გიორგი (გოგიტა) ფაღავა (დ.1895, ქუთაისი - 30 აგვისტო 1924) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
გოგიტა ფაღავა დაიბადა ქუთაისში, 1895 წელს. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია.
სწავლის პერიოდიდან ჩაბმული იყო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1913 წლიდან (ფორმალურად) იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი. 1913 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს 1914 წელს ქუთაისში, ასევე, რამდენჯერმე - მომდევნო წლებში, ადმინისტრაციული წესით. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სწავლა განაგრძო; 1917 წლისათვის მუშაობდა მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო კომიტეტში და ჩაბმული იყო ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საქმიანობაში. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებისას მონაწილეობდა წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში; ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წლიდან იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი. 1924 წელს დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე; დასაფლავების ადგილი უცნობია. ვიკიპედია
გოგიტა ფაღავა (1895-1924)
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და გამორჩეული პიროვნება.
გოგიტა იმ იშვიათ სოციალ-დემოკრატებს წარმოადგენდა, რომლებიც წარმომავლობით თავადები იყვნენ. ის ქალაქ ქუთაისში დაიბადა. საშუალო განათლება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. მოსწავლეობიდანვე ჩართული იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქმიანობაში და რევოლუციურ მოძრაობაში. უმაღლესი იურიდიული განათლების მისაღებად მოსკოვის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა 1914 წელს დააპატიმრეს რამდენიმე თვით, შემდეგ წლებშიც არაერთხელ იყო დაპატიმრებული. პატიმრობების შემდეგ აგრძელებდა სწავლას.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს მუშაობდა მოსკოვში, სწორედ გოგიტა ფაღავამ და ახალი თაობის კიდევ ერთმა სოციალ-დემოკრატმა ვიქტორ ნოზაძემ თანაპარტიელებს ახარეს იმპერატორის გადადგომა, ისინი მოსკოვიდან იტყობინებოდნენ, რომ - „მთავრობაძე გარდაიცვალა, აცნობეთ ნათესავებს და ნაცნობებს“.
რევოლუციის შემდეგ გოგიტა ფაღავა პოლიტიკურ საქმიანობას სამშობლოში აგრძელებდა, დროებითი მთავრობის პირობებში იყო „ოზაკომის“ წევრ აკაკი ჩხენკელის მდივანი. შემდგომში აქტიურად ჩაერთო სახალხო გვარდიის ფორმირებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, 1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის თებერვალში გოგიტა ფაღავა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეული იქნა დამფუძნებელი კრების წევრად.
1919 წლის 12 მარტს, მდივნობდა დამფუძნებელი კრების პირველ, გახსნით საზეიმო სხდომას, დამფუძნებელი კრების ყველაზე ახალგაზრდა წევრის სტატუსით. მიუხედავად თავისი ასაკისა სარგებლობდა დიდი პოლიტიკური ავტორიტეტით, მთავრობის თხოვნით ხშირად დადიოდა რეგიონებში პრობლემების შესასწავლად.
1921 წლის თებერვალ-მარტში მონაწილეობდა წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ იყო ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1921 წელს „ჩეკამ“ რამდენიმე თვით დააპატიმრა. 1922 წელს მონაწილეობდა „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ შექმნაში და იყო კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი. 1923 წელს „ჩეკას“ მიერ ნოე ხომერიკის დაპატიმრების შემდეგ გახდა კომიტეტისა და წინააღმდეგობის მოძრაობის რეალური ხელმძღვანელი.
1924 წლის თებერვალში „ჩეკამ“ გოგიტა ფაღავა დააპატიმრა. 1924 წლის მარტში საბჭოთა ხელისუფლებამ გოგიტა წინააღმდეგობის მოძრაობის სხვა ლიდერებთან - ბენია ჩხიკვიშვილთან, ნოე ხომერიკთან და ვასილ ნოდიასთან ერთად მოსკოვში გადაიყვანა.
1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ, ოცდაათ წელსაც კი არ მიტანებული გოგიტა ფაღავა საბჭოთა ხელისუფლებამ სხვა თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტა. ფბ-უცნობი ქუთაისიდან