ევსევი ცაბაძე დაიბადა 1838 წელს მღვდლის ოჯახში.
1855–1861 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1861 წლის 1 აგვისტოდან სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მედავითნედ დაინიშნა, ამავე წელს იპოდიაკვნად დაადგინეს, ხოლო 1862 წელს დიაკვნად აკურთხეს.
1863 წელს ეგზარქოსების კარის ეკლესიაში ბერ–დიაკვნად განამწესეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამავე ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ევსევი უწოდეს. 1865 წელს მღვდლად დაასხეს ხელი, 1868 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა, 1871 წელს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში დაინიშნა, ხოლო 1873 წელს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.
1876 წელს მამა ევსევი ისევ ეგზარქოსების კარის ეკლესიაში დააბრუნეს და იმავე წელს მარტყოფის მონასტერში განამწესეს.
1877–1878 წლების რუსეთ–თურქეთის ომის დროს მამა ევსევი თავისი სურვილით ფრონტზე სამხედრო მღვდლად წავიდა და 1878 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. ომის დასრულების შემდეგ კვლავ მარტყოფის მონასტერში დაბრუნდა.
1880 წელს მამა ევსევი თეირანის რუსული მისიისა და საელჩოს კარის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მეტად საინტერესოა მისი თეირანში მოღვაწეობის პერიოდი. მას ცალი ხელი საქართველოს საქმეებისკენ ჰქონდა გამოწვდილი. მისი ქველმოქმედების შესახებ ცნობები ქართულ პრესაშიც ხშირად იწერებოდა ხოლმე. სპარსეთში ყოფნის დროს იგი დაუახლოვდა ღარიბ ქართველებს, რომლებიც მე–17 საუკუნეში შაჰ–თამაზისა და შაჰ–აბასის დროს იყვნენ გადასახლებულნი. მამა ევსევი პატრონობდა იქაურ ქართველობას და ცდილობდა მოეხერხებინა მათი საქართველოში დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ მისი ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
1881 წელს მამა ევსევი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი კომისიის წევრად აირჩიეს, 1883 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს, 1886 წლის 18 მარტს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და იმავე წელს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი გახდა. 1890 წელს არქიმანდრიტი ევსევი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1891 წელს, ავადმყოფობის გამო, არქიმანდრიტი საქართველოში დაბრუნდა და 1892 წელს წმინდა სინოდის განჩინებით გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, ხოლო 1897 წელს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
არქიმანდრიტი ევსევი 1895 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. ერთ დღეს არქიმანდრიტი თავად ეახლა საზოგადოებას და მდივანს 100 მანეთი სამუდამო საწევრო გადასცა, თანაც დასძინა: "ჩემი სამშობლო ქვეყანა, ქართველი ერი და მისი საქმეები მე ჩემს გულში წმინდა ტრაპეზად მაქვს მიღებული, ამ ტრაპეზს მე ისე ვცემ პატივს და ვადიდებ, რომ ეს წვლილი შემომაქვს ჩემის მხრით მის წინ საკმევ ლის დასაკმევად".
არქიმანდრიტი ევსევი გარდაიცვალა 1898 წლის 11 სექტემბერს და დაკრძალულია თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტრის ეზოში. სამწუხაროდ მისი საფლავი დაკარგულია.
საპატრიარქოს უწყებანი N30 4-10სექტემბერი 2008წ გვ.18
არქიმანდრიტი ევსევი (ცაბაძე) (1838-1898)
არქიმანდრიტი ევსევი 1838 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1855-61 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1861 წლის 1 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. ამავე წლის 12 ნოემბერს იპოდიაკვნად დაადგინეს, ხოლო 1862 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1863 წლის 23 ოქტომბერს ეგზარქოსების კარის ეკლესიაში ბერ-დიაკვნიად განამწესეს. 1864 წლის 22 ნოემბერს კი ამავე ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ევსევი უწოდეს. 1865 წლის 13 ივნისს მღვდლად დაასხეს ხელი. 1868 წლის 17 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1871 წლის 30 დეკემბერს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში დაინიშნა. 1873 წლის 18 ივლისს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1876 წლის 30 ნოემბერს კვლავ ეგზარქოსების კარის ეკლესიაში დააბრუნეს. ამავე წლის 22 დეკემბერს მარტყოფის მონასტერში განამწესეს. 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, თავისი სურვილით წავიდა სამხედრო მღვდლად, სადაც 1878 წლის 25 მარტს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ომის დასრულების შემდეგ კვლავ მარტყოფის მონასტერში დაბრუნდა. 1880 წლის 11 მარტს თეირანის რუსული მისიისა და საელჩოს კარის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1881 წლის 6 თებერვალს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1883 წლის 15 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს. 1886 წლის 18 მარტს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. ამავე წლის 8 ოქტომბერს წითელი ჯვრის საზოგადოებაში მიიღეს. 1890 წლის 1 აპრილს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით და- ჯილდოვდა. 1891 წლის 25 ოქტომბერს, ავადმყოფობის გამო, საქართველოში დაბრუნდა. 1892 წლის 4 სექტემბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი ევსევი გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 4-10სექტემბერი 2008წ გვ.19
არქიმანდრიტი ევსევი (ცაბაძე) (1838-1898) (გაგრძელება)
1897 წლის 14 ივლისს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. მამა ევსევი 1898 წლის 11 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი თბილისის ფერისც-ვალების სახელობის მონასტრის ეზოშია დასაფლავებული. სამწუხაროდ, ამჟამად მისი საფლავი დაკარგულია. მამა ევსევის შესახებ საინტერესო ცნობები დაგვიტოვა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ზაქარია ჭიჭინაძემ, რომელმაც გაზეთ „ცნობის ფურცელის“ 1898 წლის 630-ე ნომერში გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც კარგად არის აღწერილი მისი მოღვაწეობა და ის ღვაწლი, რაც მან ეკლესიისა და ერის სასიკეთოდ გასწია. „ბევრს ქართველთაგანს იქნებ ამ პატივცემულის განსვენეაულის არქიმანდრიტის ევსევის (ცაბაძე) სახელი არც კი გაეგონოს. ამის მიზეზები იფარება იმაში, რომ მამა ევსევი იყო წყნარი კაცი და გარდა ამისა, მთელი თა-ვისი საუკეთესო დრო სპარსეთში გაატარა, რუსეთის ელჩთან. იგი იყო ერთი წარჩინებული ქართველ არქიმანდრიტთაგანი, განვითარებული, მცოდნე აღმოსავლეთის ენებისა და ნამეტურ სპარსულისა, მასთანვე მცოდნე ქართულის საეკლესიო და საერო ისტორიისა და მწიგნობრობისა. იგი ყველა ქართულ საზოგადო საქმეთა მიმდინარეობასაც თვალ-ყურს ადევნებდა, ქართველთ ნაკლულევანებაზე გული დიდად შესტკიოდა. მოვიყვან მცირე რამ ცნობებს, რაც კი რამ ვიცი მე დიდად პატივსაცემ ქართველ არქიმანდრიტის ცხოვრებიდან. ერთ დღეს, წერა-კითხვის საზოგადოების სამმართველოში გიახლათ განსვენებული. ამ დროს აქვე ბრძანდებოდა პატივცემული იაკობ გოგებაშვილი. განსვენებულ არქიმანდრიტს ძრიელ ესიამოვნა მისი ნახვა. მცირე საუბრის შემდეგ მან საზოგადოების მდივანს გადასცა 100 მანეთი სამუდამო საწევრო ფული და ბატონ იაკობს თავაზიანად მოახსენა შემდეგი: ჩემი სამშობლო ქვეყანა, ქართველი ერი და მისი საქმეები მე ჩემს გულში წმინდა ტრაპეზად მაქვს მიღებული, ამ ტრაპეზს მე ისე ვცემ პატივს და ვადიდებ, რომ ეს წვლილი შემომაქვს ჩემის მხრით მის წინ საკ-მევლის დასაკმევად. ეს მცირეა, მაგრამ არა უშავს რა, მე, ჩემის მხრით, ყოველთვის მზად ვიქნები, რომ ჩვენს საქმეებს არსად ვუღალატო, შეძლებისდაგვარად ვემსახურო. სპარსეთში ყოფნის დროს განსვენებულს ცალი ხელი საქართველოს საქმეებისკენ ჰქონდა გამოწვდილი.ერთხელ ცნობები ამის ქველმოქმედების შესახებ ქართულ გაზეთებშიაც იქნა გამოცხადებული. სპარსეთში ყოფნის დროს, იგი დაუახლოვდა იქ მცხოვრებ ღარიბ ქართველთ, რომელნიც XVII საუკუნიდან იქ სახლობენ, ეს ბედ-შავნი ქართველნი შაჰ-თამაზის და შაჰ-აბასისაგან იქმნენ გადასახლებულნი. გადასახლებულნი. განსვენებულის დაახლოება სპარსელ ქართველებთან მოხდა 1876 წელს. განსვენებულის მოქმედების შესახებ, 1877 წელსსომხურ სასულიერო ჟურნალ „არარატის“ წიგნებში სპარსეთის სომეხთა კორესპონდენტი სწერს შემდეგს: „ამ დღეებში ჩვენდა საოცრად აქ, ქალაქ თეირანში ვნახეთ ქართულ ენაზე მოლაპარაკე ქართველნი, რომელ- ნიც, სპარსთა ჯარისკაცებში ერივნენ, იგინიც ჯარისკაცებივე იყვნენ, როგორც ქართული ენის მცოდნე, ძრიელ გავკვირდი, მაშინათვე მიველ ჯარისკაცებთან და ქართულად დაველაპარაკე. ჩემი ხმის გაცემა მათ ძრიელ გაეხარდათ, ჩვენ ერთმანეთი გა- ვიცანით, იგინი გათათრებული ქართველები აღმოჩნდნენ, მათ მთხოვეს მე, თუ აქ, თეირანში ვინმე ქართველი სცხოვრობს, გვაჩვენეთ, რომ ქართულად ველაპარაკოთო. მე დავფიქრდი და დიდად შევწუხდი, რომ აქ, თეირანში, მთელ სპარსეთში, რუსეთის კარის ერთი არქიმანდრიტის მეტი სხვა არავინ იყო. მე მალე წაველ არქიმანდრიტთან და ეს გათათრებული ქართველებიც თან წავიყვანე, მაგრამ ზაფხულის სიცხეების გამო არქიმანდრიტი იქავე, თეირანის ახლოს მდებარე ერთ სოფელში წასულიყო, მე მაშინათვე კაცი გაუგზავნე სოფელში და ყოველივე შევუთვალე. არქიმანდრიტი საჩქაროდ ჩამობრძანდა თეირანში და ნახა ქართველები. არქიმანდრიტის სიხარულს კაცი ვერ ასწერს, მათ ქართულად დაიწყეს ლაპარაკი, ლაპარაკის დროს „დიდი სიხარულის სანთელი აინთო მათ შორის“. განვლო მას შემდეგ დრო-ჟამმან, ამავე ქართველებზე სამი წერილი „მშაკსა“ და „ნორ-დარში“-აც დაიბეჭდა. მცირე ხნის შემდეგ განსვენებულიც დროებით თბილისში ჩამობრძანდა. ჩემსას გიახლათ, წიგნები უნდოდა, მე გავიცანი იგი და საუბარი გავმართეთ: მე დავეკითხე, 1877 წელს „არარატში“ დაბეჭდილი წერილისშესახებ, მან ყველაფერი დაამოწმა და თავის მხრით დაუმატა შემდეგი: ჩემის გაცნობის მცირე ხნის შემდეგ, თეირანიდან მე დამპატიჟა ერთს მხარეში სომეხთა კარაპეტ ეპისკოპოსმა. მე ვიახელ მას, ამ შემთხვევით ვისარგებლე და იმ სოფლებშიაც გადაველი, სადაც ქართველები სცხოვრობდნენ. ქართველებმა დიდი სიამოვნებით მიმიღეს, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, დიდად გამიმასპინძლდნენ, მოხუცნი ჩემგან კურთხევას იღებდნენ, იქიდან აღარ მიშვებდნენ, სოფლებში გაავრცელეს ისეთი ხმა, რომ ვითომც მე იქ სპარსეთის მთავრობის ბრძანებით ვიყავ გაგზავნილი ქართველების მღვდლად. რამდენიმე დღის შემდეგ მე მათ გამოვესალმე, იგინი დიდად შესწუხდნენ ჩემის მოშორებით და მეც ბევრი ვიმწუხრე, ბევრი მწარე ცრემლები დავღვარე.
30-2 საპატრიარქოს უწყებანი N30 4-10სექტემბერი 2008წ გვ.20
არქიმანდრიტი ევსევი (ცაბაძე) (1838-1898) (დასასრული)
რამოდენიმე ხნის შემდეგ ზოგიერთი ქართველნი ჩემსას მოვიდნენ. ჩვენ ლაპარაკი დავიწყეთ საქართველოს და ქართველების შესახებ. მალე მე ვკითხე მათ: თქვენი გადასახლება რომ შეიძლებოდეს, საქართველოში არ გადასახლდებით? რატომ არა, დიდის სიამოვნებით, თუ კი ვინმე ამ წყალობას მოგვიხერხებს მითხრეს იმათ. მე გული ამიდუღდა. ბევრის ლაპარაკის და მასპინძლობის შემდეგ იგინი წავიდნენ თავიანთსას და წაიღეს გადმოსახლების ცნობები. მე ეს ამბავი დაწვრილებით ვუამბე რუსეთის ელჩს. მან გადმომცა, რომ თუ საქართველოში გადმო- სახლების სურვილი აქვთო, დასწერონ საერთო თხოვნა, ეს თხოვნა მე მომიტანონ და მერმე ამ თხოვნის ძალით დავიწყებ შუამდგომლობას, რომ ისინი საქართველოში იქმნენ დაბრუნებულნიო. მცირე ხნის შემდეგ ხსენებული ქართველნი ჩამოვიდნენ ჩემსას, მათ სხვებიც მოჰყვნენ თან. დავიწყეთ ლაპარაკი და მალე საქართველოში გადასახლებაზე გადავედით, მე მათ ვუამბე ელჩის რჩევა. მათ ტირილი მოუვიდათ, მერე პასუხი ვკითხე. მათ გადმომცეს დიდის მწუხარებით შემდეგი: ჩვენ ამას ვერ ვიზამთ. ასეთი თხოვნის ამბავს გაიგებენ თუ არა, სპარსნი მაშინათვე შაჰის ბრძანებით თავებს დაგვჭრიან. ეს ძნელია ჩვენთვის, დიდად გვეშინისო. მეც დიდად შევწუხდი. შემდეგ კიდევ გვქონდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ელჩი უსაფუძვლოდ საქმის დაწყებას არ შვრებოდა და ბედ-შავ ქართველებს კიდევ საერთო თხოვნის დაწერა ვერ გავა-ბედინე. ასე განვშორდით ერთმანეთს გულხელდაკრეფილნი. განსვენებულისაგან წარმოგ-ზავნილი ცნობები სპარსელ ქართველთა შესახებ ერთ დროს ქართულ გაზეთებშიაც დაიბეჭდა. მე მგონი ეს ცნობები საკმარისად გააცნობს მკითხველს განსვენებულის მაღალ თვისებებს. უნდა ითქვას, რომ განსვენებული იყო მალამო დაწყლულებულთა, სანთელი უსინათლოთა და წრფელი, პატიოსანი მამულიშვილი. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, პატიოსანო ღირსო მამაო!“
MEMBER OF ORGANIZATIONS
- კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი კომისია, კომისიის წევრი (1881-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1895-)
- წითელი ჯვრის საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1886-)
AWARDS AND HONORS
- 1890 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
- 1883 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
- 1878 - სამკერდე ოქროს ჯვარი
BIBLIOGRAPHY
- "საპატრიარქოს უწყებანი". - თბილისი, საქართველოს საპატრიარქოს ყოველკვირეული გამოცემა, 2008. - N 3