სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12188

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იოსებ ლუარსაბის ძე მაზმანიშვილი 1888-1974წწ. დიაკვანი დაბ. სოფ. იყალთო (თელავი) იოსებ ლუარსაბის ძე მაზმანიშვილი 1888-1974წწ. დიაკვანი დაბ. სოფ. იყალთო (თელავი)

1888-1974 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მაზმანიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

21       ბეჭდვა

იოსებ ლუარსაბის ძე მაზმანიშვილი 1888-1974წწ. დიაკვანი დაბ. სოფ. იყალთო (თელავი)

დიაკვანი იოსებ ლუარსაბის ძე მაზმანიშვილი

იოსებ მაზმანიშვილი დაიბადა 1888 წლის 24 ივლისს სოფ. იყალთოში, ლუარსაბ და ბარბარე მაზმანიშვილების მრავალშვილიან ოჯახში, სადაც სამი ვაჟი და ექვსი ქალი იზრდებოდა... მათ უჩვეულო და-ძმობა ჰქონიათ. მათ არქივში დღემდე დაცულია წერილები, სადაც ისინი ღრმა პატივისცემით და სიყვარულით მიმართავენ როგორც ერთმანეთს, ისე დედ-მამას. “ღრმად პატივცემულო დედავ და მამავ”, ანდა “ჩემო ძვირფასო დედავ და მამავ”; იოსები ვაჟიშვილებში ყველაზე უფროსი იყო.

1897 წელს იგი აწყურის ოთხწლიან სკოლაში მიიყვანეს, რომელიც 1901 წელს დაასრულა.

მეოცე-ს. ოციან წლებში იოსებს თავისივე ბიოგრაფიის ნაწილი ჩაწერილი აქვს ერთ პატარა რვეულში. სადაც იგი წერს; 1902წ. მარტში ქერჩში წამიყვანეს, სადაც 1904 წლის აგვისტომდე დავრჩი. სავარაუდოდ ამ პერიოდში იგი სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1904წლის 17 ნოემბერს შუამთის მონასტერში მივიდა, სადაც სწავლობდა გალობას, მედავითნეობას. იგი გაწაფულა წიგნის კითხვასა და გალობაში. მონასტრის მხცოვანი მღვდელ-მონაზონი ილარიონ ჩოლოყაშვილი აფრთხილებდა: “შენ უკვე ჩინებულად კითხულობ და თავმოწონებამ არ გძლიოსო.”

მარცხნიდან პირველ რიგში: შუამთის მონასტრის მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი და არქიმანდრიტი იოსებ ლაგაზიშვილი. მეორე რიგში მარცხნიდან: იოსებ მაზმანიშვილი (შემდგომში დიაკონი), ვასილ როინაშვილი

ცხოვრობდა თელავში ღვთაების ეკლესიასთან

1907 წელს იოსები წიგნის მკითხველად იყალთოს ღვთაების მონასტერში გაამწესეს. იყალთოში ბავშვობიდნ დიდი მეგობრობა ჰქონია თავად დიმიტრი (ტიტიკო) მაყაშვილთან. ისინი თითქმის თანატოლები იყვნენ. იოსები მაყაშვილების ოჯახში ძალიან ბევრ წიგნს კითხულობდა. 1919 წლის 10 იანვარს თელავის ღვთაების ტაძარში გადაიყვანეს, სადაც დიაკვნის ხარისხში 1931 წლამდე მსახურობდა, დეკანოზ ეპიფანე ჯაოშვილთან ერთად. მამა ეპიფანეს დახმარებით ღვთაების ბორცვზე, თავადი რუსიშვილების ყოფილ მამულში, მამა იოსებს პატარა ადგილი შეუძენია და დასახლებულა. მშობლების დაჟინებული თხოვნით დაოჯახდა. შვილი არ მიეცა, მაგრამ მამობრივი მზრუნველობით ზრდიდა თავის

ძმისშვილებს, რომლებსაც ჩააბარა თავისი სახლი, წიგნები, არქივი...

1931 წელს დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი ვერაგულად მოკლეს, მოწამლეს დარიშხანის ნემსით. იოსებმა მუქარის მიუხედავად, ღამით წაასვენა მისი ცხედარი და თელავის ძველ სასაფლაოზე დაკრძალა. მან იცოდა დეკანოზის მკვლელობის ამბავი და ამ მიზეზით მეტად ავიწროებდნენ. ხშირად ღამით აკითხავდნენ სახლში და მილიციაში მიჰყავდათ. გახადეს კაბა, გაკრიჭეს, ღვთისმსახურება აუკრძალეს.

თითქმის ყველა საუფლო დღესასწაულს შინაპატიმრობაში ატარებდა. “მე ვხედავდი მის მოღუშულ, ტკივილიან და თვალცრემლიან სახეს. დღესასწაულებზემთელი ღამის განმავლობაში იდგა სახატესთან და დაუღალავად ლოცულობდა. სასიამოვნო ხმით გალობდა”-- ამბობდა მელანია მაზმანიშვილი. (იოსების დისშვილი) მამა იოსებს განსაკუთრებით სტანჯავდა იყალთოს მონასტრის გაპარტახება.  მისი ჩანაწერების მიხედვით 1938 წელს თელავის მუზეუმის თანამშრომლებს მონასტრის საფლავები გაუხსნიათ და ის ადგილი, რომელიც არსენ იყალთოელის საფლავად იყო ცნობილი გათხარეს, ნაწილები კი თელავის მუზეუმში გადაიტანეს.

გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში თელავში ცხოვრობდნენ ალავერდელი მღვდელმთავრები ეფრემი (სიდამონიძე) და გაბრიელი (ჩაჩანიძე), რომლებიც სხვა ეპარქიაში გადასვლის შემდეგ გულთბილ წერილებს სწერდნენ იოსებ მაზმანიშვილს, როგორც დიდ მოამაგეს და მზრუნველს ეკლესიისა. იგი იყო კეთილი მასპინძელი სასულიერო პირებისა, რომლებიც ალავერდის ეპარქიაში მოღვაწეობდნენ. თელავში მეუფე ეფრემის თანამესენაკე ყოფილა სანდრო მარგალიტაშვილი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისაგან იდევნებოდა.

იგი აგროვებდა გადაყრილ საეკლესიო წიგნებს და იოსებ მაზმანიშვილთან მიჰქონდა ასაკინძად. მამა იოსები გულმოდგინდ კინძავდა წიგნებს, ყდას უკეთებდა. მის მიერ გადარჩენილი წიგნები ღვთაების მონასტერს გადასცა ქალბატონმა ბაბულია მაზმანიშვილმა. იგი ასე იგონებს მამა იოსებს: “იოსებმა იცოდა უაღრესად სუფთა საქმე, წესრიგიანი იყო. ბავშვობიდანვე სათუთი გულის ადამიანი ყოფილა,

უაღრესად კაცთმოყვარე, შემბრალებელი როგორც ადამიანების, ისე ცხოველების და მცენარეების მიმართ. მისი ბაღი ყოველთვის სათუთად მოვლილი და სათანადო წესით დარგული ხეებით იყო სავსე. იცოდა ზედმიწევნით ხეხილის და ვაზის მყნობა და ყოველთვის დიდი სიამოვნებით თავის ცოდნას და გამოცდილებას უზიარებდა თავის გარშემომყოფთ.

ყოველ დილას იგი იწყებდა ლოცვას, გააღებდა თუ არა ოთახის კარებს, აღმოსავლეთის მიმართულებით პირჯვარს გადაიწერდა, თაყვანს სცემდა ღმერთს და ეკლესიას (რომელიც მისი სახლის წინ მდებარეობს) და ყოველივე ამის შემდეგ იწყებდა საქმიანობას. მას ძალიან სასიამოვნო ხმა ჰქონდა. მახსოვს საეკლესიო დღესასწაულებზე თავის დისშვილ _ მელანიასთან ერთად შესანიშნავად მღეროდა საგალობლებს.

ადამიანი, რომელიც წიგნებს უდიერად ექცეოდა, მისგან შენიშვნას უსათუოდ მიიღებდა. მის წიგნებში, როგორც სასულიერო, ისე საერო ლიტერატურაში, ყოველთვის იდო სანიშნე  ქაღალდის პატარა ნაწილი, ან მცენარის ფოთოლი, რომელზედაც ჩანიშნული იყო შენიშვნა: წიგნის მკითხველო ფურცელი არ ჩაკეცო, წარწერები არ გააკეთო.იგი იყო ძალიან კარგი მოსაუბრე, ფრიად ერუდირებული, როგორც საეკლესიო, ისე საერო საკითხებში. ზედმიწევნით იცოდა საეკლესიო ლიტერატურა. როდესაც თხოვნით მიმართავდნენ მას ამა თუ იმ საკითხზე, ის სწრაფი ახალგაზრდული შემართებით პოულობდა თავის ბიბლიოთეკაში შესაბამის პასუხებს და სთავაზობდა ლიტერატურას.

გიორგი მღვდელი, შემდგომში მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) ხშირად მიდიოდა მამა იოსებთან, ისინი დიდხანს საუბრობდნენ საეკლესიო საკითხებზე. “ბიძაჩემი მეგობრობდა და დიდი მიმოწერა ჰქონდა უკრაინელ მარკ სტეპანოვიჩთან... მე არ ვიცი ბიძაჩემი როდის დაუმეგობრდა მას. თუმცა იმისი მომსწრე ვარ, მისგან მოსული ბარათები ან თვითონ მისი ჩამოსვლა დიდ სიამოვნებას და სიხარულს ანიჭებდა. ისინი დიდი აღტაცებით საუბრობდნენ მართლმადიდებლობაზე, ეკლესიასა და მის მდგომარეობაზე. შემდგომში ჩემს

მამიდაშვილს მელანიას, ჩემთან საუბარში წამოსცდა, რომ კომუნისტების დროს ბიძაჩემი მარკ-სტეპანოვიჩს სახლის სხვენში მალავდა, რადგან კომუნისტები მას

სდევნიდნენო.”-მოგვითხრო ბარბარე მაზმანიშვილი.

იოსები გარდაიცვალა 1974 წლის 27 ოქტომბერს იგი დავკრძალეთ ქ. თელავში ძველ სასაფლაოზე მეუღლის გვერდით. მისი ანდერძის მიხედვით მის საფლავზე გაკეთებულია ხის ჯვარი და დარგულია მის მიერვე სიცოცხლეში დიდი ცაცხვის ხე.”


იოსებ მაზმანიშვილის არქივიდან წერილი #5

(ტექსტი დაწერილია სამ ფურცელზე, შეადგენს ექვს გვერდს, დაწერის თარიღი არ არის მითითებული, ფურცელი დაზიანებულია, სიტყვები არ აკლია, თავიდანვე დაზიანებულ, დახეულ ფურცელზეა დაწერილი, მელნით და კალმით. პირადი არქივი დალაგებული აქვს მამა იოსებს

მოგვიანებით და ჩამატებული აქვს წინადადება ავტოკალმით.)

“რაც რომ გადაურჩათ სპარსელებს და თურქ-ოსმალებს მახმად ხანს და შახ-აბას ჩვენი ეკლესიების აოხრების დროს ის დარჩენილი ჩვენმა ძმებმა და შვილებმა საბოლოოდ გაანადგურეს წიგნები და სხვა საგნები, როგორც მოხვდათ სახევად და საწვავად, დანდობა არა ჰქონდა ხელნაწერი იქნებოდა თუ ნაბეჭდი ჩვენმა წინაპრებმა რამდენი შრომა გასწიეს, ეთარგმნათ, ეწერნათ და ბოლოს ბეჭდვით შეენარჩუნებინათ ის თარგმანები, კიდევ კარგი ახლო წარსულში 18 წლებში შესდგა გულშემატკივართ სამღვდელოებათაგან და მოღვაწეთა წრე რომელმაც დაარსა ე.წ. საეკლესიო მუზეუმი, რომელშიც მოათავსეს ძველი

ხელნაწერები, ხატები, წიგნები, როგორც მაგალითად კირიონ ეპისკოპოსმა, რომლის ხელწერილი ინახებოდა იყალთოს ღვთაების ეკლესიაში ესა და ეს ხელნაწერი წიგნები წაღებულია მუზეუმში და ალბათ სხვა ადგილებიდანაც, მაგრამ ზოგან მაინც დარჩებოდა, როგორც იქვე ნათლისმცემლის ეკლესიაში იყო ორი ხელნაწერი პატარა წიგნი, ერთი ხუცურად და ერთი მხედრულად, რომლებიც ვერ ასცდებოდა უვიცი პირისაგან დახევას. სიძველეთა ძეგლთა და ხელნაწერთა დამცველის ფურცლის ნახევებსაც სიფრთხილით აგროვებს. მაგრამ უკვე გვიან არის, გაანადგურეს უვიცებმა, რა ტანჯვით სტამბა უნდა

მოეგვარებინათ, სადაც წვალებით დაებეჭდათ ის ხელნაწერები, ვახტანგ მეხუთე რუსეთში გადასახლდა, რომ საქართველო მოულოდნელ დაცემას მტრისას არ გაენადგურებინაა, ეს წვალებით მოწყობილი სტამბა ხან მოსკოვში ბეჭდავდნენ და იქიდან რა ტანჯვით, შრომით უნდა მოეწოდებინათ ჩვენი ეკლესიებისათვის. აქ კი ჩვენი ძმები და შვილების ხელით დანიავდა.

სიძველეთა დამცველი საზოგადოება უფრთხილდება ნანგრევ კედელს, იკვლევს მის წარსულს. იყალთოში თენეიშვილმა განიზრახა გაენადგურებინა ე.წ. წმინდა სტეფანეს ეკლესიის კედლები, ადგილობრივმა რომ არვინ იკისრა, მიუხედავად კაისაშრომის დაპირებისა, წავიდა მეზობლად მაჰმადიანსოფელ ყარაჯალითგან თათრები მოიყვანა, დიდი ზეიმით ცხვრები დაუკლა და ზურნით გაამხნევა კედლების მანგრევლები, მაგრამ მოხდა მარცხი, გადმოვარდა კედლიდან კაცი, რომლის შემდეგ, სხვებმაც მიატოვეს მუშაობა შეშინებულებმა. ეხლა კი ვგონებ, სიძველეთა დამცველ საზოგადოებას აღრიცხვაზე უნდა ჰქონდეს აყვანილი წმინდა

სტეფანეს ნანგრევები.

საბოლოოდ ღვთაების ტაძარს, რომლის მეოხებით ოდესმე სასწავლებელი—იყალთოს აკადემია ფენდა ცოდნის სინათლეს ქართველ ახალგაზრდობას, წელიწადში რამდენჯერმე იყრიან თავს საათობით ლაპარაკობენ—აკადემია, აკადემია, აკადემია დაარსა აწ იშრომა ახალგაზრდების აღზრდაზე, იმათ ფარად ჩამოაფარეს, იმათ რწმენას შავი საღებავი წაუსვეს, ვითომ ისინი არც კი ყოფილან და მარტო კედლებს უსწავლებია მაშინდელი ახალგაზრდებისათვის, მომავალი მოღვაწეებისათვის. სადღაა ამ სასწავლებლის დამაარსებელი არსენი იყალთოელი—დავით აღმაშენებლის მოძღვარი და მესაიდუმლე, თავს ისე

იმდაბლებდა, მეფის მოძღვარ—მასწავლებელი უწოდებდა თავის თავს ბერი არსენი. იქნებ მართლა იმ დროს ეს დიდებული პირი ხარისხებს არც კი “კითხულობდა”, უბრალო ბერის ხარისხში თავსდებოდა. რასაკვირველია ეს სიმდაბლე სიმაღლედ ექმნა, როგორც ... სამშობლოს

გულშემატკივარს საქართველოს ეკლესიის მამათ მთავრად, კათალიკოზ პატრიარქად აღიყვანა მადლიერმა მშობელმა ქართველმა ერმა და მისმა მაშინდელმა მთავრობამ. ახლა ვნახოთ მოსწავლეებში ვინღა იყვნენ ამ აკადემიის მაშინდელი სტუდენტების, როგორც ყველასგან პატივცემული

შოთა რუსთაველი ან სხვები, ეს მასწავლებლები სერთუკებში იყვნენ, ფრაკებში თუ კასტუმებში?! თუ თავიანთი საპატივცემლო ბერი არსენივით მანტიაში, რომლებიც საღამო ამ ტაძარში ღაღადებდნენ და ავედრებდნენ დედა ღვთისას მის წილხვდომილ საქართველოს. ეხლა ეს მათი წმინდა სალოცავი წმინდა წმიდათა გამასხარავებული ტარტალინა ბავშვივით გაშიშვლებული სახატე კანკელი, მოხსნილი აღარც კარები საკურთხევლისა, ვინც უნდა იყოს ქალი თუ კაცი შეაბოტებს, ტრაპეზს-

- როგორც უბრალო სტოლი შეეხება. იმ შოთას მასწავლებლების სიწმინდეს შეურაცყოფენ და მთელი საათები ლაპარაკობენ. არანაკლები შეურაცხყოფა თვით დიდი არსენის საფლავს მიაყენა და ძვლებს, თელავის მუზეუმის გამგემ მამულაშვილმა, რომელიც არავისთან შეთანხმებით, თავის ინიციატივით დააყენა მუშები და ჩრდილო კარების წინ სვეტსა და კედლის შუა სადაც ფეხის დადგმის დროს აგრძნობინებდა სიცარიელეს მოათხრევინა აკლდამის თაღი ჩატეხალაფატკით, ძვლები უპატიურათ ამოაყრევინა საპატიო კაცის, ნივთი კი სამუზეუმო ვერა ნახა. ძვლები ვითომ საპატიოთ თელავში მუზეუმში წაიღო. კითხვა იბადება, რა ხელი ჰქონდა რომ დიდებულ, თანაც სამღვდელო პირს ეხებოდა, რომელიც თავის შრომის და წმინდა ცხოვრებისათვის საქართველოს ეკლესიამ წმინდანთა რიცხვში შერაცხა.

(წმინდა არსენ იყალთოელი უწოდა) თუ პატივისცემა იყო ადგილობრივ, სადაც უეჭველია თავის სურვილით იყო აქ დამარხული, იქვე დაეტოვებინა მისი ძვლები და პატარა ქვის წარწერა კედელში ჩაესმევინა, როგორც სხვაგან ბევრგან შუამთის ტაძარში იმავე ეპისკოპოსმა კირიონმა კახეთის დედოფლის თინათინის საფლავის გვერდზე კედელში ჩაასმევინა მარმარილოზე დაწერილი “თინათინი დედოფალი კახეთის მეფის ლევანის მეუღლე.”

ტექსტი აკრეფილია 2012 წელს. თელავის ღვთაების ტაძარი.


ალავერდის ეპარქიის არქივის მასალა შეადგინეს მონაზონმა მარიამმა ტოროშელიძემ და არქივის თანამშრომელმა ლელა აზიკურმა;


ტოროშელიძე მარიამი - მონაზონი. თელავის ღვთაების მონასტერი;


ლელა აზიკური;

მასალა მოგვაწოდა ნიკოლოზ გიორგის ძე ბოტკოველმა;


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.02.2026
ბოლო რედაქტირება 11.02.2026
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0