისს მამა ლევანი წერილით მიმართავს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II (სიდამონიძე): „ვემთხვევი თქვენს მაკურთხეველ მარჯვენას, მაგრამ ბოდიშს ვიხდი, რომ ვერ გეახელით წირვაზე. წინა კვირას, როდესაც დავბრუნდი ბინაზე, საფეთქლები მტკიოდა და იმის მერე აღარ მივსულვარ ეკლესიაში. მამა გიორგი ჩაჩუამ გადმომცა თქვენი ბრძანება და ვწუხვარ და მოგახსენებთ, რომმე წმ. ბარბარეს ეკლესიაში ვერ ვიმსახურებ. დასნეულებულს და ჩემი ფეხების პატრონს დიდ მანძილზე სიარული არ შემიძლია. ამასთანავე, მჭირდება ხშირი ყურადღება. რაც შეეხება წმ. სამების ტაძრის წინამძღვრობას, მე ეს ადგილი არ მითხოვია, განსვენებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა დამნიშნა აქ და თუ მრევლი თხოულობს ისევ მამა რომანოზს, მე რა დავაშავე ან რა ბრალი მიმიძღვის. უკვე 10 თვეა, აქ ვმსახურობ. თუ დამტოვებთ ჩემი სურვილის თანახმად, კარგი იქნება, თუ არა და მაშინ ახლოს სადმე გადამიყვანეთ.“ ამ წერილზე მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ეფრემ II ასეთი წარწერა გააკეთა: „მაშინ გადავიდეს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში, ვურჩევ შინაურულად. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული საბუთებით აღარ ჩანს თუ შემდგომში რა ბედი ეწია დეკანოზ ლევან ტლაშაძეს, ან სად გააგრძელა მან მოღვაწეობა. 1966 წელს გამოცემულ საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიის სამღვდელოების სიაში იგი მოქმედ მღვდლად აღარსად იხსენიება. შეიძლება სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მას ჯანმრთელობამ აღარ შეუწყო ხელი, რათა კვლავ ძველებური შემართებით ემსახურა დედაეკლესიის საკეთილდ-ღეოდ. დეკანოზი ლევან ტლაშაძე 1969 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა.
მოამზადეს გიორგი მაჩურიშვილმა და ლუარსაბ ტოგონიძემ საარქივო მასალის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით საქართველოს საპატრიარქოს არქივის უფროსს ქალბატონ მზია კაცაძეს