მღვდელი გიორგი უჩარდიას ძე ჩაგუნავა 1850 წელს დაიბადა. 1878 წელს დაამთავრა ყუბანის ოლქის საოსტატო სემინარია. 1880 წლის 10 იანვარს ჯვარი დაიწერა მღვდელ ეფრემ კასრაძის ასულ მაკრინეზე. 1878-90 წლებში მასწავლებლობდა დაბა ჯავაში, შემდგომ თბილისის აკოფოვის კერძო გიმნაზიაში, ასევე თბილისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კათოლიკეთა ეკლესიის სკოლასა და თბილისის სემინარიის საჩვენებელ-სამაგალითო სკოლაში. 1889 წელს იმავე სასწავლებლის ეკონომოსი ხდება. 1890 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და თბილისის სემინარიის ეკლესიის მოძღვრად დაინიშნა.
1892 წლის 15 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1896 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, სკუფია უბოძეს. 1899 წლის 8 აგვისტოს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1902 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. მღვდელი გიორგი 1907 წლის 5 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქაშვეთის ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) მასზე საუბრისას აღნიშნავდა: „მღვდელი გიორგი იყო სამაგალითო მასწავლებელი, მშვიდი და წყნარი მოძღვარი და იშვიათი გულკეთილი ადამიანი“. მამა გიორგი ჩაგუნავას 2007 წლის 5 ივნისს გარდაცვალებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა. ფოტო მოგვაწოდა მამა გიორგის შვილიშვილმა, ბატონმა ვაჟა ჩაგუნავამ.