ვაგრძელებთ 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. ერთ-ერთი მათგანია ქუთაისგაენათის ეპარქიის, ქ. ხონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე ბიჭიას ძე ადამია. დეკანოზი ალექსანდრე 1886 წლის 8 ივნისს ქუთაისის გუბერნიის, ხონის მაზრის, სოფ. ქუტირში კეთილმორწმუნე გლეხის ოჯახში დაიბადა. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების არქივში მისი დაპატიმრების ცნობაში დაბადების თარიღად 1881 წელია აღნიშნული. ყმაწვილმა ალექსანდრემ წარჩინებით დაამთავრა ქ. ხონის ექვსწლიანი სამოქალაქო სასწავლებელი და მიიღო პედაგოგის მოწმობა. 1904-1910 წლებში ქუთაისის გუბერნიის სხვადასხვა სამრევლო-საეკლესიო სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა. 1911 წლის 5 სექტემბერს ლეჩხუმში, ცაგერის ოლქში, სოფ. ჩქუმის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს, მალევე მღვდლად დაასხეს ხელი და მშობლიურ მხარეში, სოფ. ქუტირის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1922 წლის ივნისში საქართველოში ჩატარებულ ეკლესია-მონასტრების საყოველთაო აღწერის დროს ქუტირის ტაძრის მღვდელმსახურია და წინამძღვარი, მღვდელ ევგენი დათიაშვილთან ერთად ხელი მოაწერა ტაძრის ნივთების ჩაბარების აქტს. დეკანოზ ალექსანდრეს შთამომავლების გადმოცემით, მოძღვარს მიღებული ჰქონდა საკმაოდ კარგი სასულიერო განათლება, ასევე შეეძლო დურგლობა, აკეთებდა საუცხოო კარადებს, წნავდა კალათებს და ასაჩუქრებდა ბავშვებს თავისი ხელნაკეთი ნივთებით. ხშირად ეკითხებოდნენ თანასოფლელები -- როგორ ამზადებდა ამ ნაკეთობებს. დეკანოზი ალექსანდრე გულმოდგინედ უხსნიდა, რომ სასურველი ნივთი ჯერ უნდა დაეხაზათ და შემდეგ გაეკეთებინათ. როგორც ჩანს, მას ეს ხელობა, სპეციალურად, სასწავლებელში ჰქონდა შესწავლილი. 1923 წელს ქუტირის ეკლესიაში დროებით შეწყდა მღვდელმსახურება. ამის შემდეგ მოძღვარმა სოფელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1924 წლის ივნისში სოფ. ქუტირის მრევლისა და მოსახლეობის აქტიური ჩარევით (ეკლესიის ამოქმედებას ხელს აწერდა 340 მორწმუნე) ტაძარში განახლდა წირვალოცვა. XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს ხელისუფლებამ ტაძარი კვლავ დახურა და მამა ალექსანდრეს მღვდელმსახურება აუკრძალა. მიუხედავად შევიწროებისა, მოძღვარმა ხონის
წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში გააგრძელა მღვდელმსახურება. ერთგული და დამსახურებული სამსახურისათვის XX ს-ის 30-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1937 წლის 19 აპრილს ენქერით დაჯილდოვდა. კომუნისტებმა შეუპოვარ მოძღვარს რამდენჯერმე შესთავაზეს, დაეტოვებინა ეკლესია და კოლმეურნეობის თავმჯდომარის თანამდებობას ჰპირდებოდნენ. ამ შეთავაზებით კიდევ მეტად სურდათ მისი პატივის შეურაცხყოფა. მამა ალექსანდრე ამ თანამდებობას, ცხადია, არ დათანხმდა. 1937 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი ალექსანდრე ადამია დააბეზღეს და დაიჭირეს. საბრალდებო დასკვნაში მიზეზად წერია, რომ მოძღვარი აქტიურად ქადაგებდა საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, მოუწოდებდა გლეხებს, არ შესულიყვნენ საბჭოთა კოლმეურნეობაში და სხვ. დეკანოზ ალექსანდრეს შვილიშვილი, ბატონი შოთა, ასე იხსენებდა ბაბუასთან თავის ბოლო შეხვედრას: „სამტრედიის სამხედრო ბაქანზე ჩამოაყენეს დახურული ვაგონი -- ხით შეჭედილი, ორღერძიანი, პირუტყვის გადასაყვანი. ბებიამ შეგვატყობინა, ასახლებენ და აქვეა, ვაგონშიო. მე მაშინ რვა წლისა ვიყავი, ჩვენი ოჯახი ქალაქში ცხოვრობდა, იქვე, და გავიქეცი ბაბუას სანახავად. იქ რუსის „ხიშტიანი ახრანა“ იყო და დაახლოებით 30 მეტრამდეც არ მიმიშვეს, შაშხანა მომიღერეს. მამამ მითხრა, არ შეგეშინდეს, ბავშვი ხარ და ვერ გესვრიანო. მე რომ არ მოვცილდი იმ ადგილს, შებრუნდა და ბაბუას დაუმიზნა -- „ნუ იხედები ფანჯრიდანო“ და ისიც მოშორდა ჭრილს. მას შემდეგ აღარავის უნახავს. მხოლოდ ერთი წერილი მოვიდა, ტანსაცმელთან ერთად“. ოჯახს უთხრეს, რომ დეკანოზი ალექსანდრე გადაასახლეს. სინამდვილეში, სამეულის განჩინებით იგი 1937 წლის 21 ნოემბერს გაასამართლეს და დახვრიტეს. 1942 წლის 24 იანვარს ოჯახში მოვიდა ტყუილი ცნობა, რომ ვითომ მოძღვარი ათეროსკლეროზით გადასახლებაში გარდაიცვალა. ურწმუნო მეზობლები ხშირად დაცინვითა და ნიშნისგებით მიმართავდნენ მისი ოჯახის წევ-
42-1 საპატრიარქოს უწყებანი N42 4-10 დეკემბერი 2014წ გვ.18
დეკანოზი ალექსანდრე ადამია 1886-1937 (დასასრული)
რებს, რომ ის მღვდელი იყო და თან -- გადასახლებული. მღვდლის ოჯახის შევიწროება მისი დასჯის შემდეგ ამ სახით გრძელდებოდა. მორწმუნეები კი დღესაც კრძალვითა და პატივით მოიხსენებენ მის სახელს. დეკანოზ ალექსანდრეს ჰყავდა მეუღლე მილოსი ლუკას ასული ხვადაგიანი (1887წ. წარმოშობით ცაგერიდან) და ექვსი შვილი: ბიძინა (14.06.1904, პროფესიით ელექტროინჟინერი), ნინო/ნიმფადორა (21.04.1908, ბატონ შოთა თადუმაძეს დედა), შილა (7.12.1912), ლუდმილა (3.09.1914), სარა და შიო (დაილუპა მეორე მსოფლიო ომში). ჰქონდათ ყავრით დახურული სახლი. ომის წლებში სახლის სხვენში მალავდნენ სახარებას, სხვა ლიტურგიკულ ლიტერატურას, ქართულ და რუსულ წიგნებს, ხატებს „დაახლოებით ერთი პატარა სატვირთო მანქანის მოცულობის იქნებოდა, იხსენებს ბატონი შოთა ჩვენ, ბავშვები, მხოლოდ ნახატებს ვათვალიერებდით, რადგან ხუცურის კითხვა არ შეგვეძლო; წიგნების ყდები ტყავით იყო შემოსილი და დიდი ხნის ხმარებისაგან -- გაპრიალებული“. სახლის ხელახლა გადახურვის დროს ხელოსანს რომ არ ენახა და არ დაებეზღებინა, წიგნები ჭურებში შეუნახავთ, მაგრამ იქ წყალი ჩასულა და წიგნები დაზიანებულა. ოჯახს ჰქონდა ბევრი განსაკუთრებული, სამაგალითო თვისება, გამოირჩეოდა ზრდილობით, ურთიერთმოწიწებით, ოჯახის ერთმანეთს წევრები,ბატონობით“ მიმართავდნენ. დეკანოზმა ალექსანდრემ მისაბაძი ცხოვრების წესითა და მოწამეობრივი აღსასრულით ნათელი ხსოვნა და ზნეობრივი მაგალითი დაუტოვა შთამომავლობას.