არქიმანდრიტი ნეოფიტე (ხუბულური) XVIII ს-ის 40-იანი წლები 1829
არქიმანდრიტი ნეოფიტე ხუბულური XVIII ს-ის 40-იან წლებში ქართლის სამეფოში, სოფ. არდისში ეთნიკურად ოსი გლეხის ოჯახში დაიბადა. იყო მედუჯის ხეობიდან და ეკუთვნოდა ქსნის ერისთავებს: გიორგი, შანშე და თორნიკე ერისთავებს. ჰყავდა ერთი ძმა, ერისკაცი, რომლის სახელი არ შემორჩა. იოანე ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: „ესე ნეოფიტე ოს-ყოფილი აღზარდა ყრმა მთავარეპისკოპოსმან წერილთა შინა და მერე მიიღო რიცხვთა ბერებთასა ანტონი კათოლიკოზმან. ესე არს შესადარი ზემოხსენებულის ტრიფილესი, ვითარცა მოჟამნობითა, ეგრეთვე ეკლესიის წერილთა წარკითხვითა, მწერლობითაცა ქებული და მონაზონებითაც სრული. ამან მიიღო მეორე ანტონი კათოლიკოზისაგან არქიმანდრიტობა და აწ მსახურებს მას და სცხოვრობს მის თანა განუშორებლად“. ნეოფიტე, რომ ანტონ I კათოლიკოსის მოწაფეა, ჩანს ერთ-ერთი ხელნაწერიდანაც, რომელიც 1825 წელს დავით თუმანიშვილმა გადაწერა. ეს არის ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობა“, სადაც არის შენიშვნა: „მოწაფისა მისისა ნეოფიტე მღუდელ-მონოზონის თქმული, რომელი იყო ოსყოფილი „ნაწილთა შვიდთა შემპყრობავი წიგნი ესე, ესფერ უდარესად არს დატვიფრულ ხელითა...“. არქიმანდრიტი ნეოფიტე იყო კალიგრაფიც. ჩვენამდე მოღწეულია მისი რამდენიმე ხელნაწერი: 1766 წელს მისი გადაწერილი მიხითარ სებასტიელის „რიტორიკა“, რომელსაც აქვს შენიშვნა და ანდერძი. შენიშვნაში ვკითხულობთ: „მიხითარ ყ-დ ბრძნისა მოძღურისა სომეხთასა სევასტიელისა ქმნილი წიგნი რიტორიკა სარგებელად ყრმათა სკოლის შინათა, ქართულსა ხმასა ზედა გარდამოღებით შრომილი ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა...“. ანდერძი: „წელსა 1766, თუესა მაისსა 27
ნეოფიტეს მიერ იეროდიაკონისა“. 1782 წელს გადაწერილ „ქილილა და დამანაზე“ არის გადამწერის ანდერძი: „სრულ იქმნა წიგნი ესე, რომელ არს ქილილა და დამანა ქალაქსა ტფილისს ხელითა ყოვლად უღირსისა იეროდიაკონის ნეოფიტესითა განხორციელებითგან სიტყვისა ღვთისა ჩღპბ, თვესა ოკდომბერსა 18, ქართულსა ქორონიკონსა უო. 1794 წლის 3 აგვისტოს გადაწერილ კრებულზე არის შენიშვნა:„ქ. რომელთაც ხელ-ყოთ კითხვათ, ნეოფიტეს შენდობა უბრძანეთ“. 1795 წელს გადაწერილ „გვირგვინზე“ არის შემდეგი სახის გადამწერის ორი ანდერძი: 1) „ღმერთო, ყოვლისა კეთილის მიზეზო! ღვთივ სულიერისა ამის წიგნისა შინა წერილთა წმიდათა შენთა მადლითა შეიწყალე სული მონისა შენისა. აღიწერა მრავალმთის უდდაბნოსა გარესჯისასა, მონასტერსა წმიდის იოვანე ნათლისმცემლისასა და იოვანე მღვთის მეტყველისასა. წელსა განხორციელებითგან სიტყვისა ჩღჟე, თვესა ივლისსა იდ, ქორონიკონსა უპზ“; 2) „ორმეოცნო მოწამენო, შემიწყალეთ მე, ცოდვილი ნეოფიტე ამინ“. 1801 წელს გადაწერილ „საგალობელ-საკითხავთა კრებულზე“ გვხვდება ორი ანდერძი: 1) „წმიდანო ორმეოცნო! მეოხ მეყვენით ცოდვილს მღვდელმონაზონს ნეოფიტეს. ქორონიკონს აქეთ წყა“; 2) „წმიდაო მამაო ზოსიმე! მეოხ მეყავ მე, ცოდვილსა ნეოფიტეს“. როგორც ხელნაწერებზე არსებული მინაწერებით ირკვევა, 1766 წლის 27 მაისსა და 1782 წლის 18 ოქტომბერს მამა ნეოფიტე ბერ-დიაკვნის ხარისხშია, ხოლო 1795 წლის 14 ივლისსა და 1801 წელს უკვე მღვდელ-მონაზონია. პლ. იოსელიანის ცნობით, არქიმანდრიტი ნეოფიტე სვეტიცხოვლის ღვთისმშობლის დაუჯდომელის სახ. ეკვდერის წინამძღვარი იყო. 1801 წელს საქართველოში დამყარდა რუსული მმართველობა. ისინი შეეცადნენ თავისი ძალაუფლება ეკლესიაზეც დაემყარებინათ, ნელ-ნელა ავიწროებდნენ კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს და ერეოდნენ მის საშინაო საქმიანობაში. საეკლესიო შემოსავლების დადგენის მიზნით, 1810 წლის 2 ივლისს საქართველოს მთავარმართებელმა ალექსანდრე ტორმასოვმა საკითხის გარკვევა საქართველოს უმაღლესი მთავრობის პროკურორ პლახოტინს დაავალა, რომელმაც თავისი მოხსენება რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა. მან დაადგინა ანტონ II-ის მიერ სხვადასხვა ადამიანზე გაჩუქებული უძრავი და მოძრავი ქონება და მფლობელი, ასევე, თითქოს კათოლიკოსი ქრთამებს იღებდა საეკლესიო ჯილდოების ხარჯზე. ეს ჩამონათვალი 63 პუნქტისგან შედგება, რომელშიაც 56-ე მამა ნეოფიტეს ეხება:
არქიმანდრიტი ნეოფიტე კათოლიკოს ანტონ IIის დაახლოებულ პირთა სიაში ჩანს. 1810 წლის ნოემბერში, როდესაც კათოლიკოსი რუსეთში გადაასახლეს, მამა ნეოფიტეს მის ამალაში ვხედავთ. 1811 წლის 2 ოქტომბერს რუსეთის უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორმა, თავადმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე გოლიცინმა (1773-1844წწ.) იგი ძვირფასი თვლებით შემკული საარქიმანდრიტო ჯვრით დაჯილდოვდა. არქიმანდრიტი ნეოფიტე ერთგულად ემსახურა გადასახლებულ კათოლიკოსს 1826 წლამდე. ამ წელს მას დამბლა (პარალიჩი) დაეცა და უწმინდესმა ანტონ II-ემ იგი საქართველოში დააბრუნა. მხცოვანი მოძღვარი თბილისში, თავად დავით ბარათაშვილის სახლში ცხოვრობდა. პლატონ იოსელიანი წერდა: „ნეოფიტე, არქიმანდრიტი და წინამძღვარი მცხეთის დაუჯდომლობისა ეკვდერისა, დაქცეულისა 1838 წელსა. მოკვდა უადგილო, თფილისს 1841 წელსა“. საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი მის გარდაცვალებად 1834 წლის ივნისის თვეს ასახელებს. თუმცა აქ ორივე მკვლევარი ცდება. შემორჩენილია არქიმანდრიტ ნეოფიტეს 1828 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული წერილი, სადაც ვკითხულობთ: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ. მოახლოვებულ ჟამსა სიკუდილისასა და მგრძნობელ უკანასკნელისა აღმოფშვ–ვინვისა ვწერ უკანასკნელსა ამას სიტყუასა ჩემსა რათა შემდგომ ჩემს არა ვისგანმე შემოხდეს არა ვითარიმე სარჩელ ანუ დავა, ამისთვის მივანდობ ყოველსავე ჩემის დანაშთენისა განკარგუასა და დამარხუასა ჩემისა თავადსა დავით ბარათოვსა, თავადსა თორნიკე ერისთავსა და ჩემს სულიერს მოძღუარს მღუდელს ეფრემ ალექსიევს. ესრეთ რომელ რაიცა დამშთების მე შესამოსლენი თუ სხუა ნივთი ანუ ფული არის ჩემი საკუთარი ნაღუაწი და არა რაიმე არს მათს შორის გარეულ სხვისა, გარდა ჩემის საკუთარისა და არცა ვისი რამ მმართებს და ესრეთ მიმდობელი ყოვლისა ამის ჩემის განკარგულებისა თვით სიტყუითა და თხოვნითა ჩემითა ვაწერინებ ანდერძსა ამას მოძღუარსა ჩემსა მღუდელს ეფრემს ალექსიევსა სრულისა ცნობასა შინა მყოფი დასაკუთარითა ხელითა ჩემითა ვაწერ ხელს“. ანდერძს ამოწმებს თავადი, პორუჩიკი ალექსანდრე ორბელიანი, თავადი დავით ბარათაშვილი და ქართლის საეკლესიო მამულების გამგე, მღვდელ-მონაზონი პორფირი (სულხანიშვილი). ამ წერილიდან ორი კვირის შემდეგ, 1829 წლის 12 იანვარს, არქიმანდრიტი ნეოფიტე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა. მისი დანატოვარი ქონება, შესამოსელი, წიგნები და სხვა საეკლესიო ნივთები ინახებოდა სოფ. კარალეთში, თავად თორნიკე ერისთავის სასახლეში. ისინი აღწერილ იქნა 1829 წლის 19 აგვისტოს, რის შემდეგაც ისინი საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ ჩაიბარა. არქიმანდრიტ ნეოფიტეს ქონების სია, რომელიც თავად თორნიკეს ერისთავის სახლში დარჩა: 1) შავი შალის მაზარა, ერთი ომოფორი ღილებით და ბრუზუმენტით; 2) სამლვდელმთავრო ბისონი ღილებით და ბრუზუმენტით; 3) სამღუდელო ფილონი, შახი
ხავერდისა ბრუზუმენტით; 4) სტიხარი დარჩისა არშიით; 5) მეორე სტიხარი შავი ვალნეის ბრუზუმენტის არშიით; 6) ოლარი ფარჩისა ბრუზუმენტით; 7)
ნაკერი სარტყელი ვერცხლისა ბალტებით; 8) მეორე
ნაკერი სარტყელი რკინის ბალტებით; 9) ოლარი შავი ხავერდის ძველი; 10) შტოფის ნაჭერი ცისფერი ერთი ადლისა ტოლი; 11) ენქერი ხირმით ნაკერი; 12) მეორე ენქერი ფარჩისა; 13) კიდევ მწვანე ენქერი ნაკერი; 14) კიდევ შავი ენქერი ნაკერი; 15) სასარტყელე უბრალო ნაქსოვი; 16) ერთი წყვილი წითელი ხავერდის ნაკერი საბუხრენი; 17) თეთრი ხელსახოცი
არშიით; 18) მეორე ნაკერი ხელსახოცი; 19) კიდევ თეთრი ხელსახოცი; 20) კიდევ ერთი წყვილი ნაქსოვი საბუხრენი; 21) ერთი წყვილი შავ ხავერდის საბუხრენი; 22) კიდევ ერთი წყვილი ნაკერი თეთრის
ფარჩაზედ საბუხარი; 23) ერთი წყვილი კიდევ წითელი ფარჩზედ ნაკერი საბუხარი; 24) ყალბი არშია თეთრი შვიდი ადლი; 25) ერთი ყალან ჭრის საბნის პირი; 26) ნაჭერი შტოფი ცისფერი; 27) ერთი ფინიკ-
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 1-14აპრილი 2021წ გვ.23
არქიმანდრიტი ნეოფიტე (ხუბულური) XVIII ს-ის 40-იანი წლები 1829 (დასასრული)
ტის ჯვარი საარქიმანდრიტო; 28) ერთი ხის ჯვარი; 29) ერთი დანა-ჩანგალი ერთ მანეთში გაკეთებული; 30) შავი ოკრიბის ქვის კრიალოსანი; 31) სანდლის კრიალოსანი; 32) ქისა ერთი; 33) ბოხჩა ერთი; 34) საათის ბუდე ერთი; 35) შავი აბრეშუმის პაიჭი ერთი წყვილი; 36) შენდობის წიგნი ერთი; 37) ღრუბელი ერთი პატარა; 38) იოანე დამასკელის წიგნი ერთი; 39) გიხაროდენი ერთი; 40) ჟამნი ერთი ძველი; 41) რჯულის წერილი ერთი; 42) შეუკერავი კატეხიზმო ერთი; 43) პარაკლისი ხელთ ნაწერი; 44) ძველი აღსარების წიგნი; 45) მცირე სტანბა დაუჯდომელი; 46) ერთი ხელნაწერი ლოღიკა; 47) მიხითარის რიტორება ერთი; 48) ვახტანგ მეფის პარაკლიტონი; 49) ათანასეს სტანბის სახარება; 50) პარაკლისი
ხელთ ნაწერი ერთი; 51) კატიღორია ხელთ ნაწერი ერთი; 52) სამოციქულო ათანასის სტანბისა ერთი; 53) ეკლესიის განმარტების წიგნი ერთი; 54) დავითნი სტანბა ერთი; 55) მეფე ერეკლეს სტამბის ზატიკი
ერთი; 56) სადღესასწაულო ხელთ ნაწერი შეუკერავი ერთი; 57) დაბადება ერთი; 58) ბოხჩა დარბაისა ერთი; 59) ორი წყვილი ფუსტალი შავი; 60) სამოსლის თეთრი ბოხჩა ერთი; 61) ძველი ლურჯი ტილოს
ბოხჩა ერთი -- ეს ნივთები აღწერეს გორის ზემს კის პოლიციის უფროსმა რევაზ თუმანიშვილმა, სასულიეროს მხრიდან გორის ოქონის ეკლესიის მღვდელმა იესე გარსევანიშვილმა, ხოლო არქიმანდრიტ ნეოფიტეს ნაქონი ხატები: სამი ნათლისმცემლის ხატი, წმ. მარინესი და წმ. ნეოფიტესი ჯერჯერობით ისევ დარჩა თორნიკე ერისთავის ოჯახში, ვიდრე სასულიერო კანტორა არ მოიკითხავდა მას.