სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე) 1889-1969წწ დაბ. სოფ. ოხომირა ტყიბული მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე) 1889-1969წწ დაბ. სოფ. ოხომირა ტყიბული

1889-1969 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი შავიანიძე სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

248       ბეჭდვა

მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე) 1889-1969წწ დაბ. სოფ. ოხომირა ტყიბული

მიტროპოლიტი ნაუმი, ერისკაცობაში ნაომ გრიგოლის ძე შავიანიძე, დაიბადა 1889 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ოხომირაში,


სასულიერო პირის ოჯახში. მამა გაბრიელ შავიანიძე იყო დეკანოზი. 1904 წელს ნაუმ შავიანიძემ დაამთავრა ქუთაისის კლა¬სიკური გიმნაზია. მისი გიმნაზიელი მეგობარი იყო შემდგომში ცნობილი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე, რომელთანაც კონტაქტი არასდროს არ გაუწყვეტია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა სოფელ ცუცხვათის ეკლესიის მედავითნედ. 1905 წელს სოფელ ოხომირაში დააარსა საკუთარი სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა გლეხის შვილებს.


1916 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ხელი დაასხა ქუთაისის საკათედრო ტაძრის მთავარდიაკვნად. 1918 წლის დასაწყისში ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის (გიორგაძე) მიერ იკურთხა მღვდლად და გამწესებულ იქნა ოხამირას მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში. 1921 წელს მამა ნაუმი შეთავსებით ქუთაისის სამრეკლო სკოლების განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც ჩატარდა 1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში და მხარს უჭერდა მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) კანდიდატურას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე. 1924-1929 წლებში ჭოგნარის მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვარია.


1929 წელს მამა ნაუმი დაინიშნა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიის წინამძღვრად. ამ ეკლესიაში მსახურობდა იგი 1941 წლამდე, ვიდრე ხელისუფლებამ 1941 წელს ადმინისტრაციული წესით არ დაკეტა იგი. მამა ნაუმს 1942 წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს, დააპატიმრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის წევრები, რომელთა მიზანი იყო ბრძოლა საქართველოს საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან განთავისუფლებისათვის. ამ ჯგუფის აქტიური წევრები; კოტე ჯოგლიძე, კოტე ხიმშიაშვილი და შალვა შავიანიძე (მამა ნაუმის შვილი) დახვრიტეს. დიდი მწუხარების მიუხედავად, მამა ნაუმი სულიერად არ გატეხილა, 1943 წელს იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ თბილისის სიონის ტაძრის მოძღვრად გადაიყვანა, იმავდროულად იგი ასრულებდა სინოდის მდივნის მოვალეობას.


მამა ნაუმი მონაწილეობდა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის მოლაპარაკებაში, რომელიც 1943 წელს გაიმართა. მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიალური ავტოკეფალია. მამა ნაუმის თბილისში გადასვლა გააპროტესტეს მორწმუნეებმა და უწმიდეს კალისტრატეს სთხოვეს მისი ქუთაისში დაბრუნება. პატრიარქმა ქუთათელ ეპისკოპოს ეფრემს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: "აცნობეთ მთხოვნელებს, ნაომი ჩემთვის საჭიროა, დროებით მაინც, გთხოვთ ასევე განუმარტოთ მორწმუნეთ, ჯერჯერობით ნაუმს ვერსად ვერ გავუშვებ." (59, 8).


1945 წლის თებერვალში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე იმყოფებოდა მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსი I-ის აღსაყდრებაზე მას თან ახლდა სიონის ტაძრის დეკანოზი ნაუმი. ამის შემდეგ იგი არაერთხელ ყოფილა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში. 1955 წელს ეჩმიაწინში მამა ნაუმი ესწრებოდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსის ვაზგენ I-ის აღსაყდრებას. დახვეწილი ინტელექტუალი, უაღრესად მოწესრიგებული კაცი იყო იგი. უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ასე აფასებდა მის ღვაწლს: "თქვენი მოღვაწეობა სიონის ტაძარში თუმცა რამდენიმე წლის ამბავს წარმოადგენს, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ეს მანძილი თქვენი დაუცხრომელი შრომისა, ნათლად გვიხატავს ეკლესიის ჭეშმარიტი მსახურებისა და ღვთის საყვარელი მოწაფის სურათს. სიმშვიდე, სიმდაბლე, გულწრფელობა და სიყვარული ღვთისა და ხალხის მიმართ. აი, რას ახორციელებთ თქვენ." (59, 10).


1947 წელს დეკანოზი ნაუმი დაჯილდოვდა მიტრით და დაუბრუნდა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიას. 1956 წლის 3 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე). უწმიდესისა და უნეტარესის, მელქისედეკ III-ს ბრძანებით დეკანოზი ნაუმი დაინიშნა ეპარქიის მთავარხუცესად. 1957 წლის 7 იანვარს იგი აკურთხეს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად. მეუფე ნაუმი წერდა: "ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი გავმხდარიყავი ეკლესიის მსახური, მაგრამ ის კი არასოდეს მიფიქრია, რომ ეპისკოპოსი ვყოფილიყავი, ვინაიდან მღვდელმთავრობა არის დიდი და ძნელი საქმე, და რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს შემკული მრავალგვარი კარგი ღირსებებით, მაგრამ რადგანაც ეს ღმერთმა ინება, მე უღირსი მონა ღვთისა, სავსებით მორჩილებას ვაცხადებ და დიდ მადლობას შევსწირავ უფალსა ღმერთსა ჩვენსა ჩემდამი დიდი მოწყალებისათვის." (59, 111).


1958 წელს მეუფე ნაუმი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. მეუფე ნაუმს ურთულეს პირობებში უხდებოდა მღვდელმთავრის ტვირთის ზიდვა. იგი თავის დღიურში წერდა: "ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში, კარგა ხანია დაიწყო შფოთი და ეკლესიისათვის დიდად საზიანო მდგომარეობა... საქმის ნათელსაყოფად ბევრი ფრიად მნიშვნელოვანი საბუთი მოიპოვება. ბევრმა იცის რა მოუვიდა მიტროპოლიტ ეფრემს, ერთი უღირსი დედაკაცი შეუვარდა ღვთისმსახურების დროს და მისი მოკვლა უნდოდა. ღვთის მადლით ის ცოცხალი დარჩა, ასევე მიტროპოლიტ გაბრიელს მსახურების დროს შეუვარდნენ და ჩაქოლავდნენ, საკურთხეველში რომ არ მოესწრო შესვლა. მე კი რამდენი შეურაცხყოფა მომაყენეს უსახელო წერილებით, მუქარით... საშინელ დევნილ და ტანჯულ მდგომარეობაში ვიმყოფები. არ მქონია შესაძლებლობა, რომ დამშვიდებულად შემესრულებინოს წირვა-ლოცვა და ეს როგორი ღვთისმსახურებაა, როდესაც მღვდელმთავარი იმის ფიქრშია, თუ როდის ესვრიან მას ანდა ცივი იარაღით გამოასალმებენ წუთისოფელს?" (59, 12). ეს ჩანაწერები ზუსტად ასახავს XX საუკუნის 50-60-იან წლების რთულ ვითარებას, როდესაც ხელისუფლებისაგან მოსყიდული პირები ცდილობდნენ არასასურველი სასულიერო პირების დაშინებას, ცილისწამებით საზოგადოებისაგან მათ იზოლირებას, მაგრამ მეუფე ნაუმს კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ აუცილებელი იყო სიმშვიდით დაეთმინა ყველაფერი. მეუფე ნაუმის თავმდაბლობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩნდა 1959 წელს, როდესაც იგი თბილისში დაიბარა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ და სთხოვა დათანხმებულიყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობას, მაგრამ მეუფე ნაუმმა თავაზიანად მიანიშნა პატრიარქს, რომ მოსაყდრეობისათვის ყველაზე ღირსეული მიტროპოლიტი იყო ეფრემი (სიდამონიძე). მისმა პოზიციამ ბოდბელ დიმიტრისთან (იაშვილი) ერთად გადაწყვიტა მე-10 საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტ ეფრემის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის საკითხი. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული მეუფე ნაუმის მიმართ, 1964 წელს ეპისკოპოსი ნაუმი წმიდა ნინოს ორდენით დაჯილდოვდა, 1967 წელს მას მიტროპოლიტობა ებოძა.


უწმიდესი ეფრემი მიტროპოლიტს ნაუმს წერდა: "შენ ერთს გაქვს უფლება ცოდვების მოკითხვისა და ბედნიერი ვართ, რომ  შენ ამას არ აკეთებ, ბედნიერი ვართ, რომ შენ არ იცი ზედმეტის თქმა, ის რაც შენ იცი, რომ გეთქვა, ვინ იცის შეიძლება წარღვნაც მოსულიყო." (59, 73). მიტროპოლიტმა ნაუმმა დიდი შრომა გასწია მოწამეთის მონასტრის მოწესრიგებისათვის, გაიყვანა გზა, ააგო საეპარქიო სახლი, მოაწყო მონასტრის ეზო, წმიდა დავითისა და კონსტანტინეს საძველე. მძიმე ავადმყოფს სიცოცხლის შენარჩუნება შეეძლო თუ გაიკეთებდა ცალი ფეხის ამპუტაციას (განგრენა ჰქონდა), რაზედაც უარი განაცხადა. ღმერთთან სამსჯავროზე ცალი ფეხით როგორ წარვსდგეო. 1969 წლის 3 მარტს იგი გარდაიცვალა ქუთაისში. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა: "ჩემი უძვირფასესი ნაუმის გარდაცვალების გამო ვერ მოგახსენებთ სამძიმარს, რადგან ყველამ მე უნდა მითხრას სამძიმარი ყველაზე მძიმე დანაკლისით შეწუხებულს." (7, 55). განსვენებულს წესი აუგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ (შიოლაშვილი). მიტროპოლიტი ნაუმი დაიკრძალა ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში.


სერგო ვარდოსანიძე

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=337&fbclid=IwAR0Ft9sx8NJ_lqCQxNHIrO_Dp_DqjF3h2UWCSAdeIbA2KmE_sEjTeeUVUh005.05.2006

05.05.2006

წარმოსადგენადაც კი ძნელია ის საშინელი წლები, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ რომ გამოიარა კომუნისტების ხელში. ახალგამოჩენილ მოწამეთა დასს ემატებოდა და განამშვენებდა მწყობრი უხილავ მოწამეთა, რომელნიც ყოველდღიურად ღვრიდნენ სისხლს უფლისთვის. ეს "უხილავი მოწამენი" იყვნენ ის სამღვდელო პირნი და ერისკაცნი, რომელთაც ღირსეულად განვლეს კომუნისტური საზვერეები და ჩვენამდე მოიტანეს თესლი წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. ერთი მათგანი გახლდათ მიტროპოლიტი ნაუმი.

მიტროპოლიტი ნაუმი დაიბადა 1889 წელს ქუთაისის გუბერნიის ტყიბულის მაზრის სოფელ ოხიმირაში, ღარიბი მედავითნის, გრიგოლ (ლუარსაბ) ოქროპირის ძე შავიანიძის მრავალშვილიან ოჯახში. 7 წლისა შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ასწავლიდა მიხეილ ფხალაძე (შემდგომში პატრიარქი მელქისედეკ III). მასთან ერთად მერხს უჯდა აკადემიკოსი აკაკი შანიძე, რომელთან მეგობრობაც სიკვდილამდე არ გაუწყვეტია. 1904 წელს დაამთავრა სასწავლებლის სრული კურსი. 16 წლის იქნებოდა, როდესაც მამა გარდაეცვალა და მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვა მთლიანად ნაუმს დააწვა. ეს ტვირთი მას სიცოცხლის ბოლომდე არ მოსცილებია. "ნაუმი" - ქართულად ნუგეშს ნიშნავს და თვითონაც ხომ ნუგეში იყო ახლობელთა თუ შორეულთა. "ნაუმი დიდებული" - დაურქმევია მისთვის გელათელ მღვდელმონაზონს, მამა ეპიფანეს თავმდაბლობისა და ღრმა სარწმუნოების გამო. 1908 წელს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩააბარა სამასწავლებლო გამოცდები და მასწავლებლობას მიჰყო ხელი. სიღარიბის გამო ერთხანს (1912-1916 წლებში) სოფელ ცუცხვათის მაცხოვრის ეკლესიაში მედავითნეობდა და პარალელურად მუშაობდა სოფელ კურსებში, ბოქაულ ბიბიკოვის კანცელარიაში. ბიბიკოვი დიდად აფასებდა ახალგაზრდა თანამშრომლის განათლებას და წესიერებას, თანაუგრძნობდა, რომ გროშების გულისთვის დარ-ავდარში დიდი გზის გავლა უხდებოდა. არაერთხელ ურჩევია, თავი დაენებებინა მედავითნეობისთვის - შენ ისეთი კაცი ხარ, ბოქაულობას მიაღწევო. მე მღვდელი უნდა გამოვიდეო, - პასუხობდა ნაუმი. ბიბიკოვს უთქვამს, - რად გინდა ეს მღვდლობა, ერთი დრო დადგება, მღვდლებს დაახრჩობენო. თუ ასეთი დრო მოვა, მღვდლებზე ადრე პრისტავებს მიდგებიანო, - მიუგია ნაუმს. ბიბიკოვს გასცინებია, - მართალი ხარო და საუბარიც შეწყვეტილა.


1915 წელს ნაუმი გადაიყვანეს ქუთაისის საფიჩხიის ეკლესიაში მედავითნედ. იმ ხანებში ცოლად შეურთავს მედავითნე დორა კოკელიძე. "საუკეთესო მწიგნობარი, მცოდნე საეკლესიო წესებისა და დაუზარებელი ეკლესიის მსახური". ახალგაზრდა 1916 წლის 30 მარტს იპოდიაკვნად აკურთხეს ქუთაისის საკათედრო ტაძარში, სამი დღის შემდეგ კი იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგი ალადაშვილმა ხელი დაასხა დიაკვნად და ამავე ტაძარში გაამწესა. 1918 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ანტონი გიორგაძემ მამა ნაუმს მღვდლად დაასხა ხელი და გაამწესა თავისი სოფლის კოკა-ოხიმირის მაცხოვრის ეკლესიაში. 1921 წლის თებერვლის სისხლიან ამბებამდე შეთავსებით სამრევლო სკოლების განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა. ამავე წელს, კათოლიკოს ლეონიდეს გარდაცვალების შემდეგ, მამა ნაუმი აქტიურად მონაწილეობდა გელათში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აერჩია. იგი მხარს უჭერდა მიტროპოლიტ ნაზარის კანდიდატურას. როგორც ცნობილია, კათოლიკოსად კრებამ ხმების მცირე უპირატესობით ამბროსი ხელაია აირჩია. აქედან მოყოლებული, ვიდრე 1940 წლამდე, თითქმის 20 წლის განმავლობაში მამა ნაუმი იყო ქუთაისის ეპარქიის უცვლელი მდივანი და მთავარხუცესი, მიტროპოლიტების - დავით კაჭახიძის, სვიმეონ ჭელიძისა და ვარლამ მახარაძის უახლოესი და უერთგულესი თანამშრომელი.


1924-1929 წლებში მამა ნაუმი სოფელ ჭოგნარის მაცხოვრის ეკლესიაში მღვდლობდა, ხოლო 1929 წელს ებოძა დეკანოზობა და გადაიყვანეს ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც მსახურობდა 1940 წლამდე, ეკლესიის დახურვამდე...


ამ "მშრალი" ციფრებისა და თარიღების იქით კი რამდენი ტრაგიკული ამბავი იმალება.


თავისუფლებადაკარგულ საქართველოში საშინელი ტერორი მძვინვარებს, ეკლესიების ძარცვა-გლეჯას, სამღვდელოების "ლიკვიდაციას" ისე მონდომებით აღასრულებდნენ ქართველი ბოლშევიკები, რომ კაცი განცვიფრებული რჩები, საიდან გაჩნდა ამ ხალხში ამდენი ბოღმა, სიძულვილი ყველას და ყველაფრისადმი. 1921-24 წლებში ანტირელიგიური ისტერიის პირველი ეტაპი იმით დასრულდა, რომ საქართველოში მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესიის უმრავლესობა, პარტიული და კომკავშირული ხელმძღვანელობის ინიციატივით, დაიხურა ან ქოხ-სამკითხველოებად და კლუბებად გადაკეთდა". ხალხის ხოცვა-ჟლეტა განსაკუთრებით 1924 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ გაათმაგდა. ამასთან ერთად სახელმწიფომ ეკლესიას იმხელა გადასახადები შეაწერა, რომ ბევრი ტაძარი გადაუხდელობის გამო დაიხურა. თვით პატრიარქმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა 1929-30 წლებში შეწერილი გადასახადი ვერ გადაიხადა და სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ბინა აღუწერეს და გასაყიდი ნივთები შეარჩიეს. როცა პატრიარქს ასე ექცეოდნენ, სხვას რას უზამდნენ. 1928 წელს შეიქმნა "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი". კავშირის 106 უჯრედში 10 000 უღმერთო ირიცხებოდა. მათი მთავარი მიზანი რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. უღმერთოებს თანდათან ემატებოდნენ თანამებრძოლნი და უკვე 1940 წლისთვის მათი რიცხვი საქართველოში 2 027 011 კაცამდე გაიზარდა. უამრავი ტაძარი დაიხურა და დაინგრა, უქმდებოდა ძველი ისტორიული ეპარქიები. ეკლესიების რიცხვი 1943 წელს 1500-დან 15-მდე შემცირებულა. 1940 წლის ბოლოსა და 1941 წლის იანვარში სიონის ტაძარში შეწყდა ღმრთისმსახურება. 1941 წლის 12 ივლისს, პეტრეპავლობას, გამოიძახეს სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარი და 48 საათის განმავლობაში ტაძრის დაცლა უბრძანეს. სწორედ ამ პერიოდში, 1940 წელს, გადასახადების გადაუხდელობის გამო დაიხურა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესია. ქუთაისიდან ვინმე მაქსიმოვიჩს სტალინისთვის გაუგზავნია მიწერილობა, სადაც აღშფოთებას გამოთქვამდა ეკლესიის დახურვის გამო. წერილი დაუსრულებია მთავრობისადმი თხოვნით: აღადგინეთ მწვანეყვავილას ეკლესია და მიეცით ინვალიდებს საშუალება, ილოცონ თავიანთი მოძღვრის, ნაუმ შავიანიძის ლოცვა-კურთხევითო. მაგრამ ამ წერილს შედეგი არ მოჰყოლია.


ამასობაში დაიწყო II მსოფლიო ომი. მამა ნაუმის ვაჟი, შალვა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-მუშაკი, ომში გაიწვიეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. მამა ნაუმს კიდევ ჰყავდა ორი შვილი - ოთარი და თამარი, რომლებიც გვერდით ედგნენ მამას და განამხნევებდნენ ყველანაირად. 1943 წელს პატრიარქმა კალისტრატემ მამა ნაუმი თბილისის სიონის ტაძრის კანდელაკად დანიშნა, ბინა კი თავის გვერდით ოთახში მიუჩინა. მამა ნაუმიც ერთგულად, უმორჩილესად აღასრულებდა პატრიარქის ყველა დავალებას, ითვლებოდა საკათალიკოსოს მუდმივ წარმომადგენლად საქართველოს მთავრობაში. სწორედ ამ ერთგული სამსახურისთვის პატრიარქმა დეკანოზი ნაუმი ჯერ ენქერით (1945წ.), შემდეგ კი მიტრით (1947წ.) დააჯილდოვა. 1943 წელს რუსეთის ეკლესიამ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ამ პროცესებში მამა ნაუმიც აქტიურად მონაწილეობდა. რუსეთის პატრიარქ ალექსი I-ის ინტრონიზაციაზე იმყოფებოდა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყო სიონის ტაძრის კანდელაკი ნაუმიც. მოსკოვში ყოფნისას იგი პატრიარქმა ალექსი I-მა პატიოსანი თვლებით შემკული ჯვრით დააჯილდოვა. ალექსი I-ის კურთხევაზე მოწვეულნი იყვნენ მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები. მაშინ უთქვამს მამა ნაუმს: - კალისტრატე ამ უმაღლეს საკრებულოში იყო პატრიარქი პატრიარქთა შორისო. იმავე წელს საქართველოში საპასუხო ვიზიტით ჩამოვიდა ალექსი I. მის შესახვედრად უწმინდესმა კალისტრატემ ბაქოში გაგზავნა ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი და სიონის ტაძრის კანდელაკი დეკანოზი ნაუმი.


მამა ნაუმს ძალიან სტკიოდა გული, რომ ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესია უმოქმედო იყო. თბილისში ყოფნა და ურთიერთობები მან გამოიყენა იმისთვის, რომ ამ ტაძარში ლოცვა აღდგენილიყო. 1943 წელს ტაძარი გაიხსნა, სადაც მამა ნაუმმა რამდენიმე თვე იმსახურა და ისევ თბილისში დაბრუნდა. ქუთაისში კი მოღვაწეობა გადასახლებიდან დაბრუნებულმა ეპისკოპოსმა ეფრემმა განაგრძო. მწვანეყვავილას ეკლესიის მრევლი ითხოვდა საყვარელი მოძღვრის დაბრუნებას, მაგრამ მამა ნაუმი გრძნობდა, რომ პატრიარქს ვერ დატოვებდა, რადგან სიონის ტაძარში საკმარისი მოძღვარი არ იყო. სიონის ტაძრის ქართველ და რუს მორწმუნეებსაც არ ეთმობოდათ მამა ნაუმი. სიონის სამღვდელოებამ 1946 წელს ოქროს საათი უძღვნა საჩუქრად მამა ნაუმს - "ეკლესიის ჭეშმარიტ მსახურს და ღვთის საყვარელ მოწაფეს." მაგრამ უბინაობამ, უსახსრობამ აიძულა მამა ნაუმი, ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოს ეფრემისთვის ქუთაისში გადაყვანა ეთხოვა. ამავე თხოვნით მიუმართავს ეპისკოპოსისთვის მის მეუღლესაც. "რა ქმნას მაგ საცოდავმა, დამეჩაგრა მეტად, ამიტომ გაუბედნია თქვენი შეწუხებაო", - მიუწერია მეუფე ეფრემისთვის თავის მეუღლეზე. 1947 წლიდან მამა ნაუმმა მოღვაწეობა ქუთაისში, მწვანეყვავილას ტაძარში განაგრძო. წამოსვლისას გამოსათხოვარი სიტყვა უთქვამს სიონის მრევლისთვის, აუტირებია სამღვდელოებაც და მორწმუნეებიც. დეკანოზ ცქიტიშვილს ხმამაღლა უკითხავს, - ეს რა უქენი ხალხს, ასე რომ აატირეო.


დალხინებული ცხოვრება ქუთაისშიც არ დახვედრია მამა ნაუმს, ცხოვრებისეულმა პირობებმა და გარემოებებმა იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ მკურნალობის ფულიც არ ჰქონდა. 1951 წელს დიდი გაჭირვებით დაუფარავს II კვარტალის სახელმწიფო გადასახადი - 1772 მანეთი. მწვანეყვავილას ეკლესიის სამრევლო საბჭოს უმსჯელია და ეკლესიის სალაროდან ფულით დახმარებია, სამკურნალოდ რომ წასულიყო, ტაძარში კი შაბათ-კვირაობით მამა ტერენტი ობოლაძეს უმსახურია. მამა ნაუმი მარიამობის მარხვის დასაწყისში დაბრუნებულა ტაძარში, მამა ტერენტისაც, როგორც ჭეშმარიტ სულიერ ძმას შეეფერებოდა, გადაუცია შემოსული ფული, რომლითაც III კვარტალის გადასახადი შეუტანია. მაგრამ IV-ისა ვეღარ გადაუხდია და ეპისკოპოს ეფრემისთვის გამონაკლისის სახით დახმარება უთხოვია.


1953 წელს გარდაიცვალა პატრიარქი კალისტრატე და კათოლიკოსად მელქისედეკ ფხალაძე აირჩიეს. უწმინდესი მელქისედეკი დიდი სულიერების მქონე მღვდელმთავარი გახლდათ, დიდად განსწავლული, თავმდაბალი და მოყვარული თავისი სამწყსოსი. პატრიარქი დიდად აფასებდა მამა ნაუმს. დეკანოზო, თქვენი ნახვა მენატრება, რომ მოახერხებდეთ და ჩამობრძანდებოდეთ, ძალიან მასიამოვნებთო, - სწერდა. პატრიარქმა მელქისედეკმა მრავალგზის სთხოვა მამა ნაუმს, ამოსდგომოდა მხარში, როგორც მღვდელმთავარი. ბოლოს ხათრი ვეღარ გაუტეხა ყოფილ მასწავლებელს და 1957 წლის 7 ივლისს იგი ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად აკურთხეს. ბავშვობიდანვე მინდოდა ვყოფილიყავი ეკლესიის მსახური, მაგრამ ეპისკოპოსობაზე არასდროს მიფიქრიაო, - უთქვამს ეპისკოპოსად კურთხევისას. მეუფე ნაუმი შეუდგა უგროშოდ დარჩენილი ეპარქიის მოძლიერებას. განსაკუთრებით იზრუნა მოწამეთის მონასტრის გამშვენიერებისთვის. მიიყვანა იქამდე გზა, წყალი, ელექტროგანათება, ააგო საეპარქიო სახლი. მისი ღვაწლი მადლიერმა მრევლმა მემორიალურ დაფაზე და მოწამეთის ტაძრის კედელზე გამოსახა.


მკითხველისთვის საინტერესო იქნება ალბათ ერთი წერილის შინაარსი, რომელიც პატრიარქ მელქისედეკს მეუფე ნაუმისთვის გაუგზავნია 1957 წლის 10 აგვისტოს. უწმინდესი მეუფე ნაუმს მამა გაბრიელ ურგებაძის დახმარებას სთხოვს: - მიტროპოლიტმა გაბრიელმა (ჩაჩანიძემ) აღკვეცა ბერად, მერე აუკრძალა სამსახური. შარშან მე ჯერ სასაფლაოზე (ალბათ წმინდა ბარბარეს ტაძარში, - კ.კ.) მყავდა, მერე სიონში გადმოვიყვანე, მაგრამ დედამ არ მოასვენა და შინ წაიყვანა. იქნებ მოწამეთაში მოაწყო, აქ მაგის სამსახური შეუძლებელია, დედა არ მოასვენებსო...


1959 წლის 12 ივლისს მეუფე ნაუმი ქუთაისში წმინდა პეტრე-პავლეს ტაძარში მწუხრის ლოცვას აღავლენდა. საკურთხეველში ერთი ახალგაზრდა კაცი შესულა. პროტოდიაკონს უკითხავს, რატომ შემოხვედითო. მას მრისხანედ უთქვამს, - რა შენი საქმეაო და ტაძრიდან გასულა. ცოტა ხნის შემდეგ ტაძარში სხვა ახალგაზრდა შესულა და ეკლესიიდან მეუფე ნაუმის გატყუება უცდია. ლოცვის დამთავრების შემდეგ, როცა მრევლი გაკრეფილა, საფრთხე უგრძნიათ და ორი მორწმუნე გაჰყოლია ეპისკოპოსს. ის ორი უცნობი მისულა მეუფესთან და მისი ცალკე გაყვანა მოუნდომებია. მოხდა მორწმუნეთა და მათი შეხლა-შემოხლა. მეუფე ნაუმმა ნაბიჯს აუჩქარა და შინამდე მიაღწია, მაგრამ კარის დაკეტვა ვეღარ მოახერხა, თავდამსხმელები წამოეწივნენ. ერთი კარებში გაჩერდა, მეორე კი ცდილობდა, გაეყვანა იგი მეორე ოთახში, სადაც ვითომ სათქმელი უნდა ეთქვა. მეუფე ნაუმის მორჩილმა ქალმა შიშისაგან იყვირა და საშველად მეზობლებს უხმო. ისინიც მისდგომიან ღობეს. მღვდელმთავრის გაძარცვა თუ მკვლელობა თავდამსხმელებს ვეღარ გაუბედავთ და ლანძღვა-გინებით გასცლიან იქაურობას.


ძალზე იმოქმედა ამ თავდასხმამ 70 წლის მღვდელმთავრის ჯანმრთელობაზე. პატრიარქისთვის უთხოვია, - ერთი თვით დასასვენებლად გამიშვით ბორჯომში, ჩემს ოთართან, სადაც ოჯახით ისვენებსო. მის თხოვნაზე უწმინდეს მელქისედეკს წაუწერია: "საყვარელო ნაუმ, წაბრძანდი ბორჯომს, შენს ოთართან, დასასვენებლად. ღმერთმა გასცეს პასუხი ბოროტმოქმედებსო". პატრიარქს ნება დაურთავს მეუფე ნაუმისთვის, წირვის წინ ღამისთევის ლოცვები, ზამთარში მაინც, შინ აღევლინა, რადგან მოსალოდნელი იყო, ისევ დასხმოდნენ თავს. უფრთხილდებოდა პატრიარქი საყვარელ მღვდელმთავარს, 1958 წელს საგანგებოდ მოიხმო და დაბეჯითებით სთხოვა, მისი სიკვდილის შემდეგ მოსაყდრეობაზე დათანხმებულიყო. მეუფე ნაუმმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება და ევედრა, ეს არ გაეკეთებინა, - მე არ ვარ ღირსი პატრიარქის მოსაყდრეობის, ეს ადგილი მეუფე ეფრემს ეკუთვნის. თუ მაინც დამაკისრებ ამ ტვირთს, უყოყმანოდ ეფრემს გადავცემო, - "დაემუქრა". მაშინ კათოლიკოსმა გაანდო, - კიდევ ერთი კანდიდატურა მყავსო და სთხოვა, ეს საუბარი საიდუმლოდ შეენახა. 1960 წელს მეუფე ნაუმმა, როცა მელქისედეკ III-ის გარდაცვალების დეპეშა მიიღო მისი მოსაყდრე დავითის (ბურდილაძის) ხელმოწერით, სასწრაფოდ გაემგზავრა თბილისს, რათა ის მოსაყდრეობაზე უარი ეთქვა ეპისკოპოს ეფრემის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ მეუფე დავითს დიდ პატივს სცემდა. საბედნიეროდ, საქმე მის ჩასვლამდე მოგვარებულიყო, მეუფე დავითს ეს უკვე გაკეთებული ჰქონდა.


ეფრემ II-ც აფასებდა მეუფე ნაუმის პრინციპულობასა და კეთილშობილებას, მოკრძალებულად ექცეოდა მას და არაერთხელ უთქვამს, - შენ ერთს გაქვს უფლება ცოდვების მოკითხვისა და ბედნიერი ვართ, რომ ამას არ აკეთებ, ბედნიერი ვართ, რომ არ იცი ზედმეტის თქმა. რაც იცი, ის რომ გეთქვა, შეიძლება წარღვნა მოსულიყოო.


მეუფე ნაუმი ქადაგებებით ამხნევებდა მრევლს, შთააგონებდა, რომ "ადამიანი ბედნიერი იქნება, თუ ყველა სურვილი აუსრულდება, მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, ღვთის ნაბოძებით კმაყოფილი რომ იყოს". ძალზე აფასებდა გულისხმიერ ადამიანებს. იტყოდა ხოლმე, - ეს კაცი მოძღვრადაა დაბადებული ანდა რა კარგი მოძღვარი გამოვიდოდაო. უყვარდა კეთილისმოქმედნი, ღირსეული კაცნი. "დიდი ადამიანები დიდებად იბადებიან და სიკვდილის შემდეგაც დიდებადვე რჩებიან, სხვები, უბრალოდ, იბადებიან, უკეთეს შემთხვევაში - იზრდებიან და კვდებიან". ხშირად ამბობდა: "კაცი, რომელიც არაფერს აკეთებს, ამით უკვე ბევრს აფუჭებს."


1960 წელს პატრიარქი სწვევია მოწამეთის მონასტერს და დიდად უსიამოვნია სავანის მდგომარეობით. მართლაც საკვირველია, მეუფე ნაუმი როგორ ახერხებდა რაიმეს გაკეთებას. ხელისუფლება ხომ პირდაპირ ახრჩობდა გადასახადებით. ფინაგენტები დაძრწოდნენ მრევლში, კვალდაკვალ დასდევდნენ სამღვდელოებას და უთვალთვალებდნენ, რას იღებდნენ გასამრჯელოდ. მათი შიშით სამღვდელოება ღვთის საიდუმლოებებს ვერ აღასრულებდა. დამამცირებელი იყო მათი დაკითხვები, ცალკე სამღვდელოებისა და ცალკე მრევლისა: რამდენს იღებს მღვდელი, ეპისკოპოსი და რას უგზავნიან პატრიარქსო. მეუფე ნაუმი შეშფოთებული სწერდა პატრიარქს: - ლამის არის, მოხუცებულმა მოძღვრებმა მღვდლობას თავი დაანებონო. უმოძღვრობის გამო დაიკეტა საფიჩხიის ტაძარი. საშიშროება დაემუქრა მწვანეყვავილას ეკლესიასაც...


განსაცდელები ეკლესიის მსახურთაგანაც სწვევია მეუფე ნაუმს. წმინდა პეტრე-პავლეს ტაძრის მედავითნე დედაკაცი წინა მღვდელმთავარს, მეუფე ეფრემს, დანით დაესხა თავს, ხოლო გაბრიელ ჩაჩანიძეს ეკლესიაში ღვთისმსახურებისას ქვები დაუშინა. ამ "მორწმუნემ" საჩივრებით აავსო საპატრიარქო თუ საბჭოთა სტრუქტურები. ცალკე მეუფის ოჯახის წევრებს ემუქრებოდა. ეს გრძელდებოდა მეუფე ნაუმის მღვდელმთავრად კურთხევის დღიდან. იჯდა თურმე ეს დედაკაცი ეკლესიის ეზოში და ათას სისაძაგლეს ჰყვებოდა მეუფე ნაუმზე, პატრიარქსა თუ რიგით მღვდლებზე. ეტყობა, მედავითნეს მფარველნი ჰყავდა და მღვდელმთავარი ვერაფერს უშვრებოდა. იძულებული შეიქმნა, პეტრე-პავლეს სამრევლო საბჭოსთვის 1963 წელს წერილი გაეგზავნა - საკათედრო ტაძარში აღარა ვწირავ, რადგან მეტი გამოსავალი არ არისო. ეს ამბავი პატრიარქს რომ შეუტყვია, უთქვამს: - შენ კი არა, მგონი, მეც მაგრე მოვიქცე პროტოდიაკონ ა.ა-ძის გამოო.


ხორციელმა სნეულებამაც შეუტია მეუფე ნაუმს. ბევრი იმკურნალა მარჯვენა ფეხზე, მაგრამ უშედეგოდ, ფეხზე დგომა ძალიან უჭირდა, მცირე გზის გავლაც კი არ შეეძლო. 1969 წლის 7 იანვარს უკანასკნელად იმსახურა პეტრე-პავლეს ტაძარში. ქვემო კიდურების განგრენა სწრაფად განვითარდა. სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ კიდურების მაღალი ამპუტაციით შეიძლებოდა, რაზეც მეუფემ კატეგორიული უარი განაცხადა. ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ, 3 მარტს, დიდმარხვის პირველ ორშაბათს, გარდაიცვალა. წესი პატრიარქმა ეფრემმა და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ აუგეს თბილისის და ქუთაისის სამღვდელოებასთან ერთად. აქვე იყო მცხეთის სასულიერო სასწავლებლის სტუდენტობაც. მიტროპოლიტი ნაუმი (მიტროპოლიტობა 1967 წელს მიიღო) ქუთაისის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. გარდაიცვალა მოძღვართმოძღვარი და მორწმუნე მრევლს დიდი სევდა დაუტოვა. მეუფე ნაუმს მრავალჯერ უბრძანებია: "ჩვენმა ხალხმა ტყუილად როდი შეარქვა კაცის ცხოვრებას წუთისოფელი, რომელიც ერთი ოთახის ორ კარს შორისაა მოქცეული, ერთიდან შედიხარ, მეორიდან კი გადიხარ. კაცად-კაცადმან ეს მცირე მანძილი ტალახიანი ფეხებით არ უნდა გაიარო, რომ ცუდი ნაკვალევი არ დატოვოო".


წმინდაო მეუფეო, თქვენ მხოლოდ ჩვენს სულებში დატოვეთ ნაკვალევი, ჩვენს სულებში აღიბეჭდა თქვენი ხატი - ქრისტეს აღმსარებელი მღვდელმთავრისა, ქრისტესთვის უხილავად წამებულისა.


(მასალები მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ)

კახა კენკიშვილი გიორგის ძე დაბ. 1966 წელს თიანეთის რაიონის სოფელ ხევსურთსოფელში. ჟურნალი კარიბჭის თანაავტორი

სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2022
ბოლო რედაქტირება 10.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0