დედა ანა (საერო სახელი - ნათია ათანელიშვილი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანაში დაიბადა. სკოლის ასაკიდანვე დაინტერესდა ეკლესიური ცხოვრებით, რაშიც რელიგიის გაკვეთილებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, დედა ანამ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, თუმცა პირველი კურსის დასრულების შემდეგ, როდესაც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შესახებ გაიგო, ეკონომიკის ფაკულტეტი დატოვა და გადაწყვიტა, სწავლა სასულიერო სასწავლებელში გაეგრძელებინა.
მისი სტუდენტობის პერიოდი იმ განსაკუთრებულ ეპოქას დაემთხვა, როდესაც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის მოვალეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II ასრულებდა. აღნიშნულმა პერიოდმა,დედა ანას ინტელექტუალურ და სულიერ ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
სტუდენტობისას იგი გამოირჩეოდა ასკეტური სულით, გონიერებითა და წიგნიერებით. იყო ბეჯითი, მოწესრიგებული, შრომისმოყვარე, აკადემიური, წარჩინებული, მტკიცე ხასიათისა და მაღალი პასუხისმგებლობის. მის სულს მუდამ ამშვენებდა მოკრძალება, დახვეწილი ქცევა და უბრალოება.მისი აკადემიური ინტერესების ერთ-ერთი ნაყოფი გახდა სადიპლომო ნაშრომი თემაზე - „დავით გურამიშვილის პედაგოგიური შეხედულებები“. ნაშრომში დედა ანამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ გამოხატავდა ქართველი პოეტის შემოქმედება ადამიანის სულიერი და ზნეობრივი აღზრდის იდეალებს.
მონაზვნურ ცხოვრებაზე ფიქრი დედა ანას 17 წლის ასაკში დაებადა. 2011 წელს, მოძღვრის კურთხევით, მცხეთის ოლღა - ეკატერინეს მონასტერში იმყოფებოდა. 2012 წელს, პატრიარქის კურთხევით, მსახურება განაგრძო საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში საცავის მცველად. იმავე წელს, ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ, მონასტერი დედათა სავანედ გადაკეთდა და დედა ანამ იქ გააგრძელა სულიერი მსახურება.
ექვსწლიანი მორჩილების შემდეგ, 2017 წლის 4 იანვარს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, მონაზვნად აღიკვეცა და წინასწარმეტყველ ანას სახელი ეწოდა.
დედა ანას მოღვაწეობა სულიერი სიმშვიდითა და კრძალვით გამოირჩევა. მის პიროვნებას თან სდევს თბილი და მზრუნველი დამოკიდებულება, რომელიც შინაგან სიმტკიცესა და ეკლესიური ცხოვრებისადმი ერთგულებასთან ჰარმონიაშია.
მონაზვნური გზა თავისი არსით დაფარულია. ის გულისხმობს ისეთ ღვაწლს, რომელიც ადამიანის თვალთათვის უხილავი რჩება და მხოლოდ ღმერთს ძალუძს მისი სრულად დანახვა და შეწირვა. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ დედა ანას ცხოვრების შესახებ ყველა თხრობა არასრულია – ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც გარეგანი მსახურებითა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩანს, ხოლო მთავარი, სულიერი შრომა, დაფარული რჩება. სწორედ ეს დაფარულობა განსაზღვრავს მონაზვნური ცხოვრების დიდებულებას.