საპატრიარქოს უწყებანი N3 29იანვარი-4თებერვალი 2009წ გვ.18
საფარის მონასტერი 1891-1930წლებში
1891 წლის იანვრამდე საფარის მონასტერი ირიცხებოდა საფარის სამრევლოს შტატის ეკლესიად და ზედ იყო მიწერილი ოთხი სოფლის — მუსხის, ანდრიაწმიდის, ღრელისა და ტობის ეკლესიები თავის სამრევლოებით. მუსხში ირიცხებოდა 35 კომლი, ანდრიაწმიდაში — 25, ღრელში 15 და ტობში — 5. ხსენებულ სოფლებში, მიუხედავად მცხოვრებთა რიცხვისა, აშენებულია ეკლესიები, ტურფად შემკული მრევლთაგანვე. საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა პალადიმ (რაევი) იხილა რა მშვენიერება მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა, მოისურვა მისი სამრევლოდ გადაქცევა, ხოლო საფარის ტაძრისა — მონასტრად. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში განამწესეს ქართველი, ზედაზნის მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ზურაბაშვილი) სამი მორჩილით. აქ მას დახვდა მოხუცი ბერი ქრისტესია (სამადალაშვილი). ამავე წლის 18 სექტემბერს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მედავითნე პეტრე ფაფერაშვილი ბერად აღიკვეცა და სახელად პახუმი ეწოდა. 29 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1 ოქტომბერს კი მღვდლად დაასხეს ხელი. მღვდელ-მონაზონი ათანასე — ერისკაცობაში ალექსანდრე მიხეილის ძე ზურაბაშვილი 1856 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტყოფის მონასტერში ისწავლა. 1880 წლის 11 ივნისს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1885 წლის 15 დეკემბერს ეგზარქოსების კარის ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ათანასე უწოდეს. 1886 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 1 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზედაზენის მონასტერში განამწესეს. 1889 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში გადაიყვანეს. 1892 წლის 17 ნოემბერს ქვათახევის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1899 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა ხაზინადრის თანამდებობიდან. 1899 წლის 6 სექტემბერს ალავერდის მონასტერში განამწესეს. 1900 წლის 10 იანვარს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1905 წლის 15 ივნისს ხირსის მონასტერში განამწესეს და პერიოდულად ბოდბის დედათა მონასტერში წირვა-ლოცვის შესრულება დაევალა. 1914 წლის 16 დეკემბერს ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან. მამა ათანასე დროებით თბილისში დასახლდა. 1916 წლის 11 მარტს იგი ქოლერით გარდაიცვალა. დაასაფლავეს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე. მღვდელ-მონაზონი პახუმი — ერისკაცობაში პეტრე სვიმონის ძე ფაფერაშვილი 1837 წელს ქ. ახალციხეში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თავის მოძღვართან ისწავლა. 1855 წლის 15 ნოემბერს საფარის წმინდა საბას სახელობის ეკლესიაში უშტატო მედავითნედ განამწესეს. 1865 წლის 18 აგვისტოს შტატში დაინიშნა. 1881 წლის 14 თებერვალს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად შედგომა გადაწყვიტა. 1891 წლის 18 სექტემბერს საფარის მონასტერში ბერად აღკვეცეს და სახელად პახუმი უწოდეს. ამავე წლის 29 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, 1 ოქტომბერს კი მღვდლად დაასხეს ხელი და საფარის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1893 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ეგზარ ქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მონასტერი მოინახულა და მამა პახუმი საგვერდულით დააჯილდოვა. XX ს-ის დასაწყისში იგი ბორჯომის რაიონის ტიმოთესუბნის მონასტერში დამკვიდრდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა. მამა პახუმის დაუღალავი შრომით არაერთი თაობა აღიზარდა — მან მონასტერთან დაარსა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც მახლობელი სოფლების ბავშვებს თავადვე ასწავლიდა საღმრთო სჯულსა და ქართულ წერა-კითხვა-გალობას. იგი თავისი უბრალოებითა და ჭეშმარიტი ბერული ღვაწლით საყოველთაო სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა. 1914 წლის 6 მაისს ეკლესიაში ერთგული მოღვაწეობისათვის სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა პახუმი 1925 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. დაკრძალულია ტიმოთესუბნის მონასტრის ეზოში. ქართველი ბერები მხოლოდ ორი წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ საფარის მონასტერში. 1892 წლის 30 მაისს ჯერ მამა ქრისტესია გარდაიცვალა, ხოლო ამავე წლის 17 ნოემბერს მამა ათანასე ქვათახევის მონასტერში გადაიყვანეს. 1893 წლის დასაწყისისთვის მხოლოდ მამა პახუმი დარ-ჩა მონასტერში. ამავე წელს რუსეთიდან გამოგზავნეს არქიმანდრიტი პაისი, რუსი მღვდელ-მონაზვნებითა და მორჩილებით, რომელთა რიცხვი დღითი-დღე მატულობდა და XX საუკუნის 10-იან წლებში 50 კაცს გადააჭარბა. 1894 წელს გაზეთ„ივერიაში“ უცნობი ავტორის მიერ და-.........
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 29იანვარი-4თებერვალი 2009წ გვ.19
საფარის მონასტერი 1891-1930წლებში (გაგრძელება)
... იბეჭდა სტატია „საფარის მონასტერი“, სადაც აღწერილია მონასტრის მაშინდელი მდგომარეობა. „საფარის მონასტრის გალავანში ძველთაგანვე აშენებული იყო თორმეტი ეკლესია. მათ შორის ერთი ყველაზე დიდი და ტურფა, წმინდა საბა განწმენდელის სახელზეა ნაკურთხი. ამ ტაძარში დღემდე იწირება, ხოლო დანარჩენნი გაუქმებულნი არიან. მიძინების ეკლესიაში დღეს ბერებისაგან გამართულია სახელოსნო დურგლების მოწყობილობა. მუშაობენ რამდენიმე ანაფორიანი მორჩილნი. ერთ პატარა ეკლესიაში ცხოვრობს ჩექმების მკერავი ანაფორიანი მორჩილი. წმიდა გიორგის ეგვტერში ცხოვრობენ მორჩილნი. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში ცხოვრობს თუნუქის ხელოსანი და აკეთებს ღუმელ-ფეჩებს, ვედროებს და სხვა. ამასთანავე იმყოფება შვილი ამ ხელოსნისა, რომელიც საებო მკითხველი და მგალობელი მორჩილია. წმიდა სტეფანეს ეკლესიაში ცხოვრობს პირველი მგალობელ-დიაკონი. წმინდა მარინეს ეკლესიაში არის კანცელარიის განყოფილება და შიგვე ცხოვრობს მდივანი, მანტიის მქონე მონაზონი. ერთი ძველი ოთახი გადაუქცევიათ სახელოსნოდ და მუშაობენ საკერავი მანქანით. ძველი და საძირკვლამდე გაოხრებული ათაბაგების სადგომი გადაუკეთებიათ სენაკად და ცხოვრობენ შიგ ერთი ქართველი მორჩილი — მეგრელი მღვდლის შვილი და ერთიც ანაფორიანი რუსი მორჩილი. ერთ გამოქვაბულ კლდეში ცხოვრობს ანაფორიანი ფერშალი თავის პატარა აფთიაქითა და მასთანვე ორნიც სხვანი. სამრეკლოს ზემოთ ცხოვრობს მეორე მგალობელ-დიაკონი. გაუკეთებიათ აგრეთვე თავიანთი შრომითა ერთი დიდი შენობა და გაუყვიათ ორ ნაწილად, ერთი მათგანი არის კანცელარიის განყოფილებად, ხოლო მეორეში არის დიდი პურის საცხობი ფურნე და იქვე ცხოვრობენ რამდენიმენი. გალავანში არის სამი ანკარა წყარო. ამათში ერთს უხსოვარ დროიდგან უწოდებენ ბერების წყაროს. ამ წყაროს ახლო ო ერთი გრძელი ქვითკირის ბუნი მიწაში. რადგან ეს ბუნი უვა-ყორით და მიწა-ნაგვით იყო სავსე, ამიტომ ამოუწმენდიათ და გამოჩენილა ერთი განყოფილება, რომელშიაც დღეს ცხოვრობენ ბერები. ამავე ბერების წყაროსთან ერთი ხევი არის, რომლის მაღლა შეყოლებაზედ ტყეში წყაროა და ეწოდება ანკარა, ანუ მაკარის წყარო, ამ წყაროზედ დაახლოებით კლდეში გაუკეთებიათ ბუნი, რომელსაც აგრეთვე უწოდებენ მაკარის ბუნს და ცხოვრობს შიგ ერთი მესეფისკვერე ანაფორიანი მორჩილი. წმინდა გიორგის ეგვტერის გვერდზე ხევში იყო ერთი დიდი დანგრეული შენობის ალაგი. იგი გაუკეთებიათ სანოვაგე-სალეველის შესანახად, როგორც მაგალითად წნილისა, ხახვისა, კარტოფილისა, ჭარხლისა და სხვა. ერთ მოზრდილ სახლში არის საზოგადო ტრაპეზი და სამზარეულო, რომელშიაც ცხოვრობენ მზარეულნი მორჩილნი. გაუკეთებიათ აგრეთვე მშვენიერი გომური საჯინიბო და ინახავენ შიგ ერთ ცხენს, რომელიც ახალციხეში მდგომმა ბატარეამ აჩუქა ამ ბერებს და ორი ხარს. იქავე გამოკვეთილ კლდეში ცხოვრობს მეჯინიბე-მორჩილი. საფარის მონასტერში სულ ერთად-ერთი ქართველი ბერია, მღვდელ-მონაზონი პახუმი, სიყრმითგანვე კეთილი და პატიოსანი (იხ. მისი ბიოგრაფია ზევით). მამა პახომი დაიბადა ქ. ახალციხეში ღარიბ და ღვთის მოყვარე მშობელთაგან. მისი მშობელნი თათრებმა მრავალ-გვარ სტანჯეს და, რომ არ მიიღეს მათი სარწმუნოება, მათის ხელით სიკვდილი მიიღეს. მამა პახომი აღიზარდა მესხეთის გამოცდილ მოძღვრებთან, შეისწავლა მათგან სანაქებოდ საეკლესიო ტიბიკონი, გალობა, კითხვა, საკმაოდ კატეხიზმო და ისტორია, ხოლო წერა სანაქებოდ. მან დიდხანს იმსახურა მედავითნედ. შემდეგ გარდაეცვალა მეუღლე და დარჩა ორი ქალიშვილი. მათ გათხოვების შემდეგ აღიკვეცა ბერად და გადაწყვიტა სიკვდილამდე ემსახურნა საფარის ტაძრისათვის. დღეს მამა პახომი დაუღალავად შრომობს ამ ძველ და დიდებულ მისგან აგრე ძლიერ შეყვარებულ ტაძარში. იგი ყოველდღიურ ლოცვის შემდეგ აკეთებს საკალატოზო საქმესა, გალავანში სთხრის, ასუფთავებს სხვადასხვა ძველ მივიწყებულ შენობებს, აკეთებს და აახლებს სადგომად ძმათა და მლოცველთათვის. მან გააკეთა, სხვათა შორის, დიდი დერეფნიანი უზარმაზარი სენაკი პურის ორმოდ, რომელშიაც აღმოაჩინა მრავალი წვრილ-წვრილი ქვევრების გარდა, ორი ორმოც-სამოც კოკიანი ქვევრი, შემოკირული და სრულიად მთელი. დერეფანში გააკეთა ორ განყოფილებიანი ოთახი, რომელიც ისე კარგად მოაწყო, რომ წინამძღვარმა, მამა პაისმა, ინება შიგ დაბინავება ორის მღვდელმონაზონითა, კელეინიკითა და მორჩილითა. მამა პახომმა ახლა სხვაგან დაიწყო მუშაობა და გადააკეთა ის მივიწყებული ბუნები, რომელშიაც მლოცავნი ცხენებს და ხარებს აბამდნენ. ამ ბუნებში ცხოვრობს ახალი ორი მორჩილითა. დღეს საფარის მონასტერში იმყოფებიან: ერთი წინამძღვარი, არქიმანდრიტი, ორი მღვდელმონაზონი, გარდა ზემოხსენებულის ქართველისა, ექვსი მანტიის მქონე, მონაზვნად აღკვეცილი. ცხრამეტი ანაფორიანი მორჩილი, ოციც ისე მორჩილი. დღითი დღე მატულობს რუსის ბერობა, მონასტრის გამშვენებაც წარმატებით მიდის. თვითონ ბერნიც ცხოვრობენ კეთილად, სიმშვიდით, სიწყნარით და სასოებით და ფრიად მადლობელნი ჰყავთ ადგილობრივნი მცხოვრებნი განურჩევლად წოდებისა და სარწმუნოებისა, განსაკუთრებით ქართველობა, საფარის გლეხობა. მონასტერში მცხოვრებ ბერებს სასტიკად აქვთ აკრძალული სოფლებში სიარული რაიმე საზრდოს მოსათხოვად. დღეს საფარის მონასტერს არა აქვს რაიმე ნივთიერი შეძლება, არც სახნავი მიწები, არც სათიბი, არც შემოსავალი ფულითა, გარდა წვრილ-წვრილ მცირე შესაწირავისა, რუსეთიდგან“. XX ს-ის დასაწყისში საფარის მონასტერს წინამძღვრობდა არქიმანდრიტი ალექსი, ხოლო 1904-18 წლებში არქიმანდრიტი საბატი. 1917 წლის 12 მარტს აღსდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1920 წლის 17 თებერვალს მენშევიკურმა მთავრობამ გააუქმა კავკასიის საეგზარქოსო და საქართველოში არსებული რუსული ეკლესიები და მონასტრები ქართულ ეკლესიას დაექვემდებარა. 1918 წლიდან საფარის მო-..
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 29იანვარი-4თებერვალი 2009წ გვ.20
... საფარის მონასტერი 1891-1930წლებში (დასასრული)
ნასტერს წინამძღვრობდა მღვდელ-მონაზონი ტიმოთე. მღვდელ-მონაზონი ტიმოთე ერისკაცობაში ტროფიმე ივლიანეს ძე ლიცკევიჩი 1869 წელს დაიბადა. განათლება მიიღო სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. მსახურობდა მეფის რუსეთის ჯარში. სამსახურიდან გადადგომის შემდეგ ბერად აღკვეცის სურვილით, 1909 წლის 13 ნოემბერს საფარის მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1911 წლის 24 სექტემბერს არქიმანდრიტმა საბატიმ ბერად აღკვეცა და სახელად ტიმოთე უწოდა. 1914 წელს დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი). კომუნისტების შემოსვლის შემდეგ საფარის მონასტერსაც მძიმე დღეები დაუდგა. ეს კარგად ჩანს აწყურის ეპარქიის მთავარხუცესის დეკანოზ სვიმონ სარალიძის წერილიდან, რომელიც მან 1924 წლის შემოდგომაზე გაუგზავნა კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, მუეფე ქრისტეფორეს (ციცქიშვილი): „მოვალეთ ვთვლი თავს, ვაცნობო თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას, რომ ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში მღვდლები, რომელნიც იყვნენ წლის დასაწყისში, ცოცხალნი არიან და თავიანთ ადგილებზე მსახურობენ. მინდოდა სექტემბრის დამდეგს კრება მომეწვია, მაგრამ საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო თავი შევიკავე. საეკლესიო სახლი კომისარიატმა ჩამოგვართვა, გვინდოდა გვეჩივლა, მაგრამ არეულობის გამო თავი შევიკავეთ. საფარის მონასტრის შესახებ გაცნობებთ. მარიამობას ვიყავი იქ მწირველი, სოფლის ხალხიც ბლომად იყო. რვა ბერი ცხოვრობს დღეს მონასტერში, რვავე რუსია- 2 მღვდელ-მონაზონი, 2 ბერ-დიაკონი და 4 ბერი. მათი მდგომარეობა აუტანელია. ზაფხულში იქ ბავშვთა თავშესაფარი იყო გამართული. როცა ისინი ჩამოიყვანეს, იქ დაბინავდნენ 15 მოსაზღვრე რუსის ჯარისკაცი თავისი ცხენებით. წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ტიმოთე მთხოვდა, რომ თქვენ მისთვის ხელდასხმის სიგელი გაგეგზავნათ და თუ იქნება სადმე რუსული სამრევლო, გადაგეყვანათ იქ. ფილტვების ანთების შემდეგ დაზიანებუ-ლი მაქვს ფილტვებიო და ცარიელი ხმელი პური ვერ ავიტანე, მკლავსო. მეც ამით ვასრულებ მის თხოვნას. რაც შეეხება ბერდიაკონ დიონისეს, იგი თავისთან გადაიყვანა დეკანოზმა იოანე სალარიძემ ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში“. 1929 წლის მაისში შედგენილი ერთი საბუთის მიხედვით, საფარის მონასტერში კვლავ მოღვაწეობდა 6 ბერი, რომლებიც პერიოდულად ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაშიც აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. XX ს-ის 30-იანი წლებიდან, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის უმეტეს მონასტრებში, აქაც შეწყდა ბერული ცხოვრება და მღვდელმსახურება.