სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუკრი ხარბედია 1974-93წ.  გარდ. აფხაზეთში დ.სოფ. ვარჩა გულრიფში აფხაზეთი ნუკრი ხარბედია 1974-93წ.  გარდ. აფხაზეთში დ.სოფ. ვარჩა გულრიფში აფხაზეთი

1974-1993 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხარბედია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

ნუკრი ხარბედია 1974-93წ. გარდ. აფხაზეთში დ.სოფ. ვარჩა გულრიფში აფხაზეთი

ნუკრი ხარბედია  ვარჩის ბრძოლა

ნუკრი   სერგოს  ძე  ხარბედია  დაიბადა  1974  წლის  14 თებერვალს   გულრიფშის  რაიონის  სოფელ  ვარჩეში. კოდორის  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ   საქართველოს   სუბტროპიკული  მეურნეობის  ინსტიტუტის  მექანიზაციის  ფაკულტეტზე  ჩააბარა.

     აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, ნუკრი ხარბედია  1992  წლის  10  დეკემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს   მე-2  საარმიო კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-5  ბატალიონში. სამშობლოზე შეყვარებული  ვაჟკაცი  მეთაურთა  ბრძანებებს  პირნათლად  ასრულებდა  და  სიცოცხლის  უკანასკნელ  წუთამდე   იდგა  ქვეყნის  ტერიტორიული  მთლიანობის  სადარაჯოზე.


    ნუკრი  ხარბედია  1993  წლის  29  სექტემბერს, სოხუმის  დაცემის  შემდეგ, ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  ახალ  კინდღში  სეპარატისტებთან  შეტაკებისას  დაიღუპა.

    საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით   სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ნუკრი  ხარბედია,სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  მედლით  „სამხედრო  დამსახურებისთვის“.


„ ვარჩელების საშინელი ტრაგედია “  ნუგზარ ქებურია

  ზღვის სურნელებით გაჟღენთილი გრილი ქარი აქოჩრილ ტალღებს წეწავდა და სანაპიროს ველურ ყვავილებს შეუბრალებლად არხევდა. მდინარე კოდორისა და ზღვის შეერთების ადგილას ერთედერთი გადასასვლელი ფონი იყო, სადაც დიდ მანქანებს შეეძლოთ უხიფათოდ მეორე ნაპირზე გადასვლა, საიდანაც ზღვის სანაპიროს მიუყვებოდა ახლადგაჭრილი გზა კინდღი-ტამიშის მიმართულებით...

  ვარჩელი დევნილები ხარბად და უკანასკნელად ისუნთქავდნენ  მშობლიური სანაპიროს ცივსა და სურნელოვან ჰაერს... თუმცა, კელასურის ხიდს ჯერ კიდევ მე-6 სატანკო ბატალიონის მეომრები აკონტროლებდნენ, საკმაოდ კარგადაც ჰქონდათ გამაგრებული და სოხუმიდან წამოსულ მტრის ჯარს გაუვალ ბარიერს უქმნიდა. სანამ მას არ გადაკვეთდნენ, გულრიფშის რაიონის ტერიტორიებს სწრაფად და თავისუფლად ვერ ჩაიგდებდნენ ხელთ, ხალხიც სამშვიდობოს მოასწრებდა გასვლას, მაგრამ დრანდის თეთრი პურითა და კარაქით ნაკვები გენერლების სამარცხვინო გაქცევის შემდეგ, სამწუხაროდ მე-6 ბატალიონის არაქათგამოცლილი შემადგენლობა, მტრის ტროპიკული შემოტევებისგან ნელ-ნელა თხელდებოდა...

      სოფელ ვარჩის მოსახლეობით სავსე სატვირთო კამაზს მე-5 ბატალიონის ხელმძღვანელთა დავალებით აცილებდნენ, ამავე ბატალიონის მეომრები: იგორ წურწუმია, ბადრი ჯგერენაია და გელა არდია.

  ზღვის ზედაპირზე ზანტად მოფარფატე თოლიების მთელი გუნდი, გუდაუთიდან დაზვერვაზე გადმოსული,  შავი ღრუბლების ქარავანი მიაცილებდა საკუთარი მიწიდან დევნილ ქართველებს, მაგრამ საუბედუროდ, კამაზმა შუა მდინარემდეც ვეღარ მიაღწია, ადგილზე ბუქსაობა დაიწყო და მეორე ნაპირზე გასვლა ვეღარ შეძლო.

   - ბიჭებო! რას უცდით! ვერა ხედავთ, რომ მანქანას დახმარება ესაჭიროება? - კაბინიდან ამოსძახა კამაზის მძღოლმა ძარაზე მყოფ, შიშისგან სასოწარკვეთილებამდე მისულ ვარჩელ დევნილებს.

- ახლავე, ძმაო! რა გაღრიალებს?.. - და მანქანის მისახმარებლად რამდენიმე მოზარდი სწრაფად გადმოხტა.

მაგრამ ძველი კამაზი ჯიუტად განაგრძობდა ბუქსაობას და მანამდე იბუქსავა, სანამ ერთ-ერთი მოზარდის ფეხი არ ჩაიყოლა საბურავის ქვეშ და არ გადაუმტვრია...

- ვაიმე! ფეხი!.. ფეხი!.. - საზარელი ხმით იყვირა ტრავმირებულმა ბიჭმა.

ყვირილზე კაბინიდან მძღოლმა გამოყო თავი და გაუსაძლისი ტკივილით მოკრუნჩხული ბიჭი რომ დაონახა მანქანა უკან გასწია, მოზარდი გამოათრიეს საბურავიდან და კამაზი უკუსვლით ისევ ნაპირს დაუბრუნდა.

რომან ზარანდიას თქმით, ტრავმირებულ ახალგაზრდას დახმარება ესაჭიროებოდა და სწორედ ამით ისარგებლეს გამყოლმა მეომრებმა და უმწეო დევნილები ძირს გადმოსვეს, მე-5 ბატალიონის კუთვნილი მანქანით, რომელიც ვარჩელი დევნილებისთვის იყო გამოყოფილი, სწრაფად გადალახეს მდინარის ფონი და ხალხის ბარგი-ბარხანით უგზოუკვლოდ გაუჩინარდნენ.

მოგვიანებით უპატრონოდ მიტოვებული ვარჩელები, ვიღაც მადლიანმა თავის კამაზის მარკის სატვირთოზე აიყვანა და ფონიც უხიფათოდ გადაცურა...

    საჭეს შუახნის ჩაფსკვნილი აღნაგობის მძღოლი ტოლიკ   ჭითავა უჯდა. მის გვერდით კიდევ ორი მისი ასაკის კაცი შიშისგან ამღვრეულ თვალებს აბრიალებდა.

ტოლიკ ჭითავას სატვირთო მანქანაზე მიბმული იყო, საკმაოდ კარგად მოვლილი „ჟიგული“, რომლის საჭეს ნუკრი ხარბედია უჯდა, გვერდით გია ეჯდა სანაია. უკან მისი უმცროსი ძმა, გოჩა სანაია და ჯუბა ზარანდია უხმოდ, უსიტყვოდ გასცქეროდნენ ოჯიბინეს თავზე მოფარფატე თოლიებს. საბარგულში რამაზი გოგინავა იყო მოკალათებული და მის გვერდით ვარჩელი ბიჭი, ავთო ტყებუჩავა მოუსვენრად წრიალებდა.

   ძველი დანჯღრეული კამაზი მთელი ძალით მიიკვლევდა უსწორმასწორო გზას ზღვისპირა ტყეში. უკან ჟიგულის ღია საბარგულზე მდგარი ბიჭები თავს ძლივს იმაგრებდნენ, ხის ჩამოშვერილი ტოტები სახეზე სცემდა მათ და წონასწორობას აკარგვინებდა.

ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, როცა მოულოდნელად რომელიღაც აფხაზური სოფლიდან რუსული „მინამიოტები“ აღრიალდა. ტოლიკ ჭითავამ ახლად გაჭრილი გზიდან მარცხნივ, ზღვის მხარეს, ბუჩქნარებიან მინდორზე გადაუხვია, ძველი კამაზი ისევ ახრიალდა ქვაღორღიან მინდორზე, მასზე მიბმული ჟიგული კი, ხტუნვა-ხტუნვით მოსდევდა უკან. პატარა მეომრებს, გოჩა სანაიას და ჯუბა ზარანდიას ეგონათ, მათზე ბევრად უფროსი „ჟიგული“ აგერ-აგერ დაიფშვნებაო და თავს სულ დაბლა და დაბლა ხრიდნენ.

ყველამ იცოდა, რომ ამ გზით სამშვიდობოს გასვლა არც თუ ისე ადვილი იქნებოდა, თანაც ახლა, როცა ქართულ სოფლებში ხოცვა... ჟლეტა... ძარცვა... ქართველი მოსახლეობის გენოციდი მძვინვარებდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო?..

   ნაღმმტყორცნის ჭურვები ახლომახლო ფეთქდებოდა... ერთი ჭურვი სულ ახლოს აფეთქდა... ტოლიკ ჭითავა მთელი ძალით ჩააფრინდა საჭეს და რამდენიმე ტონიანი კამაზი ადგილიდან ისე სწრაფად მოგლიჯა, რომ უკან, ჟიგულის საბარგულში ძლივს მოკალათებულმა ბიჭებმა თავი ვერ შეიკავეს და საუბედუროდ მანქანიდან გადმოვარდნენ.

- გააჩერე!.. ტოლიკ!.. გააჩერე!.. - მთელი ხმით უყვიროდა გია სანაია კამაზის მძღოლს, მაგრამ ამაოდ...

კამაზი უკანმოუხედავად, ღმუილ-ღმუილით, ჯიუტად მიიკვლევდა გზას კინდღის მიმართულებით... არაქათგამოცლილი ბიჭები უკან მისდევდნენ, სანამ ძალა არ გამოელიათ...

   კამაზის ღმუილის გარდა რუსული „მინამიოტების“ რაღაც შოკისმომგვრელი, შემზარავი ხმა არღვევდა ტყის მყუდროებას. პატარა მეომარი ჯუბა ზარანდია მთელი გზა ღმერთს ევედრებოდა, გადაერჩინა ვარჩელი მეომრები, რამაზი გოგინავა და ავთო ტყებუჩავა, მიეცა მათთვის ძალა და სულის სიმტკიცე, რომ როგორმე სამშვიდობოს გასულიყვნენ.

- რამაზი ხომ გადარჩება, გოჩა? - ბავშვური გულუბრყვილობით ჰკითხა ჯუბა ზარანდიამ თავის მამიდაშვილს, გოჩა სანაიას, იგი ოთხი-ხუთი წლით უფროსი თუ იქნებოდა ჯუბაზე, მეტის არა.

გოჩა სანაიამ თავი მაღლა ასწია, ნაღვლიანად გაიღიმა და სრულიად მშვიდად, დაიმედებით უთხრა, მუდამ მოუსვენარ ბიძაშვილს:

- ნუ გეშინია, ძამიკო! ყველანი გადავრჩებით!..

ამის თქმა და ჟიგულის მისაბმელი გაწყდა... სატვირთო მანქანა მაინც აგრძელებდა გზას ღმუილით, მაგრამ კამაზის ძარაზე ისხდნენ ჟიგულში მყოფი ყმაწვილი მეომრების მშობლები და მათ უსაშველო ყვირილზე მძღოლი, ტოლიკ ჭითავა კაბინიდან ღრიალით გამოვარდა:

- გადააგდეთ ეს, დედააფეთქებული დენიკინის ჯართი! თუ არადა დარჩებით აქ!..

სხვა რა გზა იყო, ბიჭები უხმოდ, უსიტყვოდ გადაჯდნენ ჟიგულიდან კამაზში და გზა განაგრძეს...

საშინელი გრილი და ბნელი ღამე იყო. ტყეში უცაბედად ამოვარდნილი ქარი ხის ფოთლებს მძიმედ აშრიალებდა, ზღვაც რაღაც, მომატებული მგრძნობელობით ჩვეულებრივზე უფრო მეტად ღელავდა. ნუკრი ხარბედია კარგა ხანს უცქეროდა კინდღის სანაპირო ტყეში მიგდებულ თავის მანქანას, მაგრამ ახლა რა დროს ეგ იყო, როცა ფეხქვეშ მიწა ეცლებოდათ... სოფელ კინდღს რომ მიუახლოვდნენ, ორი მეტრი სიმაღლის გადახურული კამაზი, კინდღის რკინიგზის ქვეშ სამანქანო გასასვლელში, საუბედუროდ ვერ გაეტია, რის გამოც მძღოლი, ტოლიკ ჭითავა იძულებული გახდა ნაკლებად დაუცველი გზისკენ გაეხვია... მაგრამ გაოგნებული ვარჩელები კარგად ხედავდნენ მოახლოვებულ უბედურებას. აფხაზური მხარის ბოევიკები ისე ჩუმად, უხმაუროდ აქცევდა ალყაში მათ სატვირთო მანქანას, ბრმა და ყრუც მიხვდებოდა, რომ დევნილების ცოცხლად აყვანა ჰქონდათ განზრახული...

არაქათგამოცლილი მეომრები, რამაზ გოგინავა და ავთო ტყებუჩავა ძლივსძლივობით მიიკვლევდნენ სავალს ველურ ბილიკებსა და ეკალბარდიან ბუჩქნარებს შორის. სადღაც ნახევარი კილომეტრის იქეთ, მიტოვებული ჟიგული დაინახეს...

- ნუკრი ხარბედიას ჟიგული!.. - რამაზი ავთოს მიაჩერდა. - იქნებ აფხაზებმა!..

- არა!.. არა!.. - ცუდზე ნუ ვიფიქრებთ... - დაიმედებით თქვა ავთო ტყებუჩავამ და მანქანის საბარგულს მივარდა, - იქნებ, ჩვენი ავტომატები მაინც დაგვიტოვეს, ა?

- კი!.. კი!.. უცადე, შენ!.. - უიმედოდ გააქნია თავი რამაზმა, მაგრამ ცალი თვალი მაინც გააპარა ნუკრის ჟიგულისკენ.

- ამის დედაც!.. - ამოიგმინა ტყებუჩავამ და ნირწამხდარ გოგინავას მიაშტერდა. - მანქანა ცარიელია და გაფუჭებული, ნუკრი კარგს რას დაგვიტოვებდა?

- თავი დაანებე ამ ჯართს!.. - უყვირა რამაზმა თანასოფლელს. - წამოდი, ეს გზა არ მომწონს, რაცხა... ისევ ბილიკებით ვიაროთ... - და უხმოდ, უიმედოდ გაუდგნენ გზას კინდღისკენ...

რამდენიმე ხნის დამღლელი სიარულის შემდეგ, სიცივისა და შიმშილისაგან აკანკალებული, უიარაღო მეომრები გზაჯვარედინზე შეჩერდნენ:

- ეს გზა, სოფელ კინდღის შესასვლელისკენ მიდის... - და ხელი წინ გაიშვირა ტყებუჩავამ.

- ვიცი, მაგრამ უცხო სოფელში შესვლა სახიფათოა, თანაც უიარაღოდ...- მიუგო გოგინავამ.

- აბა, მეორე გზა ცენტრალური ტრასისკენ მიდის და მას, სავარაუდოდ აფხაზები აკონტროლებენ...

ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, ბიჭებმა ზღვისკენ მოუხვიეს და სანაპიროს გაუყვნენ ოჩამჩირის მიმართულებით...

სანაპიროდან ორასიოდე მეტრის დაშორებით ზღვაში, ხის მორებს შორის, რაღაც უცნაური სხეული მოცურავდა მათკენ...

- ვინ ხარ!.. - მოახლოვებისთანავე უყვირა რამაზ გოგინავამ რუსულად.

- სომეხი ვარ!.. - რუსულადვე მიუგო უცხო სხეულმა და იქვე, ნაპირზე მოცელილივით გაიშხლართა.

რამაზი მივარდა უცნობ სომეხს, თავი წამოუწია და წყალში დიდხანს ყოფნისგან სახეგალურჯებულს თვალებში ჩააშტერდა. სახე საოცრად ნაცნობი ეჩვენა, მაგრამ ღამის ბინდბუნდში კარგად ვერ გაარჩია.

- ახლა, ამას რა ვუყოთ? - შიშისგან თუ სიცივისგან ტყებუჩავა კბილს-კბილზე ვერ ახვედრებდა.

- ქართველები ხართ? - სუფთა ქართულად ამოიკვნესა ზღვის კაცმა და წამოდგომა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო.

- ზაურ! - თავშეუკავებლად იყვირა გოგინავამ და ზღვის კაცი გულში ჩაიკრა. - ვარჩელია, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ზაურ გუგუშვილი...

ზღვის კაცი ქვიშაზე მიცვალებულივით, გაუნძრევლად იწვა, სახე გალურჯებოდა და მძიმედ სუნთქავდა. რამაზი გვერდით დაუჯდა, ჩუმად შეჰყურებდა, უთქმელად მიხვდა, ვარჩელი ბიჭი წყალში, მორებს შორის ემალებოდა მტერს...

კინდღის რკინიგზის ხიდთან თავგამოდებით იცავდა თავს, მე-5 ბატალიონის მეომართა მცირე რაზმი. გურამ ზარანდია, მისი უფროსი შვილი კახა და უმცროსი 18 წლის ჯუბა, ორივე მამის გვერდით იბრძოდა მთელი ომის განმავლობაში და ახლაც მამის გვერით იყვნენ...

ცოტა მოშორებით, ხიდიდან ოციოდე ნაბიჯში გამაგრებული იყო გივი სანაია თავის შვილებთან, გიასთან და გოჩასთან ერთად. მათ წინ რამდენიმე ნაბიჯში იყვნენ გურამ ზარანდიას ბიძაშვილი, მერაბი ზარანდია და კიდევ ვარჩელი კობა აბულაძე 17 წლის...

კამაზის წინა, მარცხენა საბურავთან ტოლიკ ჭითავა იყო გამაგრებული, ხოლო უკანა, მარცხენა საბურავთან ნუკრი ხარბედია...

ვარჩელ მებრძოლებს თავგანწირვით უნდა ებრძოლათ, რადგან მათ ზურგს უკან ქალები და მოხუცები, ხიდქვეშ აფარებდნენ თავს... და ეს ქალები და მოხუცები მათი მშობლები და ახლობლები იყვნენ...

ალყაში მოქცეულებს ყოველი მხრიდან უტევდნენ აფხაზები და მათი დაქირავებული მკვლელები... გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი, რომ უნდა დამარცხებულიყვნენ შიშის ზარს ჰგვრიდათ...

რამაზ გოგინავას სამკაციანი, უიარაღო რაზმი, ისევ ველური ბილიკებით მიიკვლევდა გზას, ეკალბარდებსა და ოღრო-ჩოღრო ადგილებს შორის. ზღვის კაცი ხმას არ იღებდა, შიშისა თუ სველი ტანსაცმლისგან ერთიანად კანკალებდა, ეტყობა არაქათი გამოეცალა. წამით შედგა, ბიჭებს ხელით ანიშნა, ცოტა მაცალეთო, და მუხლებზე ჩაიკეცა.

- დაიღალე ალბათ, არა? - ჰკითხა რამაზ გოგინავამ და თავზე ხელი მეგობრული მზრუნველობით მოუთათუნა თავის ბავშვობის მეგობარს.

- ჰო! მეტი აღარ შემიძლია!.. საცაა გული გამისკდება!.. - ხმის კანკალით ამოილაპარაკა გუგუშვილმა.

- ნუ გეშინია, ზაურ, ძმაო!.. - და რამაზიც გვერდით მიუჯდა თანასოფლელ ბიჭს. - მალე გავალთ აქედან... ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავ...

ავტომატების სროლის ხმა კვლავ გაისმოდა, კინდღის რკინიგზის ხიდის მისადგომებთან. ზოგჯერ რუსული „მინამიოტების“ დარტყმის ძალა მთელ სანაპირო ზოლს აზანზარებდა. მოწითალო კვამლი ცაში ადიოდა, ხიდის ყველა ადგილიდან. კაცს უზარმაზარი ხანძარი ეგონებოდა. ცაში ცეცხლოვანი ჭურვები, რამდენჯერაც გაიელვებდა და დაიქუხებდა, რამაზი იმდენჯერ პირჯვარს გადაიწერდა და ჩუმად ჩაიჩურჩულებდა:

- წმინდა გიორგი, შენ უშველე, ჩემს ვარჩელებს!..

- კი, მაგრამ!.. - სიცივენასუნთქი ფილტვებიდან ძლივს ამოილაპარაკა გუგუშვილმა.

- არა!.. ისინი არ დანებდებიან!.. - სიტყვა გააწყვეტინა გოგინავამ. - ზარანდიებსა და სანაიებს ბავშვობიდან ვიცნობ!.. დიდებსაც და პატარებსაც!.. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებენ... - და რამაზმა ხელი მკლავზე ჩაავლო მეგობარს.

- აქ შეყოვნება საშიშია... უნდა წავიდეთ!.. - გუგუშვილი უღონოდ, გაჭირვებით წამოდგა და გზა განაგრძეს.

წინ რამაზი გოგინავა მიიკვლევდა გზას. უკან ზაურ გუგუშვილი მიყვებოდა. მარცხენა ფეხს იტკიებდა, რატომღაც. ეტყობა აწუხებდა, რადგან აშკარად კოჭლობდა. ცოტა მოშორებით ავთო ტყებუჩავა მიჰყვებოდა, ფიქრებში წასული ლანდივით...

რამაზი ყურადღებით ათვალიერებდა სავალს, დევნილი ნადირივით აცეცებდა თვალებს აქეთ-იქეთ, ფრთხილად ადგამდა ნაბიჯებს, რადგან სიბნელე ნელ-ნელა იცრიცებოდა და ტყე სულ უფრო გამჭვირვალე ხდებოდა, ეშინოდა აფხაზ ბოევიკებს რომ არ შეენიშნათ. 

- მომისმინეთ ბიჭებო! - მოულოდნელად წამოიძახა გოგინავამ და ხელის სწრაფი მოძრაობით ნახევარი წრე შემოხაზა. - ამ ტყეს სწრაფად თუ გადავჭრით და მერე მარჯვნივ სწრაფადვე თუ  ჩავუხვევთ... აქედან ათი წუთის სავალზე, პატარა მდინარე დაგვხვდება... გადავლახავთ და პირდაპირ მოვხევთ ოჩამჩირის მიმართულებით...

- შენ რა, შეიშალე? - გაკვირვებით შეიჭმუხნა წარბები ტყებუჩავამ.

- რატომ გვიშორებ თავიდან, რამაზ, ძმაო? - მოულოდნელობისგან სახე გაუფითრდა, ისედაც ფერდაკარგულ გუგუშვილს.

    - სხვა გზა არ გვაქვს! - მოკლედ მოჭრა გოგინავამ.

- რამაზ, ძმაო, გული მეუბნება, რომ...

- უნდა ვიჩქაროთ! - ხმადაბლა უყვირა გოგინავამ. - თორემ თუ აფხაზებმა და რუსმა მედესანტეებმა დაგვინახეს, ძნელად რომ რომელიმე ჩვენგანი ცოცხალი გადარჩეს..

სხვა რა გზა იყო. ფერდაკარგულმა ბიჭებმა ეკალბარდებს შორის ლანდივით უხმაუროდ განაგრძეს წინ სვლა მდინარისკენ. ხის როკები ფეხზე და ტანსაცმელზე ედებოდათ, ხმელი ტოტები სახეს უკაწრავდათ. შიშით დაზაფრულ მეომარ ბიჭებს სული ეხუთებოდათ და უფრო მაგრად ებღაუჭებოდნენ ხის ტოტებს...

     კინდღის რკინიგზის ხიდთან ალყაში მოქცეულებს ყოველი მხრიდან გააფთრებით უტევდნენ აფხაზები და ჩრდილო კავკასიელ ავაზაკთა ბანდები.                                  

    - აბა, ქართველებო!.. დაიჩოქეთ და აფხაზეთის მიწას უკანასკნელად ეამბორეთ!.. - მთელი ხმით ღრიალებდა შუახნის ჩრდილო კავკასიელი ბოევიკი ( ღმერთმა იცის ჩეჩენი იყო, ყაბარდოელი, ოსი თუ სკვითი. )

მკვლელებმა ავტომატები მოიმარჯვეს, ეტყობა, ახალგაზრდა მეომრების დახოცვის შემდეგ, ამ უმწეო მოხუცებისა და ქალების დახვრეტა გადაწყვიტეს...

  ვარჩელ დევნილებს შორის, ყველაზე უხუცესი 84 წლის შოთა ბერია გახლდათ. მის ფონზე უფრო ახალგაზრდული იერით გამოიყურებოდნენ შალიკო კოხია, დოდო კოხია და ომარ გოგია, ისინი 80 - ს უკაკუნებდნენ თითქმის. ორი წლით ჩამორჩებოდა მათ შალიკოს უმცროსი ძმა, ამირან კოხია. სერგო ხარებავაც კი იქნებოდა, სადღაც 80 - ს აქეთ ან, ცოტა იქეთ. ვარჩის კინომექანიკოსი მიშა თურქია მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო და კარგადაც გამოიყურებოდა. თამარა თორია შუახანს გადაცილებული ქალბატონი და საკმაოდ ხანდაზმული ანეტა სანაია შიშნეულად ათვალიერებდნენ გამხეცებულ აფხაზთა ბოევიკებს და მათ მიერ დაქირავებულ ხროვას.

- სასროლად მოემზადეთ! - მოულოდნელად იღრიალა აფხაზთა ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, ცხვირპაჭუა ოფიცერმა.

- დახვრიტეთ, დახვრიტეთ ყველა!

მთელი ხმით ხარხარებდნენ აფხაზური მხარის ბოევიკები, თითქოს სასიამოვნო სანახაობას უცქეროდნენ.

- ღმერთო, შენ გვიშველე!.. - ყრუდ გაისმოდა სიკვდილის მოახლოებით დაზაფრული, ვარჩელთა მისავათებული ხმა.

- ყმაწვილო! - ახლომდგომ ახალგაზრდა ოფიცერს სასოწარკვეთით ემუდარებოდა ხანშიშესული ვარჩელი ქალი, ანეტა სანაია. - მამა-პაპისეულ ღირსებას მოუხმეთ, შვილო, სირცხვილმა მაინც შეგაწუხოთ!.. უმწეო მოხუცებს რას ერჩით?..

- რა ღირსება!.. რისი სირცხვილი!.. თქვენი და აფხაზების დედაც!.. და სახეში თხლიშა 70 წლის ქალს ავტომატის კონდახი.

საბრალო ანეტა სანაიას ძალა არ ეყო ამ ტკივილის გასაძლებად და გული შეუღონდა.

- უბედურო პირუტყვო!.. - განწირული ხმით ამოიკივლა დოდო კოხიამ და ახალგაზრდა ბოევიკს მარცხენა თვალში, რაღაც წვრილი საგანი გაუყარა. - არ შეგარჩენენ ამას, იცოდეთ ეს, ბინძურო მკვლელებო!..

- ესროლეთ!.. - საზარელი ხმით ამოიღრიალა მარცხენა თვალ ამოჩიჩქნულმა და სახე დასისხლიანებულმა ოფიცერმა.

რამდენიმე ბოევიკმა ერთდროულად ისროლა. შემდეგ ყოველი მხრიდან წამოვიდა ტყვიების წვიმა, რომელიც გლეჯდა და ცხრილავდა ამ უბედურთა სხეულებს.

- ეი, ვარა! - გასძახა ერთმა დაქირავებულმა მკვლელმა აფხაზ ოფიცერს. - ნუ კაკ, ა?

- ვსიო ნორმალნო! - კმაყოფილებით მიუგო აფხაზმა ოფიცერმა.

- აბა ჩქარა ჩასხედით მანქანებში და მოვხიოთ აქედან! - იყვირა შუახნის ჩაფსკვნილმა ოფიცერმა.

       წუთის შემდეგ, რკინიგზის ხიდის მისადგომებთან არცერთი მტრის ბოევიკი აღარ იყო. თითქოს აღარც ყოფილანო...

 ვარჩის კინომექანიკოსი მიშა თურქია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ განძრევა აღარ შეეძლო, რადგან ორივე ფეხი დაცხრილული ჰქონდა და სიკვდილის მოლოდინში გაოგნებული უმზერდა ტყვიით დაცხრილულ მე-5 ბატალიონის მებრძოლებს: გურამ ზარანდია და მისი ორივე ბიჭი მამის გვერდით იწვნენ ტყვიიღ დაცხრილულები... ცოტა მოშორებით უსულოდ ეგდო გივი სანაია თავის უმცროს შვილთან ერთად... ხოლო უფროს შვილს, გიას დედამისის, ლამარა ზარანდიას კალთაში ედო თავი... იქვე მოუკლავთ რომან ზარანდიას ბიძაშვილი, მერაბ ზარანდია, რომელსაც მკლავებში ჰყავდა მოქცეული ვარჩელი 16 წლის ბიჭი კობა აბულაძე... დამწვარი კამაზის ახლოს ეგდო ტოლიკ ჭითავასა და ნუკრი ხარბედიას დასახიჩრებული გვამები...

უცებ ვარჩელი კინომექანიკოსის ზურგს უკან უხეში შეძახილები და იარაღის ჟღარუნი გაისმა. ვარჩელი კაცი არ განძრეულა და გაქვავებული თვალებით კობა აბულაძის ტყვიებით დაცხრილულ პატარა მკერდს მიაშტერდა.

მცირე ხნის შემდეგ ხმაური შეწყდა. მიშა თურქიამ თავი ნერვიულად გააქნია, მიმოიხედა, არავინ ჩანდა. შეიძლება არც არავინ იყო, სიკვდილს მომლოდინე კაცი უბრალოდ ძლიერ შოკში იყო. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე და კვამლის, დენთის, ნესტის და ოფლიანი სხეულის სუნი ერთმანეთში იყო არეული. უბედური მიშა დიდხანს ისრესდა ტირილისგან ამღვრეულ თვალებს. შემდეგ, როგორღაც ძალა მოიკრიბა, დახოცილ და გაძარცულ თანასოფლელებს უკანასკნელად მიმოავლო ნაღვლიანი მზერა და თავი ნელნელა დასწია ძირს...

ვის შეუძლია აღწეროს ვარჩელების ამ საშინელი ტრაგედიის სურათები?!.

    განა ტრაგედია არ არის, ერთი უტვინო კაცის გამო!.. საკუთარი სამშობლოს მოღალატე გენერლების გამო!.. შენი ქვეყნის საუკეთესო, შვილები, რომ იღუპებიან?!.

ვარჩა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ბაბუშარის თემი). მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 15 მ, გულრიფშიდან 21 კმ, დრანდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ხე-ტყის დასამუშავებელი საამქრო, დასასვენებელი ბაზა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.02.2021
ბოლო რედაქტირება 28.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0