ლევანი (გ. 1590) — იმერეთის მეფე 1583-1590, გიორგი II-ის ძე. მცირეწლოვან მეფეს ტახტს ეცილებოდა ბიძამისი კონსტანტინე ბატონიშვილი. ლევანი კონსტანტინეს წინააღმდეგ დაუკავშირდა ოდიშის მთავარს მამია IV დადიანს. ამ კავშირის განსამტკიცებლად მან ცოლად შეირთო მამიას და მარეხი. 1587 წელს ლევანმა დადიანის დახმარებით ზემო იმერეთში ილაშქრა, დაამარცხა კონსტანტინე და მას დაპყრობილი ტერიტორიები ჩამოართვა. ლევანი მალე მოურიგდა ბატონიშვილს და საუფლისწულო გამოუყო იმერეთში. შემდეგში ქართლის მეფე სიმონ I შეეცადა ესარგებლა დასავლეთ საქართველოში დაწყებული შინაომებით და დააპირა მისი შემოერთება ან იქ თავისი გავლენის განმტკიცება. სიმონს მხარს უჭერდნენ ზემო იმერეთის თავადებიც. სიმონმა 1588 წელს იმერეთში ილაშქრა. ლევანმა დახმარება სთხოვა დადიანსა და გურიელს, მაგრამ ისინი მეფეს არ მიეშველნენ. გოფანთოს ბრძოლაში ლევანი დამარცხდა და ლეჩხუმში გაიქცა. სიმონმა იმერეთი დაიპყრო და ქართლში დაბრუნდა, რადგან ქართლს ოსმალთაგან საფრთხე მოელოდა. შექმნილი ვითარებით ისარგებლა ლევანმა და იმერეთში თავისი ხელისუფლება აღადგინა. ამის შემდეგ მეფესა და მამია IV დადიანს შორის ურთიერთობა უფრო გამწვავდა. 1590 წელს ქუთაისში მომხდარ ბრძოლაში ლევანი ტყვედ ჩაუვარდა დადიანს, რომელმაც იგი შხეფის ციხეში გამოკეტა, სადაც მალე გარდაიცვალა.
გიორგი II — იმერეთის მეფე 1565-1583, ბაგრატ III-ის ძე. მეფობის პირველ წლებში, ოდიშისა და გურიის მთავართა გათიშვის მიზნით, გურიელს დაუმოყვრდა. ლევან I დადიანმა გიორგი II-ის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ბიძაშვილის ხოსრო ბატონიშვილის გამეფება განიზრახა. მეფის წინააღმდეგ დადიანს შეუკავშირდა ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური ვარაზ ჭილაძეც. 1565 წელს იანეთთან მომხდარ ბრძოლაში გიორგი II-მ დაამარცხა დადიანი, მისი მომხრეები და საჯავახო დაიპყრო. მეფის გაძლიერების შიშმა დადიანი და გურიელი შეაკავშირა. მათ შეერთებული ძალით წაართვეს გიორგი II-ს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. ამ შინაფეოდალური ომის გარდა გიორგი II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგაც. 1578 წელს მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალა-ფაშას მიერ იმერეთის დასალაშქრად გამოგზავნილი რაზმი.
იმერეთში ბაგრატ II (დ. დაახლოებით 1439 — გ. 1478) — იმერეთის მეფე 1463-1466, ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478, ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმონადგენელი, ალექსანდრე I-ის ძმის გიორგის ძე. XV საუკუნისშუა წლებში იყო სამოქალაქოს ერისთავი. სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ყვარყვარე II ჯაყელთან კავშირის გამო საქართველოს მეფე გიორგი VIII-მ ბაგრატ VI-ს 1462 ქუთაისი ჩამოართვა. ბაგრატ VI აჯანყდა, 1463 ჩიხორის ბრძოლაში გიორგი VIII დაამარცხა და იმერეთის მეფედ ეკურთხა. 1465 გიორგი VIII ყვარყვარე II ჯაყელმა დაატყვევა; ბაგრატ VI-მ ამით ისარგებლა, ქართლში გადავიდა და 1466 თავი მეფედ გამოაცხადა. 1477 საქართველოში შემოჭრილმა ირანის ლაშქარმა უზუნ-ჰასანის მეთაურობით თბილისი, გორი და ქართლის ვაკე დაიკავა. ბაგრატ VI უზუნ-ჰასანს დაუზავდა და ხარკი იკისრა, მაგრამ მალე, უზუნ-ჰასანის სიკვდილისთანავე (1478), მტერმა საქართველო მიატოვა. იმავე წელს ბაგრატ VI-ც გარდაიცვალა.
ქაიხოსრო, ქართლის მეფე 1709-11, გიორგი XI-ის ძმისწული. ქაიხოსროს მამა ლევანი სპარსეთის მდივანბეგი იყო. როდესაც ლევანი შაჰმა ქართლში გაგზავნა გიორგი XI-ის ნაიბად (მოადგილედ), ქაიხოსრო დანიშნა სპარსეთის მდივანბეგის ნაიბად. ლევანის სპარსეთში დაბრუნების შემდეგ ქაიხოსრო შაჰის კარზე დარჩა და მის სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. 1707 მან ჩაახშო იაპაანში მომხდარი აჯანყება. 1709 შაჰმა ქაიხოსრო ქართლის მეფედ და სპარსეთის სპასალარად დანიშნა და თავრიზი და ბარდა უბოძა. მას აჯანყებულ ავღანელებთან ბრძოლა დაევალა. ქაიხოსრომ სძლია და გააქცია აჯანყებულთა მეთაური მირ ვეისი, მაგრამ 1711 ერთ-ერთი ბრძოლის დროს ღალატის შედეგად დამარცხდა და დაიღუპა.