სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11832

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ნიკოლოზ გიორგის ძე ოქრომჭედლიშვილი 1861-1937წწ დეკანოზი დაბ. სოფ გიორგიწმიდა, საგარეჯო ნიკოლოზ გიორგის ძე ოქრომჭედლიშვილი 1861-1937წწ დეკანოზი დაბ. სოფ გიორგიწმიდა, საგარეჯო

1861-1937 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ოქრომჭედლიშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

524       ბეჭდვა

ნიკოლოზ გიორგის ძე ოქრომჭედლიშვილი 1861-1937წწ დეკანოზი დაბ. სოფ გიორგიწმიდა, საგარეჯო

 ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი დაიბადა 1861 წელს თბილისის გუბერნიის სოფელ გიორგიწმინდაში გლეხის ოჯახში. მისი წინაპრები ოდითგან სამეფო ყმები იყვნენ. კაცებს საოჯახო პროფესია ჰქონდათ - ხატებს წერდნენ, ამიტომ მეზობლები მათ შთამომავლებს დღესაც მხატვრიაანთ ეძახიან. ნიკოლოზის პაპის მამა, გიორგი, მეფეების - თეიმურაზ II და ერეკლე II კარის ოქრომჭედელი იყო. მათ ოსტატობასა და ხელგარჯილობას მოწმობდა შვინდის ხის კოხტად გამოჩარხულ ჯოხზე თეიმურაზისა და ერეკლეს ბეჭდებით დამოწმებული 27 სიგელ-გუჯარი, რომელიც მამა ნიკოლოზის რეპრესირების შემდეგ ოჯახმა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს ჩააბარა.


   ნიკოლოზი განათლების მისაღებად თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1875-1879 წლებში სწავლობდა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ კიევში საერო განათლების მისაღებად გაემგზავრა.

   1880-1883 წლებში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პატარძეულისა და გიორგიწმინდის სახალხო-სამინისტრო სკოლებში ასწავლიდა.

  1883 წელს ნიკოლოზი ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. ამავე წელს ყარსის ციხე-სიმაგრეში მდებარე მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძარში განამაწესეს, სადაც 1884 წლამდე იმსახურა.

   1886 წელს პანკისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს, სადაც 1887 წლამდე მსახურობდა და სადაც უსასყიდლოთ ასწავლიდა იქაურ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში.

   1890 წელს ნიკოლოზი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში დაინიშნა და ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს.

   1893 წელს თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და მედავითნედ შტატში დაადგინეს. 1897 წელს თელავის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში (ღვთაება) დაინიშნა. აქ მსახურების პერიოდში ნიკოლოზი საღვთო სჯულს ამავე ეკლესიასთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა.

   1899 წელს თბილისში, დიდუბის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში უშტატო დიაკვნად განამწესეს და 1901 წელს შტატში დაამტკიცეს. დიდუბის ეკლესიაში მსახურების დროს დიაკონი ნიკოლოზი 1900-1901 წლებში ადგილობრივ ერთკლასიან სამრევლო სკოლაში საეკლესიო გალობას ასწავლიდა.

   1902 წლიდან მამა ნიკოლოზი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

   1902 წელს ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, საიდანაც 1904 წელს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შტატგარეშე მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 1907 წელს შტატის დიაკვნად დაამტკიცეს. ქაშვეთის ეკლესიაში მოღვაწეობის პერიოდში მამა ნიკოლოზი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ქაშვეთის ახალი ეკლესიის მშენებლობაში და ტაძრის მშენებლობის კომიტეტის შემადგენლობაშიც შედიოდა. 1911 წელს ტაძრის მშენებლობის დროს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

   1909-1910 წლებში მამა ნიკოლოზი თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის საბჭოს წევრ იყო. 

   1913 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და გიორგიწმინდის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და პარალელურად გიორგიწმიდის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

   1914 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   დეკანოზი ნიკოლოზი სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად წინაპართაგან გადმოცემული ხალხური მედიცინის ბრწყინვალე მცოდნე იყო. ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარს კალისტრატე ცინცაძეს მისთვის ზედმეტსახელად "ჯადოღვდელი" შეურქმევია და უთქვამს: "რას არ მოიგონებ, ნამდვილ ჯადო ხელი გაქვს; უბრალო სასმელი წყალი ”უკვდავების წყლად” აქციე, მომაკვდავებს სიცოცხლეს უბრუნებ". სხვადასხვა დაავადებისაგან განკურნების მეთოდი (ელექტროჰომეოპათია) პეტერბურგელი პროფესორის, სმირნოვისაგან შეუსწავლია, რომელსაც თავის მხრივ, ეს მეთოდი იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში იქაური ექიმ-ფარმაცევტის გრაფ მატეისაგან აუთვისებია. ”ჯადოღვდელი” ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი მკურნალობდა: ჭლექს, ათაშანგს, კანის დაავადებებს და ხშირადაც აღწევდა დადებით შედეგს. მამა ნიკოლოზი თვითონ დადიოდა ხოლმე ავადმყოფებთან და უფასოდ კურნავდა.  ახალმოვლენილ მკურნალს ხალხის მისაზიდად მაშინდელ თბილისურ პრესაში სტატიებიც გამოუქვეყნებია და წიგნიც დაუწერია - "ელექტროგომეოპატია", რომლის რამდენიმე ეგზემპლიარი ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ინახება.

   მე-20 საუკუნის დასაწყისში ხელისუფლებამ გიორგიწმინდის ტაძარი დახურა და მამა ნიკოლოზი პერიოდულად თბილისში, ნათვლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში აღასრულებდა წირვა-ლოცვას.  

   მამა ნიკოლოზი სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისში, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დეკანოზის წოდებით მსახურობდა. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე ფანოზიშვილი და ათი ქალ-ვაჟი. ქაშვეთის ეკლესიაში მსახურების პერიოდს მისი მეუღლე ასე იხსენებდა: "ეკლესიის ეზოში ცხოვრობდა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე). როცა მას რაიმე საბუთი ჰქონდა შესადგენი, მოვიდოდა და ჩემს მღვდელს ეტყოდა, ბიჭო ნიკავ, ერთი ქაღალდია შესადგენი, კალამი შენ უკეთ გიჭრის და მოდი დაწერეო." 

  1936 წელს დეკანოზი ნიკოლოზი დაიჭირეს და სასამართლომ გადასახლება მიუსაჯა. გადმოცემით მალევე გარდაცვლილა გემზე (სავარაუდოდ შუა აზიაში კასპიის ზღვით), რომლითაც პატიმრები გადაჰყავდათ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1911)

ბიბლიოგრაფია

მახსენდება, როგორ გადიოდა ზამთარში მამა 14 კილომეტრს ფეხით ფერეიდანში საბუთებზე, ისინი კი უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, ერთი კვირის შემდეგ მოდი და მაშინ გეტყვით პასუხსო. ასე დაატარებდნენ მთელი ზამთარი,  1972 წლის ივნისი, მოვდივართ მატარებლით, უკვე შემოვედით ჯულფის საზღვარზე. ირანის მატარებლიდან უნდა გადავჯდეთ საბჭოთა კავშირის მატარებელში.

ამ თორმეტი ოჯახიდან არავის წარმოდგენა არ გვქონდა, თუ როგორ დაგვხვდებოდა დედა სამშობლო, ის ხომ ჩვენ მხოლოდ ცისარტყელის ზღაპრიდან ვიცოდით. დიდები გვეუბნებოდნენ, ვინც ცისარტყელის ქვეშ გაძვრება, საქართველოში აღმოჩნდებაო. ჩვენც, ბავშვები, მთელი დღე დაუღალავად მივრბოდით. და აი, მატარებელი ბოლო ბაქანზე გაჩერდა, ჩამოვედით ყველანი, ვხედავთ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით დგას მეორე მატარებელი და უამრავ ხალხს მოუყრია თავი, ჩვენებმა დაუძახეს, ქართველები ხართო, გვიპასუხეს, კი თქვენიანები ვართ და გელოდებით, სადა ხართ აქამდეო. ჩვენებმა უთხრეს მოვდიოდითო.

ნახევარი საათი ერთმანეთს ვეფერებოდით და ვკოცნიდით. სიხარულისაგან ყველა ტიროდა, მომსვლელიც და დამხვდურიც. ეს რაღაც საოცრება იყო, გვიყურებდნენ სპარსელები და მათაც თვალებზე ცრემლი მოადგათ. და აი, კახეთი, გურჯაანის რაიონი, საქართველოში ვარდობის თვეა. მთელი კახეთი აღმოსავლეთისკენ იყურება, ავტობუსებს ელოდება, რომელმაც მათ ქართველები უნდა ჩამოყვანოს ირანიდან, გზები გადაკეტილია, მთელი კახეთის მოსახლეობა გარეთ არის გამოსული ვარდებით ხელში. ბავშვები ხელიდან ხელში გადავყავდით და ასე მივდიოდით ფეხით. მე ასეთი ლამაზი საქართველო არ მენახა".

ვახტანგ ონიკაშვილი


ფოტოზე მღვდელი ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი ცოლ-შვილთან და ფერეიდნელ ქართველებთან ერთად.

საპატრიარქოს უწყებანი N47 17-23 დეკემბერი 2004წ გვ.16

დიაკონი ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი (1863-1937) ოჯახთან და ფერეიდნელ ქართველებთან ერთად. თბილისი, 1910-იანი წლები.

ცენტრში: მამა ნიკოლოზი; მისი მეუღლე ეკატერინე ფანოზიშვილი მარცხენა და მარჯვენა განაპირას სხედან ფერეიდნელებიი ხუციშვილი და ონიკაშვილი მამა ნიკოლოზის შვილები — უკანა რიგში: ერეკლე, თამარი, ნინო; წინა რიგში: მარიამი, გიორგი, ქეთევანი.

მამა ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად წინაპართაგან გადმოცემული ხალხური მედიცინის ბრწყინვალე მცოდნეც იყო. ამ სურათზე მის ოჯახის წევრებთან ერთად ასახულია ორი ფერეიდნელი ქართველი, რომლებიც მან უმძიმესი სნეულებისაგან განკურნა. მამა ნიკოლოზი სიცოცხლის ბოლო წლებში დეკანოზის ხარისხში მსახურობდა თბილისში, ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში. იგი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი შეიქნა.


საპატრიარქოს უწყებანი N19 27მაისი-2ივნისი 2010წ. გვ. 18

დეკანოზი ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი ,, მომაკვდავებს სიცოცხლეს უბრუნებს“

დეკანოზი ნიკოლოზ გიორგის ძე ოქრომჭედლიშვილი 1861 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები ოდითგან გარეკახეთის დიდი სოფლის, გიორგიწმინდის მკვიდრნი, სამეფო ყმები იყვნენ. მამაკაცებს საოჯახო პროფესია ჰქონდათ — ხატებს წერდნენ, ამიტომ მეზობლები მათ შთამომავლებს დღესაც მხატვრიაანთს ეძახიან. ნიკოლოზის პაპის მამა, გიორგი, მეფეების თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის კარის ოქრომჭედელი იყო. მათ ოსტატობასა და ხელგარ-ჯილობას მოწმობდა შინდის ხის კოხტად გამოჩარხულ ჯოხზე თეიმურაზისა და ერეკლეს ბეჭდებით დამოწმებული 27 სიგელ-გუჯარი, რომლებიც მამა ნიკოლოზის რეპრესირების შემდეგ ოჯახმა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს ჩააბარა. პატარა ნიკოლოზს ადრეული ასაკიდანვე ჰქონია წიგნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული. მშობლებმა განათლების მისაღებად თავდაპირველად იგი თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1876-80 წლებში სწავლობდა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ კიევში, საერო განათლების მისაღებად გაემგზავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნიკოლოზმა იქორწინა ეკატერინე ფანოზიშვილზე, რომელმაც მოძღვარს 10 ქალ-ვაჟი გაუზარდა. შემდგომში მათი შვილები დედას ასე იხსენებდნენ: „დედა ნაკითხი, ენაწყლიანი ქალბატონი გახლდათ ძალიან უხდებოდა ჩიხტიკოპი და ქართული კაბა-ჯუბა თავისი დედისაგან ნასწავლი ასობით ზღაპარი ზეპირად იცოდა, დიდ დავთარში ჰქონდა ჩაწერილი და როცა ბავშვებმა წერა-კითხვა ვისწავლეთ, გვაკითხებდა ხოლმე“. 1886 წელს ნიკოლოზი პანკისის წმინდა გიორგის სა-ხელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1890 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს და სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად დანიშნეს. 1892 წლის იანვარში თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში მე-დავითნედ შტატში დაადგინეს. 1897 წელს თელავის „ღვთაების“ სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 18 წლის 20 დეკემბერს თბილისში, დიდუბის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში უშტატო დიაკვნად განამწესეს. 1901 წლის 6 თებერვალს დიაკვნის შტატში დაამტკიცეს. დიდუბის ეკლესიაში მსახურების დროს დიაკონი ნიკოლოზი 1900 წლის სექტემბრიდან 1901 წლის დეკემბრამდე საეკლესიო გალობას ასწავლიდა ადგილობრივ ერთკლასიან სამრევლო სკოლაში. 1902 წლის 10 სექტემბერს ანჩის- ხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, ხოლო 1904 წლის 5 მარტს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შტატგარეშე მედავითნედ დაინიშნა. 1907 წლის 5 მაისს შტატის დიაკვნად დაამტკიცეს. ქაშვეთის ეკლესიაში მოღვაწე- ობის პერიოდში მამა ნიკოლოზი აქტიურ მონაწილეობდა ქაშვეთის ახალი ეკლესიის მშენებლობაში და ტაძრის მშენებლობის კომიტეტის წევრიც იყო.

19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 27მაისი-2ივნისი 2010წ. 19

დეკანოზი ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი ,, მომაკვდავებს სიცოცხლეს უბრუნებს“(გაგრძელება)

1913 წლის 26 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და გარეკახეთში, სოფელ გიორგიწმინდის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს. 1914 წლის 6 სექტემბერს საგვერდულით დააჯილდოვეს. დეკანოზი ნიკოლოზი წინაპართაგან გადმოცემული ხალხური მედიცინის ბრწყინვალე მცოდნეც იყო. საოჯახო ფოტოზე, რომელიც ამ სტატიას ერთვის, მის ოჯახის წევრებთან ერთად, ასახულია ორი ფერეიდნელი ქართველი, რომლებიც მან უმძიმესი სნეულებისაგან განკურნა. მამა ნიკოლოზი სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისში, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, დეკანოზის წოდებით მსახურობდა. ქაშვეთის ეკლესიაში მსახურების პერიოდს მისი მეუღლე ასე იხსენებდა: „ეკ-ლესიის ეზოში ცხოვრობდა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე). როცა მას რაიმე საბუთი ჰქონდა შესადგენი, შესადგენი, მოვიდოდა და ჩემს მღვდელს ეტყოდა: ბიჭო აიკავ, ერთი ქაღალდია შესადგენი, კალამი შენ უკეთ გიჭრის და მოდი, დაწერეო. ერთხელაც, რაღაც საქმეზე მისულიყო და საწერ მაგიდასთან ძველი ბიბლიის ჩასწორებაზე მომუშავე მამა ნიკოლოზს დასდგომია თავზე. უწმინდეს კალისტრატეს ყურადღება მიეპყრო უცნაურ სამელნეს, რომელშიც დროდადრო აწობდა კალამს მოძღვარი. სამელნე მისივე გაკეთებული იყო, ძალზე ორიგინალური მექანიზმი ჰქონდა; დაპატიმრებისას ისიც წაიღეს. შუშის სამელნეს ზევიდან ზამბარაზე წამოცმული რეზინის რგოლი ჰქონდა, როცა კალამს ჩააწობდა და რეზინს დააწვებოდა, ზამბარა ჩაიწევდა, მელანი მაღლა ამოვიდოდა და კალმის წვერს დაასველებდა. პატრიარქ კალისტრატეს გაჰკვირვებია და ეთქვა: „რას არ მოიგონებ, ნამდვილი ჯადო ხელი გაქვს. უბრალო სასმელი წყალი „უკვდავების წამლად“ აქციე, მომაკვდავებს სიცოცხლეს უბრუნებ, ახლა ეს ჯადოსნური მექანიზმი გამოგიგონიაო“. მას მერე მამა ნიკოლოზს „ჯადო მღვდელი“ შეარქვეს და სახელითა და გვარით აღარავინ იხსენიებდა“. რაც შეეხება „უკვდავების წყალს“, მისი ისტორია ასეთია. მამა ნიკოლოზი კიევში სწავლის პერიოდში ეგზემითა და ფსორიაზით დაავადებულა. მთელ ტანზე მოსდებია მუწუკები, ფხანით კანს იტყავებდა; უზომოდ შეწუხებულს ვისთვის აღარ მიუმართავს, მაგრამ ვერავინ განკურნა. მერე, ბედად, სანკტ-პეტერბურგელი პროფესორის ს. სმირნოვის სქელტანიანი წიგნი ― „ელექტრო-ჰომეოპათია“ ჩავარდნია ხელთ. წაუკითხავს და გახარებია, რომ იმ დროში უკურნებელი ათაშანგის, ჭლექისა და სხვა მძიმე სნეულებებთან ერთად, კანის ყოველგვარ დაავადებათა მკურნალობაც იყო აღწერილი. სმირნოვისათვის უმალ ბარათი უფრენია: მიშველე, წამლები გამომიგზავნე, საფასურს სამმაგად აგინაზღაურებო. პროფესორმა წამლები არ გამოუგზავნა, თვითონ ჩამოვიდა, შინ ეახლა, უმკურნალა და განკურნა. საფასურიც კი არ გამოართვა, მხოლოდ სთხოვა: მკურნალობის ეს მეთოდი რთული არ არის, უკვე თავად გამოსცადე, უმტკივნეულო, ნაღდი და უებარია. შეისწავლე, ხალხს უმკურნალე და ჩემი „ჰონორარიც“ ეგ იქნებაო. თავად პროფესორს მკურნალობის ეს მეთოდი იტალიაში, ქ. ბოლონიაში, იქაურ ექიმ-ფარმაცევტ, გრაფ მატეისთან ჰქონდა შესწავლილი. დეკანოზმა ნიკოლოზმა საფუძვლიანად შეისწავლა ელექტროჰომეოპათიური მკურნალობა. იტალიაში, გრაფ მატეისაც გაუგზავნა ფული და წერილი, აუხსნა, თუ რატომ იწამა მკურნალობის მისეული მეთოდი და სთხოვა, წამლები გამოეგზავნა. გახარებულ გრაფს, ჩემს მკურნალობის მეთოდს საქართველომდეც ჩაუღწევიაო, დიდი ხნის სამყოფი წამლები გამოეგზავნა, ფულიც უკან დაებრუნებინა — როცა პაციენტებს და შემოსავალს გაიჩენ, წელში გაიმართები, ხარჯები იქიდან ვიანგარიშოთო. ახალმოვლენილმა მკურნალმა ხალხის მისაზიდად მაშინდელ თბილისურ პრესაში სტატიებიც გამოაქვეყნა, წიგნიც დაწერა „ელექტროჰომეოპათია“, რომლის რამდენიმე ეგზემპლარი ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ინახება. XX ს-ის 30-იან წლებში მამა ნიკოლოზი თვითონ დადიოდა ხოლმე ავადმყოფებთან, უფასოდ კურნავდა. შედეგს ყველა ხედავდა, მაგრამ ჯადო მღვდლის „უკვდავების წყლის“ მაგიური ძალა მაინც ბოლომდე ვერავინ ირწმუნა. ალოპათია, თანამედროვე მკურნალობის მეთოდი, ხალხს ძვალ-რბილში საუკუნეების მანძილზე ჰქონდა გამჯდარი და იმ პერიოდში ექიმებიც უკვე მრავლად იყვნენ. 1930 წელს დეკანოზ ნიკოლოზს გრაფ მატეისათვის უკანასკნელად გაუგზავნია საჩუქრად საოჯახო ვერცხლის კოვზები და ოქროს პორტსიგარი. რამდენიმე ხნის შემდეგ „ჩეკაში“ დაიბარეს, უთხრეს, იტალიიდან რაღაც საწამლავებით სავსე ყუთი ჩამოგივიდა, ხალხი რომ არ დაწამლულიყო, ფეხსადგილში ჩავყარეთ, მეტი აღარაფერი გაგზავნო ბოლონიაში, თორემ დაგიჭერთო. მართლაც, 1937 წელს დაიჭირეს, ოღონდ სულ სხვა მიზეზის გამო. როგორც მისი შვილიშვილი იხსენებს, ეს ამბავი ასე მომხდარა: „მამა ნიკოლოზი პირადად იცნობდა სტალინს. ჯერ კიდევ რევოლუციამდე სტალინი მოსახლეობასთან შესახვედრად ხშირად ჩადიოდა გიორგიწმიდაში, ღამეს კი მამა ნიკოლოზის სახლში ათევდა. პაპისეულ მარანში მუხის კოჭს ახლაც ამჩნევია ორი ნატყვიარი. ეს სოსოს ნასროლიაო, გვითხრა ერთხელ პაპამ. როცა სოფლად კოლექტივიზაცია დაიწყო, 30-იან წლებში, პაპამ ძველ ნაცნობს ბარათი გაუგზავნა, მისი აზრით, უწყინარი და მეგობრული: „სოსო! გლეხებს კოლმეურნეობა არ მოსწონთ და ძალას ნუ დაატანთო“. ეს გამოხმაურება „მეგობრებმა“ შესანიშნავად დაუ-


19-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 27მაისი-2ივნისი 2010წ.20

დეკანოზი ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი ,, მომაკვდავებს სიცოცხლეს უბრუნებს“(დასასრული)

ფასეს, ხელი სტაცეს და იმ პაპანაქება ზაფხულში ბამბის საკრეფად ალაზანზე უკრეს თავი. მეორე ზაფხულსაც მიაკითხეს 73 წლის მოხუცებულ მოძღვარს და კვლავ სამუშაოდ უკრეს თავი კოლმეურნეობაში. იქიდან დაბრუნებული მოხუცი ტიროდა — კომკავშირლები წვერებს მაგლეჯდნენ, დამცინოდნენ და მაწამებდნენ, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არ გშველის, ჩვენს ხელში რათ ჩაგაგდოო. ისღა მოახერხა, ლავრენტი ბერიას მისწერა: „ბატონო ლავრენტი! როცა შენ გიჭირდა, სტუდენტობისას, მე გიშველე, გიმკურნალე და მოგარჩინე. ახლა მე მიჭირს და გადამარჩინე ― კომკავშირლები ჩამომხსენი, ლამის სული ამომხადონო“. თურმე, ბერიას ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისას ათაშანგი შეჰყროდა და პაპაჩემს მოერჩინა. ამდენი წლის შემდეგ იმ უბრალო ბარათმა ჯალათს თავისი ჭაბუკობისდროინდელი ცოდვები გაახსენა და „მოწმე ისევ ცოცხალი ყოფილაო“, სტაცა ხელი და მთავრობის საწინააღმდეგო პროპაგანდის ბრალდებით გადასახლებაში უკრეს თავი. დაპატიმრების დროს მთელი სახლი გაჩხრიკეს. ერთი სატვირთო მანქანა გაავსეს უძვირფასესი წიგნებით, ტყავის ყდებში აკინძული ჟურნალ-გაზეთების წლიური შეკვრებით, საეკლესიო ინვენტარით, ხატებით, ხელს საოჯახო ვერცხლეუ-ლით, პაპაჩემის ოქროს ჯიბის საათი და ძეწკვიც გააყოლეს. დეკანოზი ნიკოლოზი გადასახლებიდან სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. დარდისა და ავადმყოფობისაგან დასნეულდა და იქვე გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ცნობილი არ არის მისი გარდაცვალების წელი და საფლავის ადგილმდებარეობა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს წამებული დეკანოზ ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილის სული და ილოცოს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. სტატიაში გამოყენებულია მამა ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილის შვილიშვილის, ბატონ დიმიტრი გულისაშვილის ნარკვევი — „მხატვრიაანთ ჯადომღვდელი“.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.11.2023
ბოლო რედაქტირება 28.09.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0