აპოლონ ნიკიფორეს ძე ჯინჯიხაძე 1894-1937წწ მღვდელი დაბ. სოფ. ნაბოსლევი (ტყიბული)
საპატრიარქოს უწყებანი N37 29ოქტომბერი-5ნოემბერი 2014წ გვ.18
მღვდელი აპოლონ ჯინჯიხაძე 1894 - 1937
ვაგრძელებთ 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისთვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მათ რიგებშია ქუთაის-გაენათის ეპარქიის, ტყიბულის რაიონის სოფელ ნაბოსღევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი აპოლონ ნიკიფორეს ძე ჯინჯიხაძე.
მღვდელი აპოლონი (ჯინჯიხაძე)
1894 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოკრიბის მხარის სოფელ ნაბოსლევში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპარი, მღვდელი სვიმონ ნიკოლოზის ძე ჯინჯიხაძე (1812-1885), XIX ს-ის 30-იანი წლებიდან მსახურობდა ჯერ მედავითნედ, შემდეგ კი მღვდლად ნაბოსლევის წმ. გიორგის, კოკის მაცხოვრისა და ჭყეპის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიებში. გარდაიცვალა 1885 წელს. მღვდელ აპოლონის მამა – ნიკიფორე –– ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და სოფელში პატიოსან და მშრომელ კაცად იცნობდნენ. მამა აპოლონი ექვსი თვისა იყო, როცა გარდაეცვალა დედა -– ანა მახარაშვილი.
მამამისმა ღმერთს შესთხოვა: „უფალო, შვილი კეთილად გამაზრდევინე და შენს მსახურს გამოვიყვანო“. პატარა აპოლონის აღზრდაში დიდი მონაწილეობა მიიღო დეიდამ, რომელიც სოფელ ლეღვაში იყო გათხოვილი და რომელსაც მამა აპოლონის თანატოლი ვაჟი ჰყავდა. ბავშვები ერთად იზრდებოდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნიკიფორემ მეორე ცოლი შეირთო და უკვე წამოზრდილი ყმაწვილი მამასთან გადავიდა საცხოვრებლად. ნიკიფორე ასევე დიდად შეეწია ნაბოსლევის ახალი ეკლესიის მშენებლობის საქმეს, რომელიც 1904-1913 წლებში მიმდინარეობდა. აპოლონმა სასულიერო განათლება გელათის მონასტერში მიიღო. გარკვეული პერიოდი იგი მედავითნედ მსახურობდა მათხოჯის ეკლესიაში. XIX
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 29ოქტომბერი-5ნოემბერი 2014წ გვ.19
მღვდელი აპოლონ ჯინჯიხაძე 1894 –– 1937 (გაგრძელება)
ს-ის 10-იანი წლების ბოლოს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) აპოლონი დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და დედალაურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. ამ ტაძარში ის იხსენიება 1922 წლის ივნისშიც, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით აღნიშნული ეკლესიის ქონების აღიწერა, რასაც ხელს აწერს მამა აპოლონი. მცირე ხნით მამა აპოლონი ტყიბულის რაიონის სოფელ ძმუისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაშიც აღავლენდა მსახურებას, საბოლოოდ კი მშობლიური სოფლის, ნაბოსლევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი აპოლონი ჯვარდაწერილი გახლდათ ვერა (ვერიჩკა) ბერეკაშვილზე, რომელიც 1986 წლის 23 მაისს გარდაიცვალა. მათ შვიდი შვილი ჰყავდათ. XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს განსაკუთრებით დაიძაბა ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობა. უღმერთო მთავრობა ათასგვარი ხერხით
ცდილობდა სამღვდელოების დაშინებას, არ აკლებდა მუქარასა და შეურაცხყოფასაც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელნი დიდ გადასახადებს აწერდნენ მოძღვრებს, მათ შვილებს უმაღლეს სასწავლებელში არ იღებდნენ და სხვ. 1930 წელს გარდაიცვალა მღვდელ აპოლონის მამა -- ნიკიფორე, რის შემდეგაც ტყიბულის რაიონის კომკავშირლებმა მოძღვარს სახლი წაართვეს და იმ მასალით სოფელ ორპირში საშუალო სკოლა ააშენეს. ამის შემდეგ ცოლთან და წვრილშვილთან ერთად დარჩენილმა მოძღვარმა, კეთილი ადამიანების დახმარებით, გაჭირვებით მოახერხა ერთი ოთახის აშენება, სადაც დროებით თავი შეაფარეს. უღმერთო ხელისუფლებამ გაწამებული მოძღვარი აქაც არ დააყენა და მომდევნო წელს ეს სახლიც წაართვა. საქართველოს საპატრიარქოს არქივში შემორჩენილია ოკრიბის ოლქის მთავარხუცეს, მღვდელ ნაუმ შავიანიძის (შემდგომში -–- ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი) 1931 წლით დათარიღებული მოხსენება, რომელიც მან საკათალიკოსო სინოდს გაუგზავნა. წერილში ჩამოთვლილია შევიწროებული მღვდელმსახურები. მეოთხე რიგში წერია: „უღარიბეს, წვრილი ცოლ-შვილის პატრონ მღვდელ აპოლონ ჯინჯიხაძეს, რომელიც ხანდახან, ზარის დაურეკავად, მორიდებულად წირავდა ნაბოსლევში, ამ წელში შეაწერეს -- ცალი ხარი ერთხელ, ცალი –მეორეთ, ცხვარი და ოთხი დედალი, ფულად შეაწერეს 300 მანეთამდე და რომ ამ ფულის ნაცვალი ნივთი ვერაფერი იშოვეს, აუწერეს ერთი პატარა ოთახი (ამის მეტი არა აქვს რა) და საჯარო ვაჭრობით უპირებენ გაყიდვას“. მიუხედავად ასეთი საშინელი ზეწოლისა და ცხოვრების უმძიმესი პირობებისა, მამა აპოლონი მაინც არ გატყდა და ლვთისმსახურება არ მიატოვა. იგი შეძლებისდაგვარად ემსახურებოდა სოფ. ნაბოსლევის მორწმუნეებს და შთამომავლების გადმოცემით, სოფელ კურსების მთავარანგელოზთა და წმ. გიორგის, ცუცხვათისა და კოკის სამრევლოებსაც პატრონობდა. მისი დეიდაშვილი, ვისთან ერთადაც იგი გაიზარდა, ეზეკი კუბლაშვილი, იმ დროს ქ. ” ქუთაისში პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა. მამა აპოლონის შვილიშვილები იხსენებენ, რომ მას მოძღვრისთვის უთქვამს: „აპოლონ, ეხლა ისეთი დრო არის, მე ვერ გიშველი და უარი თქვი მღვდლობაზეო, რაზედაც მამა აპოლონს მტკიცედ უპასუხია: აღთქმა მაქვს დადებული უფლის წინაშე და მას არ დავარღვევო და იყოს ნება ღვთისაო". 1932 წლის ბოლოს ყოველმხრივ შევიწროებულ მოძღვარს დახმარების სათხოვნელად ლავრენტი ბერიასთვისაც კი მიუმართავს. წერილში იგი წერდა: „ტყიბულის რა
37-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 29ოქტომბერი-5ნოემბერი 2014წ გვ.20
მღვდელი აპოლონ ჯინჯიხაძე 1894 –– 1937 (დასასრული)
იონული ფინგანი და ორპირის თემის აღმასკომი ყოველგვარ ძალას ხმარობენ იმ ზომამდე შემავიწროვონ, რომ მღვდლობას
თავი დავანებო. მე ვარ უკიდურესად ღარიბი კაცი, ჩემი ოჯახი შედგება ექვსი სულისგან: მე თვითონ, ცოლი და ოთხი მცირეწლოვანი შვილები -- 1) ვარდიკო 8წ. 2) ქეთევანი 5წ. 3) დავითი 4წ. 4) გრიგოლი ვწ. ჩემი სიღარიბის ამბავი კარგად იცის რაიონის მთავრობამ. 1929 წელს დამავალეს სამი ჰექტარი მიწის დათესვა სოიო და სიმინდით და ჩაბარება, მიუხედავად იმისა, რომ საყანე მიწები ჩამორთმეული მაქვს და არ მყავს ხარი. ამ წელში შემაწერეს 56 კილო ხორცი, რომლისგან სამი ნაწილი მაყიდვიეს და წაიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცოლს და შვილებს ამ ხორციდან ერთი კილო არ შეუჭამიათ. ეხლა შემაწერეს არამეურნეთა გახარჯული 363 მანეთი და თვით დაბეგვრის 726 მანეთი. სულ 1089 მანეთი. უწყების ჩაბარებისთანავე ამიწერეს: 1) ტაშტი, 2 )საწნახელი, 3) სახლი. 1930 წელს გადასახადში წამართვეს ერთი ცალი ხარი და ერთი ცხვარი. მეტი აღარაფერი დამრჩენია. 1931 წელში შემაწერეს 280 მანეთი და რადგან ვერ შევძელი გადახდა, ამიწერეს ერთი თვალი სახლი, ისლით დახურული. 1932 წელს შემაწერეს 180 მანეთი სამეურნეო გადასახადი და ობლიგაციის 100 მანეთი. როცა ამ უკანასკნელი გადასახადის ცნობა მიეტანათ ჩემთან, მე სახლში არ ვიყავი, უეცრად შევარდნილიყვნენ ოჯახში იარაღით. ცოლი ძუძუს აწოვებდა დავითს, შეწუხებულიყო და მოუბრუნებიათ დამსწრე მეზობლებს. ჩემი მღვდლობის შემოსავალი იმოდენა თუ იქნება, რომ მარტო მჭადით შეიძლება ვასაზრდოვო ცოლშვილი, დიდი გაჭირვებით. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, ინებოთ, რათა გათავისუფლებული ვიყო შეწირული 1089 მანეთი გადასახადისაგან“. 1936 წლის 19 მაისსა და 27 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე), რომელიც იმ პერიოდში დროებით ქუთაის-გაენათის ეპარქიასაც განაგებდა, ორჯერ გასცა ოფიციალური საბუთი მამა აპოლონის სახელზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოძღვარი ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელია და აქვს უფლებამოსილება ქრისტიანული წესების შესრულებაზე. მიუხედავად ამისა, არ გასულა დიდი ხანი, რომ მოძღვარი მაინც დააპატიმრეს. საბრალდებო დასკვნაში წერია: „მღვდელი აპოლონი აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს მოვლენებში, იყო საბჭოთა ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე, ებრძოდა სოფელში კოლექტივიზაციის გაძლიერებას, ხშირად იწვევდა გლეხებს ეკლესიის ეზოში და მოუწოდებდა არ დამორჩილებოდნენ ხელისუფლებას. სოფლის ხელმძღვანელობას მძარცველებს ეძახდა და ტყავის გაძრობით ემუქრებოდა“. 1937 წლის 27 ოქტომბერს მამა აპოლონი გაასამართლა საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა სამეულმა სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას), 58-11 (ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება, მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩადენისათვის) მუხლებით და მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა -- დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1937 წლის 27 ნოემბერს.
მოგვიანებით, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 16 იანვრის ბრძანებულების | პუნქტით, მღვდელი აპოლონ ნიკიფორეს ძე ჯინჯიხაძე რეაბილიტირებულ იქნა.