მღვდელი სოლომონ პავლეს ძე იმერლიშვილი 1848 წელს თელავის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სასულიერო სასწავლებელში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში თელავის მაზრაში მედავითნედ მსახურობდა. XIX ს-ის 70-იანი წლების დასაწყისში ჯვარი დაიწერა ძველი გავაზის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის წინამძღვრის, მღვდელ მათე დავითის ასულ იანქოშვილის ასულზე მაგდალინაზე (შინაურობაში მაგდანას ეძახდნენ). ჰყავდათ სამი შვილი: მღვდელი ვლადიმერი, ალექსანდრა (დეკანოზ გიორგი შიშნიაშვილის მეუღლე), ეკატერინე და ერთიც ვაჟი (სახელი უცნობია). მალევე სოლომონი დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი და მსახურობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის სხვადასხვა სამრევლოებში. XIX ს-ის 80-იან წლებში სამხედრო უწყებაში გადავიდა და განჯის მაზრაში, დილიჯანის ადგილობრივ სამხედრო პოლკის კაპელანად დაინიშნა. 1891 წლის 11 დეკემბერს ახლად გახსნილი ქ. ყარსის ციხესიმაგრეში მდგომი ფეხოსანი ბატალიონის კაპელანად გადაიყვანეს. 1892 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს. ყარსში მცხოვრებ ქართველებს დიდ ნუგეშად მოევლინათ მამა სოლომონი. მან თავის გარშემო შემოიკრიბა ქართული სათვისტომო და მტკიცედ მოკიდა ხელი ქართული წირვა-ლოცვის გაძლიერებას. აი, რას წერდა ქართული პრესა ამასთან დაკავშირებით: „1893 წლის 14 მარტს ყარსში აკურთხეს ბატალიონის ეკლესია. მწირველნი იყვნენ: დეკანოზი დამიან ბორშჩი, მღვდელი ნიკოლოზ ფინიკოვი და ახლად აშენებული ეკლესიის მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი. წირვა და გალობა ქართულად იყო. ქართველობა ყარსისა დიდი მადლიერია მამა ს. იმერლიშვილისა, რომლის წყალობითაც ეს მეორედ მოისმინა ქართულად წირვა და გალობა ამ ცოტა ხანში“. 1896 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1896 წლის ოქტომბერში მღვდელი სოლომიონი ქ. ვლადივასტოკის ციხესიმაგრის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მოძღვარს ძალიან გაუჭირდა სამშობლოდან ასე შორს წასვლა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო, დამორჩილდა ბედს და გაემგზავრა ქვეყნის დასალიერში. ამასთან დაკავშირებით 1896 წელს იგი ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორს, დეკანოზ დავით ღამბაშიძეს სწერდა: „პატივცემულო მამაო რედაქტორო! ეს არის, მივემგზავრები შორეულ ქვეყანაში აღმოსავლეთისკენ; ორმოცდათორმეტი დღე და ღამე ხომალდით უნდა ვიმგზავრო. მე დავინიშნე მღვდლად ვლადივოსტოკის ციხის ტაძარში. ოცდასამი საათი არის სახალინამდის სასიარულო ვლადივოსტოკიდან. თუ ღმერთმა მშვიდობით მიგვიყვანა, უთუოდ წავალ ამ კუნძულზე, სადაც, როგორც ამბობენ, ხუთას სულამდის არიან ჩვენი ქართველები. მე თან მიმაქვს საჭირო წიგნები, რომ ამ საცოდავებს ქართული წირვა მოვასმენინო და დავმოძღვრო. გთხოვ, რომ დაგვეხმაროთ და პატარ-პატარა რელიგიური და ზნეობრივი შინაარსის წიგნები მივაწვდინოთ ამ საცოდავ ხალხს, რომელიც მოკლებული არი ამ შორეულ ქვეყანაში ყველაფერ ჩვენს ენაზე საღმრთო საკაცებო საკითხავებს. იმედი მაქვს, კავშირი ვიქონიო თქვენს რედაქციასთან და საინტერესო ცნობები მოგაწვდინო ამ შორეული ადგილიდან". დეკანოზი დავით ღამბაშიძე იქვე წერდა: „ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ, რითაც შეგვიძლია ხელი შეუწყოთ და დავეხმაროთ გაჭირვებულთ, ჩვენი ქვეყნიდან გადახვეწილთ და იმედი უნდა იქონიოს პატივცემულმა მამა სოლომონ იმერლიშვილმა, რომ ჩვენ არაფერს არ დავიშურებთ ამ გაჭირვებულთა დასახმარებლად“. 1898 წელს „ივერიის“ რედაქციაში ქ. ვლადივასტოკიდან მამა სოლომონის (მისი ფსევდონიმი გახლდათ -––- სოლიკო ციმბირში) ვრცელი წერილი მოვიდა, რომელშიც ის აღწერს იქაური ქართველების
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 18-31 მარტი 2021წ გვ.21
მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი 1848-1909 (გაგრძელება)
ყოფა-ცხოვრებას, სახალინის კუნძულზე გადასახლებულ კატორლა ოვლილ ქართველთა სულიერ და ზნეობრივ“ მდგომარეობას, გაჭირვებასა და უბედობას, ჭირსა და ლხინს, რომელიც სრულად დაიბეჭდა გაზეთის ფურცლებზე. აი, რას ვკითხულობთ იე: „ჩვენდა დიდ უბედურებად უნდა ჩაითვალოს აქაური ტელეგრაფის უვარგისობა: თვე თუ კვირა არ გაივლის ისე, რომ არ გაფუჭდეს და არ მოვაკლდეთ რუსეთიდგან, თუ საქართველოდგან ამბების შეტყობას. ფოსტაზედ ლაპარაკი ხომ მეტი იქმნება, რადგანაც ორი და სამი თვე უნდა ველოდეთ წერილებს და კორესპონდენციებს. დროთიც განირჩევა ჩვენი კურთხეული | ვლადივოსტოკი! მაგალითად, საქართველოში და აქ დროთა გარჩევა შეადგენს რვა საათს. ჩვენ რომ აქ რვა საათზედ ჩაისა ვსვამთ, საქართველოში ღრმა ძილში არიან ჩვენნი მოძმე ნათესავები. ქალაქ პეტერბურგზედ 9877 ვერსით დაშორებულნი ვართ, ხოლო საქართველოზედ ზღვის გზით 25 000 ვერსით. თქვენი უმორჩილესი მონა ბათუმიდან ვლადივასტოკამდე მისვლას გემით სულ ორმოცდათხუთმეტი დღე და ღამე მოუნდა. 11 სექტემბერს, დილის 11 საათზედ, აქ ერთი საზარელი მკვლელობა მოხდა. გამოგზავნილმა რაჭის მაზრის მცხოვრებელმა, ახალგზარდა 30 წლის მამუკა ფოჩხიძემ მოჰკლა დანით თავისი საყვარელი, 20 წლის ქალი დარია მარკოვისა და ამით დაამცირა გამოგზავნილის ქართველების დამსახურებული ნდობა და სახელი... რადგანაც გამოგზავნილებზედ ჩამოვარდა ლაპარაკი, მკითხველს ორიოდე სიტყვას მოვახსენებ გამოგზავნილთა შესახებ. როდესაც სახალინის კუნძულზედ კატორგაში გამოგზავნილს შეუსრულდება ვადა, ექვსის წლის შემდეგ, თუ მთავრობის ყურადღება დაიმსახურა, მას ეძლევა „გლეხობის წოდება“. ამასთან, აძლევენ ადგილს გამოგზავნილთა ახალშენებშივე, სადაც უნდა აიშენოს სახლ-კარი და დაიწყოს გლეხურად თავისის ოფლით რჩენა. ამისთანა ახალ-შენებით შენდება სოფლები კუნძულ სახალინის მდიდარს, უდაბურს ტყეებში, მთავრობის ნებართვით და ურთიერთის თანხმობით მამაკაცები ირჩევენ გამოგზავნილ დედაკაცთა შორის საცოლეებს და სცხოვრობენ, თუმცა ჯვარდაუწერელად, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარნი, განუყრელად ჭირსა და ლხინში. თუ ვინიცობაა ერთმანეთს ვერ შეეთვისნენ, მთავრობის განკარგულებითვე შეუძლიანთ დაშორდნენ და სხვა აირჩიონ. ამგვარს ცხოვრებაში უნდა გაატაროს გამოგზავნილმა 13 წელი. შემდეგ შეუძლიან, სათაც უნდა, იქ წავიდეს, მხოლოდ სახეში უნდა ვიქონიოთ ის, რა პირობითა აქვს გარდაწყვეტილი ვადის შესრულება. ამასთან, წასვლა-მოსვლას ფული უნდა და გამოგზავნილი პირველ ხანად სად იშოვის ფულს. თუმცა კი ვადის შესრულების შემდეგ ახლად დასახლებულს ვალად ეძლევა ხაზინიდგან ფული ან საქონელი, რომელიც წვრილწვრილად უნდა გადაუხადოს. თუ ვინიცობაა მოჰბეზრდა სახალინში ცხოვრება და მთავრობის ყურადღებაც დაიმსახურა, შეუძლიან, მთავრობის თანხმობით, წამოვიდეს აქეთ, ვლადივოსტოკსა და ციმბირის სხვა ქალაქებში: ხაბაროვსკში, ბლაღოვეშჩენსკში, ტომსკში, ირკუტსკში და სხვა. ამ ქალაქებში ზოგი ვაჭრობს, ზოგი რკინის გზაზედ ჰმსახურობს, ზოგი იჯარას იღებს. ჩემის აქ მოსვლის დღიდგანა, 1896 წლის 23 დეკემბრიდგან, ვაკვირდები გამოგზავნილთ და სასიამოვნოდ მიმაჩნია, რომ სხვა ხალხოსნობის გამოგზავნილთა შორის პირველი ადგილი „ქართველებს“ უჭირავთ პატიოსნობით, ნდობით და ფხიზელის ცხოვრებით. სუფთად, ევროპიულად ჩაცმულნი, თავშეკავებულნი, ზრდილობიანნი, ისინნი საზოგადოების ყურადღებასაც კი იზიდავენ. ვისთანაც-კი მქონია საუბარი, ყველა დიდად ნასიამოვნებია ქართველ
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 18-31 მარტი 2021წ გვ.22
მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი 1848-1909 (გაგრძელება)
გამოგზავნილთაგან; ერთმა კაცმა მითხრა, რომ ქართველებისთანა პატიოსანს მოსამსახურეს არ შევხვედრივარო. აი, ასეთი სახელი აქვთ გამოგზავნილ ქართველებს აქ და ფოჩხაძემ კი, თავისის საქციელით, ჩირქი მოსცხო აქაურ ქართველობას. ვინც ჭკუით იქცევა და ვაჭრობას მისდევს, ის ფულის პატრონი ხდება. მაგ.: ქ. ხაბაროვსკაში არიან ორნი ძმანი, გამოგზავნილნი კავკავიდან, შაბაგულოვები, რომელთა შეძლება 800 000 მანეთს აღემატება, კუნძულ სახალინში ერევნელი ისაიანცია, რომელსაც 60 000 მან. შეძლება ექმნება. აქ, ვლადივოსტოკში, რაჭის მაზრის, იოსებ გომართელს -– 50 000 მან. აქვე ახშარუმოვს, ქ. ტფილისიდგან გამოგზავნილს, 55 000 მან. და სხვა. გამოგზავნილთ გარდა, ორი ქართველიც არის აქ -- ერთი მოვაჭრე და ერთიც მზარეული. აქ მყოფ ქართველებთან მოლაპარაკება მაქვს ქართულის სამკითხველოს დაარსების შესახებ. მხოლოდ სახლის სიძვირე და უკაცობა აფერხებს საქმეს. პატარა ოთახს, სადაც თაგვი კუდს ვერ მოიქნევს, ოც მანეთ ნაკლებ ვერ იშოვნის კაცი. კაციც გვინდა, რომელმაც უნდა განაგოს სამკითხველო. აქ გამოგზავნილ ქართველების სახელით ვთხოვ ქართულის წიგნების გამომცემელთ და რედაქციებს, ნუ დაიშურებენ თითო ცალს თავიანთს გამოცემისას „ვლადივოსტოკის ქართულ-სამკითხველოს“ სასარგებლოდ, რომელიც შემაერთებელი შეიქმნება საქართველოსა და აქ გამოგზავნილ, ბედისგან დაჩაგრულ და მიწა-წყალ მოკლებულ ქართველთა შორის. მე წამოღებული მქონდა საქართველოდგან პატივცემულ დეკ. ღამბაშიძის რედაქციის მიერ გამოცემული სასულიერო შინაარსის წიგნაკები, რომლებიც ბევრს დავურიგე და დიდად ნასიამოვნებნი დარჩნენ. ბევრს ტუსაღობაში უსწავლია წერა-კითხვა. რუსულადაც ბევრი კარგად ლაპარაკობს, მხოლოდ ქართული მწიგნობრობა კოჭლობს, რაც საწყინოდ მიმაჩნია. „ვლადივოსტოკის ქართულის სამკითხველოს“ სასარგებლოდ შეიძლება გამოიგზავნოს წიგნები შემდეგის ადრესით: ......... 1899 წელს სახალინის ქართულ სამკითხველოს გამგე ალ. არდიშვილი გაზეთ „ივერიაში“ მლვდელ სოლომონის მოღვაწეობის შესახებ წერდა: „ივერიის საშუალებით უგულითადესს მადლობას ვუცხადებ როგორადაც მე, ისე ყველა სახალინელი ქართველი ქალაქ ვლადივოსტოკის ჯარის მღვდელს მამა სოლომონ იმერლიშვილს, რომელმაც არ დაიზარა და თავისი სურათი გამოგვიგზავნა, რითაც დიდად გვანუგეშებს; გარდა ამისა, შეგვპირდა სახალინში მოსვლას ქართულ ენაზედ წირვა-ლოცვის გარდასახდელად ჩვენთვის. ყველა ქართველი ადვილად იგრძნობს, როგორც მოუთმენლად მოველით იმ სანატრელ ჟამს, როცა მამა სოლომონი შეგვისრულებს თავისს დანაპირებს. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან რაც სამშობლოს მოვშორდით, მერე ქართული წირვის ღირსი არ გავმხდარვართ ჯერ“. მღვდელ სოლომონის მეცადინეობით, თავდადებული სამსახურისა და ქადაგების წყალობით ქართული სათვისტომო შესამჩნევად გაძლიერდა და განმტკიცდა. რამდენიმე წელიწადში მათი მდგომარეობა იმ დონეზე გაუმჯობესდა, რომ ისინი საქართველოში აგზავნიდნენ გარკვეულ შეწირულობებს სხვადასხვა საზოგადოებრივი საქმიანობის შესაწევნელად. 1901 წელს ქართულ პრესაში გამოქვეყნდა ასეთი წერილი: „1) „გიგზავნით რა ქ. ვლადივოსტოკსა და ხაბაროვსკში ქართველთა, სომეხთა და შორის ჩემ-მიერ შეკრებილ ფულს 330 მან., უმორჩილესადა გთხოვთ, ეს ფული გაანაწილოთ შემდეგ საზოგადოებათა შორის: ა) მცხეთის ტაძრის შემკეთებელს (გამამშვენიერებელ) კომიტეტს 60 მან.; ბ) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 70 მან.; გ) მომავალ ქართველ სტუდენტთა დამხმარებელს საზოგადოებას 100 მან.; დ) ჩვენის სამშობლო სასულიერო (საეკლესიო) გალობისა და საერო სამშობლო მუსიკის შესწავლა აღდგენისათვის მომავალს საზოგადოებას 100 მან.; ბოლოში არის სია შემომწირველთა“. თავის მხრივ, საქართველოდანაც გაუგზავნეს ვლადივასტოკის ქართველებს მათთვის საჭირო ნივთები, რაზედაც მამა სოლომონმა დიდი მადლობა გადაუხადა გაზეთ „ივერიის“ რედაქციით: „უღრმესს მადლობას ვუძღვნი პატივცემულს დეკანოზ ღამბაშიძეს, რომელმაც „ვლადივოსტოკის ქართულს სამკითხველოს“ ას ცალამდის სხვადასხვა წიგნაკი რელიგიური შინაარსისა ქართულსა და რუსულს ენაზედ უფასოდ გამოუგზავნა. ესრეთვე მადლობას ვუძღვნი იოსებ ლეჟავას (უდაბურ წყალ-წმინდელს), რომელმაც ოცი ცალი სხვადასხვა წიგნები შემოსწირა და დროებით დ. აბაშაში მცხოვრებს, ბაგრატ ივანეს ძე დოლიძეს, რომელმაც შემოსწირა ცამეტი ცალი სხვადასხვა წიგნები. ვთხოვთ ყველა გულშემატკივართ, ჩვენის ჯერედ ნორჩის „ვლადივოსტოკის ქართულ სამკითხველოსთვის“ ნუ დაიშურებენ თავიანთს წვლილს“. 1903 წლის 10 სექტემბრის – 3 ოქტომბრის რუსეთის უწმინდესი სინოდის ბრძანების საფუძველზე, ჩინეთის აღმოსავლეთ რკინიგზის მლვდელი სოლომონ იმერლიშვილი დაინიშნა აღმოსავლეთ ციმბირის 26-ე მსროლელი პოლკის კაპელანად. 1904 წლის 8 თებერვალს დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი. იმავე წლის 14 თებერვალს მღვდელი სოლომონი აღმოსავ-
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 18-31 მარტი 2021წ გვ.23
მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი 1848-1909 (გაგრძელება)
ლეთ ციმბირის მსროლელი პოლვკების მე-7 დივიზიის მთავარხუცესად აირჩიეს. მღვდელი სოლომონი იყო ქ. პორტ-არტურში იაპონელების ალყის დროს, სადაც გაიმართა ყველაზე მძიმე ბრძოლები. მან გამოიჩინა დიდი გაბედულება და ბრძოლის წინა ხაზზე ამხნევებდა მეომრებს, უშიშრად წესს უგებდა გარდაცვლილებს და დაუზარელად უსრულებდა საეკლესიო წესებს. 1905 წლის 28 თებერვალს მოძღვარი ალმოსავლეთ ციმბირის 37-ე მსროლელი პოლკის კაპელანად გადაიყვანეს. 1905 წლის 22 სექტემბერს რუსეთ-იაპონიის ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული წმ. გიორგის ლენტიანი სამკერდე ოქროს ჯვრითა და წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1906 წლის 18 მაისს გაუქმდა 37-ე პოლკი და მღვდელი სოლომონი აღმოსავლეთ ციმბირის 34-ე მსროლელი პოლკის მოძღვრად განამწესეს. 1906 წლის 22 სექტემბერს დედაეკლესიაში 35-წლიანი უმწიკვლო სამსახურისთვის წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1907 წლის 8 იანვარს აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 მსროლელი დივიზიის მთავარხუცესად აირჩიეს. 1907 წლის 5 მარტს გენერალლეიტენანტ დემბოვსკის მიერ ჩატარებულმა კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთ-იაპონიის ომის დროს ქ. პორტ-არტურში ჩადენილი გმირობისათვის, იმპერატორის ბრძანების საფუძველზე, ყოფილი აღმოსავლეთ-ციმბირის 7 მსროლელი დივიზიის მთავარხუცესი და 26-ე აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელი პოლკის, და ამჟამად 34-ე აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელი პოლკის მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი დაჯილდოვდეს წმ, ანას II ხარისხის ორდენით. მღვდელი სოლომონი 1909 წლის 8 დეკემბერს ქ. ვლადივასტოკში გარდაიცვალა. მის სამგლოვიარო ნეკროლოგში ვკითხულობთ: „ხელმწიფემ უმაღლესად ინება ვლადივასტოკში გარდაცვალებულ აღმოსავლეთ ციმბირის მეცხრე მსროლელთა დივიზიის ბლაღოჩინის სოლომონ პავლეს ძე იმერლიშვილის გვამი ვლადივასტოკიდან მოასვენონ ტფილისში, რასაც აუწყებენ განსვენებულის მეუღლე მაგდალინა მათეს ასული და შვილები: ალექსანდრა და ეკატერინე იმერლიშვილები. დღეს დილით 10 საათზე მიცვალებულის გვამს ტფილისის სადგურიდან გადმოასვენებენ ავლაბრის მთავარანგელოზის ეკლესიაში, სადაც გარდახდილ იქნება წირვა და პანაშვიდი, დაკრძალვა იქვე, ეკლესიის ეზოში“. მამის გზის ღირსეული გამგრძელებელი იყო მისი ვაჟი -- მღვდელი ვლადიმერი.
მღვდელი ვლადიმერ იმერლიშვილი
იგი 1876 წელს დაიბადა. 1892 წელს დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1897 წელს დიაკვნად აკურთხეს და ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1898 წლის 2 მარტს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში მედავითნის შტატში დაადგინეს. 1900 წლის 1 მაისს ვლადივასტოკის ეპარქიაში გადავიდა და ქ. ვლადივასტოკის საკათედრო ტაძრის კრებულში დაინიშნა. 1903 წელს მამა ვლადიმერის ინიციატივით ქ. ვლადივოსტოკში საფუძველი ჩაეყარა „აღმოსავლეთ ციმბირისა და მანჯურიის ქართველთა დამხმარებელ საზოგადოებას“. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ ამის შესახებ: „ძლივს ეღირსა აღმოსავლეთ ციმბირის ქართველობას დიდი ხნის ძილისგან გამოღვიძება და თვალების მოფშვნეტა. მათ მიაწოდა მ. ვლ. იმერლიშვილმა ერთი საუკეთესო და სანეტარო აზრი, რომლის განხორციელებასაც დიდის ხალისით შეუდგნენ. ოცდასამს იანვარს თავი მოიყარა ქ. ვლადივოსტოკში მცხოვრებ ქართველობამ მ. ვლ. იმერლიშვილის სახლში, რომელმაც, ოთხიხუთი დღის წინ, კრების დღე დანიშნა და მოსაწვევი ბარათები გაუგზავნა კრების დაწყებისას, ხმის უმეტესობით, თავჯდომარედ ამოირჩიეს მ. ვლ. იმერლიშვილი, რომელმაც წარუდგინა გეგმა დასაარსებლად „აღმოსავლეთ ციმბირის და მანჯურიის ქართველთა დამხმარებელი საზოგადოებისა“. ქართველობა დიდის სიამოვნებით მიეგება ამ აზრს და თანხმობა გამოაცხადა შემწეობის აღმოსაჩენად. უმთავრეს საგნად ამ საზოგადოებას ექმნება, დაეხმაროს გონებრივად და ქონებრივად აქაურს ქართველობას, ერთს განუყრელს დასად
3-4 საპატრიარქოს უწყებანი N3 18-31 მარტი 2021წ გვ.24
მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი 1848-1909 (დასასრული)
შეჰყაროს იგინი და ძმურად დააკავშიროს. შეეწიოს ციმბირის ღარიბ ქართველ სტუდენტობას, გამოსცეს ქართულს ენაზედ სხვადასხვა წიგნები, დააარსოს ქართული ბიბლიოთეკა-სამკითხველოები და თავ-შესაფარები კუნძულიდგან ახლად განთავისუფლებულ ქართველთათვის და სხვა. კრებამ ამოირჩია თავის შორის სამი კაცი: მ. ვლ. იმერლიშვილი, ა. დოჩანაშვილი დას. ნიჟარაძე, რომელთაც დაევალათ წესდების ვრცლად შემუშავება. მათვე დაევალათ, შეატყობინონ ციმბირის ყველა ქართველებს და ამაზედ მოწოდება გაუგზავნონ. წესდება უნდა შემუშავდეს სხვა ადგილებშიც და შემდეგ ყველა ერთად განიხილება. იმედია, სხვა ქართველებიც დიდის სიამოვნებით მიეგებებიან ამ აზრს და მ. იმერლიშვილის მეცადინეობას მხარს დაუჭერენ. დიდის მადლობის ღირსნი არიან მ. ვლ. იმერლიშვილი და ბონი ა. ი. დოჩანაშვილი, რადგანაც პირველმა ითავა ეს დიადი საქმე, რომლისათვისაც საკმარისად მხნეობა და ძალა შესწევს და მეორემ-კი იკისრა პირველ ხნის ყველა წვრილმანი ხარჯები საზოგადოების დაარსებამდე; იგივე შეჰპირდა კრებას რავდენისამე აის მანეთის შეწირვას, თუ საქმე რიგიანად მოეწყო. თუ როგორი შედეგი ექნება ამ კრებას, შემდეგში გავუზიარებთ ქართველ საზოგადოებას. დასასრულს კრება სთხოვს ქართულ ჟურნალ-გაზეთობას ამ საგანზე თავიანთი აზრი გამოსთქვან და, თუ შეიძლება, საჭირო წესდება მოაწოდონ სახელმძღვანელოდ შემდეგის ადრესით: ................. 1904 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და 22-ე საველო ჰოსპიტალში კაპელანად განამწესეს. 1905 წელს რამდენიმე თვე იყო უშტატო მღვდელმსახური, 1905-1906 წლებში აღმოსავლეთ ციმბირის 26-ე მსროლელი პოლკის კაპელანია. 1906 წელს ამუ-დარინსკის სამხედრო კანცელარიის განყოფილების უფროსთან არსებული კარის ეკლესიის მღვდელია. 1910 წელს რამდენიმე თვე კვლავ უშტატო მღვდელმსახურია. 1910 წლის 20 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1911 წლიდან ციმბირის 8-ე მსროლელი პოლკის კაპელანია. 1916 წლის წმ. ანასIII ხარისხის მახვილებიანი ორდენით დაჯილდოვდა. 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ რუსეთში, ქ. სტავროპოლში 23-ე დამატებითი ჰოსპიტლისა და მე-11 ეპიდემიური ლაზარეთის მოძღვარია. სამწუხაროდ, აქ წყდება მის შესახებ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუ რა ბედი ეწია მღვდელ ვლადიმერს, დაბრუნდა სამშობლოში თუ რუსეთშივე გარდაიცვალა. გაზეთის რედაქცია შთამომავლებს ან მათ, ვინც იცის რაიმე მისი შემდგომი ცხოვრების შესახებ, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, რათა მოხდეს ამ ღირსეული ადამიანის ცხოვრების ბოლომდე შესწავლა.