არჩილ II, შაჰნაზარ ხანი (დ. 1647 — გ. 16 აპრილი. 1713, მოსკოვი) — საქართველოს მეფე,
ვახტანგ V-მ, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, 14 წლის არჩილი იმერეთში გაამეფა, ოსმალეთის (რომლის ვასალიც იმერეთი იყო) პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა (1663), სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს, შაჰნაზარ-ხანი უწოდეს და კახეთის მეფედ გამოგზავნეს (1664).
ამ აქტით ქართლისა და კახეთის სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანდა. არჩილ II-მ, კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით, 1667 წელს ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. მან კახეთის დედაქალაქი გრემიდანთელავში გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრგვალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა, ნაწილობრივ ალაგმა ლეკების თარეში. კახეთის ასეთი მოღონიერებით უკმაყოფილო ირანის შაჰმა მეფის ტახტი თეიმურაზ I-ის შვილიშვილს ერეკლე ბატონიშვილს (ნაზარალი-ხანს) აღუთქვა. არჩილ II-მ 1675 წელს დატოვა კახეთი და იმერეთში გამეფებას შეეცადა. იგი ოთხჯერ ავიდა ტახტზე იმერეთში, მაგრამ ოსმალეთის მხარდაჭერით იმერეთის თავადაზნაურობამ ოთხჯერვე გააძევა. 1680 წელს არჩილ II-მ ელჩი გაგზავნა რუსეთში და დახმარება ითხოვა, 1682-88 წლებში თვითონ იყო რუსეთში, მაგრამ ვერც ამ გზით მიაღწია მიზანს. 1699 წელს საბოლოოდ გადასახლდა რუსეთში. პეტრე I-მა გულთბილად მიიღო არჩილ II და მისი ოჯახი. სამეფო კარზე განსაკუთრებით დაწინაურდა არჩილ II-ის ძე ალექსანდრე ბატონიშვილი. არჩილ II დასახლდა მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვსესვიატსკოვში (ქართული გამოთქმით „სესენწკაში“). იგი ფაქტობრივად ჩამოსცილდა პოლიტიკურ ცხოვრებას და ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას მიჰყო ხელი. იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.
არჩილ II-ის პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მის უმთავრეს ნაწარმოებში - ვრცელ ისტორიულ პოემაში „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ („თეიმურაზიანი“) თამარის ეპოქისა და თეიმურაზ I-ის დროის ფართო ისტორიული პანორამაა წარმოდგენილი. დიდაქტიკური-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებებში („საქართველოს ზნეობანი“, „ლექსნი ასნი ორმუხლნი“, „ლექსნი ასდაათნი “ და „ლექსნი ასეულნი“) არჩილ II დაკნინებული საქართველოს აღორძინების საფუძვლად სწავლა-განათლებისა და აღზრდის საკითხების მოგვარების მიიჩნევდა.