სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11940

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ბარნაბიშვილი სამღვდელო ოჯახი; სოფ. ბარნაბიაანთ კარი (კასპი) ბარნაბიშვილი სამღვდელო ოჯახი; სოფ. ბარნაბიაანთ კარი (კასპი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ბარნაბიშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

ბარნაბიშვილი სამღვდელო ოჯახი; სოფ. ბარნაბიაანთ კარი (კასპი)

ბარნაბიშვილების სამღვდელო ოჯახი
სოფელი ბარნაბიანთკარი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, მეტეხის თემში, მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე. სოფელი ზღვის დონიდან 550 მეტრზეა და კასპიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული. ბარნაბიანთკარში შემორჩენილია ორი ეკლესია: მთავარანგელოზისა და წმინდა გიორგისა. ბარნაბიშვილების ეს სამღვდელო შტო სწორედ სოფელ ბარნაბიანთკარიდან იღებს სათავეს. საარქივო წყაროების მიხედვით, ამ გვარიდან პირველი სასულიერო პირი იყო მღვდელი სვიმონ დიმიტრის ძე ბარნაბიშვილი, დაბადებული 1768 წელს, გლეხის ოჯახში. სასულიერო განათლების მიღების შემდეგ სვიმონი დაოჯახდა და 1801 წელს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) დიაკვნად აკურთხა. 1804 წელს უწმინდესმა ანტონმა მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესა. მამა სვიმონს ჰყავდა სამი ვაჟი: აზარია (1806), მღვდელი იასონი (1808, დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია) და ზაქარია (1810). 1812 წელს ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა.

დეკანოზი პანტელეიმონ ბარნაბიშვილი.

1826 წელს მისი საქმე სასამართლოში უკანონო ჯვრისწერის გამო განიხილებოდა, მაგრამ მანიფესტის წყალობით 1826 წლის 22 აგვისტოს შეიწყალეს. მღვდელი სვიმონი 1831 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა (მეორე ვერსიით იგი 1830 წლის 6 სექტემბერს აღესრულა). მისი ვაჟებიდან სასულიერო გზა იასონმა გააგრძელა, რომელსაც, თავის მხრივ, სამი ვაჟი ჰყავდა. სამივემ სასულიერო პირობა აირჩია. უფროსი ვაჟი შიო დიაკვანი გახლდათ. იგი 1835 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ქვედა განყოფილება. 1854 წელს ხოვლეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში მედავითნედ დაინიშნა. შემდეგ წლებში მსახურობდა სასირეთის, მუხრანისა და თბილისის მეტეხის საპატიმრო ეკლესიაში. 1864 წლის 25 თებერვალს იგი დიაკვნად აკურთხეს. 1865 წლის 3 მარტს კალოუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მომდევნო ვაჟი, დეკანოზი დავითი, გვარში ყველაზე ცნობილი და გამორჩეული მოღვაწე გახლდათ. იგი 1844 წელს დაიბადა. 1869 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1870 წლის 25 იანვარს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში III კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1870 წლის 20 სექტემბერს IV კლასებში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1871 წლის 15 ივლისს სამეგრელოს სასულიერო მმართველობისგან სასწავლებელში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გამოეცხადა. 1871 წლის 12 ოქტომბერს ამავე სასწავლებელში საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე დაინიშნა. 1872 წლის 27 მარტს სასწავლებლის მმართველი კომიტეტის საბჭოს წევრად აირჩიეს. 1872 წლის 2 ოქტომბერს ყველა კლასში წმინდა წერილისა და კატეხიზმოს სწავლება დაევალა. 1873 წლის 5 მარტს მართლწერის მასწავლებლად დაადგინეს. 1873 წლის 2 ოქტომბერს, თავისი თხოვნით, გათავისუფლდა მასწავლებლის თანამდებობიდან. ამავე წელს ჯვარი დაიწერა ქეთევან მოსეს ასულზე (1858). მათ ჰყავდათ ოთხი შვილი: ნინო (1883, გათხოვილი ალექსანდრე ნეიმანზე), ზინობია (1887), მიხეილი (1890) და ივლიტა (1892, გათხოვილი ვლადიმერ ბასილაიაზე). 1873 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დავითი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 21 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და გორის მაზრაში, სოფელ ჭვარების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1873 წლის 25 ნოემბერს ქვემო კავთისხევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1874- 1884 წლებში მღვდელი დავითი საეპარქიო სასწავლო კომიტეტში სასულიერო დეპუტატი იყო. 1885 წელს საეპარქიო შეკრებებზე ოლქის სამღვდელოებამ თავის წარმომადგენლად გამოარჩია, 1878 წლის 31 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1878 წელს, მამა დავითის ინიციატივით, ქვემო კავთისხევში ტაძართან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც თავადვე ასწავლიდა სალვთო სჯულსა და სხვა საგნებს. 1880 წლის 18 მარტს მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1882 წლის 22 მარტს სკუფია უბოძეს. 1883 წლის 30 ივლისს მთავარხუცესად დაამტკიცეს. 1884 წლის 1 სექტემბერს კავთისხევის სკოლა სამინისტრო სკოლად გადაკეთ-
19-1  საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2014წ გვ.19
ბარნაბიშვილების სამღვდელო ოჯახი (გაგრძელება)
და და მამა დავითს საღვთო სჯულის სწავლება დაევალა. 1885 წლის 25 სექტემბერს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1886 წლის 21 მარტს სახალხო სასწავლებლების დირექტორიამ სკოლაში ნაყოფიერი და დამსახურებული მოღვაწობისათვის მადლობა გამოუცხადა, ხოლო 1886 წლის 22 მარტს -– წმინდა სინოდმა. 1873 წელს, როდესაც მამა დავითი ქვემო კავთისხევის ტაძარში დაინიშნა, ტაძარს განახლება სჭირდებოდა. მისი მეცადინეობითა და მრევლის დახმარებით, 1874 წელს დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც 1886 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს განახლებული ტაძარი საზეიმოდ იკურთხა. ამასთან დაკავშირებით, 1887 წელს, რუსეთის წმინდა სინოდმა, მამა დავითი ტაძრის განახლებისთვის განსაკუთრებული სიგელით დააჯილდოვა. 1888 წლის 20 თებერვალს თბილისის საეპარქიო სანთლის ქარხანაზე გაწეული დახმარებისათვის ეგზარქოსისგან მადლობა მიიღო. 1888 წელს კავთისხევის სამრევლო-საეკლესიო სკოლამ დაარსების ათი წლისთავი იდღესასწაულა. ამასთანად დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „26 აპრილს, ამ წლისას, მასწავლებლის თაოსნობით კავთისხევის სკოლამ იდღესასწაულა ათი წლისთავი. აქ იყვნენ მოწვეულნი მთლად მოწაფეები, რომლებსაც კი უსწავლიათ ამ ათის წლის განმავლობაში და ეხლანდელიც, თავიანთის მშობლებითურთ. მოწვეულნი შეიკრიბნენ სკოლის შენობაში. აქედან ეკლესიაში წავიდნენ, სადაც მღვდელმა პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისზე მოწაფეები გალობდნენ. ეკლესიაში სხვა გარეშე კაცნიც კი, რომლებიც სკოლაში ვერ დაესწრნენ დღესასწაულს, ბლომად მოვიდნენ და ამიტომ მასწავლებელმა აქვე, ეკლესიაში, წარმოსთქვა რამდენიმე სიტყვა სკოლის მოქმედებაზე ამ ათი წლის განმავლობაში. მასწავლებელმა მოიხსენია, თუ რამდენს ყმაწვილს დაუსრულებია სწავლა და ეხლა რა საქმეს ადგანან. რაც სკოლა დაარსებულია 368 ყმაწვილს უსწავლია სკოლაში. ამ რიცხვიდგან ეხლა სწავლობს 8 ყმაწვილი. ამათში 18 ქალია და 40 -– ვაჟი. სწავლა მიუღია სულ 310 მოწაფეს. კურსი შეუსრულებია 247 და სწავლა ვერ დაუმთავრებია 63- ს სხვადასხვა მიზეზთა გამო. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და სხვა სასწავლებელში სწავლა გაუგრძელებია 38 ყმაწვილს. დამსწრე ხალხმა მეტად ისიამოვნა ამ ცნობით. ეკლესიიდან ისევ სკოლაში მივიდნენ მოწვეულნი, სადაც გამზადებული იყო სუფრა. გალობის შემდეგ დაიწყო პურის ჭამა. მამა ბლაღოჩინმა, დავით ბარნაბიშვილმა, ჭიქით ხელში ჩამოილოცა და ადღეგრძელა სკოლა და მოსწავლეები და ხელმეორედ წარმოსთქვა სიტყვა: „ჩემო საყვარელო და ძვირფასო შვილებო! მე ვსვამ თქვენს სადღეგრძელოს წრფელის გულით. თქვენა ხართ ეხლა ჩემი მოწაფეები და თან ჩემი გულითადი მეგობრებიც. მე ამ ათის წლის წინად სრულიად მარტო ვიყავი, უმეგობროდ, მაგრამ ეხლა? -–– ეხლა კი, ჩემდა საბედნიეროდ, მე შევიძინე 368 ნამდვილი მეგობარი და თანამგრძნობი. თქვენ ხართ ეხლა ჩემნი ნუგეშნი და იმედნი, თქვენა ხართ ეხლა ჩემი თანამებრძოლნი ყოველს კეთილს საქმეში. მე ვიცი, რომ აქ არის ისეთი საზოგადოება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ვუყვარვარ და რომლისათვისაც მზადა ვარ, ჩეი მი სიცოცხლე შევწირო“. შემდეგ სიტყვები და ლექსები წარმოსთქვეს ამ სკოლის კურსდამთავრებულებმა. გამოითქვა აზრი ქართული ბიბლიოთეკის დაარსების თაობაზე. სადილის შემდეგ გაიმართა ჭიდაობა, რომელშიაც გაიმარჯვა შაქრო ცხვედაძემ. დამსწრენი ძლიერ კმაყოფილნი დაბრუნდნენ თავ-თავიანთ სახლებში და შეწირულობას ბიბლიოთეკის სასარგებლოდ ძალიან ბეჯითად აგროვებენ“. 1889 წლის 6 მაისს მამა დავითს კამილავკა ეწყალობა. 1890 წლის 27 თებერვალს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა მთავარხუცესის თანამდებობიდან. 1897 წლის 26 აპრილს მღვდელი დავითი თბილისში გადაჰყავთ და სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად ინიშნება. 1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1903 წლის 9 თებერვალს თბილისის მიხაილოვის საავადმყოფოში არსებულ მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1907 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1912 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1916 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. დეკანოზი დავითი ცოცხალი ჩანს 1922 წლის 2 აგვისტოს. ამ დღეს იგი ესწრება თბილისის ოლეის სამღვდელოების შეკრებას. მისი შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ, იგი მალევე უნდა გარდაცვლილიყო. უმცროსი ვაჟი გახლდათ მღვდელი იესე, რომელიც 1853 წელს დაიბადა. იგი თავისმა ძმამ, დავითმა თავისთან წაიყვანა აღსაზრდელად და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრებინა. 1875 წლის 9 აგვისტოს მოხისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. აქედან 1876 წელს ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა. 1877 წლის 11 იანვარს სოფელ მეტეხის ყოვლადწმინდა 

საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2014წ გვ.20
ბარნაბიშვილების სამღვდელო ოჯახი (დასასრული)
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მედავითნედ დაადგინეს. 1886 წლის 4 სექტემბერს დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1888 წლის 29 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1902 წლის 3 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბზა-ახალსოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1910 წლის 12 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1912 წლის 23 ივლისს მღვდელი იესე სამი წლის ვადით თბილისის მაზრის II ოლქის სამლვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1916 წლის 23 მაისს სკუფია უბოძეს. მღვდელი იესე 1921 წლის 6 მაისს გარდაიცვალა. იგი 10 მაისს ბზა-ახალსოფლის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს. ჰყავდა მეუღლე -– პელაგია ფილიპეს ასული და შვილები: დეკანოზი პანტელეიმონი, ესტატე, იასონი, ნატალია, ნინო და ელენე. გვარში უკანასკნელი სასულიერო წარმომადგენელი მამა იესეს ვაჟი, დეკანოზი პანტელეიმონი გახლდათ. იგი 1891 წელს დაიბადა. დაამთავრა მანგლისის ოთხკლასიანი გიმნაზია. 1911 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებლში ჩააბარა, სადაც სამი კლასი ისწავლა. 1914-1917 წლებში, პირველ მსოფლიო ომის დროს, 23 საინჟინრო პოლკში უნტეროფიცრად მსახურობდა. 1917-1943 წლებში თბილისსა და სხვა რაიონებში ფოსტა-ტელეგრაფში მუშაობდა. 1943-1950 წლებში თბილისში მილიციის ინსპექტორია. 1950-1952 წლებში თბილისის ფოსტის თანამშრომელია. 1952 წლის აპრილში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) დიაკვნად აკურთხა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად განამწესა. წლების განმავლობაში მსახურობდა პროტოდიაკვანდ. 1957/58 წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) მღვდლად დაასხა ხელი და ქაშვეთის ტაძრის მლვდელმსახურად დანიშნა. 1961 წელს ვაკის სასაფლაოზე წესების შესრულება დაევალა. XX საუკუნის 60-იან წლების შუა ხანებში მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის კათოლიკოსმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) იგი წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვა. დეკანოზი პანტელეიმონი 1971 წელს გარდაიცვალა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.12.2025
ბოლო რედაქტირება 04.12.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0