ჩხენიშის ღვთისმშობლის სახელობის ხის ტაძრის ბოლო მღვდელი და ჩხენიშის სამრევლო სკოლის დამაარსებელი ონისიმე სანიკიძე დაიბადა 1861 წლის 22 სექტემბერს, სოფელ ბერძნისწყაროში (ქვაყუდე).
ონისიმე სანიკიძის მეუღლე გახლდათ ჩხენიშის მკვიდრი სილკლიტა(გოგოცა) ჯიბლაძე. შესაძლოა, რომ ის მღვდელ დიანოზ ჯიბლაძის შთამომავალი, კერძოდ, შვილიშვილი იყო. ონისიმეს და გოგოცას პირველი ქალიშვილი გაიანე სანიკიძე-ბრელიძისა დაიბადა 1886 წელს. ონისიმეს დაახლოებით 25 წლის ასაკში შეურთავს ჩხენიშელი ცოლი.
ონისიმე სანიკიძესა და გოგოცა ჯიბლაძეს 8 შვილი ჰყავდათ: გაიანე, შალვა, ნადეჟდა, აკაკი, რაისა, კირილე, გრიგოლი და ევგრაფი. ამასთანავე 2 ნაშვილები. ყველას სწავლა-განათლება მიაღებინეს და გზაზე დააყენეს.
სოფ. ჩხენიშში 1813-1924 წლებში იდგა ღვთისმშობლის შობის ხის ტაძარი. ეკლესიას სხვადასხვა დროს 5 მღვდელი ჰყოლია. 1853 წელს უკურთხებიათ ტაძარი. 1891 წელს ონისიმე ექვთიმეს ძე სანიკიძე მღვდლად გაუმწესებიათ სოფ. ჩხენიშში, სადაც დამკვიდრდა და 1918 წლამდე მღვდელმსახურობდა.
მე-19 საუკუნის ბოლოს, 1890-იან წლებში, სოფ. ჩხენიშში პირველი 2-წლიანი სკოლა დიაკვან ლაზარე მიქაძის ოდა სახლში გაუხსნია მღვდელ ონისიმე სანიკიძეს, სადაც უპირველესად ისწავლებოდა საღვთო სჯული, ქართული და რუსული ენები და მათემატიკა. აღნიშნული სახლი იდგა ნახომარის ცენტრში, სასაფლაოს წინ, ივანე ხარებავას სახლის გვერდით.
ადგილობრივმა კომუნისტებმა ჩხენიშის ტაძარი დაანგრიეს 1924 წელს. დაიწყო მღვდლების სასტიკი რეპრესიები. მღვდლის შვილიშვილი გაიანე ბრელიძე იგონებს ასეთ ისტორიას: აწ უკვე ცნობილ ბოლშევიკებს - ვანო და გიორგი სტურუებს(რობერტ სტურუას წინაპრებს), რომლებიც მეზობელ სოფ. ნაბაკევში ცხოვრობდნენ, 1920 წელს მენშევიკები გამოდევნებიან, ონისიმე სანიკიძეს ისინი ბუხრის მილში დაუმალავს, საკმეველი დაუნთია და მდევნელებისთვის უთქვამს, ვლოცულობო.
მოგვიანებით რევოლუციონერებმა სიკეთე დაუფასეს მღვდელს, დახვრეტასაც გადაარჩინეს და გაპარსვასაც, რაც დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა სასულიერო პირისთვის. ერთხელ კულაშში არსებული დილეგიდანაც დაუხსნიათ.
ონისიმე სანიკიძე გარდაიცვალა 1936 წლის 6 ნოემბერს, 75 წლის ასაკში. ის ტაძრიდან ჩრდილოეთით, 15 მეტრში დაუკრძალავთ, სადაც თავისი ვაჟის, 25 წლის ასაკში გარდაცვლილი გრიგოლ სანიკიძის(1904-1929) საფლავი იყო. მღვდლის გვერდით განისვენებს მეორე ვაჟი, 35 წლის ასაკში დაღუპული ქირურგი დათუნა სანიკიძე( 1902-1937).
ონისიმე სანიკიძე თავგამოდებით ცდილობდა ადგილობრივებში რწმენისა და განათლების სინათლე შეეტანა. დატოვა ქალიშვილი - გაიანე ბრელიძე(1886-1962), რომელმაც მრავალი მოსწავლე აღზარდა ჩხენიშის სკოლაში და 1949 წელს ღვაწლმოსილი პედაგოგის წოდებითაც დააჯილდოვეს.
მღვდლის ეს ერთადერთი ფოტო ინახება ონისიმე სანიკიძის შვილიშვილის, მანანა ევგრაფის ასული სანიკიძის საოჯახო ალბომში. ქვეყნდება პირველად.
PS(2008 წელს მეცნიერმა მერაბ კეზევაძემ გამოსცა ნაშრომი “ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები” გვ.141. აღნიშნულ დროს არც მღვდლის ფოტო და არც დაბადება-გარდაცვალების თარიღი არ იყო დადგენილი. შესაბამისად მკვლევარს ონისიმე სანიკიძეზე მწირი ინფორმაცია აქვს შეტანილი)
დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ქ-ნ Gaiane Brelidze-ს, რომელმაც მიმაგნებინა მღვდლისა და მისი ცოლის ფოტოებს.
თემო ჭახნაკია
ითანამშრომლა თემო რევაზის ძე ჭახნაკია, სამტრიდიის მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამაინების მკვლევარი