სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12012

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ლუკა იესეს ძე მაღრაძე 1828-1914წწ დეკანოზი დაბ. წევა (ზესტაფონი) ლუკა იესეს ძე მაღრაძე 1828-1914წწ დეკანოზი დაბ. წევა (ზესტაფონი)

1828-1914 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მაღრაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

ლუკა იესეს ძე მაღრაძე 1828-1914წწ დეკანოზი დაბ. წევა (ზესტაფონი)




დეკანოზი ლუკა მაღრაძე და მისი ოჯახის ისტორია
დეკანოზი ლუკა იესეს ძე მაღრაძე 1828 წელს, იმერეთში, შორაპნის მაზრაში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. საღვთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი კაცხის მონასტერში, ხოლო კატეხიზმო და ისტორია ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ნიკოლოზ დოღონაძესთან ისწავლა. 1852 წლის 6 დეკემბერს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა და წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. 1855 წლის 5 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და წევის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1861 წლის 10 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1865 წლის 29 ოქტომბერს წევის ეკლესიის გაფართოებისა და შეკეთებისათვის იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1868 წლის 5 მარტს იმერეთის ეპარქიის, შორაპნისა და სვერის ოლქების სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1870 წლის 5 ოქტომბერს სკუფია უბოძეს. 1871 წლის 15 ივნისს სამი წლის ვადით სასულიერო დეპუტატად გამოარჩიეს. 1874 წლის 15 ივნისს კვლავ აირჩიეს სამი წლის ვადით. 1879 წლის 1 1 აპრილს კამილავკა ეწყალობა. დეკანოზი ლუკა აქტიურ საეკლესიო და საზოგადო საქმიანობას ეწეოდა. მის გამოცდილებასა და ერთგულებას დიდად აფასებდნენ იმერეთის ეპარქიაში და ხშირად რჩევა-დარიგებებზეც აკითხავდნენ როგორც მოძღვრები, ისე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები. თუმცა, ცილისმწამებლებისგან გულისტკენასაც არ აკლდა. 1884 წელს გაზეთ „დროებაში“ ანონიმმა ავტორმა ცილი დასწამა მოძლვარს საეკლესიო მამულებით ვაჭრობაში. ამავე წელს მან ჟურნალ „მწყემსის“ ფურცლებზე პასუხი გასცა ბრალმდებელს, სადაც წერდა: „ამა წლის „დროების“ მე-40 ნომერში დაბეჭდილი იყო ერთი ამბავი წევის ეკლესიის მამულების „მოხერხებული“ ვაჭრობით გაცემისა მცირე ფასად და მრევლის შეუტყობლად ვიღაცამ..ლ. მაღრაძისაგან. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე გამოგონებულია და არ დაემსახურება არა ვითარ ყურადღებას. ამას წინეთ იყო „დროებაში“ კიდევ დაბეჭდილი ერთი ახირებული ამბავი, ვითომც შორაპნის მაზრაში ყველა გლეხებს თითო მოშინაურებული გველი ჰყავდესთ და ჩვენ, მღვდლები, ყურადღებას არ ვაქცევდეთ. სწერდა „დროებაში“ აქაური კორესპონდენტი კიდევ ერთ გამოგონებულ ამბავს: „ყვირილამ მოიმატა, წისქვილები და ნავები წაიღო, ყანები წაიღო და სამასი საჟენი შეშა მოიტაცაო". ყველანი გაოცებულნი ვართ; ორი წელიწადია, რაც მდინარე ყვირილა ასე დამშრალი არავის უნახავს და რატომ მოეჩვენა. „დროების“ კორესპონდენტს ყვირილა მოდიდებულად!... გთხოვთ ამ წერილს ადგილი მისცეთ თქვენ პატივცემულ გაზეთ „მწყემსში“, რომ გამოვიყვანო მკითხველი საზოგადოება შეცდომიდან. ვთხოვ „დროების“ რედაქციასაც, ეს ჩემი წერილი გადაბეჭდოს თავის გაზეთში“. დეკანოზი ლუკა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდებში სწავლა-განათლებისა და ცოდნის გავრცელებას. 1874 წელს, მისი უშუალო დახმარებით, სოფ. წევაში ერთკლასიანი სამრევლო–საეკლესიო სკოლა გაიხსნა, თავდაპირველად შენობის უქონლობის გამო იგი კერძო პირთა სახლში იყო განთავსებული. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მამა ლუკას შემწეობით წეველებმა ორსართულიანი ქვიტკირის შენობა ააშენეს და სკოლაც იქ გადაიტანეს. სკოლაში 60-70 ბავშვი მუდმივად სწავლობდა და ხშირად ისეც ყოფილა, რომ ადგილის უქონლობის გამო ზოგიერთებისთვის უარიც კი უთქვამთ. ამის გამო, სოფლის მცხოვრებლებს სურვილი გაუჩნდათ გაფართოებულიკვნენ და სკოლა ორკლასიანად გადაკეთებულიყო, მაგრამ საამისოდ ხარჯები არ გააჩნდათ. მათ თხოვნით მიმართეს ქუთაისის გუბერნიის სკოლების მეთვალყურეს, მამა მელიტონ კელენჯერიძეს, რომელმაც თავის მხრივ დახმარება აღუთქვა ამ საქმეში და თავადაც დიდად მოწადინებული იყო, რომ სკოლა ორკლასიანი გამხდარიყო. მამა ლუკამ გაიგო რა საქმის ვითარება, ყოველწლიურად სამსამი თუმნის შეწირვას დაპირდა სკოლას და მთელი სულითა და გულით გვერდში ამოუდგა მათ საქმიანობას. იგი წლების მანძილზე ეხმარებოდა მათ და მზრუნველობას არ აკლებდა პატარებს. ამის გამო, 1899 წლის 14 მარტს იგი ამ სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1891 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1894 წლის 8  ოქტომბერს შორაპნის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაადგინეს. 1900 წლის 8 თებერვალს კეთილსინდისიერი და დაუზარელი სამსახურისთვის სკოლების ზედამხედველის პოსტზე იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1900 წლის 4 ივნისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ასევე ჰქონდა ჯილდო -–– ყირიმის ომის სამახსოვრი ბრინჯაოს მედალი და წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვარი. დეკანოზი ლუკა 1914 წლის 31 აგვისტოს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას გაზეთი „იმერეთი“ გამოეხმაურა, სადაც ვინმე დ.ბ––ლი-ის ფსევდონიმით მამა ლუკას შესახებ შემდეგს წერდა: „შაბათს, 31 მარიამობისთვეს, ღამის 3 საათზე გარდაიცვალა სოფ. ილემში ღრმად მოხუცებული და ყველასგან პატივცემული, დამსა-
36-1  საპატრიარქოს უწყებანი N36 23-29 ოქტომბერი 2014წ გვ.18
დეკანოზი ლუკა მაღრაძე და მისი ოჯახის ისტორია (გაგრძელება)
ხურებული დეკანოზი ლუკა მაღრაძე. განსვენებული იშვიათ პიროვნებას წარმოადგენდა ჩვენის ძველი სამღვდელოებისას. კერძო ცხოვრებაში იგი იყო მეტად დინჯი, გამჭრიახი და უაღრესად პატიოსნების მქონე ადამიანი, თუმცა შკოლის განათლება არ მიუღია, მაგრამ ბუნებით ნიჭიერი, ფხიზლად ადევნებდა თვალყურს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას. სამსახურიდან გადადგომამდის არ გამოსულა ქართულ ენაზე თითქმის არც ერთი ჟურნალი ანუ გაზეთი, რომ მას იგი არ გამოეწეროს. ამით იგი ეცნობოდა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ისეთი საღი შეხედულება ჰქონდა ჩვენს საზოგადო მდგომარეობაზე, როგორიც დღეს, სამწუხაროდ, ბევრს უმაღლეს სწავლა დამთავრებულსაც არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შვილები სასწავლებელში ჰყვანდა, იგი ყოველი ძალ-ღონით ეხმარებოდა ჩვენს საზოგადო საქმეებს, შკოლას, მოსწავლე ახალგაზრდებსა და გაჭირვებულებს. იყო თავისი სიტყვის კაცი და რაც უნდა გადახდომოდა, მიცემულ სიტყვას უსათუოდ შეასრულებდა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს უკუღმართ დროში იგი ამისა გამო ხშირად წაგებული და მოტყუებული რჩებოდა; სამაგიეროდ მას უსაზღვრო ნდობა ჰქონდა ყოველი კაცისა, ვინც კი იცნობდა, ანუ გაეგონა მისი ამბავი. როგორც მღვდელი და მოძღვარი, იგი სამაგალითო იყო. მას შეგნებული ჰქონდა, რომ მღვდელი არა მარტო საეკლესიო წესის აღმასრულებელი უნდა იყოს, არამედ და კიდევ უფრო, მასწავლებელი და ხელმძღვანელი თვისის მრევლისა და აი, ისიც სწორედ ასე იქცეოდა. თითქმის ყოველ წირვაზე უხსნიდა მსმენელთ წაკითხული სახარებისა თუ სამოციქულოს ტექსტსა და გამოჰყვანდა იქიდგან ზნეობრივი დარიგება. ამას არ სჯერდებოდა და ეკლესიის გარეთაც და ოჯახში მუდამ არიგებდა თავის მრევლსა. ხალხსაც სჯეროდა მისი და მოწიწებით ისმენდა მის დარიგებასა. მისი მეცადინეობით გაფართოებულ იქნა სოფ. წევის ტაძარი და დღეს მას უპირველესი ადგილი უჭირავს სოფლის ტაძართა შორის. მისივე მეცადინეობით დაარსებულ იქმნა ამავე სოფელში სამაგალითო სამრევლო სკოლა, რომლის დიდი და ლამაზი ქვიტკირის შენობა დღესაც ამშვენებს ამ სოფელს. იგი იყო ნამდვილ „მწყემსი კეთილი“ და მთელი თავისი ორმოცდაათი წლის სამსახური გაატარა ერთსა და იმავე მრევლში, ერთსა და იმავე ეკლესიაში. უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული და მთელი ამ ხნის განმავლობაში, არა თუ საჩივარი, არამედ უბრალო უკმაყოფილებაც არავისთან მოსვლია და როდესაც დაუძლურებისა გამო სამსახურიდგან გადადგა, მთელი მრევლი სწუხდა და წინადადებას აძლევდა, ოღონდ იგი დარჩენილიყო სამსახურში, თავის მაგიერად მრევლის სამსახურისათვის აერჩია ვინმე თანაშემწედ და მრევლი თვით გაიწერდა ამ თანაშემწის ხარჯსა და ჯამაგირსა, მაგრამ ეს მოუხერხებელი იყო და არც მთავრობა დართავდა ამის ნებას. განსვენებული სხვათა შორის ითვლებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივ წევრად. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი პატიოსანო მწყემსო და ადამიანო“. დეკანოზ ლუკას ხუთი შვილი ჰყავდა: ივლიტა (1858, გათხოვილი მეორე გილდის ვაჭარ ნიორაძეზე), ანთიმოზი (1861), დეკანოზი გაიოზი, კორნელი (ცნობილი ლოტბარი) და ელისაბედი (1869, გათხოვილი მღვდლის შვილზე, რაჟდენ კანდელაკზე).

ასულიერო გზა მისმა მეორე ვაჟმა გაიოზმა გააგრძელა. იგი 1861 წლის 23 თებერვალს დაიბადა. 1886 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1887 წლის 30 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 8 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ილემის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1888 წლის 23 თებერვლიდან 1893 წლამდე იმერეთის ეპარქიის, შორაპნის სამაზრო განყოფილების სასულიერო გამომძიებლის თანაშემწე იყო.1893 წლის 18 ოქტომბერს ილემის ეკლესიასთან თავისი ხარჯებით გახსნა სკოლა და 1897 წლამდე ყველა საგანში თვითონ ამზადებდა ბავშვებს უსასყიდლოდ. 1897 წლიდან კი მხოლოდ საღვთო სჯულის პედაგოგი და სკოლის გამგეა. 1894 წლის 23 ივლისს ოფიციალურად დამტკიცდა საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1895 წლის 21 ნოემბრიდან 1897 წლამდე იყო იმერეთის ეპარქიის შორაპნის სამაზრო განყოფილების წევრი. 1896 წლის 6 ივლსს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 24 ივნისს ილემის წმ. გიორგის ახალი ეკლესიის აღმშენებლი კომიტეტის თავჯდომარე აირჩი–- ეს. 1904 წლის 20 თებერვალს დამთავრდა ტაძრის მშენებლობა. 1901 წლის 30 აპრილს სკუფია უბოძეს. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1928 წელს ზესტაფონის სამრევლოს წინამძღვარია და ამავე წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა. გარდაიცვალა 1929 წლის 11 აგვისტოს. დეკანოზ გაიოზს ჰყავდა მეუღლე მარიამ მაქსიმეს ასული (9.03.1874) და რვა შვილი: დარეჯანი (19.04,1889), დავითი (21.03.1894 –– 19.01.1917, მუშაობდა ბუღალტრად ქუთაისის ერთ-ერთ მაღაზიაში), კონსტანტინე (21.08.1896, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული), მელანია (1.12.1898). მარიამი (26.01.1902), ლუკა (20.08.1904), ანა (12.12.1907), ტატიანა (5.11.1913) და თინათინი (1915). ცალკე გამოსაყოფი და აღნიშვნის ღირსია დეკანოზ ლუკას უმცროსი ვაჟის, ცნობილი ლოტბარისა და ქართული საგალობლებისა და სიმღერების ავტორის –– კორნელი მაღრაძის ცხოვრება და შემოქმედება. იგი 1866 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სწავლა გააგ-
საპატრიარქოს უწყებანი N35 16-22 ოქტომბერი 2014წ გვ.19 (გაგრძელება)
დეკანოზი ლუკა მაღრაძე და მისი ოჯახის ისტორია
რძელა ოდესის სასულიერო სემინარიაში, სადაც ასევე სწავლობდა მუსიკის თეორიას მუსიკოს მაკავეისკის ხელმძღვანელობით, რომელიც წარჩინებით დაასრულა. ჯერ კიდევ ოდესაში, სემინარიის მეხუთე კურსზე ყოფნისას მან შეადგინა „მოკლე თეორია მუსიკისა ანუ ქართული სახელმძღვანელო ნოტების შესწავლისათვის“, რომელიც 1889 წელს გამოიცა. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „როგორც შევიტყეთ, ოდესის სასულიერო სემინარიის მეხუთე კლასის მოწაფეს, კ.მ -– ძეს, შეუდგენია სახელმძღვანელო წიგნი ნოტების შესასწავლად და მომავალ წელს აპირობს, თუ მოახერხა, დააბეჭდვინოს ჩვენს ქალაქში“. სამშობლოში დაბრუნებული კორნელი აქტიურად ჩაერთო ქართული საეკლესიო გალობის აღდგენისა და განვითარების საქმეში. 1895 წელს მან ჯვარი დაიწერა მღვდელ პავლე გაბადაძის ასულ ნიმფადორაზე (სოფიო). მათ ხუთი შვილი ჰყავდათ: მართა, პავლე (არქიტექტორი),ლუარსაბი (იურისტი), არჩილი (მშენებელ-ინჟინერი) და ვახტანგი (ექიმი, ქირურგი).
კორნელი მაღრაძე

1896 წელს კორნელი ქუთაისის სამღვდელმთავრო რუსული გუნდის რეგენტად ინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ მას რუსული გალობის ხელმძღვანელობა ევალებოდა, კორნელი დიდ ყურადღებას უთმობდა ასევე ქართული გალობის წარმოჩენისა და განმტკიცების საქმე. ერთი წელი მან ფილიმონ ქორიძის ნოტებიდან იმერულ კილოს ოთხ ხმაზე გადაღებას მოანდომა და მლვდელმთავრის სრული წირვის წესი დაასრულა. ამასთან დაკავშირებით, 1897 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი წერდა: „კვირას, ამა მაისის 11-ს, ქუთაისის საკათედრო ტაძარში არქიელის რუსული ხორო შეასრულებს წირვაზე ჩემ-მიერ ოთხ-ხმაზე გადაღებულს გურული-იმერულ საეკლესიო გალობას. მსურველთ შეუძლიანთ მობრძანდნენ ამ დღეს და მოისმინონ ეს პირველი ცდა გადამღებისა“. საინტერესოა კორნელი მაღრაძის მოსაზრება ქართული საეკლესიო გალობის შესახებ. იგი წერდა: „ქართველებმა საზოგადოდ ბევრი ლაპარაკი ვიცით და საქმის კეთება “- ცოტა. ყველაფერს ვებღაუჭებით, ვითომ ყველაფრის გაკეთება გვსურს და ნამდვილად კი ვერაფერს ვაკეთებთ. მხნეობა, ხასიათის სიმტკიცე გვაკლია და ამისათვის ერთხელ დაწყებულ საქმეს ძნელად თუ დავაბოლოვებთ ხოლმე. ხასიათის სისუსტესთან ერთად ერთობაც გვაკლია. ჩვენდა სასირცხვილოდ, არ შემიძლიან არა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ ვერ გავშორებივართ იმ საზიზღარ მამაპაპურ შენ-ჩემიობას, რომელიც ძველ დროში ჩვენ მამა-პაპათ ერთმანეთს აშორებდა და თითქმის ერთი-მეორის მოძულე ამერ-იმერლებად ჰყოფდა. დიაღ, სამწუხაროდ, დღესაც ბევრია ჩვენში ისეთი „ულტრა-პატრიოტი“ ამერელი, რომელიც ამერულ გალობას ამჯობინებს, იმიტომ რომ ამერულია და გაიძახის: „რას მიქვიან იმერული გალობა! იგი ბოლოს მოგონილიაო“,

კორნელი მაღრაძე შვილებთან ერთად;

გასაგონადაც კი ეზიზღება, არა თუ შეისწავლოს იგი. ბევრია აგრეთვე ისეთი იმერელი, რომელიც იმერულ კილოს ამჯობინებს, რადგან იგი იმერულია. ასე ჰსჯიან ეს ვაჟბატონები და სრულიად არა ჰფიქრობენ,
რომ ჩვენთვის სულ ერთია, იმერული თუ ამერული კილო, ორივე ქართულია და, კარგია თუ ცუდი, ორივე ჩვენია. დიაღ, სამწუხაროა ასეთი მოვლენა და ყოველ საქმეში ხელს შეგვიშლის იგი, თუ როგორმე არ აღმოიფხვრა. რა არის ქართლ-კახური და რა არის გურულ-იმერული კილო? რომ ავიღოთ და შევადაროთ ერთმანეთს ეგრედ წოდებული გურულ-იმერული „სადა კი- ლო“ და ქართლ-კახური, ერთი და იგივეა, მხოლოდ აქა იქ ხმის მიმოხვრით ოდნავ განირჩევა ერთი მეორისაგან. ამ ორისავეგან განირჩევა ეგრეთ წოდებული „განმშვენებული კილო“. იგი არის ფიცხის ფანტაზიის ნამოქმედარი და გურულის მკვირცხლის ხასიათისა და თავმოყვარეობის ნაყოფი. მართალი მოგახსენოთ, იგი უფრო დამახინჯებულია (დამახინჯებულად ვსთვლი ჰარმონიის ე. ი. ხმების შეთანხმების მხრივ, ხოლო რაც შეეხება მელოდიურ მხარეს, ე. ი. კილოს, იგი მეტად მდიდარია მუსიკალურის ფორმებითა და ძვირფას მასალას წარმოადგენს კომპოზიტორთათვის), ვიდრე განმშვენებული და ეგრედ წოდებული „ჭრელები“ ხომ პირდაპირი გარყვნაა ეკლესიურის გალობისა. მაგრამ ამით მე იმას არ ვამბობ, ვითომ ეს კილო დასაკარგი იყოს და ან ყურადღების ღირსი არ იყოს, პირიქით, აუცილებლად საჭიროა მისი დაწერა-დაბეჭვდაც და ამგვარად, მისი დაცვა. საქმე ის არის, რომ დღეს ჩვენთვის უფრო საჭიროა უბრალო, სადა კილო, რომელსაც უადვილესად შეითვისებს მოსწავლე და, მაშასადამე, რომელიც უადვილესად გავრცელდებდა. ამგვარია ქართლ-კახური და გურული სადა კილო და საჭიროა ისინი დაიწერონ, დაისტამბოს ერთად სკოლებში სახმარებლად და, რამდენადაც კი შეიძლება, კიდევ უფრო გაადვი- ლებულ-შესწორებულ იქმნას. სკოლაა ის ნიადაგი, რომელზედაც უნდა აღსდგეს და აღმოცენდეს ჩვენი საეკლესიო გალობა“ (ამ წერილის სრული ვერსია იხ. გაზეთი „ივერია“ 1898წ. 256-257).
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 23-29 ოქტომბერი 2014წ გვ.20
დეკანოზი ლუკა მაღრაძე და მისი ოჯახის ისტორია (დასასრული)
კორნელი მაღრაძე თავისი გუნდით ხშირად ჩადიოდა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში და მონაწილეობდა როგორც საერო, ისე საეკლესიო ღონისძიებებში. მისი გუნდი კომუნისტური რეჟიმის  დროსაც გალობდა ეკლესიებში და მათ მოსასმენად თბილისის ინტელიგენციის დიდი ნაწილი დადიოდა. მისი მუსიკით შექმნილი საგალობლებიდან აღსანიშნავია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობელი „ღირს არსი“. 1921 წლის ივნისიდან კორნელი მაღრაძე ქუთაისის ხელოვნების მუშაკთა კავშირის წევრია. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ასწავლიდა მუსიკას საერო სკოლებში. გარდაიცვალა 1936 წელს, 70 წლის ასაკში.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.12.2025
ბოლო რედაქტირება 14.12.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0