სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12012

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე) 1764-1839წწ მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე) 1764-1839წწ

1764-1839 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჯორჯაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე) 1764-1839წწ

საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26ნოემბერი 2014წ გვ.17
მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე) 1764-1839
მიტროპოლიტი სტეფანე 1764 წელს კახეთში, ჯორჯაძეების თავადურ ოჯახში დაიბადა. სიყრმიდანვე სულიერ გარემოში იზრდებოდა. სასულიერო განათლების მისაღებად თბილისში, ანჩისხატის ტაძართან არსებულ სემინარიაში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, საეკლესიო გალობა და ტიბიკონი, ფილოსოფია, გრამატიკა და რიტორიკა. უკვე მოზრდილი ყმაწვილი კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა (ბაგრატიონი) პირად კრებულში აიყვანა და წლების განმავლობაში მასთან მორჩილად მსახურობდა. 1788 წლის იანვარ-თებერვალში, კათოლიკოსმა ანტონმა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, იგი ანჩისხატის ტაძარში ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა. უცნობია, ვინ აკურთხა იგი დიაკვნად და მღვდლად. 1792 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაში დაადგინა. 1792 წლის 20 ივლისს ანჩისხატის ტაძარში კათოლიკოსმა ანტონ II-მ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და რუსთავის ეპარქიის კათედრაზე დანიშნა. 1798 წლის იანვარში, გიორგი
40-1  საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26ნოემბერი 2014წ გვ.18
მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე) 1764-1839 (გაგრძელება)
XII-ის ბრძანებით, თელავში დასვენებულ ერეკლე II-ს პანაშვიდი გადაუხდა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი), რუსთველმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (ჯორჯაძე) და ნინოწმიდელმა მიტროპოლიტმა მიქაელმა (ინასარიძე). მიტროპოლიტ სტეფანეს ლოცვა-კურთხევით გადაწერილია რამდენიმე ძველი ქართული ხელნაწერი. ამ საქმეს ის ძირითადად თავის ბავშობის მეგობარს, გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწე მღვდელ-მონაზონ გაბრიელ მცირეს ანდობდა, რომელიც 1802 წელს ლეკებმა აწამეს და ქართული ეკლესიის მიერ წმიდათა დასში შეირაცხა. გაბრიელ მცირემ მისი დავალებით გადაწერა: კრებული „კლიტე“, სასულიერო-საეკლესიო შინაარსის რამდენიმე კრებული, „მარგალიტი“ და სხვ. 1803 წლის 26 აპრილს მოხუცებულობისა და თვალის ჩინის დაკლების გამო ნინოწმინდის ეპარქიის მართვა მიტროპოლიტმა მიქაელმა (ინასარი–ძე) ვეღარ შეძლო, რის გამოც კათოლიკოსმა ანტონ
II-მ ამ ეპარქიის მართვა მეუფე სტეფანეს დაავალა. უწმიდესი ანტონი მთავარეპისკოპოს სტეფანეს წერდა: „გევალება, დამწყსო ნინოწმიდის ეპარქია, განაგო მისი საქმეები და აკრიფო გადასახადები, ხოლო მიტროპოლიტ მიქაელს, სანამ იგი ცოცხალი იქნება, ეპარქიის შემოსავლებიდან მისცე გარკვეული წილი, რათა მან და მისმა დამ, მონაზონმა ბარბარემ, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში. დაუნიშნო მას ერთი მღვდელი და ორი მოსამსახურე ყოველდღიური მომსახურებისათვის. ამ ხუთ სულს უნდა მისცე 40 კოდი პური, 10 საპალნე ღვინო, შეშა, სანთელი და 120 მანეთი ყოველწლიურად. ასევე, ლოცვა-კურთხევა გეძლევა, ყოველმხრივ ანუგეშო მოხუცებული მღვდელმთავარი და მოუარო მას, როგორც საკუთარ მამას და თუ მას რაიმე დამატებით დაჭირდება, დიდი სიყვარულით მოემსახურე და მიაქციე ყურადღება“. მიტროპოლიტ სტეფანეს უკავშირდება მარტყოფში ხელთუქმნელი ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის აშენება. ტაძრის აშენების აუცილებლობაზე იგი შემდეგს აღნიშნავდა: „კათედრა ეკლესია რუსთველისა არს მთაშია, სადაცა ავაზაკნი ლეკნი არ გამოსწყდებოდნენ აქამომდე და ეკლესია იგი სიძველით დარღვევად მიახლებულ არს და მიზეზითა ამისა მღვდელმთავარსა და სამღვდელოსა კრებულსა მუნ დგომა შეუძლებელ არს.“ რაც შეეხება ტაძრის ასაგებ ადგილს, იგი სტეფანე რუსთველმა იყიდა სამეფო ბეჭდის მცველის, თავად იროდიონ გურგენიძისაგან, რომელსაც მამა-პაპისეული მამული გააჩნდა მარტყოფში. უნდა აღინიშნოს, რომ თავად იროდიონს გამოუჩენია დიდსულოვნება და მომავალი ტაძრის შემოგარენი, რომელიც ასევე მას ეკუთვნოდა, ეკლესიისათვის შეუწირავს. ეს მოხდა 1799 წლის აგვისტოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტაძრის აშენებას მოხმარდა ეგვიპტის მამელუქი სულთნის, წარმოშობით მარტყოფელი აბრაამ (გაბო) შინჯიკაშვილის მიერ რუსთავის საეპისკოპოსათვის გამოგზავნილი 200 ოქრო. მართალია, ეს ფული ცოტა ადრე იყო გამოგზავნილი, მაგრამ თავის დროზე ეს თანხა გასესხებული იყო სარგებელით. ტაძრის მშენებლობა 1810 წელს დამთავრდა და იკურთხა ამავე წლის 20 მარტს, რაც აღნიშნულია ეკლესიის ჩრდილოეთ კარებზე მოთავსებულ წარწერაზე: „ვითარ საშინელ არს ადგილი ესე, არა არს სხვა, გარნა სახლი ღვთისა: და ესე ბჭე ზეცისა აღვაშენე ყოვლად სამღვდელომ ნინოწმიდელ მიტროპოლიტმან და არხიეპისკოპოზმან რუსთავისამან სტეფანე, ენისელი მოურავის ძემან, შრომითა და საფასითა ჩემითა“. 1810 წლის 3 ნოემბერს კათოლიკოსი ანტონ II (ბაგრატიონი) რუსეთში გაისტუმრეს, რასაც 1811 წლის 18 თებერვალს თბილისში სასულიეო დიკასტერიის დაარსება მოჰყვა. დიკასტერიის შექმნის პროექტი საქართველოს პირველ ეგზარქოს ვარლაამს (ერისთავი) ეკუთვნოდა. იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ ლიხთიმერეთისა და აფხაზთა საკათალიკოსის გაუქმება მოჰყვა. ამ პროექტის ავტორი კი გორის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) გვევლინება, რომელიც 1814 წლის 30 აგვისტოს იმპერატორმა მოიწონა და დაამტკიცა. პროექტის მეშვიდე მუხლის თანახმად აღმოსავლეთ საქართველოში უნდა შექმნილიყო სამი ეპარქია: ქართლის, ოსეთისა და სიღნაღისა. გარდა ამისა, შეიქმნა ქორეპისკოპოსის პოსტი. 1815 წლის 8 თებერვალს თბილისში გაიხსნა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიტროპოლიტი სტეფანე უადგილოდ დარჩა. კახეთის თავადაზნაურთა ნაწილმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავარსარდალ გენერალ ნიკოლოზ რტიშჩევს: „ვინაიდან ყოველი ივერია გარე შესაზღვრულ არს უცხო თესლთაგან თითო სახეთა, ამისთვის საგნად ჩვენისა მამულისა სარწმუნოების დაცვისათვის თავისუფალთა მეფეთაგან მოგვეცემიან ეპისკოპოსნი... ჟამასა ამას რომელსაცა შინა სვდგათ, გუესმის ჩვენ  მისდა ჰრწმუნებულთა ერთა გარდაყენება ნინოწმინდელ მიტროპოლიტისა და რუსთველ არხიეპისკოპოსის სტეფანესი, რომლისა თვისცა არა მცირესა მწუხარებასა დანთქმად ვართ „ჩვენ გვასმიეს ჰსჯულისაგან რათა არა მიეღოს სიძესა სძალი თვისი ეკლესია, თვინიერ მიზეზისა“, და მისნი ცხადად მცნობელნი რომლისა არცა ერთი რა მიზეზი წინა უძღვის ღირსად გარდაყენებისა, არა რას შესწამებენ... და ამისათვის ხელგანპყრობით მვედრებელნი შენისა გონებრივისა მზრუნველობისანი ვთხოვთ რათა შესაბამისსა ადგილსა წარსდგეს თხოვა ესე ჩუენი შუა მდგომელობითა თქუენის მაღალ აღმატებულებისათა რათა მივიღოთ თხოვისამებრ კმა ყოფა, და არა მივეცნეთ უკანასკნელ განწირულებად. თვესა მაისსა 28, 1815 წელსა. ხელს აწერენ თავადები: ფრიდონ, როსებ, ალექსი, სარიდან, გიორგი, იოანე ჯანდიერები, დავით გოგნიაშვილი, დი-

40-2  საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26ნოემბერი 2014წ გვ.19
მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე) 1764-1839 (გაგრძელება)
მიტრი ავალიშვილი, რამაზ, აიდემურ, სარიდან, კონსტანტინე, გიორგი ჩერქეზიშვილები, ბეჟან გურგენიძე და ასევე მთელი ეპარქიის სოფლების სამღვდელოება და მრევლი“. თავის მხრივ მიტროპოლიტმა სტეფანემაც თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას: „მეფობისა ბრძანებითა, საზოგადოებისა მთხოვითა და პატრიარქისა და მღვდელთმთავართა შენდობითა, როდესაც მაკურთხეს რუსთავისა ეპარხიასა ზედა, მას აქეთ ყოვლისა მღვდელმთავრობისა წესითა რაოდენ შეიძლებოდა უბრყვილოდ და შეუცთომელად ვმართებდი ეპარხიასა... ად ამჟამად მიბრძანებს კანტორა გამოსვლასა ეპარხიათაგან და მიღებასა ასისა თუმნისა პენსიონისასა; ამისთვის უმდაბლესად ვითხოვ, ანუ დამინიშნოთ შეცოდებისა ბრძვილი რაიმე, რომლითაცა ვხედვიდე თავსა ჩემსა ღირსად მღვდელმთავრობისაგან განძარცვისა“. რუსეთის მთავრობა მოერიდა ვითარების გამწვავებას და მეუფე სტეფანეს გარდაცვალებამდე შეუნარჩუნეს ეპარქიის მართვა. გარდა ამისა, მას მარტყოფის სამწყსოს საეკლესიო ქონებათა გარდა, ჩააბარეს ნინოწმინდის ყოფილი ეპარქიის საეკლესიო ქონებაც სოფელ საგარეჯოში, ნინოწმიდაში, პატარძეულში, კაკაბეთში, ჭერემში, ნაწილობრივ მცხეთაში და ალავერდის ეპარქიაში. თავის საგამგებლო მიწა-წყალზე აკრეფილი მთელი შემოსავალი მიტროპოლიტ სტეფანეს უნდა ჩაებარებინა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისათვის. 1821 წლამდე გადასახადები იკრიფებოდა, როგორც ბუნებრივი, ისე ფულადი სახით, 1821 წლიდან კი მხოლოდ ფულადი სახით. 1818 წლის 28 დეკემბრიდან მიტროპოლიტი სტეფანე გორის ეპარქიის მმართველად და საქართველოს ეგზარქოსის პირველ ქორეპისკოპოსად დაინიშნა. მისი წინამორბედი მღვდელმთავრები ქ. გორში ისხდნენ, მაგრამ მეუფე სტეფანემ გარკვეული მოსაზრების გამო კვლავ მარტყოფში დარჩა და იქიდან მართავდა ეპარქიას. 1819 წლის 16 აპრილს მიტროპოლიტი სტეფანე საქართველოს ეგზარქოსს თეოფილაქტეს წერდა: „აღსრულება ახლისა თანამდებობის მსახურებისა, ხარისხისამებრ საქართველოს ვიკარობისა, რომელიცაა დადებულ არს ჩემზედა უწმინდესისა სინოდისაგან უმაღლესის ნებითა,დაღათუმცა უსიამოვნეს იქმნება ჩემთვის, რაოდენათცა ერთგულებისა მოვალეობისა გამო საყდრისადმი და ქრისტეს ეკლესიისადმი, ეგოდენ არა ნაკლებადვე შეერთებისა გამო ყოველთა საქართველოს ეპარხიათა, ერთსა საეპარხიოსა უწყებასა ქვეშე, რომლისაცა ძლით ერთბამად ესე ვითარისა განკარგულებისათანა მაღლისა მმართებლობისაგან უმაღლესსა ნებასა ზედა დაფუძნებულისა გაუქმებულ იქმნა ეპარხიაცა ჩემ მიერ განსაგებელი; და ვინაიდგან ვგრძნობ სრულიად უძლურებათა ჩემთა აღსრულებისათვის მსახურებისა ახლისა ამისამებრ ხარისხისა, არა ეგოდენ მოხუცებულობისა გამო, რაოდენადცა  ძლიერისა დაკვეთებისაგან მიწასა ზედა ცხენიდგან გარდმოვარდნის ჟამსა, რომელიცა შემემთხვია მე უბედურებითა უწინარეს ექვსისა წლისა; ამისათვის ყოვლად უმდაბლესად ვთხოვ თქუენ მაღალყოვლადუსამღვდელოესობასა, რათა ინებოთ ვითარცა დარღვეულისა სიმრთელისა გამო  ჩემისა, ეგრეთვე მოხუცებულობისა მიხედვითაცა, დატევება ჩემი განსაგებელად გაუქმებულისა სარუსთველოს ეპარხიისა, რომელსა ზედაცა ვმყოფობდი აქამომდე“. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ნებართვით მეუფე სტეფანე დატოვეს მარტყოფში საცხოვრებლად. 1824 წლის ბოლოს მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტყოფის ხელთუქმნელი ტაძრისთვის დაამზადებინა ახალი კანკელი. „ჩვენ, ყოვლად სამღვდელო, მდაბალმა რუსთველ არხიეპისკოპოზმან, ენისელთ მოურავის ძემ, სტეფანე, შეუმზადე კანკელი ესე ჩემგანვე ახლად აღშენებულსა ამას ხელით უქმნელის ეკლესიასა, საოხად სულისა ჩემისა. ამინ. იანვრის 1, 1825წ.“ ეს კანკელი XX ს-ის 20-იან წლებში კომუნისტებმა გაანადგურეს. 1828 წლის თებერვალში წმ. ანას | ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მიტროპოლიტი სტეფანე 1839 წლის 18 ნოემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მარტყოფში, თავის რეზიდენციაში, ღამის 12 საათზე გარდაიცვალა, რაც იმავე დღესვე აცნობა მისმა ძმისშვილმა, იღუმენმა იოანემ (ჯორჯაძე) თბილისში სინოდალურ კანტორას. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1839 წლის 20 აპრილს მეუფე სტეფანემ შეადგინა ვრცელი ანდერძი, სადაც თავისი ქონება თავის ნათესავებს გადაუნაწილა, ასევე ეკლესიებსა და მონასტრებს დაუტოვა გარკვეული თანხა და ნივთები. მიტროპოლიტი სტეფანე თავისავე აშენებულ მარტყოფის საკათედრო ტაძარში სამხრეთაღმოსავლეთის სვეტთან დაასაფლავეს. აღნიშნული სვეტის ჩრდილოეთ მხარეს, სვეტში შემჯდარ
40-3 საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26ნოემბერი 2014წ გვ.20
მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე) 1764-1839 (დასასრული)
მარმარილოს ქვაზე, იყო მხედრულად წარწერა: „აქ განისვენებს გვამი წმინდისა ამის ეკლესიის აღმშენებელისა, რუსთავის არქიეპისკოპოსისა, საქართველოს ვიკარისა და კავალეროსანის სტეფანესი, გვარად თავად ჯორჯაძისა, რომელმანცა განვლო სოფელსა ამას შინა ოე (75) წელნი, შრომითა და პირად პირადითა სახითა მღვეწელობითა და შემატებითა ამის ეკლესიისათა, ხოლო უკანასკნელ მიმცემი ხარკისა მოხუცებულობისა ჟამსა შთააბნევს აქა მტვერადვე ნოემბრის იც (18) ჩყლთ (1839) წელსა, რომლისაცა აღზრდილმან ძმისწულმან და სულის მეუფემან იღუმენმა იოანე შეუმზადე ნიში ესე, ღირსად სახსოვარსა მას.“ მადლიერმა მარტყოფელებმა კი მეუფე სტეფანეს, რომელმაც თავისი ცხოვრების 75 წლიდან 47 წელი მარტყოფში გაატარა, ასეთი შინაარსიის ლექსი მიძღვნეს: „შეიწყალოს რუსთველი, ღვთაება რომ აგვიშენა, თავს გვირგვინი დაამშვენა, თვითონაც შიგ განისვენა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.12.2025
ბოლო რედაქტირება 14.12.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0