არქიმანდრიტი ნიკიფორე მიქელისშვილი, ერისკაცობის სახელი უცნობია 1765 წელს კახეთში, ქ. თელავში მღვდლის ოჯახში დაიბადა. იყო დავით მემკვიდრის სულიერი მოძღვარი, რუსობაში მიხაილოვი. მამამისი, მღვდელი მიქაელი თელავის ეკლესიის მოძღვარი იყო. ყმაწვილობაში გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც ორი წელი დაჰყო. შემდეგ მან სწავლა-განათლება კათოლიკოს ანტონ I-თან (ბაგრატიონი) და დავით რექტორთან მიიღო. თავდაპირველად, თვითონაც იყო თელავის მეფის კარის ეკლესიის მღვდელმსახური. 1796 წლის 24 ივნისს ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა მიქაელმა (ინასარიძე) დიაკვნად აკურთხა. 1799 წლის 23 აპრილს მიტროპოლიტმა მიქაელმა (ინასარიძე) ბერად აღკვეცა, სახელად ნიკიფორე უწოდა და მღვდლად დაასხა ხელი. 1803 წლის 19 თებერვალს მამა ნიკიფორე მცხეთაში მიეგება დავით მემკვიდრეს, რომელიც რუსეთს მიემგზავრებოდა და თან წაყვანა სთხოვა. დავითი იმავე წლის 20 თებერვალს სწერდა მცხეთიდანპ. ციციანოვს: „თან მიმყავს აგრეთვე ჩემი მოძღვარი – შიომღვიმის მონასტრის მონაზონი ნიკიფორე თუ თქვენი სურვილიც იქნება, რასაც მე დიდ წყალობად ჩავთვლი, რადგან ეს მონაზონი მწიგნობარი კაცია და წიგნის კითხვით გაგვართობს ხოლმე ჟამსა უსაქმობისასა“. იგივე ინფორმაციას გვაწვდის მის შესახებ პლ. იოსელიანიც: „ესე ათანასე (აქ პლატონს მისი სახელი ეშლება -– გ. მ.) იქმნა შემდეგ არქიმანდრიტად; იყო კაცი განსწავლული ანტონისაგან პირველისა კათალიკოსისა; გვარით მიქელისშვილი კახელი. 1802 წელს კვალად შევიდა შიო მღვიმეში ლეკთა შიშითა გაოხრებულსა. 1803 წელს ოდეს მოეგება მემკვიდრესა დავითს ქ. მცხეთას ფებერვლის 19, სთხოვა თანა წარყვეს მას რუსეთსა. მასვე დღესა თანა ჰყვა მას და წარიყვანა რუსეთსა კერძო დაიკონად მომზადებული შიო მღვიმეს ზაქარია იოსელიანი, ბიძაჩემი, გარდაცვალებული ღენერალ-მაიორის ჩინითა 1865 წელსა სანკტ-პეტერბურღსა. თვით ათანასი უკუ მოიქცა მუნით და დასაფლავდა კახეთს“. პლ. იოსელიანის ეს ცნობა, თითქოს ნიკიფორე შიომღვიმეში 1802 წელს მივიდა და აღიკვეცა, სწორი არ არის. 1801 წელს დავით მემკვიდრე წერილს უგზავნის შიომღვიმის მონასტრის მამებს: „წმიდანო მამანო არხიმანდრიტო ნიკიფორე, არხიმანდრიტო გამალიელ და მამაო გრიგოლ და წმიდანო მამანო მონასტრისანო.... თქვენი წიგნი მომივიდა და საჩივარი კახეთის სუდზედ. ჩემი საკუთარის თეთრით ნასყიდი მამული ომეყა წმიდას მონასტერს შევსწირე; წაერთმევინა; ეს ამის მეტი არა არს რა, მხოლოდ ეშმაკის მანქანებაა..., თუმცა
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 13-26თებერვალი 2020წ გვ.23
ტექსტში მისი არქიმანდრიტად მოხსენიება ცოტა უცნაურია, რადგან 1801 წელს იგი ჯერ არ იყო ამხარისხში აყვანილი. 1804 წლის თებერვალში მოსკოვში დასახლებულ იღუმენ ნიკიფორეს დავით ბატონიშვილის წარდგინებით სამკერდე ოქროს ჯვრით აჯილდოვებენ. იგი მუშაობდა მოსკოვის ქართულ სტამბაში წიგნების დაბეჭდვაზე. 1805 წელს მოსკოვში დაბეჭდილ „სადღესასწაულოს“ აქვს ასეთი წარწერა: „ფრიადითა შრომითა იღუმენის ნიკიფორე თელავის კარის ეკლესიის მღვდლის მიხეილის ძის მიხაილოვისათა 1805 წ. დაიბეჭდა მოსკოვს“ (ქართული წიგნი, I, 95. გვ. 84). ამ წიგნის ტექსტის ბოლოს მოთავსებულია დიმიტრი ბაგრატიონის ლექსად თქმული წიგნის დაბეჭდვაზე დამაშვრალთა ჩამოთვლა: „ღვთის შეწევნითა, /ზესთა ზენითა /მოსკოვს შემზადდა სტამბა ქართული, /ქსნის ერისთვისა, /დავითის ძისა,/ ვარლამის ღვაწლით არს გამართული,/ მასთან იონა,/ ვინ არიონა შრომის მდინარე ცენზურობითა, /მიტროპოლიტმა გაშინჯ-გამჭვრიტა /გედეონის ძემ ძველგვარობითა, /ნიკიფორითა, მკითხველ-მსწორითა, /იგულსმოდგინეს საკმარობითა,/ პაიჭაძემან, ვით მესტამბემან,/ ჰმართა ყოვლითა სახმარობითა.“ ამ ლექსით ნიკიფორე მკითხველმსწორედ მოიხსენიება ე. ი. ყოფილა კორექტორი. 1806 წელს იღუმენი ნიკიფორე ჩადის პეტერბურგში და საქართველოში დაბრენების ნებას ითხოვს. მალე იგი საქართველოშია და შიომღვიმის მონასტრის წევრია. 1806 წლის 16 ივლისს იგი ითხოვს შესაფერისი ჯამაგირის დანიშვნას. 1808 წელს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. 1815 წლის 5 მაისს თელავის მთავარეპისკოპოს დოსითეოსის (ფიცხელაური) ლოცვა-კურთხევით ოსეთის სასულიერო კომისიაში იღუმენის შტატში დაინიშნა. იგი სამი წლის მანძილზე იყო ჩრდილოეთ კავკასიაში და წარმართებს ქრისტიანობას უქადაგებდა. 1817 წლის ოქტომბერში გათავისუფლდა ოსეთის სასულიერო კომისიიდან. არქიმანდრიტი ნიკიფორე აქტიურ მონაწილეობას იღებდა „ოსეთის სასულიერო კომისიის“ მუშაობაში. იგი საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) აწვდის ღირებულ ცნობებს შიდა ქართლის მთიანეთის ხეობებში ოსი მოსახლეობის განსახლების, მათი სულადობრივი და კომლობრივი რაოდენობის შესახებ. ეგზარქოსს მამა ნიკიფორესათვის დაუვალებია შიდა ქართლში ოსებით დასახლებულ ხეობებსა და სოფლებში მონათლული და მოუნათლავად დარჩენილი მოსახლეობის აღნუსხვა, კომლებისა და სულადობრივი რაოდენობის ჩვენებით; არქიმანდრიტს უნდა დაედგინა, აგრეთვე, თუ რომელ თავადს ან აზნაურს ეკუთვნოდა აღნუსხული ხეობისა და სოფლის მოსახლეობა. დავალება ითვალისწინებდა, რომ ის ყოველგვარი გახმაურების გარეშე შესრულებულიყო. ამასთან ეგზარქოსი ითხოვდა სამუშაოს შესრულების დროს ყველა შესაძლო ხერხით, უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აღწერა სრულად უნდა ჩატარებულიყო ოსებით დასახლებულ ხეობებში, აგრეთვე ახლომდებარე მეზობელ სოფლებში, სადაც „ოსეთის სასულიერო კომისია“ წინა წლებში თელავის მთავარეპისკოპოს დოსითეოსის (ფიცხელაური) ხელმძღვანელობის დროს, 12 ეკლესიის მშენებლობას გეგმავდა. 1817 წლის დეკემბერში არქიმანდრიტმა ნიკიფორემ შეადგენა და ეგზარქოს გაუგზავნა პირველი მოხსენებითი ბარათი. იგი აღწერდა ახლად მონათლული ოსებით დასახლებული კავკასიის მთების 8 ხეობის სოფლებს. ეს იყო ჩატარებული სამუშაოს ნაწილი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ზამთრის დიდთოვლობის გამო არქიმანდრიტი ნიკიფორე იძულებული გახდა შიდა ქართლის მთიანეთში აღწერა შეეწყვიტა. 1818 წლის 16 მარტით თარიღდება მეორე დოკუმენტი, რომლის მიხედვით ჩანს, რომ არქიმანდრიტ ნიკიფორეს გაუგრძელებია ეგზარქოსის დავალების შესრულება; აღუწერია დამატებით კიდევ 11 ხეობაში მდებარე სოფლების მოსახლეობა კომლებისა
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 13-26თებერვალი 2020წ გვ.24
და სულადობის მიხედვით და წარმოუდგენია, როგორც თავად აღნიშნავს „ყოველნივე უნაკლულოდ სრულებით აღწერილნი, ესრეთ ვითარცა ზემორე რვათა ხეობათა“, ე. ი. აღუწერია სრულად და უნაკლოდ, ადრე აღწერილი 8 ხეობის მსგავსად. ამჯერად, არქიმანდრიტი ნიკიფორე ანგარიშზე ხელს აწერს, როგორც „ოსეთის სასულიერო კომისიის მქადაგებელყოფილი”. 1818 წელს ქართლის ყოფილი ეპარქიების: რუისის, ურბნისისა და ნიქოზის საეკლესიო მამულების მმართველად დაინიშნა. 1819 წლის 1 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1818 წელს არქიმანდრიტი ნიკიფორე იყო იმ კომისიის წევრი, რომელსაც დაევალა აღმოსავლეთ საქართველოში საეკლესიო შტატების განაწილება და კამერალური აღწერის ჩატარება. XIX ს-ის 20-იან წლებში არქიმანდრიტი ნიკიფორე სთხოვს იონა ეგზარქოსს (საქართველოს განაგებდა 1821-1832 წლებში) უვადო ბილეთს პეტერბურგს წასასვლელად „მირიან ირაკლის ძე მიბარებს და ჩემი ძმისწული სოლომონ მიხაილოვი მინდა თან წავიყვანო“. 1822 წელს არქიმანდრიტი ნიკიფორე გათავისუფლდა ქართლის საეკლესიო მამულების მართვა-გამგეობიდან და თელავის მაზრაში, სოფ. გულგულაში დასახლდა. 1824 წლის 27 მარტს შუამთის მონასტრის საეკლესიო მამულების მმართველად დაადგინეს და იმავე მონასტრის უშტატო წევრად მიიღეს. 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიას მღვდელ-მონაზონი ფილადელფოს (კიკნაძე) უჩვენებს, რომ ნიკიფორე არის „შუამთის მონასტრის ყმა-მამულის განმგებელი არქიმანდრიტი“. არქიმანდრიტი ნიკიფორე (მიქელიშვილი) იყო შუამთის მონასტრის შტატგარეშე წევრი, წინამძღვარი ამ დროს იყო არქიმანდრიტი სოფრომი (ერისთავი). 1835 წლის 9 ივლისს გათავისუფლდა შუამთის მონასტრის საეკლესიო მამულების მმართველის პოსტიდან. იმ პერიოდში იგი საეკლესიო შემოსავლებიდან იღებდა ჯამაგირს წელიწადში 80 მანეთს. არქიმანდრიტი ნიკიფორე 1841 წლის 3 ოქტომბერს გარდაიცვალა. მანამდე, 1841 წლის 5 აპრილს მან თავისი ქონება და კუთვნილი ნივთები: ღვთისმშობლის გამოსახულებიანი ხის ხატი, მიტრა და საარქიმანდრიტო ჯვარი, ეპიტრახილი, საგვერდული, ენქერი, ანაფორა და სხვ. ნივთები შუამთის მონასტერს შესწირა.