ისტორიის ფურცელი მღვდელი ანტონ გოლეთიანი 1854 – 1917წწ
„ჩვენს ცოდვილ დროშიდაც მოხდება სასწაული ლოცვით
და ჭეშმარიტი სარწმუნოებით და სასოებით“
ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე მოგითხრეთ იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდნენ დედაეკლესიას. ამჯერად, კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან რამდენიმე ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. გოლეთიანების ეს გვარი ლეჩხუმიდან, სოფ. ნაკურალეშიდან მომდინარეობს. მათ თავიანთი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში.
მღვდელი ანტონ პავლეს ძე გოლეთიანი 1854 წლის 17 იანვარს ქუთაისის გუბერნიაში, ლეჩხუმის მაზრაში, სოფელ ნაკურალეშში მღვდლის ოჯახში დაიბადა (მამა პავლე, პაპა დავითი, პაპის მამა ათანასე და ათანასეს მამა გიორგი ასევე მღვდლები იყვნენ).
ათანასეს და გიორგის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მოგვეპოვება, ვიცით, რომ ისინი XVIII ს-ში მოღვაწეობდნენ და იმ დროს საქართველოში სასულიერო პირთა ბიოგრაფიები არ იწერებოდა. პირველი მონაცემები მოგვეპოვება მღვდელ დავით ათანასეს ძ გოლეთიანზე, რომელიც 1773 წელს დაიბადა. ჰყავდა დედმამიშვილები: მღვდელი მათე, მღვდელი გიორგი და ერისკაცი – იოანე. მან ქართულ ენაზე საეკლესიო წერილი მონასტერში ისწავლა. XVIII ს-ის 90-იანი წლების დასაწყისში ცაგერელმა მიტროპოლიტმა სოფრონმა (ღოღობერიძე) დიაკვნად აკურთხა. XVIII ს-ის 90-იანი წლების ბოლოს ნინოწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ (წუწუნავა) მღვდლად დაასხა ხელი და ნაკურალეშის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. ჰყავდა შვილები: მღვდელი ანდრია (1795 – 1854 წწ.) და მღვდელი პავლე (1819 – 1890 წწ.).
მღვდელი პავლე 1819 წელს დაიბადა. მანაც ქართულ ენაზე საღვთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, წერა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ცაგერის მონასტერში იღუმენ ბასილთან (ასათიანი) ისწავლა. 1847 წლის 12 იანვარს (მეორე ვერსიით – 20 სექტემბერს) სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და ნაკურალეშის წმ. გიორგის ტაძარში განამწესა. 1850 წლის 15 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაადგინა. 1864 წლის 1 აგვისტოს (მეორე ვერსიით – 1862 წელს) ნასპერის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დაინიშნა. ჰქონდა ჯილდო – ყირიმის ომის (1853 – 1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1879 წლის 13 მარტს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვარი მიიღო. მღვდელი პავლე 1890 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. მეუღლე თათია ბეჟანის ასული კოპალიანი (დაბ. 1833 წ.) და შვილები: მაკრინა (დაბ. 1848 წ., გათხოვილი ილია/ისმაილ სულაქველიძეზე) და მღვდელი ანტონი (დაბ. 1852 წ.).
ანტონმა 1876 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის სამი კლასი. 1877 – 1880 წლებში სოფლის ერთკლასიანი სამინისტრო სკოლაში (სად არ ჩანს) პედაგოგად მუშაობდა. 1880-1885 წლებში საფოსტო უწყების, კასპიისპირეთის ოლქის საფოსტო უწყების ახალტეკინის საექსპედიციო ჯგუფში საველე ფოსტალიონად მუშაობდა. კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დაჯილდოებული იყო ვერცხლის მედლით „ერთგულებისათვის“ წმ. სტანისლავის ლენტზე. 1884 წლის 9 დეკემბერს, ავადმყოფობის მიზეზით, სახლში დაბრუნდა შვებულებით და გამოჯანმრთელების შემდეგ აღარ ჩავიდა სამსახურში, რის გამოც გაათავისუფლეს. 1886 წლის 1 ოქტომბრიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიის თანამშრომელია. 1886 წლის 20 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 25 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ოფიტარის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1888 წლის 1 აპრილს ცაგერის ოლქის სასულიერო გამომძიებლად დაინიშნა. მისი მცდელობით და ლაჩეპიტის მიწერილი ეკლესიის მრევლის სურვილით ლაჩეპიტის ეკლესია გადაიტანეს უფრო მოხერხებულ ადგილზე და აიგო ახალი სამრეკლო, რომელიც 1891 წელს აკურთხეს. ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის ოფიტარის ახალი ეკლესიის აგებაში, რომელიც 1893 წელს აკურთხეს და იმავე ეკლესიასთან არსებული საეკლესიო სამრევლო სკოლის აგებაში. დიდია მისი დამსახურება ორივე ეკლესიისა და სკოლისათვის საჭირო ნივთების შეძენაში. 1894 წლის 21 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1899 წლის 9 ივლისს სკუფია უბოძეს. 1900 წლის 13 ივნისს ნასპერის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში გადაიყვანეს.
1900 წლის მარტში გარდაიცვალა მღვდელ ანტონის ბიძაშვილი, კიბაბეულის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დიონისე გოლეთიანი. იმხანად ლეჩხუმში გავრცელებული „დატირების“ რიტუალი მეტად წარმართული იყო, ისევე როგორც საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეებში. იგი გადაჭარბებულ გლოვად გადაიქცეოდა და აურაცხელ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სამღვდელოება თავგამოდებით ებრძოდა ამ ნაკლს, მაგრამ ამ ჩვეულებას ისე ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები ხალხში, რომ ხშირად თავად ადგილობრივი სამღვდელოებაც ვერ უვლიდა გვერდს ამ მოვლენას. ამასთან დაკავშირებით მოძღვრის წლისთავზე მღვდელმა ანტონმა წერილი გამოაქვეყნა გაზეთ „მწყემსში“, სადაც წერდა: „განსვენებული ყოვლადსამღვდელო გაბრიელი რამდენს უსიამოვნებას და საყვედურს აცხადებდა სამღვდელოება თვალთ-მაქცური, უსარგებლო და დამაზარალებელ – მიცვალებულთა გამოტირილის შესახებ, მაგრამ ამ სამწუხარო მოვლენას დღესაც ღრმად აქვს მოკიდებული ფესვი. განა შეუძლია გონიერს და გულშემატკივარ კაცს გულგრილად უცქიროს შემდეგ სურათს: აგერ მიცვალებული ასვენია, სახლი სავსეა ხალხით. რომელთაგან უმეტესი იცინის, ხუმრობს და მუსაიფობს. უცებ კიდებენ ხელს კაცს, რომელიც აგერ ხუმრობდა, ეს კაცი უეცრად სახეს იჭმუხნის, იჭყანება და ზარის სიმღერის ხმას აყოლებს რაღაც უმგვანო სიტყვებს. ჭირისუფალსაც მოწყენილი აქვს ერთი კვირის განმავლობაში სულ ერთი და იგივე სიტყვების განმეორება, მაგრამ რა ჰქნას, მომტირალთ უნდა დახვდეს და შეატიროს ფორმისაებრ! რაიცა შეეხება უსარგებლო ხარჯებს და აურაცხელ კაცის ცდენას და სხვ. ეს ხომ აშკარაა და ყველამ იცის, ბევრი რამ დაბეჭდილა ამის შესახებ ჩვენს ხალხისთვის გულშემატკივარ ორგანოს „მწყემსის“ ფურცლებზე, რომ მოსპობილიყო ესრეთი საზიზღარი და უსარგებლო ჩვეულება, მაგრამ არ იქნა და არა. დღეს მადლობა ღმერთს, გაჩნდა ისეთი კაცი, რომელმანცა მისცა დაბოლოება და დასრულება ამ მავნე ჩვეულებას. დღეს, როგორც ეტყობა სწორედ ბოლო ეღება ამ მავნე და უსარგებლო ჩვეულებას. ყველგან გვესმის: „მართლა მოუსპიათ ტირილი? ვაი ჩვენი ცოდვა, რავა ჯირკივით ჩაგვდებენ მიწაშიო“ და ზოგი კი ნიშნისგებით ამბობს: „მის მეტი სამჯავრო ნუ მომცეს ღმერთმაო!“. ამის მეტს მგონი არც შარშანწინ იტყოდენ რამეს ამაზე, და უკეთუ ჩვენ – სამღვდელოება თანამგრძნობელნი ვიქნებით ამ ბრძანებისა, პირველში ჩვენი ვალია გავტყდეთ და ვაჩვენოთ მაგალითი მრევლს, როგორი მაგალითიც გვიჩვენა ახალმა მღვდელმა, მამა ანდრია გოლეთიანმა. წარსულ მარტის თვეში გარდაიცვალა სოფ. ნაკურალეშს (ლეჩხუმში) უეცარის სიკვდილით მღვდელი მამა დიანოზ გოლეთიანი. განსვენებულს დარჩა შვილი ზემოხსენებული მღვდელი ანდრია გოლეთიანი, რომელიც ჩავარდა ფიქრში და რყევაში, თუ რა წესით დაესაფლავებია მამა. ახალი ბრძანების აღუსრულებლობისაც ეშინოდა და წინანდელი წესის დარღვევაზედ სოფლის და მტერ-მოყვარისაც რცხვენოდა; ასე რომ ორივე შემთხვევაში, ესე იგი, ძველი ჩვეულების დარღვევაში და ახალის მიღებაში პირველი მაგალითი ის იქნებოდა. ბოლოს სოფლის საყვედური ამჯობინა და მესამე დღეს მოუწოდა მახლობელ მეზობლებს, ნათესავებს და რამოდენიმე მღვდელს, გაასვენეს მიცვალებული ეკლესიაში, წირვის შემდეგ წესი აუგეს და დაასაფლავეს. შემდეგ მოსამარხეებს, გამსვენებლებს, გულითადს მომტირალ-ნათესავებს და მღვდლებს სადილი მიართვეს და აი, ამნაირად შესრულდა ის საქმე, თვინიერ დიდი ხარჯისა. სოფელმა ბევრი უსაყვედურა მამა ანდრიას, რად არ გვატირე მამა შენიო, შენდობას შეუთვლიდით და ღვინოს თავს წაუსხამდითო!.. ასე ადვილად და წესიერად შესრულდა ყვლაფერი. საუკუნოდ იყოს ხსენება ჩვენი თანაძმის მღვდლის დიანოზ გოლეთიანისა, რომელიც ეღირსა ჭეშმარიტს ქრისტიანულს განსვენებას და დასაფლავებას. დასასრულ, ღმერთმან ადღეგრძელოს და აკურთხოს გონიერი მმართველობა იმერეთის ეპარქიისა – ჩვენი ახალი მწყემსმთავრისა, რომელმაც პირველადვე მიაქცია ყურადღება ამ უწესო ჩვეულების მოსპობას, რომლის აღსრულებით არა თუ სუსტდება მარტო ზნეობა და სარწმუნოება, არამედ იქცევა, ღარიბდება და იღუპება ოჯახები აუარებელი უსარგებლო ხარჯებისაგან“.
საფლავი ნაკურალეშის ეკლესიის ეზოში
1902 წლის 25 თებერვლიდან მღვდელი ანტონი ცაგერის ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვარია. 1904 წლის 14 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1904 წლის 16 წექტემბერს პენსიაზე გავიდა. შთამომავლების გადმოცემით, მღვდელი ანტონი 1917 წელს გარდაიცვალა.
გარდა სასულიერო მოღვაწეობისა მღვდელი ანტონ გოლეთიანი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ პრესაში, „მწყემსში“, „შინაურ საქმეებში“. 1899 წელს აქვს დაწერილი სტატია „ხვამლის მთაზე აღსრულებულ სასწაულზე, რომელიც იქ მის თვალწინ წმ. გიორგის ხატის წინ აღესრულა“. აი, რას წერდა იგი: „წელს დიდი წვიმები არ ყოფილა ჩვენკენ და ამიტომ არც მიწა გამბალა საკმაოდ, ხოლო ივნისიდგან ვიდრე 27 ივლისამდე არა თუ წვიმით არ გამაძღარა მიწა, ცვარიც კი არ ყოფილა, რადგან ღამე ცა ღრუბლით იხურებოდა და დღე ძლიერი სიცხეები სწვავდა. ბალახი გახმა, წყლები ალაგ-ალაგ დაშრა, კაცი და საქონელი შეწუხდა აუტანელი სიცხისგან. ხალხი შეაწუხა შიმშილის მოლოდინმა. ეკლესიებიდან ხატებს ასვენებდენ მდინარე წყლებზედ დასაბანათ ლიტანიით. მაგრამ არ შეიქმნა საშველი. ბოლოს 27 კვირიკობისთვეს სოფელს ოყურეშიდან წაასვენეს ხვამლის მთაზედ ორი დიდი და დიდებული წმინდის გიორგის ხატი, ეს ორი ხატი შესანიშნავია მთელს მაზრაში თავის სიდიადით, დიდებული მორთულობით, სიძველით და სასწაულმოქმედობით. ხალხის მოთხრობით ეს ორი ხატი ძველ დროში დასვენებული ყოფილა ხვამლზედ, სადაც ყოფილა ეკლესია და ბერების მოსახლეობა. წერილობით თუმცა ამაზედ არა სჩანს რა, მაგრამ ხვამლზედ ახლაც სჩანს და ატყვია ძველი ნაეკლესიები, ტრაპეზი, შენობის ნანგრევები სულ თლილი საპატიო ქვებისაგან, გალავანი, ბერების სენაკების ნაშთები და სხვ. ეხლა დაუბრუნდეთ ლიტანიობას. 27 კვირიკობისთვეს შუადღეს პაპანაქება სიცხეში გავემგზავრეთ ოყურეშის ეკლესიიდან ხვამლისკენ ასიოდე კაცი და ქალი, ხატებს მიასვენებდა ოთხ-ოთხი კაცი ჯალავრით. ლიტანიას წინ მიუძღოდენ განუწყვეტელი ბუკის კვრით და ზარების რეკა დიდხანს არ შეწყვეტილა. ხალხი ფეხშიშველა მიჰყვებოდა სასწაულთმოქმედს ხატს და ცრემლით შესტიროდა თავის გაჭირვებას. ხატები დავასვენეთ ნატრაპეზალზედ, აუნთეთ სანთლები და დაჩოქილებმა გარდავიხადეთ სამადლობელი პარაკლისი და აი, ცხოველი სასწაული! ისმინა უფალმან ვედრება ჩვენი: „რათა უბრძანოს ღრუბელთა ცისათა მოცემად წვიმა... გაჩნდა ნისლი მთის გარშემო, დაგვიახლოვდა და გარს შემოგვერტყა. ამას მოჰყვა ცივი ქარი, გასქელდა ნისლი და აიწია თანდათან მაღლა, შეიქმნა ქუხილი, ელვა და ბოლოს ნელი წვიმა. ჩვენს სიხარულს და მადლობას წმინდა გიორგისადმი აღარ ჰქონდა საზღვარი. ჩემს დღეში ასე ცხოველი სასწაული არ მინახავს და ახლა კი მჯერა, რომ ჩვენს ცოდვილ დროშიდაც მოხდება სასწაული ლოცვით და ჭეშმარიტი სარწმუნოებით და სასოებით. იმ ღამეს ხალხმა თავი შეაფარა ახლო მდებარე გამოქვაბულებს და კლდის ნაპრალებს. მეორე დილით კვლავ გარდავიხადეთ მუხლმოყრით სამადლობელი პარაკლისი და გულდამშვიდებული დავბრუნდით სოფელში წმინდა ხატებით. იმ დღიდან გაიხსნა ცა და იწვიმა საკმაოდ. ღმერთო, უშველე გაჭირვებულს მდაბიო ხალხს, რომელსაც ყოველს ჭირსა და ლხინშიდ აქვს ერთადერთი უტყუარი იარაღი – სარწმუნოება, სასოება და მხურვალე ვედრება“.
სამწუხაროდ, 1910 წელს ეს წმინდა ხატები გაიძარცვა, რასაც გაზეთ „შინაურ საქმეებში“ მოჰყვა მამა ანტონის სტატია, სადაც იგი გულისტკივილით აღნიშნავდა იმ უკუღმართობასა და ზნედაცემულობას, რომ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაბედეს და გაძარცვეს ეს ისტორიული ხატი, რომელიც სასწაულთმოქმედად მიიჩნეოდა. აი, რას წერდა იგი: „ვაი ჩვენი ბრალი, რა დროს მოვესწარით! უმჯობესი იყო ოცი-ოცდაათის წლის წინეთ მეორეთ მოსვლას ან წარღვნას დავსწრებოდით. თანდათანობით გავარჯიშებულმა უკუღმართობამ ასე შეგვიჩვია, რომ ქვეყანა რომ დაიქცეს სიცილ-ხუმრობას დავიწყებთ. გასაოცარი ამბავი მაქვს სათქმელად, მაგრამ სულის და გულის მღელვარებით სიტყვა ვერ მომიფიქრნია დასაწყებად...“ მძარცველები კი დააპატიმრეს, მაგრამ ჯერჯერობით ნაძარცვი ნივთები არ ჩანსო. დასასრულ იგი წერდა: „ამ ამბის გამო ოყურეშის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღარ სრულდება. მრევლი მგლოვიარეთ დასტირის თავზედ გაძარცვულ ხატებსო“.
მღვდელი ანტონ გოლეთიანის შვილიშვილის ბატონ ანტონ გოლეთიანის ოჯახში დაცულია მის მიერ შედგენილი დაახლოებით 300-გვერდიანი უცხო სიტყვათა რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონის ხელნაწერი. მამა ანტონს ჰყავდა მეუღლე ქსენია პეტრე მღვდლის ასული დავითულიანი (დაბ. 1868 წ.) და შვილები: ბენიამენი (დაბ. 1886 წ., პროფესიით პროვიზორი), იულია (22.09.1889-1960 წწ.), თეოფილე (დაბ. 20.09.1891 წ., გარდაიცვალა „ისპანკით“), ვარლაამი (დაბ. 20.08.1895 წ. პროფესიით პროვიზორი), პლატონი (დაბ. 29.07. 1898 წ., პედაგოგი), იოაკიმე (დაბ. 1900 წ., გარდაიცვალა „ისპანკით“), დომენტი (დაბ. 9.11.1903 წ., ფარმაცევტი), სერაპიონი (გარდაიცვალა „ისპანკით“).
შვილი პლატონ ანტონის ძე გოლეთიანი (ნაკურალეში (ცაგერი) 1898- 01.05.1978) სრულყოფილად ფლობდა გერმანულ და რუსულ ენებს. 1965 წელს მიანიჭეს საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.
შვილიშვილი გიორგი პლატონის ძე გოლეთიანი დაბ. ნაკურალეში (ცაგერი) 1944-2016წწ უმაღლესი კატეგორიის ნეოროქირურგი
მამა ანტონის მოგონებები და ფოტოები მოგვაწოდა შვილიშვილის შვილმა გიორგი გიორგის ძე გოლეთიანმა,