ეს წერილი მისმა შთამომავალმა მოგვაწოდა, რომელთან დაკავშირება ვეღარ შევძელით. შვილიშვილის ნაამბობიდანაც მკაფიოდ ჩანს მონაზონ ეფემიას ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება, რომელიც უფლისა და ადამიანების მიმართ მსახურებისა და სიყვარულის დიდ მაგალითს იძლევა. თუკი მის წარმომავლობასაც გავითვალისწინებთ, იგი ამ მხარის სიმბოლოდაც შეიძლება მოვიაზროთ. მშობლიურ წიაღს აწ მოგლეჯილ სამურზაყანოში გაზრდილი პატარა გოგონას გზა მონაზვნობამდე და მოხუცი მონაზვნის კვლავ ოჯახში დაბრუნება ცხოვრების სიძნელეებთან ბრძოლის ნიმუშია...
მონაზონი ეფემია, ერში –– ევგენია კალისტრატეს ასული ძაძუა-კონჯარია, 1884 წელს (საფლავზე წერია 1886 წელი -– გ. მ.) ქუთაისის გუბერნიაში, სოხუმის ოლქში, სამურზაყანოს მაზრის სოფ. ნაბაკევში, გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ადგილობრივი სამრევლო–საეკლესიო სკოლა. მშობლებს ახლო ნათესაობა აკავშირებდათ მეზობლად მცხოვრებ დადიანების ოჯახთან, სადაც ხშირი იყო სტუმრიანობა. საპატიო სტუმრებს კი პატარა ევგენია ხვდებოდა, თავისი განუყრელი ჩონგურით და სასიამოვნო სიმღერით ატკბობდა. სწორედ აქედან იწყება მისი ტრაგიკული ცხოვრება. ევგენია შეუყვარდა ოს სამხედრო ჩინოსანს და მშობლებს ქალიშვილის ხელი სთხოვა. რასაკვირველია, მშობლები დათანხმდნენ ან როგორ გაუბედავდენ უარს. და აი, ასე, სრულიად ბავშვი, დაინიშნა, როგორც თვითონ ამბობდა, ვიღაც გადამთიელზე... გოგონას ტირილისა და გოდების ხმა მისწვდა დადიანების ნათლულის სვიმონ კონჯარიას ყურს. „მე მიყვარდა, მაგრამ ის ხომ ჯერ პატარაა და მშობლებს რამის თქმას როგორ გავუბედავდიო...“ დალონებულა ახალგაზრდა კაცი. სწორედ ეს ახალგაზრდა კაცი გახდა ბებიას მეუღლე. გოგონა გამორჩეულად ღვთისმოშიში და მორწმუნე ყოფილა. „გათხოვებაზე არასოდეს ვიფიქრებდი, მაგრამ რადგან აუცილებელი ყოფილა ჩემი გათხოვება, ისევ მერჩივნა ჩემი შვილების მამა ქართველი ყოფილიყოო“, მიამბობდა ბებია. პატარა გოგოს მხოლოდ ტირილი შეეძლო, მაგრამ დიდი რისკის გაწევა, რასაკვირველია, მის შესაძლებლობებს აღემატებოდა. იოლი ხომ არ იყო დანიშნული ქორწილის ჩაშლა და ასე საპატიო სასიძოს მოტყუება, მოსალოდნელი სირცხვილი და მშობლების რისხვის ატანა. ვითარების შეცვლაში დადიანების ოჯახმა მთავარი და გადამწყვეტი როლი შეასრულა. მათ მალულად გააპარეს სიძე-პატარძალი (ბებია და ჩემი მომავალი ბაბუა). გამთენიისას შინ მობრუნებული პატარძლის მამას მაყრიონის სიმღერის ხმა რომ გაუგია, იქვე, დუქანში უკითხავს საქმის ვითარება. სხვა სოფლიდან არიანო, მოუტყუებიათ, დუქანში შეუპატიჟებიათ და სიძე-პატარძალი დაულოცვინებიათ. სახლში მისულს რომ გაუგია ეს ამბავი, განრისხებულ მამას შვილი დაუწყევლია. მამის წყევლას კი აბა, სად გაექცეოდა? ოსი სასიძო თავისი მხლებლებით ჩამოსულა და როცა გაუგია ეს საშინელი ამბავი, გამშრალი კაცი უსიტყვოდ უკან გაბრუნებულა. ნივთებისა და ძვირფასეულობისათვის, რითაც პატარძალი დანიშნა, ხელი არ უხლია დაუტოვებია. მოგვიანებით ეს ყველაფერი სოფლის ახალგაზრდა გოგონებისთვის დაურიგებიათ საჩუქრად, თითზე გადასახვევი არაფერი დაუტოვებიათ ოჯახში. ერთი საუკუნის წინ მომხდარ, იმ დროისათვის დაუჯერებელ ამბავს რომ მოგითხრობთ, არ შემიძლია სიამაყით არ აღვნიშნი ჩემი წინაპრის თავდადება და პატრიოტიზმი სოფელში გაზრდილი ღარიბი გოგო არ დახარბდა ძვირფასეულობას, სიმდიდრეს, მომავალ უზრუნველ ცხოვრებას და ყოველივე პირადი ქართველობას ანაცვალა. როცა ბებიაზე ვლაპარაკობ, არ შემიძლია პატივისცემით არ მოვიხსენიო იმ სამხედრო პირის დიდსულოვნებაც, რომელსაც შეეძლო მომხდარის გამო დიდი უბედურება დაეტრიალებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა და მხოლოდ უსიტყვოდ გაეცალა იქაურობას. „ქარბორბალა“ ჩაცხრა. მშობლების რისხვა თანდათან განელდა. გარკვეული დროის შემდეგ შვილს შეურიგდნენ და თითქოს მშვიდად უნდა წარმართულიყო მათი ცხოვრება (ბაბუა სოფლის მამასახლისი ყოფილა გარეგნობით და ვაჟკაცობით გამორჩეული). მაგრამ, სამწუხაროდ, ბებიას დიდი უბედურება დაატყდა თავს. მეზობლებთან წაკინკლავებისას ბაბუას ძმას ესროლეს და დაჭრეს. ბაბუა სასწრაფოდ წავიდა ექიმის მოსაყვანად ქალაქის ცენტრში. მამასახლისი იყო და მეზობლებს უფიქრიათ, მილიციაში მიდის, დააჭერინებს ჩვენს თავსო. გაეკიდნენ და იმასაც ესროლეს. მომითხრობდნენ, დაჭრილი ჩამოსულა ცხენიდან, ნაბადი გაუშლია, ზედ დაწოლილა და ასე შეხვედრია სიკვდილს. ეს მოხდა კალანდა დილით (ძველ ახალ წელს). რამდენიმე წუთით ადრე შინიდან გასული საღ-სალამათი მეუღლე მკვდარი შემოუსვენეს ბებიას სახლში. აფხაზეთსა და სამეგრელოში თუ მიცვალებული ასვენია ახლო-მახლო სოფელში, საპატიო სტუმარსაც კი საკლავს არ დაუკლავენ. ამ დროს, მიც-
საპატრიარქოს უწყებანი N27 10-17ივლისი 2014წ გვ.19
მონაზონი ეფემია (ძაძუა) (1884-1964) (გაგრძელება)
ვალებულის ოჯახთან ერთად, დასაფლავებამდე სამეზობლოც მარხულობს. ეს წესი დღესაც შემორჩენილია. ხორცი ქელეხში საერთოდ მიუღებელია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ უბედურმა შემთხვევამ ოჯახთან ერთად მთელი სოფელი დაამწუხრა და ახალი წლის დიდებული დღესასწაული ჩაუმწარა. ბაბუას კი დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი და 24 წლის ფეხმძიმე მეუღლე. ზუსტად წლისთავზე კალანდობა დღეს, მკვლელს და მის ძმას ბაბუას ძმებმა ციხეში მოწამლული საჭმელი შეუგზავნეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს, რასაკვირველია, ჩუმად გაკეთდა, ბებიამ არაფერი იცოდა. მერე, როცა შეიტყო, ყოველთვის წუხდა ამაზე. მეუბნებოდა, არ შეიძლება ბოროტებას ბოროტებითვე უპასუხოო. ბავშვები იზრდებოდნენ, ნათესაობა მათ ობლობას არ აგრძნობინებდა. ასე გადიოდა დრო. ერთხელ, გვიან ღამით, როცა შვილებთან ერთად იყო, ბებიას საოცარი ხილვა ჰქონია... მან ცხადად იხილა მეუღლე. ბებია მიამბობდა: „დაკეტილი კარები თავისით გაიღო და ცხადად შემოვიდა ჩემი მეუღლე. ასანთი მოძებნა, ლამფა აანთო და ლოგინზე ჩამოჯდა. ჩემი ხელი აიღო და შეხორცებული ჭრილობა გამასინჯა. მითხრა, წამლები დამადეს და მაშინვე შემიხორცდაო. შემდეგ მარიგებდა მაფრთხილებდა, არ შეგეშინდესო, განსაცდელს გაუძელიო, ბოლოს მიმითითა აკვანში მწოლიარე უმცროს შვილზე და მითხრა: ამის გამოგზავნილი ფულით იცხოვრებ, გეყოფაო. ადგა, ლამფა ჩააქრო და გავიდა. მე სწრაფად ფანჯარასთან მივირბინე, ირგვლივ ყველაფერი განათებული იყო, ცხადად ვხედავდი, ცხენზე ამხედრებული როგორ წავიდა. არ შემშინებია. ცოტა ხანში ისევ ღამის წყვდიადი დადგა. დიდხანს არ მასვენებდა მისი სიტყვები, გაფრთხილება. ვფიქრობდი, კიდევ რისთვის უნდა გამეძლო“. როცა ამის შესახებ ყვებოდა, არავინ უჯერებდა, ეუბნებოდნენ, ალბათ სიზმარი ნახეო. მართალია, ამაზე აღარაფერს ამბობდა, მაგრამ ცხოვრების წესი კი შეიცვალა, ხორცს აღარ ჭამდა (სიცოცხლის ბოლომდე), დატოვა საერო ცხოვრება, თავისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი მშობლებს ჩააბარა და უფროს გოგონასთან ერთად მონასტერს მიაშურა. დიდხანს მოღვაწეობდა ჭიათურაში, მღვიმევის დედათა მონასტერში, შემდეგ კი ბედიის მონასტერში (შთამომავლების გადმოცემით, ბოლოს იღუმენიად დაუდგენიათ, რაც ჯერჯერობით ჩვენს ხელთ არსებული საბუთებით არ მტკიცდება. 1921 წლის ბოლოს, ბედიის დედათა მონასტრის წევრთა აღწერილობაში ის ჯერ კიდევ მორჩილად არის მოხსენიებული და ეკონომოსის მოვალეობას ასრულებდა. მონასტრის წინამძღვარი კი მაშინ იყო იღუმენია ნინო ბოკერია, შემდგომ წლებში კი მონაზონი ზოილე დვალიშვილი, რომლის დროსაც ბედიის მონასტერი დაიხურა -–- რედაქცია). სადაც მიდიოდა, თან დაჰყავდა ქალიშვილი თამარი. ამრიგად, დედაჩემი მონასტერში აღიზარდა. ყველანაირად იყო მომზადებული დედის გზას გაჰყოლოდა, მაგრამ ღვთის ნებით ასე არ მოხდა. ბებიამ სამივე შვილს სათანადო განათლება მიაღებინა, გზაზე დააყენა. მომავალში თითქოს ყველაფერი კარგად უნდა წარმართულიყო, მაგრამ კვლავ უბედურება -- ისევ შემთხვევის გამო, მოუკლეს უფროსი ვაჟი. რამდენიმე წლის შემდეგ კი უმცროსი ვაჟი, რომელიც სამხედრო ოფიცერი იყო, ომში დაიღუპა. ბებიამ მაშინ კიდევ ერთხელ სიმწრით მოიგონა ხილვა -– აკვანში მწოლიარე ბავშვზე რომ მიუთითა ქმარმა: „ამის გამოგზავნილი ფულით იცხოვრებო“. ბებიას პენსია დაუნიშნეს ომში დაღუპული შვილის გამო. როგორც წეღან აღვნიშნეთ, ბოლოს ბედიის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა ევგენია. როცა ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, იძულებული გახდა სიძე-ქალიშვილთან გადასულიყო ოჩამჩირეში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა, სახლში ლოცულობდა და შვილიშვილებს ზრდიდა. გარდაიცვალა 1964 წელს. კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის (სიდამონიძე) ლოცვაკურთხევით დედა ეფემია ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს. ახლა, როცა ვიხსენებ და ვაცნობიერებ ბებიას ჩვენთან ცხოვრების წლებს, ვხვდები, თუ რამდენად რთული იყო მისი ცხოვრება ის ხომ ეკლესიის გარეშე დარჩა. მხოლოდ ბოლოს მიეცა საშუალება ეკლესიაში ევლო. ჯერ სოხუმში დადიოდა ზიარებისათვის, შემდეგ კი -- ილორში. მაგრამ ეს უკვე შემდგომ წლებში მოხდა, ხანდაზმულს შორს სიარული უჭირდა. ეკლესიის გარეშე ყოფნა კი მისთვის ნამდვილად კიდევ ერთი მძიმე ტრავმა იყო. მიუხედავად გადატანილი უბედურებისა, არასოდეს წამოსცდენია საყვედური, მის თვალებში ცრემლი არასოდეს
საპატრიარქოს უწყებანი N28 18-24 ივლისი 2014წ გვ.20
მონაზონი ეფემია (ძაძუა) (1884-1964) (დასასრული)
შემინიშნავს. ის ნამდვილად ღვთისნიერი ადამიანი იყო, მის გვერდით ყოფნაკი სკოლა. ბებია მოუნათლავ ადამიანს, დიდი იყო თუ პატარა, არ ეამბორებოდა. მახსოვს, ჰკითხავდა, მონათლული თუ ხარო. მე ვერ გეტყვით, ვისგან ჰქონდა კურთხევა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, ის სახლში ნათლავდა ბავშვებს (ხანდახან დიდებსაც), რასაც სანახევრო ნათლობას უწოდებდა. „ახლა ნახევრად ხარ ქრისტიანიო", ეტყოდა ხოლმე მონათვლის შემდეგ. ოჯახურ პირობებში ბებიამ უხვად მაზიარა სულიერ საზრდოს, რაც ასე აკლდათ ჩემს თანატოლებს. მუდმივად თან მდევდა მისი შეგონებანი მიმტევებლობაზე, მოყვასის სიყვარულზე, მინერგავდა სარწმუნოებისადმი სიყვარულს, მასწავლიდა საღმრთო მცნებებს, მავალებდა სავალდებულო საზეპირო ლოცვების შესწავლას და ყოველდღიური ლოცვების შესრულებას. მას ლოგინში მწოლიარეს ვერ ვიხსენებ, რასაკვირველია, თუ ავად არ იყო. მაშინაც არ იხდიდა სამოსელს. არ ვიცი, როდის ეძინა. რა დროსაც არ უნდა შევსულიყავი მის ოთახში, იდგა და ლოცულობდა ან სკამზე ჩამომჯდარი კითხულობდა. დღისით კი გვემსახურებოდა. როცა ბებია გარდაიცვალა, მისი წიგნები და ხატები ერთ მონაზონს (რომელიც ფსალმუნებს უკითხავდა) ჰქონდა წასაღებად გადადებული. მე ამ წიგნებიდან დაუკითხავად ავიღე ერთი, რომელიჯცკ დღე და ღამე ხელში ეჭირა. ეს წიგნი აღმოჩნდა „ჟამნი“ (მაშინ არ ვიცოდი), რომელსაც დღესაც სათუთად ვინახავ. ბებიისაგან სახსოვრად და მფარველად წიგნი და წმინდა ნინოს ხატი დამრჩა. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. დარწმუნებული ვარ, მისი სული მუდმივ ნათელშია.