არქიმანდრიტი ლაზარე (ერისკაცობაში ჯუმბერ გაგნიძე), დავიბადე ქ. თბილისში 1937 წლის 4 თებერვალს. მამა სერაპიონ გაგნიძე, იყო მე-20-ე საუკუნის ცნობილი მზარეული, რომელმაც პროფესიული აღზრდა ფრანგი მზარეულებისაგან მიიღო ქ. როსტოვში, სადაც იგი ცხოვრობდა 1911-1925 წლებში. მამაჩემი ემსახურებოდა საქართველოში სტუმრად ჩამოსულ გამოჩენილ ადამიანებს, მათ შორის იოსებ სტალინს (ბორჯომში, ლიკანში 30-იანი წლების ბოლოს), ხრუშჩოვს, ბრეჟნევს, ფიდელ კასტროს და ა. შ.
დედა _ ეფროსინე გაგნიძე-რეხვიაშვილი, გარდაიცვალა 1942 წელს. ობლად დარჩენილს, ორ ძმასა და დასთან ერთად გვზრდიდა ბებია _ ეფროსინე მაისურაძე, რომელმაც ბევრად განაპირობა ჩემი მომავალი სულიერი ცხოვრება. იგი წარმოშობით იყო რაჭის მთიანი სოფლიდან წედისიდან, სადაც მისი წინაპრები მღვდელმსახურებას ეწეოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბებიას არ ჰქონდა კლასიკური განათლება, კომუნისტური რეჟიმის პირობებში უერთგულესად იცავდა მარხვას და აღასრულებდა შინაურ პირობებში ყოველდღიურ ლოცვებს ზეპირად.
1945 წელს მამამ მეორედ იქორწინა, სხირტლაძის ქალზე, რომელმაც ჩვენთან იცხოვრა 1958 წლამდე. იყო ბოროტი სულისკვეთების, ანგარებიანი დედაკაცი. მისი არაადამიანურობის შედეგად ჩემი და გარდაიცვალა ტუბერკულოზით, უფროსი ძმები გზააბნეულები ხან ბებიასთან ცხოვრობდნენ რაჭაში, ხან ქუჩაში მიეკედლებოდნენ ნათესავებს. დედინაცვლის ხელში უამრავი გაჭირვება გამოვიარე მეც. გაჭირვებამ და ობლობამ კეთილი ნაყოფი გამოიღო ჩემში _ უსაზღვროდ შემაყვარა ადამიანები.
1956 წელს დავამთავრე თბილისის 58-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში, გერმანული და უნგრული ენების სპეციალობით. 1961 წელს დავამთავრე აღნიშნული ინსტიტუტი. რექტორატის გადაწყვეტილებით დატოვებულ ვიქენი ინსტიტუტში, უნგრული ენის მასწავლებლად და ლაბორანტად გერმანული ენის კათედრაზე (1961 წ.). 1967-69 წლებში დავამთავრე ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი პედაგოგიური კურსები და მომენიჭა უფროსი მასწავლებლის წოდება (1969 წ.). 1967 წლიდან ვიყავი სკკპ-ს წევრი, რომელიც დავტოვე 1989 წელს. 1962 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე ვიყავი საქართველო-უნგრეთის და საქართველო-გერმანიის მეგობრობის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. გდრ-ს და უნგრეთის მთავრობებმა, ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებისათვის ორ-ორგზის დამაჯილდოვეს მედლებით. 1972-85 წლებში, ვამზადებდი ქართველი პოეტების ლექსების ბწკარედ თარგმანებს გერმანელი და უნგრელი პოეტებისათვის, ხოლო ქართველი პოეტებისათვის: გრ. აბაშიძის, მორის ფოცხიშვილის, ნ. გურეშიძის, თ. ბექიშვილის, ჯ. ჩარკვიანისათვის და სხვათათვის, უნგრელი პოეტების ლექსების თარგმანებს. გერმანელი პოეტის, ჰერმან ბუდენზიგისათვის მოვამზადე ირაკლი აბაშიძის `რუსთაველის ნაკვალევზე~. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისათვის მოვამზადე სტატიები, უნგრელი მწერლებისა და კულტურის მოღვაწეთა შესახებ.
მამა ლაზარე და მამა გაბრიელი(ურგებაძე)
1969-1996 წლებში, უცხო ენების ინსტიტუტის პარალელურად, ვმუშაობდი მეცნიერმუშაკად შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 1973 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე `შოთა რუსთაველის `ვეფხისტყაოსანის~ უნგრული თარგმანები~; ძირითადად ვიკვლევდი ქართულ-უნგრულ და ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და ი. ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულებში გამოქვეყნებული მაქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გამოქვეყნებული მაქვს, აგრეთვე გერმანულ-ქართული ლექსიკონი (1990 წ.), გერმანულ-ქართული და ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი (2008 წ.). სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობისათვის 1998 წელს, საქართველოს მთავრობამ დამაჯილდოვა ღირსების ორდენით.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II და მამა ლაზარე. სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი. წირვა. 2011 წელი
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა გერმანიაში, ავსტრიასა და უნგრეთში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოგზაურობა. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა მქონდა აკადემიკოსთან ილია ვეკუასთან, ალექსანდრე ბარამიძესთან (რომელიც ამავდროულად იყო ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი, ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეებთან, ზვიად გამსახურდიასთან). აღნიშნული ურთიერთობანი განაპირობა ჩემმა საზოგადოებრივმა მუშაობამ. 1966 წელს ვიყავი შოთა რუსთაველის 800 წლისთავის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის წევრი, ხოლო 1968 წელს თბილისის უნივერსიტეტის 50 წლისთავის მომწყობი კომისიის წევრი. აღნიშნულ ზეიმებში მოწვეული იყვნენ სტუმრები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.
1966 წელს, რუსთველის 800 წლისთავის ზეიმზე ჩამოსულმა გერმანელმა პროფესორმა გერტრუდ პეჩმა დამიმოწაფა და 1966-70 წლებში ბრწყინვალე სკოლა გამატარა იენის ფრიდრიხ-შილერის უნივერსიტეტში; ძველ გერმანულს მასწავლიდა პროფესორი მეტკე, თანამედროვე გერმანისტიკაში ლექციების კურსს მიკითხავდა პროფესორი ჰენრიკ ბეკერი, თეოლოგიის კურსს კი, თავად გერტრუდ პეჩი. ყოველივე ამან თავისი შედეგი გამოიღო. 1974 წელს, უცხო ენების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ ამირჩია ინსტიტუტის გერმანული ენის კათედრის გამგედ. გერმანიაში მიღებულმა ცოდნამ და საუნივერსიტეტო ორგანიზაციის გამოცდილებამ დიდი დახმარება გამიწია, სრულიად ახლებურად დამეგეგმა გერმანული ენის სწავლების პროცესი, დამეხვეწა სწავლების მეთოდიკა და სტუდენტებისათვის გვესწავლებინა ცოცხალი სამეტყველო ენა, რაც სწავლების ძველი მეთოდით შეუძლებელი იყო. ვფიქრობ, ეს პრობლემა წარმატებით გადავწყვიტე ჩემს კოლეგებთან ერთად.
მამა ლაზარე სვეტიცხოველში. მირონის ხარშვა. 2011 წელი;
აქტიური სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების გვერდით, თანდათან ვგრძნობდი ჩემს სულიერ სიღატაკეს. ხშირად ვფიქრობდი დამეწყო ეკლესიური ცხოვრება, მაგრამ მალევე ვვარდებოდი ჩემს თავთან წინააღმდეგობაში; მეგონა, რომ ამით მოვჭრიდი იმ ტოტს, რომელზედაც მე ვიჯექი. ეკლესიური ცხოვრების დაწყების სურვილს მიმძაფრებდა ერთი დაუვიწყარი შეხვედრა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში, რომელიც კეთილ თესლად დაითესა ჩემს გულსა და გონებაში. ეს იყო შეხვედრა, ჩემს სტუდენტებთან ერთად ახალგაზრდა ბერთან, რომელმაც მაგნიტივით მიგვიზიდა. ეს იყო შემდგომში, ჩვენი ეკლესიის პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II. წელი ზუსტად არ მახსოვს, სვეტიცხოველში ელოდებოდნენ იმხანად თბილისში მყოფ რუსეთის ეკლესიის პატრიარქს; ახალგაზრდა ბერი დიდხანს გვესაუბრა, იმდენად მოგვხიბლა, რომ გაგვიძნელდა განშორება. დღეს სირცხვილის გრძნობა მეუფლება, რომ მთელი ცხოვრება გავლიე და შორიდან ვადევნებდი თვალს, თუ როგორ გაივლიდა მძიმე გზას სულიერი სილამაზით შეკული, იმთავითვე დიდი მადლის მფრქვეველი, იმჟამად პოტენციური წინამძღვარი ჩვენი ეკლესიისა.
27.11.2003 წელი ქაშვეთი;
1992 წელს, დიდმარხვის დაწყებასთან ერთად, დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. ჩემი პირველი აღსარება ჩავაბარე მიტევების კვირის წინა საღამოს, სამთავროს დედათა მონასტერში მეუფე დანიელს. მეორე დილით კი ვეზიარე ქრისტეს წმიდა ხორცსა და სისხლს. მეუფემ ჩემი სულიერი მოძღვრობა აკურთხა მღვდელ-მონოზონ იოსებს (ამჟამად შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები), რომელმაც რამდენიმე თვეში სტიქარი ჩამაცვა. 1992 წლის 14 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ხელი დამასხა დიაკვნად და სახელად მიწოდა მირიანი. 1995 წლის 1 ივნისს, ფოკაში, უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით მიტროპოლიტმა დანიელმა ხელი დამსასხა მღვდლად. ერთხანს ვდიაკვნობდი სამთავროს დედათა მონასტერში, შემდეგ, _ მღვდლად კურთხევამდე, _ სვეტიცხოველში. 1995-96 წლებში ვიყავი სოფელ ძეგვის, წმიდა სამების მოძღვარი. 1996 წლის 1 დეკემბერს დავინიშნე ქვაშვეთის ეკლესიის მოძღვრად, სადაც ვმსახურობდი 12 წელი, 2008 წლის დეკემბრამდე. 1999 წლის 6 მაისს, უწმიდესმა და უნეტარესმა ამიყვანა დეკანოზის ხარისხში. 2001 წლის 7 აპრილს, უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, შიომღვიმის მონასტერში ბერად აღმკვეცა, მონასტრის წინამძღვარმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) და მომანიჭა იღუმენის ხარისხი. 2007 წლის 25 თებერვალს, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამიყვანა არქიმანდრიტის ხარსსხში.
სამთავრო. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი. მამა ლაზარე. პარაკლისი. 2009 წელი;
2008 წლის 14 დეკემბერს, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დავინიშნე სამთავროს დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად. 2010 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დამაჯილდოვა მეორე გამშვენებული ჯვარის ტარების უფლებით.
სამთავროს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე) 2010 წელი, 12 ნოემბერი.
არქიმანდრიტი ლაზარე, ღირსი მამა გაბრიელის კელიაში, მამა გაბრიელის ქუდით. 2013 წელი;
სამთავრო. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი. მამა ლაზარე. 2011 წელი;
სამთავრო, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი - 05.11.2009 წელი;