სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
კინდღის ბრძოლა ზურაბ მახარაძე – 01/06/1993  გადარჩენილი არტილერისტი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გვარი მახარაძე სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

კინდღის ბრძოლა ზურაბ მახარაძე – 01/06/1993 გადარჩენილი არტილერისტი

1993 წლის 1 ივნისს კინდღში ტრაგიკულად დამთავრდა შეტაკება ქართველ მეომრებსა და მოწინააღმდეგეს შორის. აქ სამშობლოს შეეწირნენ “თეთრი არწივის“ საარტირელიო დივიზიონის ვაჟკაცი ბიჭები ავთო წიკლაურის მეთაურობით. მათ შესახებ ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად არის ცნობილი და ამიტომ ვაქვეყნებთ მოგონებას თავისი თანამებრძოლების შესახებ გადარჩენილ მეომართან ბატონ ზურაბ მხარაძესთან. ეს მასალა შემდგომში იქცევა წიგნის „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერების“ ფურცლებად. ჩვენმა ქვეყანამ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კომუნისტური დიქტატურა თითქოს დამთავრდა და თითქოს აღმშენებლობა უნდა დაწყებულიყო, ხალხის გაერთიანება უნდა მომხდარიყო მხოლოდ ერთი მიზნის მისაღწევად, რომ ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფო და ბედნიერად გვეცხოვრა. მაგრამ ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ბევრი ტკივილი და ძნელბედობა გადავიტანეთ. რაც მთავარია, გადავიტანეთ სამოქალაქო არეულობა და მძიმე ბრძოლები, რომელმაც ჩვენი მეგობრები და ახლობლები შეიწირა. ეს თაობა რომელიც სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომებში დაიღუპნენ, გულითანთებული მამულიშვილები იყვნენ, მე ვიტყოდი სამშობლოს ბურჯები უნდა გამხდარიყვნენ, რადგან სწორედ მათგან მოდიოდა ის ქვეყნის აღმშენებლობის მუხტი, რომელც ასე სჭირდება დღეს საქართველოს. რაც მთავარია სუფთა, გაუსვრელი და ალალი ბიჭები იყვნენ და გულწრფელად გული მტკივა, როდასაც მათ ვიხსენებ. მე ისინი გავიცანი აფხაზეთში პირველი ბრიგადის  ცალკეულ საარტირელიო დივიზიონში.

მე თავის დროზე საბჭოთა ჯარში სამხედრო კათედრაზე არტილერიის ლეიტენენტი ვიყავი. სამხედრო შეკრებებზეც დავდიოდით, რათა უფრო კარგად დავუფლებოდი სამხედრო საქმეს. ამავე დროს პროფესიით ისტორიკოსი ვარ, მეცნიერი და არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ვიყავი წლების განმავლობაში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. მაშინდელ ტელემაუწყებლობაში თან გასართობი პროგრამები გადიოდა, მაგალითად „ნაღდი შოუ“ და თან ყოველ დღე დაღუპული ბიჭების სურათებს აჩვენებდნენ და გვარებს აცხადებდნენ. ზოგი მაშინ იწყობდა ცხოვრებას, დუბაიში სავაჭროდ დაფრინავდა და ქვეყანა სულაც არ ადარდებდა. ამის შემყურეს გული მიკვდებოდა. ვგრძნობდი სახლში ვეღარ გავჩერდებოდი. მე თავად გამიჩნდა სურვილი წავსულიყავი ომში, თან ვიცოდი რომ სამხედრო სპეციალისტები, მით უმეტეს არტილერისტები არ იყვნენ ქართულ არმიაში, რომელიც ისისიყო ყალიბდებოდა.

გადავწყვიტე მომენახა ჩემი ძველი ნაცნობი რეზო ბუბუტეიშვილი და მეთხოვა დახმარება, რომ როგორმე მოვხვედრილიყავი არტილერისტებთან. მართლაც დამეხმარა და მითხრა – „ თეთრი არწივში“ არიან არტილერისტები სტუდენტი ფიზიკოსები და მათემატიკოსები, შესანიშნავი ოჯახებიდან, კეთილშობილი ბიჭები, ერთმანეთზე უკეთესები, სანდო ხალხია და მაგრადაც მღერიან და იმათთან იქნებიო. წამიყვანა კიდეც თბილისის ზღვაზე, სადაც განლაგებული იყო შტაბი. იქიდან გადაგვყვანეს სოხუმში აგუძერაში. აქ გავიცანი პირველად ჩემი მომავალი თანამებრძოლები. ძალიან მომეწონა ეს გულითანთებული ახალგაზრდა ბიჭები. 21-22 წლის თუ იქნებოდნენ. მე მათთან შედარებით ასაკიანი ვიყავი. ამხედეს-დამხედეს და ხუმრობით თქვეს -„ეს კაცი გენერალზე ნაკლები ჩინის არ იქნებაო“ და მეტსახელად  შემარქვეს კიდეც „გენერალა“.

მათი საარტირელიო დივიზიონის მეთაური იყო ქართველი ვაჟკაცი კაცი ავთო წიკლაური. მას ლენინგრადში სუვოროვის სახელობს უმაღლესი  სკოლა ქონდა დამთავრებული საარტილერიო და ბიჭები მისი ხელმღვანელობით კარგად ართმევდნენ საქმეს თავს. მათი შტაბის უფროსი იყო დიმა ლაბაძე. საარტილერიო  ბატალიონის მეთაური იყო ალექსანდრე პაპაშვილი, რომელსაც მეტსახელად „პაპიკას“ ვეძახდით.  აქვე გავიცანი  ყოფილი საბჭოთა ჯარის პოლკოვნიკი თემურ ლომსაძე, რომელიც პირველ საარტირლიო პოლკს მეთაურობდა და 1 მარტიდან    კიდევაც შევუერთდით მათ.

მართლა რაღაცნაირი თბილი და ოპტიმისტური განწყობა იყო შექმნილი ამ შესანიშნავი ადამიანებისაგან. ბიჭები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ გუნდში იყვნენ ჩართულები და მართლაც გადასარევად მღეროდნენ. მათთან ურთიერთობას არაფერი ჯობდა.  აქ ჩვენს გვერდით იბრძოდა ფიზიკოსი ირაკლი ქიმერიძე, რომელიც უკრავდა ვიოლინოზე და ამით ტყე-ღრეში განუმეორებელ განწყობას ქმნიდა.

მაგრამ შეიარაღების მხრივ არ იყო საქმე კარგად, უნდა ყოფილიყო ექვსი ზარბაზანი მაინც და სულ გვქონდა 4 ზარბაზანი. 1 მათგანი გაპიროვნებული მქონდა კიდეც. ველოდით რომ შეგვმატებდნენ აღჭურვილობას და ამასობაში თან პერიმეტრს ვაკონტროლებდით.

ბიჭები ისეთ გათვლებს აკეთებდნენ და მუშაობდნენ, რომ იტყვიან ჯიბეში უსვამდნენ მოწინააღმდეგეს ყუმბარებს. ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებით ივაჟკაცა 1993 წლის 16 მარტის შემოტევის მოგერიების დროს, როდესაც აფხაზი სეპარატისტები და დაქირავებული ბოევიკები რუსების დახმარებით გემებით ცდილობდნენ ზღვიდან გადმოსვლას. მოწინააღმდეგე სწორედ ჩვენმა ძალისმიერებამ გაანადგურა. მსხვერპლი დიდი ქონდათ და მაშინ სოხუმი აღებას გადავარჩინეთ კიდეც. შემდეგ  დისლოკაციით აგუძერადან გადაგვიყვანეს ზემო კინდღში. აქედან ტყვარჩელის გზაზე უნდა დაგვებომბა ლაბრის მონაკვეთი. 100 მილიმეტრიანი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნები გვქონდა და ისეთი გათვლებით მუშაობდნენ ბიჭები პირდაპირ სანგრებს ვურტყავდით.

რადგან აფხაზეთში ნესტიანი ჰავაა და ხშირად წვიმდა, ჩვენი ბანაკი შეძლებისდაგვარად  მოვაწყვეთ ისე, რომ გაძლება  და გათბობა შეგვძლებოდა. ამოთხრილ ორმოებში კოცონს  ვანთებდით, ვცდილობდით არ ჩამქრალიყო, რომ ყარულიდან მოსული ბიჭები გამთბარიყვნენ. თან ტანსაცმელს და სიგარეტს ვაშრობდით და რაც შეიძლება ვზრუნავდით ერთმანეთზე. მაშინ ბანაკში ჩემდა სასიხარულოდ დამხვდნენ ჩემი სტუდენტებიც „პუშკინის“ ინსტიტუტუდან:  ზაზა დავლაძე, ბიძინა ზათიაშვილი და სხვები. რომ იტყვიან ლექტორ-სტუდენტები ერთად ვიბძოდით რომ აფხაზეთი არ დაგვეკარგა. ბიძინას უნიკალური, მე ვიტყოდი,ფანტასტიკური ხმა ქონდა. ბიჭებმა საიდანღაც მოიტანეს პიანინო და ისე ტკბილად დაიწყებდნენ ხოლმე სიმღერას, იმის მოსმენას არაფერი ჯობდა. ხანდახან მინისტრი ბატონი გია ყარყარაშვილი ამოგვაკითხავდა ხოლმე, დაგვხედავდა გაგვამხნევებდა, მითითებებს მოგვცემდა და წავიდოდა. განსაკუთრებით ვბომბავდით ტყვერჩელთან განლაგებულ მოწინააღდეგის ბანაკებს. ერთი კვირა ცეცხლი არ გაგვიჩერებია. მოწინააღმდეგეს არ ვაძლევდით ოჩამჩირისკენ შეტევის განვითარების საშუალებას

გია ყარყარაშვილი

ჩვენი თბილისელი ბიჭები უნდა წასულიყვნენ სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო საღამოზე. მაისის ბოლო რიცხვებში წავიდნენ კიდეც  და დადგა ის ავბედითი ივნისის თვე, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა საშინელი განცდები ჩემი თანამებრძოლების დაღუპვის გამო. საქმე ის იყო, რომ ამ სროლა-სროლაში ჭურვები გამოგველია. მოსატანად დიდი მანქანა  გვჭირდებოდა, რომელიც არ გვყავდა. ერთი წლით ადრე ნეიტრალურ ტერიტორიაზე მიტოვებული სატვირთო მანქანა „ურალი“ იდგა. ჩვენმა მძღოლმა ვანიკა სააკიანმა მოინდომა ძრავის და ნაწილების გადმოტანა გაფუჭებულ ურალზე შესაკეთებლად. რამდენიმე მეომარი წავიდა ადგილზე სანახავად, გიორგი ლურსმანაშვილი „ციტრუსა“, ვანიკა სააკიანი და ორი „გორდას“ წევრი. დაზვერეს ადგილი, საშიში არაფერიო,  სიმშვიდეაო დაასკვნეს, მანქანას ძრავიც მთელი აქვსო. თან ერთი ლამაზი ცხენიც იუპოვიათ  გზაზე და ისიც თან მოიყვანეს. გავმართეთ თათბირი ღირდა თუ არა ამ საქმის გაკეთება და გადაწყდა „ემ-ტე-ელ-ბეთი“ უნდა გამოგვეტანა მანქანის ძრავი. ვანიკა მაგარი ჩხირკედელა იყო, იცოდა თავის საქმე და ვიცოდით ურალს ახალივით ააწყობდა.ეტყობა იმ ავბედით დღეს ჩვენმა ბედისწერამ აგვიტანა.

დილით გასასვლელად  ვიყავით მზად: მე,  ავთო წიკლაური, ალექსანდრე პაპაშვილი, ირაკლი ქიმერიძე, ბენო ვაშაკიძე, ვანიკა სააკიანი, რუდიკა ხაჩატურიანი, კაჭკაჭაშვილი (ხუთკუნჭულა), ბესო ქათამაძე და დაგვემატა ორი მეტყვიამფრქვევე მეომარი „თეთრი არწივიდან“ –  ფინცაკია ავთო და ოლეგი გრიგორიანი.  შვედით ნელ-ნელა. გარშემო გაველურებული ჩაის ბუჩქები იყო.  როგორც იქნა ურალამდე მივაღწიეთ. უცებ სიჩუმეში წინ მდებარე ხევიდან რაღაც ჩოჩქოლი და ხმაური შემოგვესმა.  ჩაიში ჩავწექით. თან რაცია გვქონდა. „ემ-ტე-ელ-ბეზე“ მამუკა კაჭკაჭიშვილი იჯდა. ბიჭებმა ურალის ჩაბმა დაიწყეს.  ორას მეტრში დავტოვეთ ჩასაფრებაში ბიჭები „თეთრი არწივიდან“, და რუდიკა ხაჩატურიანი და ბესო ქათამაძე. მოწინააღმდეგემ კანტი-კუნტი სროლა დაგვიწყო. დიდად არ შეგვშინებია.  როდესაც ხეებთან დატოვებულ ბიჭებს თავს დაესხნენ და უკვე ძლიერი სროლა ატყდა მისახმარებლად გავიქეცით. რუდიკა ხაჩატურიანი ფეხში უკვე დაჭრილი მიწაზე დაეცა.


ვანიკა სააკიანმა სროლის დროს გადასვლა სცადა ვერ გადავიდა მისკენ. მე რაღაცნაირად მოვახერხე და რუდიკასთან მივირბინე და ფეხზე ჟგუტი გადავუჭირე, რომ სისხლდენა შემეჩერებინა. ბუშლატის საყელოში ჩავავლე ხელი და რაც შემეძლო ვცდილობდი გადამეთრია იმ ადგილიდან. მიწინააღმდეგე ჩაის ბუჩქებიდან გვესროდა და ჩვენ სამი კაცი ამ დროს ღია ადგილზე ვიყავით. უკანგასასვლელი გზა ტყვიებით გადაგვიკეტეს და დავინახეთ პირველი  მეტყვიამფრქვევე როგორ  მოცელა ტყვიამ.  ჩვენ მოწინააღმდეგეს ვერ ვხედავდით ფაქტიურად ხეებში ვისროდით. როგორმე უნდა გაგვეძლო.  მამუკა კაჭკაჭაშვილმა „ურალი“  “ემ-ტე-ელ-ბეს” კვლავ ჩახსნა  და დასახმარებლად ხალხის მოსაყვანად გაექანა. ირაკლი ქიმერიძემ რაციაზე გადასცა, რომ ჩვენი ადგილი დაებომბათ. ჩვენს თავზე მივიღეთ ცეცხლი.როგორც იქნა „ემ-ტე-ელ-ბე“ გამოჩნდა. ჩვენი თექვსმეტი წლის თემური მართავდა.  მამუკას  ბიჭები მოეყვანა და ზევიდან ძარაზე ისხდნენ.   უცებ გაისმა ყუმბართმტყორცნის სროლას ხმა. სამი ჭურვი ესროლეს და ერთი მამუკას შემოყვანილ „ემ-ტე-ელ-ბეს“ პირდაპირ მოარტყეს. რამდენიმე ბიჭი იქვე დაიღუპა ბატალიონ „გორდადან“: გელა ცირეკიძე, მამუკა პატარაია, ზაზა კრიჭაშვილი, „თეთრი არწივიდან“ დავით ლომსაძე. მანქანაში ჩაიწვა პაატა არაბული. ასევე ჩვენი გიორგი ლურსმანაშვილი „ციტრუსა“ შეუერთდა მარადისობას. ჩვენს საშველად მისული ბიჭები თავად განგმირა მოწინააღმდეგის ტყვიამ.

მიმძიმს ამის მოყოლა, მაგრამ საუბედუროდ, ჭურვის ნამსხვრევმა   გელა შამანაურს „გველეშაპას“ გადაუჭრა თავი.   ჩემი სტუდენტი ზაზა დავლაძე მძიმედ დაიჭრა და აფეთქების ტალღამ, საბედნიეროდ უკან, ჩვენების მიმართულებით გადატყორცნა.  (ამ ჯგუფს გამოყოლია უკრაინელი ბიჭი ივანოვანო-ფრანკოვოდან სულ რამდენიმე დღის ჩამოსული მიკოლა-ობერტინსკი. ისიც მაშინ დაიღუპულა. ჩაის ბუჩქებში მთლიანად გადაცხრილული იპოვეს. ბიჭებმა თქვეს – ეტყობოდაო მოასწრო და ბრძოლაში შეაკვდაო. ავტორი ლ.ც.)

 ამ ჩახოცილი ბიჭების დანახვაზე მამუკა კაჭკაჭიშვილი არაფერს აღარ ერიდებოდა, გადარეული აფხაზებს აგინებდა, გამწარებული ყვიროდა და სროლა-სროლით ვაჟკაცურად მიიწევდა წინ. იქვე გადაცხრილეს… უფალმა აცხონოს.

ჩვენი თექვსმეტი წლის მეომარი თემურ სირაძე,  ჯერ კიდევ ბავშვი, კონტუზირებილი იყო. რამდენიმე ხნით ადრე ნაღმზე აფეთქებულ მანქანაში იჯდა და გადარჩა, ჯერ კიდევ გიფსი არ ქონდა ფეხიდან მოხსნილი, ჩვენს საშველად შემოყოლია ბიჭებს და ტყვედ ჩავარდა კიდეც.ირაკლი ქიმერიძე და ალექსანდრე პაპაშვილი ცოტა ზევით იმყოფებოდნენ.

ჩვენ დაჭრილი რუდიკა ხაჩატურიანი ვერ მივატოვეთ. ამ სროლებში ბენო ვაშაკიძე დაგვეჭრა და ვანიკა სააკიანიც დაიღუპა. ჩვენს მეთაურს ავთო წიკლაურს ბოლოს დაუძახია: „მშვიდობით ბიჭებოო!“ ისე დაღუპულა. მაგარი კაცი იყო…

დაახლებით ერთი საათი გაგრძელდა პერმანენტული სროლები დღის 11-12 სათამდე. გადავწყვიტე  ადგილიდან როგორმე უნდა დავძრულიყავი და გადამერბინა. იქვე ხუთ მეტრში ჩვენები დახოცილები და დაჭრილები იყვნენ. ბოლო მჭიდი გადავტენე და გასასვლელად მოვემზადე.

ამ დროს ვიღაც აფხაზი  მოსულა სულ ახლოს და როგორც კი წამოვდექი სულ რამდენიმე მეტრში კაცი არ დავინახე?!  ეტყობა ისიც არ მელოდა, მარა მაინც დამასწრო სროლა. აკეესის ტყვია ხელში მომხვდა,  ხორცი მთლიანად გადახსნა, საბედნიეროდ ჯიბეში მკერდთან პატარა წიგნაკთან, დატრიალდა გვერდზე და ჭიპთან გაჩერდა. ვიგრძენი მკერდი ძლიერ მეტკინა, სიმწრისაგან თვალთ დამიბნელდა. მაინც მოვასწარი მექანიკურად ინსტიქტურად სროლა გავაგრძელე და მთელი მჭიდი ზედ  დავაცალე მას და გონებაც დავკარგე.

როცა გონს მოვეგე სიჩუმე იყო და აღარ ისროდა არავინ. მესმოდა ირაკლი ქიმერიძე და ალქსანდრე პაპაშვილი მეძახდენენ: „თუ აქა ხარ, რამენაირად გვანიშნეო“.  ხმას ვერ ვიღებდი. იქვე ვგრძნობდი სომხები და აფხაზები იყვნენ ჩასაფრებული. ჩვენი ბიჭებიც წავიდნენ, გაიარეს.

თვალი ავახილე. ვიწექი… ცოცხალი  ვიყავი. ხელი საერთოდ  გამეთიშა, ხორცები მეკიდა ძვალთან. ვგრძნობ სისხლისაგან ვიცლებოდი. „რაჟოკს“ ჩავხედე სამი ტყვიაღა მქონდა დარჩენილი.

რა უნდა გამეკეთებინა?! ვიწექი… თან ვფიქრობდი – „ერთი რამ დარჩა – თავის მოკვლა“. უცებ ბენოს კვნესა შემომესმა. ეტყობა მტერმაც გაიგონა და  აფხაზებმა დაიწყეს ეგრთწოდებული წმენდა. საბედისწერო, საკონტროლო გასროლაც გაისმა და ბენოს გმინვაც  შეწყდა. ამ გასროლაზე გული განსაკუთრებით ჩამწყდა.

იარაღის ასკრეფად მივიდნენ.

დაახლოებით ორმოც წუთში აფხაზების მხარეს ზევით ატყდა ძლიერი სროლები. ორი ხელყუმბარა აფეთქდა კიდეც.

მივხვდი, ალექსანდრე პაპაშვილი და ირაკლი ჩაუსაფრდნენ მტრებს და ბოლო ბრძოლა მიიღეს. ორმხრივი სროლა დაახლოებით ხუთმეტი წუთი გაგრძელდა და ყველაფერი მიჩუმდა კიდეც. ბიჭებს შეეძლოთ სამშვიდობოს გასვლა და არ გავიდნენ. ბოლომდე იბრძოლეს. გასაგები იყო, რომ მეგობრების სისხლი სწყუროდათ და ეტყობა ისე გაამწარეს მოწინააღმდეგე, რომ მეორე დღეს რომ ნახეს ჩვენებმა მათი სახეები, სულ კონდახებით ქონდათ ჩალეწილი.

ისევ დაიწყეს სიარული ჩაის რიგებში წმენდაზე და რა ვიცი რა ძალამ დამიფარა, რომ სწორედ ჩემს რიგში არ ჩაიარეს. თან გონებას ვკარგავდი და აგონიაში ვფიქრობდი – ერთ კაცს მაინც როგორმე გავიყოლებ მეთქი. სისხლი ბევრი დავკარგე.  ძალიან ცხელოდა. თან წყალიც მწუროდა. იქ ველზე დარჩენა საეჭვო იყო. ტურების ყმუილი კარგად, გულისგამაწვრილებლად ისმოდა და თანაც  სისხლის სუნი ამდიოდა. აშკარა იყო, რომ ღამით უეჭველი შემომიტევდნენ.

მივხოხდი რუდიკასთან.  როგორღაც ცალი ხელით მისი ტყვიები ავიღე. დავხედე ცხონებულს მკვდარი იყო, აღარ სუნთქავდა. მისი ბოლო სიტყვები ჩამესმა ყურში: „ბიჭებო, დამტოვეთო, თქვენ გადითო, მე დაგიცავთო!“

ამ სომეხ ვაჟკაცს რომ დავხედე  ცრემლი მახრჩობდა. მედესანტე ბიჭი იყო ათას ბრძოლაში ნამყოფი. თავისი სურვილით მოვიდა ჩვენთან საბრძოლველად და კაცურად შეეწირა საქართველოს. ხელით  ყელში იარაღი მიებჯინა, ეტყობოდა ცოცხალი არაფრით არ ჩაბარდებოდა. მის იარაღს აღარ შევეხე და ასევე დავუტოვე.

გამახსენდა, რომ უბეში ვაფლის პატარა პირსახოცი მედო და ხელი  იმით  როგორღაც გადავიხვიე. ავტომატი ავიკიდე მხარზე და გასვლა დავიწყე. მარცხვნივ გაუყევი გზას. ხევს ჩავყევი. პატარა ტყესავით იყო.  ჩემი აზრით ჩვენი პოზიციებისკენ წავედი, მდინარის ნაპირს მივყვებოდი ნელა-ნელა.

ბორცვი დავინახე ბუჩქებით დაფარული და უცებ ნიავმა რაღაც ხმები და ჩოჩქოლი მოიტანა. გამიხარდა – ჩვენებთან მივაღწიე მეთქი. „გორდელები“ მეგონენ. მივდივარ და რაღაც დავეჭვდი. სანგრებისთვის მიწა იყო ისე აკურატულად გათხრილი, რომ გულში ვიფიქრე – ამას ჩვენები ნაღდად არ გააკეთებდნენ მეთქი. დაყვირებას ამან შემაჩერა. უცებ აფხაზური ლაპარაკიც გავიგონე. თურმე პირდაპირ მოწინააღმდეგის ბანაკში ვიყავი შესული.

როგორც მივხვდი, აფხაზები ამხელა ბანაკით  ცხვირწინ, სულ ახლოს გვყავდა და ჩვენ ვერ ვხედავდით. თავს არ ამჟღავნებდნენ. ჩავედი ისევ მდინარესთან. წელამდე ჭაობში ჩავეფალი. მდინარეს მივდიე და როგორც იქნა ჩვენს პოზიციამდე მივაღწიე.

 ჩვენები აზრზე არც იყვნენ. ჩვენი მეთაური თამაზ ლომთათიძეც ადგილზე არ იყო. ბიჭებიც უმეტესობა თბილისში იყვნენ წასული. ღონემიხდილი ვიყავი, მაგრამ გულით მინდოდა როგორმე უკან დავბრუნებილიყავი, მაგრამ არ დამანებეს და მაშინვე აგუძერაში გოსპიტალში გამაქანეს. იქ ზაზა დავლაძე დამხვდა უკვე დაჭრილი იყო. ემოციურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩანდა – მთელი ღამე გაყვიროდა „გველეშაპას“ტვინი შემესხაო. ძლივს ვაწყნარებდით.

შემდეგში ჩვენი მეომრები შევიდნენ ბიჭების ცხედრების გამოსატანად.   ვერ მოინახა ავთო წიკლაურის, რუდიკა ხაჩატურიანის და ვანიკა სააკიანის გვამები.

ვიცოდი რომ ავთო წიკლაური დაღუპული იყო. მაგრამ აფხაზები ცრუობდნენ, რომ ის ტყვეობაში ყავდათ და თუ ქართველები სროლებს გააგრძელებდნენ მათ დახვრეტდნენ. ბიჭებს მაინც ქონდათ იმედი, იქნებ ავთო გამოეხსნათ ტყეობიდან, მაგრამ ამაოდ. ის ბრძოლაში იყო უკვე ვაჟკაცურად დაღუპული.

ასე გაგრძელდა თითქმის ერთი თვე  1993 წლის  2 ივლისამდე, როდესაც დესანტი გადმოისხა.

ერთ თვეში დაიღუპა დივიზიონის მეთაურიც თემურ ლომთათიძე. როდესაც 1993 2 ივლისს ტამიშში გადმოისხა დესანტი სროლები ატყდა, ვითარების გასარკვევად ბაბუშერადან ტამიშისკენ წავიდნენ: თემური, ზაზა სულაბერიძე და დათო თირქია. გზაზე სკოლასთან  შეეფეთნენ მოწინააღმდეგის ჩასაფრებას და ნაღმმტყორცნის ჭურვი მოხვდა კიდეც მანქანას. თემური და დათო იქვე დაიღუპულან ცხონებულები. ლომთათიძე ისეთი დიდი ტანის კაცი იყო სულ ხუმრობდა – „მე ტყვია ვერ მომერევაო, შეიძლება მხოლოდ „გრანატამიოტმა“ მომკლასო“. კიდეც აუხდა

.

თემურ ლომთათიძე

სულ თვალწინ მიდგას აფხაზეთში გატარებული ის სამი თვე. რადგან არქეოლოგი ვარ საველე ცხოვრება არ არის ჩემთვის უცხო. მაგრამ ის ვაჟკაცი არტილერისტები, რომლებიც მე ომში გავიცანი მართლა შესანიშნავი პიროვნებები აღმოჩნდნენ. რომ იტყვიან, გოგლი-მოგლზე გაზრდილი ბიჭები იყვნენ და საიდან ქონდათ ამდენი ვაჟკაცობა და შემართება მართლა საოცარი იყო. ჩვენ რაღაც სხვაგვარი სულიერი ერთობა გვქონდა.  იმ ემოციების ინტენსივობას იმდენად სპეციფიკური იყო, რომ ენით ვერ გადმოსცემ და ვერ დაწერ.

აღფრთოვანებული ვიყავი მათი ნიჭიერებით და ადამიანობით. ახლაც თვალწინ მიდგას მათი თვალები, იუმორი, სიცილი, ხუმრობა, სიმღერები და საქმის ერთგულება. არაფერი ისეთი განსაკუთრებული საკვები  არ გვქონდა და იქ სუფრები იშლებოდა – ქართული ქარიზმით სავსე.  ვგრძნობდი და მიხაროდა, მეამაყებოდა რომ ამისთანა ახალგაზრდობა გვყავდა და და ისეთი სიძლიერით უყვარდათ საქართველო, თავიანთი სამშობლო, რომ მათ რაღაც ღირებული უნდა შეექმნათ და გაეკეთებინათ… არ დასცალდათ…

მიცვალებულების გაცვლის შემდეგ აფხაზებს უთქვიათ – „ეს რა ბიჭები იყვნენ სიმღერით შეგვაკვდნენო“.

მართლაც ყურში ხშირად ჩემესმის ჩვენი ბიჭების ნამღერი „მრავალჟამიერი“, „შავლეგო“ და „ქართველო, ხელი ხმალს იკარ!“

საქართველო უნდა გახდეს ამ ბიჭების მამულისთვის მსხვერპლად შეწირვის ღირსი ქვეყანა… მართლაც საუკუნო იყოს მათი სულების ხსენება და მრავალჟამიერი ჩვენს სამშობლოს საქართველოს, რომლის ხატება ამ თითოეული ბიჭის გულში იყო.


სტატია მოამზადა ლალი ცერაძემ ჩვენ გამოვაქვეყნეთ 14/04/2020


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.04.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0