მალაქია (მათე) სიმონის ძე წიკლაური 1870- 1937წწ იღუმენი დაბ. სოფ. მელიასხევი (თიანეთი)
საპატრიარქოს უწყებანი N24 19-25ივნისი 2014წ გვ.17
იღუმენი მალაქია (წიკლაური) 1870- 1937
იღუმენი მალაქია, ერისკაცობაში -– მათე სიმონის ძე წიკლაური, 1870 წლის 1 იანვარს თბილისის გუბერნიაში, თიანეთის მაზრის სოფელ მელიასხევში, გლეხის ოჯახში დაიბადა. სიმონ წიკლაური ღვთისმოშიში, ღრმადმორწმუნე და შრომისმოყვარე ქრისტიანი გახლდათ და შვილებს შესაბამისად ზრდიდა. უნერგავდა მათ ღვთისა და სამშობლოს სიყვარულს. ხშირად, საღამოობით კერიის წინ შემოიკრებდა შვილებს და საქართველოს წარსულიდან და ისტორიიდან ძველ ამბებს უყვებოდა. მას ოთხი ვაჟი ჰყავდა: გიორგი, მათე-მალაქია, ალექსანდრე და ბესარიონი. მათგან გიორგი სოფლის მეურნეობას გაჰყვა, ხოლო მომდევნო ვაჟები სასულიერო პირები გახდნენ, მათგან მათემ ბერული ცხოვრების გზა აირჩია. პატარა მათემ წერა-კითხვა სოფელ ამტნისხევის ერთწლიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ისწავლა. როდესაც შესაფერისმა ასაკმა უწია, მშობლებისგან ლოცვა-კურთხევა აიღო და ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს მიაშურა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. იმ პერიოდში წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ხელმძღვანელობითა და მეცადინეობით, აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე უძველესი მონასტრის განახლება მიმდინარეობდა. ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე მორჩილების შემომატება მოხუც მღვდელმთავარს დიდად უხარებდა გულს. 1890 წლის 24 მაისს, მეუფე ალექსანდრეს ლოცვა-კურთხევით, მორჩილი მათე ზედაზენის მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1891 წლის 9 თებერვალს ზედაზნის მონასტრის მღვდელმონაზონი ათანასე (ზურაბაშვილი) და კიდევ სამი მორჩილი საფარის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც ასევე ახალი აღორძინებული იყო სამონასტრო ცხოვრება, თუმცა ქართველი ბერები იქ დიდხანს არ გაჩერებულან. 1892 წლის 10 ოქტომბერს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით, საფარის მონასტერში არქიმანდრიტ პაისის წინამძღვრობით რუსი ბერები დამკვიდრდნენ, ხოლო ქართველმა ბერებმა იქაურობა დატოვეს. მორჩილი მათე გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში განამწესეს. 1893 წლის 28 მარტს იგი შუამთის მონასტერში გადაიყვანეს. 1898 წლის 23 აპრილს ამავე მონასტერში ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) იგი ბერად აღკვეცა და სახელად მალაქია უწოდა. ამავე წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა. 1899 წლის 4 დეკემბერს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 19-25ივნისი 2014წ გვ.18
საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1900 წლის 4 დეკემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი. 1902 წლის 10 სექტემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) მღვდელ-მონაზონი მალაქია ალავერდისა და თეთრი გიორგის მონასტრების ხაზინადრად დანიშნა და ამავე წლის 14 სექტემბერს საგვერდულით დააჯილდოვა. ალავერდის მონასტერში მსახურებისას მამა მალაქიას ხელმძღვანელობით მრავალი სასიკეთო საქმე გაკეთდა. გაამშვენა მონასტრის ეზო. გააშენა პატარა ვაშლის ბაღი, მოამრავლა ფუტკარი და მონასტერს თავისი თაფლი და სანთელი გაუჩნდა. მან, იქ მოღვაწე მღვდელ-მონაზონ ზენონთან (სუმბაძე) ერთად, ბევრი იღვაწა მონასტრის გამშვენებაკეთილდღეობისთვის. იმ პერიოდში ქვათახევის მონასტერში, ბერთა სიმცირის გამო, ეს დიდებული სავანე უპატრონოდ იყო მიტოვებული. 1906 წლის 23 ოქტომბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პეტრემ (კონჭოშვილი) გამოცდილი და მშრომელი მღვდელ-მონაზონი მალაქია ქვათახევის მონასტერში გადაიყვანა და ხაზინადრობა ჩააბარა. მამა მალაქიას ძმების, მღვდლების -– ალექსანდრესა და ბესარიონის საოჯახო არქივებში შემორჩენილია რამდენიმე წერილი, რომლებიც იღუმენ მალაქიას მიერაა მონასტრიდან გამოგზავნილი. ერთ-ერთი წერილი სწორედ ამ პერიოდშია დაწერილი. ბარათი 1907 წლის 23 თებერვლით თარიღდება და მამა ალექსანდრეს მიმართავს: „ლოცვა-კურთხევას წარმოგივლენთ და მოგიკითხავთ. როგორ მშვიდობითა ხარ, რასა იქ, როგორ სცხოვრობ. იქნება კიდევ ჩხუბი მოგდით შენ და შენ მღუდელსა? მშვიდობიანათ იცხოვრე,ყველაში მოთმინება იქონიე, მღუდელსაც მოუთმინე და ერსაცა და მაშინ შენთან იქმნება ღმერთი და შემწე შენი. ხომ მშვიდობიანობა არის მანდით ან როგორი ზამთარია? შენი გამოგზავნილი წერილი მივიღე აგერ მესამე და ჩემი ბარათები არ ვიცი, იკარგება თუ რა მოსდის. დანიშვნაზე რომ მწერდი, იმისა რა ჰქმენი, თავი დაანება, თუ იყავ თიანეთში და ნახე? მარიამი როგორ არის, ხომ მშვიდობით არიან? თუ ვინმე ნახო ჩვენებური, დააბარე გიორგისთან, ესტატე ჩქარა გამომიგზავნე-თქო, მალაქია იბარებსთქო. ეგ უბედური, ისაც იმან აიყოლია და წაიყვანა. აქანამდის დავითნს გავათავებინებდი, შკოლელია და კარგს ალაგს მივაცემინებდი. წერილი მომწერე, თუ როგორა ხარ? ივანე მღვდელი მომიკითხე და ივანე ბახტურაიძე და ვისაც ვიცნობდე და ვახსოვდე. იყავით მშვიდობით! ახლა თუ ჩემს ამბავსაც იკითხავთ, მეც მშვიდობით ვიშყოფები. თანდათან შევეჩვიე აქაობას, ძალიან კარგად ვარ, არაფერი მიჭირს. ანდრია მომიკითხე თუ ნახო ალავერდში. კამეჩები უყიდე, ბიჭო! მადლი არის, მე დავპირდი, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. ფურ-კამეჩები იქნება იაფად შეგხვდნენ. უყიდე! ათი თუმანი დასჭირდება. თითონ შეათვალიერებს. თქვენი მალაქია“. ქვათახევში მსახურების პერიოდში მამა მალაქიას ერთი უსიამოვნო ამბავი გადახდა. გაძარცვის მიზნით, 1908 წლის 5 ოქტომბერს ავაზაკები თავს დაესხნენ ქვათახევის მონასტერს. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს მონასტრის ბერებს და სცემეს წინამძღვარი, იღუმენი ნიკიფორე (კანდელაკი), რომელიც იმავე საღამოს გარდაიცვალა. გაზეთ „ამირანში“ უცნობმა ავტორმა „კრუხის“ ფსევდონიმით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წინამძღვრისა და მამა მალაქიას დაპირისპირებაზე საუბრობდა და პირდაპირ მას ადებდა ხელს. ამის საპირისპიროდ მამა მალაქიას ვრცელი წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „დროებაში“, სადაც ის დაწვრილებით აღწერდა მომხდარ ამბავს და თავის უდანაშაულობას ამტკიცებდა. იგი წერდა: „ბატონო რედაქტორო! ნება მიბოძეთ თქვენი გაზეთის საშუალებით ნათელი მოვფინო იმ ამბებს, რომელსაც მაწერს მე გაზეთ „ამირანში“ ბატონი „კრუხი“. ნეტა, რომელმა ბერმა უამბო ის, რასაც იგი გაზეთის ფურცლებზე ათავსებს? მართალია, იმგვარი შემთხვევა იყო, რომ როდესაც განსვენებული წინამძღვარი ლოცვაზე იდგა, ვიღაცა ბოროტგამზრახველებმა მოინდომეს მისი საყდრიდან გამოყვანა, მაგრამ ეს იყო მაისში და არა მკვლელობის დღეს, 5 ოქტომბერს. მონასტერზე თავდასხმა და წინამძღვრის სიკვდილი და არა მკვლელობა, მოხდა ღამის თერთმეტ საათზე, როდესაც მთელ მონასტრის კრებულს ეძინა და ორიც გარეშე პირი იყო ჩვენთან სტუმრად -–– ერთი არმაზელი ბერი, მამა მირიანი (ბექაური) და მეორე -– ნათლისმცემლის ბერი, მამა დიმიტრი, რომელნიც დაამტკიცებენ საქმის ნამდვილ ვითარებას. მე აქ არ შეუდგები დაწვრილებით იმის ახსნას, თუ რაა მართალი და რა -–– არა ბატონ „კრუხის“ წერილში, მხოლოდ შევეხები იმ საგნებს, რომელსაც პირადად მე მაწერს, ვითომ მე და განსვენებულ ნიკიფორეს ერთი ახლო ნათესავი ცხენებით ზვარში წავსულიყავით და გზაში ქაღალდი ამომვარდნოდეს და იმას აეღოს. რაც შეეხება იმ ქაღალდს, რომელსაც ბატონი კრუხი იხსენიებს, მართლა აღმოჩნდა ნიკიფორეს ოთახში და რადგან მე რუსული არ ვიცოდი, ამიტომ მიმქონდა მამა ბლაღოჩინთან, რომ მეჩვენებინა მისთვის -–– თუ საჭირო რამ საბუთი იყო. ერთი მიბრძანეთ, მე რომ მცოდნოდა, რომ ის ქაღალდი სწორედ ჩემზე „დანოსი“ იყო, განა ჯიბეში შევინახავდი და ან ბლაღოჩინთან წავიღებდი და მაშინვე არ დავხევდი? რაც შეეხება იმას, რომ იგი ჯიბიდან ამომვარდა, ესეც მართალია, მხოლოდ ზვარში და არა ცხენით მიმავალს. ეს ქაღალდი მართლაც აღმოჩნდა მამა ნიკიფორეს ოთახში და მასთან ერთად აღმოჩნდა კიდევ 170 მანეთი ფული, რომელიც მაშინვე ოქმში შევიტანე. თუკი მამა ნიკიფორეს ამოდენა ფული ოთახში ჰქონდა და ისიც სამ ნაწილად დაყოფილი და სამად შეკრულ-შებოჭვილი, მაშ, რაღად დასჭირდა ჩემი შუაღამისას გამოღვიძება და ბოროტგამზრახველების ჩემთან წამოყვანა, რომ ეკლესიის კასიდან მიმეცა ფული. მას რომ თავის ფულიდან რამდენიმე მანეთი მიეცა, მე მგონია, ბოროტგამზრახველები გაიფანტებოდნენ და მამა ნიკიფო-
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 19-25ივნისი 2014წ გვ.19
რეც გადარჩებოდა იმ სამ წიხლს, რომელიც განსვენებულს შეუ- რაცხყოფად მიაყენეს, ეკლესიის ფულიც ხელუხლებელი იქნებოდა და მონასტრის კრებულიც არ დაწიოკდებოდა შემდეგ ბატონი „კრუხი“ ამბობს, რომ ბერების განცხადებით (ნეტა, რომელი ბერია?), ვითომ ტყვია იყოს მოხვედრილი და აღმოჩენილა კი, რომ „კედელში ტყვია კი არა, დიდი ლურსმანი შეურჭვიათ, შემდეგ ისევ გამოუ- ღიათ და ისევე ტახტის ქვეში შეუგდიათ და ვითომ ეს ლურსმანი ნახესო“, ამაზე მეტი სიყალბე, მგონი აღარც კი გაგონილა! აბა, რომელი ყაჩაღი უნდა იყოს, რომ კედელში ლურსმანი შეურჭოს, მერე ისევ გამოიღოს და იქვე ტახტის ქვეშ შეაგდოს? აი, ბატონო, ბერებიც იქ არიან, მორჩილებიც იქ გახლავან და მთელი მონასტრის კრებულიც, ამოდენა ხალხში რომელი იტყვის, რომ კედელში ტყვია კი არ არის მოხვედრილი, ლურსმანია შერჭმულიო? დასასრულ, ბატონი „კრუხი“ სწერს, რომ „წინამძღვარი უკრძალავდა ბერებს ცუდ ცხოვრებას, თვითონ ბერებს უთქვამთ რამდენჯერმე, რომ იგი ნებას არ გვაძლევდა, ნახევარ ბოთლზე მეტი დაგველიაო. ნებას არ აძლევდა ხაზინადარს, ტყის ღალა გლეხებისათვის იმდენი ეხდევინებინა, რამდენსაც წინად ახდევინებდაო. ყველა ამისათვის ხაზინადარი მალაქია გადაჰკიდებია და უკანასკნელ ერთი თვის განმავლობაში უმძრახადაც ყოფილანო“. ყოველივე ეს სიმართლეს მოკლებულია. არაფერი ამისთანა არ მომხდარა“. 1910 წლის 16 მარტს მღვდელ-მონაზონი მალაქია ხირსის მონასტერში გადაიყვანეს. 1911 წლის 25 ივლისიდან 25 სექტემბრამდე რუსეთში, წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა. მოილოცა კიევპეჩორის ლავრა და სხვა სიწმინდეები. ამავე წლის 2 დეკემბერს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში განამწესეს. 1913 წლის 14 იანვრიდან ისევ რუსეთში გაემგზავრა, რათა საფუძვლიანად შეესწავლა სლავური მსახურება და მაისის ბოლომდე აპირებდა იქ დარჩენას. 1913 წლის 4 თებერვალს ეგზარქოსმა ინოკენტიმ აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესს, არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) გაუგზავნა მოხსენება, რომელშიც იგი წერდა: „ებრძანოს მღვდელ-მონაზონ მალაქიას, რომელმაც უკვე საკმაოდ შეისწავლა სლავური მსახურება, სასწრაფოდ დაბრუნდეს საქართველოში. კეთილი ბერები აქაც საჭიროა“. ამავე წლის 27 აპრილით დათარიღებულ წერილში არქიმანდრიტი ნაზარი სწერს მამა მალაქიას, რომ მას უარი ეთქვა მაისამდე დარჩენაზე და შუამთის მონასტერში დაბრუნებისაკენ მოუწოდა, რასაც მამა მალაქია მყისვე დამორჩილდა. 1913 წლის 28 თებერვალს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან და კავშირებით იგი სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა. 1913 წლის 1 ნოემბერს აწყურის თეთრი გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს. 1915 წლის 2 მაისს ისევ შუამთის მონასტერში გადაიყვანეს და ამავე მონასტრის ხაზინადრობა ჩააბარეს. 1916 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ეკლესიისა და სამლვდელოების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. დაინგრა და დაიკეტა ასობით ეკლესია-მონასტერი. სამღვდელოებას მოესპო საარსებო წყარო. მონასტრების დახურვის შემდეგ ბერები იძულებული გახდნენ, თავშესაფარი სოფლებში ეძებნათ, სადაც სამრევლო ეკლესიებში გააგრძელეს მოღვაწეობა. გამონაკლისი არც მამა მალქაია გახლდათ, იგი სოფელ ვეჯინში მივიდა და სოფლის ბოლოში, მიუვალ ადგილზე მდგარ ძველ ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას შეაფარა თავი, სადაც განდეგილივით ცხოვრობდა. უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას, ასრულებდა საეკლესიო წესებს და შევიწროებულ მრევლს ანუგეშებდა. 1924 წელს, როგორც საშიში ელემენტი, იგი ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით დააპატიმრეს და 5 წლით საქართველოდან გაასახლეს. აი, რას წერდა გაზეთი „კომუნისტი“ 1925 წელს თავის ერთ-ერთ ნომერში: „სოფელ ვეჯინის სათავეში, ცივ-გომბორის ერთ უღელტეხილის ორთავ მხარეს, დღესაც არის ძველთაძველი ციხესიმაგრეები, კოშკები და საყდრები. ეს სიძველენი ზევიდან გადასცქერის თელავ-სიღნაღ-თიანეთის ხეობათა მთელ არე-მარეს. შუაგულ ციხეში პატარა, ოთხკუთხიანი ქვითკირის სიმაგრეა. აქედან იწყება თაღიანი გვირაბები: ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. გვირაბები დაბლა ხევში ჩადიან. მათი სიგრძე ერთ ვერსს დაედრება. 30 დესეტინის სივრცეზე მიუვალ ხევებიდან, ძველ ციხეს კედელი აქვს შემორტყმული. ეს ციხე ჩვენი ძველი კულტურის მაჩვენებელია. ამ 6-7 წლის წინ დასახლებულა ამ უდაბნო, მიუკარებელ ადგილას ვინმე ფშაველი მალაქია. დიდი შრომით აქაურობა დაუსუფთავებია, ხევიდან რკინის მილებით 1 ვერსის მანძილზე წყარო ამოუყვანია, მშვენიერი ბოსტნეულობა, ნამყენები
24-3 საპატრიარქოს უწყებანი N24 19-25ივნისი 2014წ გვ.20
იღუმენი მალაქია (წიკლაური) 1870- 1937 (დასასრული)
გაუჩენია და სამაგალითოდ უვლიდა ყველაფერს. სოფლელები შეჰხაროდნენ მის შრომა-მოღვაწეობას. შარშან ვიღაც უგუნურები შესევიან ხელისუფლების სახელით ამ ციხე-სიმაგრეს. ფშაველი გარეთ გამოუგდიათ, კარი, ფანჯრები და კრამიტის სახურავები აუყრიათ და სულ მიუნგრევ-მოუნგრევიათ. ამის გარდა, არც ნამყენები დაუზოგავთ. ასეულ წლებიანი კაკლებიც შეშათ დაუჩეხნიათ. ბოლოს ციხეების ნგრევასაც შესდგომიან, მაგრამ ბევრი ვერაფერი დაუკლიათ. ადგილობრივი მოწინავე ელემენტები და პარტიის წევრებიც დიდ პატივისცემით ეპყრობოდნენ ისტორიულ ნაშთებს. საჭიროა ჯეროვნად დასჯა თავხედი პირების. ეს საუკეთესო გაკვეთილი იქნება სხვებისათვის და საბჭოთა ხელისუფლების სამართლიანობის დამკვიდრებისათვის“. 1929 წელს მამა მალაქია დაბრუნდა გადასახლებიდან და ისევ ჩვეული ენერგიით შეუდგა საეკლესიო მოღვაწეობას. იგი კვლავ ვეჯინში დასახლდა და დანგრეულის აღდგენას შეუდგა. XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო, იღუმენის წოდება მიენიჭა. 1932 წლის 25 ივნისს კი ენქერით დაჯილდოვდა. 1933 წლის 15 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, იღუმენი მალაქია საინგილოში კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, რაც აზერბაიჯანის მთავრობას შესაბამისი საბუთით ეცნობა კიდეც. წიკლაურების საოჯახო არქივში შემორჩენილია წერილი, რომელსაც მამა მალაქია 1933 წელს კახიდან აგზავნის და თავის ძმას სთხოვს, მღვდელ ალექსანდრეს გარკვეული საბუთების მასთან გადაგზავნას. უცნობია, თუ რამდენ ხანს დარჩა მოძღვარი კახის ეკლესიაში. საარქივო საბუთებიდან ირკვევა, რომ როდესაც ის დააპატიმრეს, კვლავ სოფელ ვეჯინში აღასრულებდა წესებს. ეს ამბავი კი ასე მოხდა. მამა მალაქიას დაუწყია სოფლის მოსახლეობაში ფულის აგროვება, რათა ვეჯინის დარბეული ეკლესია აღედგინა. ამის საპირისპიროდ კი ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარემ დაანგრია ვეჯინის ტაძარი. ამის გამო, მამა მალაქიას მისთვის უთქვამს, ეს არის საერთო სახალხო ქონება და ისტორიული ძეგლი და მის ხელყოფას არ გაპატიებენო. შემდგომ მოხდა ისე, რომ თავმჯდომარემ, ნათესავების ხელმოწერით, ჩეკაში წარადგინა ბრალდება ბავშვების ძალით მონათვლის თაობაზე. თავმჯდომარეს, ცხადია, დანგრევა აპატიეს, ხოლო მამა მალაქიას მშენებლობა, ქველმოქმედება და ბავშვების „ძალად“ მონათვლა არა. საბრალდებო დასკვანში წერია: „მამა მალაქიას ბრალად ედება სოფლის კოლმეურნეებში ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაცია. ასრულებდა რა საეკლესიო წესებს, ჯვრისწერებს, ნათლობებს, გლეხებს ეუბნებოდა, თუ ბავშვებს არ მონათლავთ 8 წლამდე, ისინი დაიღუპებიანო და სხვა მრავალი ასეთი ცილისწამება“. იღუმენი მალაქია 1937 წლის 14 დეკემბერს ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე გაასამართლეს და სამეულის განჩინებით დახვრეტა მიუსაჯეს, რაც იმავე დღეებში სისრულეში მოიყვანეს.