ერისკაცობაში გაგი მოსეშვილი 1916 წელს ქ. ქუთაისში დაიბადა. 1946 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის 12 მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მორჩილის კაბით შემოსა და შიომღვიმის მონასტერში არქიმანდრიტ ისესთან (სუხიშვილი) განამწესა. სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის არქივში დაცულია 1947 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული არქიმანდრიტ ისეს წერილი, რომელსაც იგი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე) უგზავნის: „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, უმოწყალესო მღვდელმთავარო, მიტროპოლიტო ეფრემ! ნება მომეცით, რომ ორივე მაკურთხეველნი ხელნი დაგიკოცნო და უღრმესი მადლობა მოგახსენო თბილი და ძმური ქრისტიანული მიღებისათვის და ნივთიერი დახმარებისათვის. თქვენ მიერ ნაბოძები ჯვარი თითქმის ყოველდღე გულზე მკიდია და მით დავდივარ, რომელიც ყველა ამის მხილველთ მოსწონთ. როგორ გაგიბედო, მეუფეო, თორე მინდა მოვიკითხო მამები – ვასილ გაბადაძე და თეოდორე გველესიანი. მგონი დედანიც კარგად არიან, თუმცა მე აგვისტოს აქეთ იქ აღარ ვყოფილვარ და დაცინვით ეხლა დაყუდებულს მიწოდებენ თურმე. თბილისში მინდა წასვლა და ყოვლადსამღვდელო დიმიტრის ორმოცზე დასწრება, არ ვიცი კი რომელ რიცხვშია. ეხლა კი ჩემი ძვირფასი ძმა და ამხანაგი გაგი მოდის ქუთაისში რაღაც სასუსნავის შესაძენ-მოსამარაგებლად, რადგან აქ ყველაფერს ცეცხლი უკიდია. ვნახოთ, რას მოიმარაგებს. მე ვატან თქვენს მეუფებასთან ას თუმანს (იგულისხმება ფულის ძველი კურსი) იმ ქალთან, რომელსაც თქვენ დაავალეთ ჩემი სატინის ანაფორის შოვნა. ეს ფული ზოგი თქვენი ნაბოძებია, ზოგიც მე მოვაკოწიწე და თუ მიშოვის ის ქალი, სწორედ თქვენი მოწყალება იქნება. ვგონებ ათი არშინი საკმავო იყოს, თუ ძაან ვიწრო განი არ იქნება.“ 1948 წლის მარტიდან ბეთანიის მამათა მონასტერშია, სადაც აწ წმინდანად შერაცხულ მამებთან იოანესთან (მაისურაძე) და გიორგისთან (მხეიძე) გადიოდა მორჩილებას. როგორც თავად მამა თორნიკე იხსენებდა, მამების ლოცვა-კურთხევით, მე, როგორც ახალგაზრდას მიწევდა ახლომახლო სოფლებში გასვლა და ქრისტიანობის ქადაგებაო. შემდგომად ქადაგებისა, ჩამყავდა ისინი მონასტერში, სადაც მამები ნათლისღების საიდუმლოს აღასრულებდნენო. მთელი ამ რვა თვის განმავლობაში, დაახლოებით ათასამდე კაცი მოინათლა ქრისტეს სარწმუნოებაზე. ეს ამბავი მალე გახმაურდა თბილისში და აღმასკომმა გამოგზავნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა გაერკვია საქმის ვითარება. ამ კომისიაში იმყოფებოდა მამა თორნიკეს ყოფილი მასწავლებელი, რომელმაც ურჩია მამაოს, დროებით გარიდებოდა სიტუაციას, რადგან იგეგმებოდა მისი დაპატიმრება. მამების ლოცვა-კურთხევით, მამა თორნიკემ დატოვა ბეთანიის მონასტერი და თბილისში ჩამოვიდა. აქ ის მივიდა თავის მეგობარ, მწერალ იოსებ იმედაშვილთან, რომელმაც ურჩია, წასულიყო გარე კახეთში, სოფელ ხაშმში, სადაც შეიძლებოდა დროებით თავი შეეფარებინა. 1948 წლის ნოემბრიდან მამა თორნიკე ხაშმის ყოვლადწმიდა სამების სახელობის მიტოვებულ მონასტერში მივიდა, რომე-ლიც ცხოველთა და ნადირთა სადგომად ქცეულიყო. მან თავისი ხელით გაწმინდა და გაასუფთავა ეკლესია და თვითონაც იქვე კოშკში დასახლდა. 1950 წელს დააპატიმრეს და 4 წლის ვადით გადაასახლეს. 1954 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ხან ერთ მონასტერში ცხოვრობდა, ხან მეორეში. 1957 წლის თებერვალი-მაისი მოწამეთას მონასტერში გაატარა. აწ განსვენებული ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ნაუმის (შავიანიძე) პირად არქივში დაცულია კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის (ფხალაძე) წერილი, რომელსაც უგზავნის მამა ნაუმს. წერილი 1957 წლის 29 მა-ისით არის დათარიღებული: „მაღალღირსო დეკანოზო, მამაო ნაუმ! სალამი და ლოცვა-კურთხევა. სალამი და ლოცვა-კურთხევა მთელ თქვენს ოჯახს. მამაო მთავარხუცესო! მოსაშვილს აქა კითხულობენ სიძველეთა დამცველ კომიტეტში. ზედაზნის მონასტრის მცველი დაუთხოვიათ და მოსაშვილს კითხულობენ, უნდათ მაგისი, მოსაშვილის, იქ, ზედაზენში დანიშვნა.
მაგას მანდ ცხოვრების ვადა, ჩემ მიერ დანიშნული სამი თვე გაუთავდა და მე მეტს ვღარ მივცემ. ამიტომ უნდა დასტოვოს მოწამეთა, ისარგებლოს, დრო არ გაუშვას, ჩამოვიდეს თბილისში, ნახოს სიძველეთა დამცველი კომიტეტი და სთხოვოს ზედაზენი. გისურვებთ ყოველივე კე-თილს. თქვენთანაც მინდა კიდევ მოლაპარაკება და არ ვიცი, როგორ მოვაწყო. კურთხევა უფლისა იყოს ჩვენ ზედა.“ 1957 წლის ივნისიდან მამა თორნიკე ზედაზენის მონასტერში მოღვაწეობს. 1958 წლის 23 ნოემბერს იგი კვლავ დააპატიმრეს და მიუსაჯეს უვადო პატიმრობა. 1962 წელს მძიმე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს. 1965-67 წლებში კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით, იგი მცხეთის ორწლიან სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებელში სწავლობდა.
1970 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის (სიდამონიძე) ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად თორნიკე ეწოდა. იმავე წელს ხელი დაასხეს დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1974 წლის 23 ნოემბერს _ ოქროს ჯვრითა და ენქერით დაჯილდოვდა და იღუმენის წოდება მიენიჭა, ხოლო 1976 წლის 6 მაისს - არქიმანდრიტის წოდება. 1977 წლიდან მოწამეთას მონასტრის წინამძღვარია. 2007 წლის 22 თებერვალს ღვთივ განისვენა არქიმანდრიტმა თორნიკემ. იგი 27 თებერვალს მოწა- მეთას მონასტრის ეზოში დაკრძალეს. ღმერთმა მოიხსენიოს მისი სული