მღვდელი ზაქარია ქურდიანი დაიბადა საგარეჯოში, გიორგი ქურდიანის ოჯახში. როგორც შთამომავლები გადმოგვცემენ, მამა ზაქარიას წინაპრები საეკლესიო მსახურები ყოფილან და სწორედ ამასთან დაკავშირებით ქურდიანების საგვარეულოს ეს შტო კახეთში სვანეთიდან ჩამოსულა და დამკვიდრებულა. ზაქარია ქურდიანი სიყმაწვილიდან ღვთისმოსაობით ყოფილა გამორჩეული და, შესაბამისად, სამღვდელო მსახურება აურჩევია.
1880-იანი წლების დასაწყისიდან იგი სოფელ პატარძეულის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მსახურობს. მამა ზაქარიამ დიდი ნდობა და პატივისცემა მოიპოვა მოსახლეობაში. ამას ბევრ კეთილ პიროვნულ თვისებასთან ერთად მისი წარმოსადეგი გარეგნობა უწყობდა ხელს. მამა ზაქარია ყურადღებას უთმობდა მრევლის განათლებას. ამ მიზნით მან სამრევლო სკოლის მმართველობა ითავა და ადგილობრივი მოსახლეობის თანადგომით წარმატებულად წარმართა კიდეც. მოძღვრის ასეთი მოშურნეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა იგი 1884 წელს სკუფიით დააჯილდოვეს. მამა ზაქარიას ყველა სასიკეთო წამოწყების გულშემატკივარი მისი მეუღლე, უსათნოესი ქალბატონი ამ ნიკოლეიშვილი გახლდათ. იგი წარმოშობით სოფელ მარტყოფიდან იყო. მამა ზაქარიამ და მარიამ ნიკოლეიშვილმა შვიდი შვილი გაუზარდეს სამშობლოს ოთხი ვაჟი და სამი ქალიშვილი. 1890-იანი წლებში მამა ზაქარია პატარძეულის ხარების სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა, სადაც უანგარო სამსახურისათვის არაერთი მადლობა დაიმსახურა. მოძღვრის სიცოცხლე, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა 1903 წლის დეკემბერში. იგი პატარძეულისკენ მიმავალი ცხენიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. დაკრძალულია პატარძეულის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში. მამა ზაქარიას პიროვნებაზე მისი ღირსეული შთამომავლობაც მეტყველებს. მის შთამომავალთა შორის იყვნენ საყოველთაოდ ცნობილი ექიმები, ინჟინრები, არქიტექტორები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მამა ზაქარიას შვილების — ხოლომონისა და გიგოს ღვაწლი საქართველოს წინაშე. სოლომონი გახლდათ ჩვენს ქვეყანაში დენდროლოგიის ფუძემდებელი და საბუნების– მეტყველო საგნების ერთ-ერთი პირველი პედაგოგი ახლად გახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რაც შეეხება გიგო ქურდიანს, იგი განაგებდა სამშენებლო საქმეს როგორც 1918-1921 წწ. დამოუკიდებელ საქართველოში, ასევე შემდგომ პერიოდშიც. მღვდელ ზაქარია ქურდიანის შვილთაშვილია საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი). ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მღვდელ ზაქარია ქურდიანის შვილიშვილს, ქალბატონ ლამა ქურდიანს.