მღვდელი დავით აბესალომის ძე კარგარეთელი
დაიბადა 1888 წელს სოფელ როკითში (ბაღდადის რაიონი). 1912 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1913-1914 წლებში მასწავლებლობდა სტეფანწმიდის დაწყებით სკოლაში. 1914-1916 წლებში იყო სოფელ მლეთის მღვდელი. 1916 წლიდან გარდაცვალებამდე სოფელ როკითის ეკლესიის წინამძღვარია. ოჯახი ცხოვრობდა სოფელ როკითში.
საპატრიარქოს უწყებანი N31 11-17სექტემბერი 2008წ გვ.19
დეკანოზი დავით კარგარეთელი 1888-1972
დეკანოზი დავით აბესალომის ძე კარგარეთელი 1888 წლის 22 ივლისს, ბაღდადის რაიონის სოფელ როკითში, ღრმადმორწმუნე ოჯახში დაიბადა. პატარა დავითს ბავშობიდანვე უნერგავდნენ ღვთისა და სამშობლოს სიყვარულს. მის აღზრდაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ბაბუამ, მღვდელმა იოსებ კარგარეთელმა, რომელიც შვილიშვილს ადრეული ასაკიდანვე შეასწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ დავითმა 1906 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. 1912 წელს, სემინარიის დამთავრებისთანავე, ცოლად შეირთო სოფელ როკითში მცხოვრები ქაიხოსრო აბულაძის ქალიშვილი პაშა, რომლის დედაც ფატი შუშანია, (წმინდა ალექსი ღვთისკაცის და იყო).
მამა დავითსა და პაშა აბულაძეს შეეძინათ ექვსი შვილი: თამარი, ნინო, ქეთევანი, შუშანიკი, დავითი და გიორგი. 1913 წლის იანვრის ბოლოს დავითი საქართვე-ლოს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიავი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 4 თებერვალს — მღვდლად დაასხა ხელი და ქვემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. ახლად დანიშნული მოძღვარი დიდი გულმოდგინებით შეუდგა მთაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას. ეკლესიასთან ასევე მოქმედებდა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც რამდენიმე ათეული ბავშვი იღებდა პირველდაწყებით განათლებას. საჭირო იყო მტკიცე და შეუპოვარი მუშაობა ამ კუთხით, რათა მომავალი თაობა ჩამორჩენილი და უსწავლელი არ დარჩენილიყო. 1916 წლის 15 თებერვალს მამა დავითი ანდოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წლის 1 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მისთვის მშობლიურ სოფელ როკითის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად გადაიყვანა. კომუნისტების მიერ ეკლესიის დევნის პერიოდში, ერთ ხანს იძულებული გახდა, ჯერ სოფელ მლეთაში რუსული ენის მასწავლებლად, შემდეგ კი ბაღდადის რაიონში ფოსტალიონად ემუშავა. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც მიტროპოლიტი ეფრემი გადმოგვცემს, იგი ჩუმად მაინც აღასრულებდა წესებს. აი, რას სწერს იგი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) 1951 წლის აღდგომის დღესასწაულზე: „მამა დავითი მრევლს ემსახურება უსასყიდლოდ. ოჯახს არჩენს მეურნეობით. არავითარი ჯილდო არა აქვს. არავინ შეუწუხებია, არც ვინმე თანამდებნი შეწუხებულან. ამ მხრივ იმერეთში, იშვიათი ორიგინალია. როგორც შეეფერება სემინარიელს განათლებული და ფრთხილად მოაზროვნე და მეტყველი მოძღვარია. უარი არ უთქვამს არასოდეს მღვდლობაზე მთელი 37 წლის მანძილზე. მრევლსაც ძალიან უყვარს. გთხოვთ, უბოძოთ გამონაკლისის სახით, როგორც 37 წლის ნამსახურებ მღვდელს, დეკანოზის წოდება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ნაუმის (შავიანიძე) არქივში დაცულია ორი წერილი, მეუფისა და დეკანოზ დავითის მიმოწერისა, სადაც კარგად ჩანს, თუ რა უშუალო და პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ მათ ერთმანეთთან: „მისს მეუფებას, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაომს — სახარების სიტყვები „რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტუათა შენთაგან დაისაჯო“ (მათე 12. 37) მთლიანად ასრულდა ჩემზე. მოუთმენლობისა და უგუნურობის შედეგად ვსცოდე ღვთისა და თქვენი მეუფების წინაშე, როცა მოგწერეთ მოუფიქრებელი წერილი. ამჟამად განვიცდი სინდისის საშინელ ქეჯნას და სინანულში ვარ ჩავარდნილი, ბოღმისაგან ღამე ძილი არა მაქვს და დღისით მოსვენება. ძალიან მაინტერესებს, როგორია ამჟამად თქვენი შეხედულება ჩემზე. გთხოვთ, მიიღო მხედველობაში, რომ დარღვეული მაქვს ნერვიული სისტემა, განვიცდი დიდ ტანჯვას, მომიტევოთ დაშვებული ცოდვა და ჩემზე იქონიოთ ძველებური წარმოდგენა. ვინაიდან ძალიან შეწუხებული ვიმყოფები მაცნობეთ, როდის გამოვცხადდე თქვენთან წმინდა მირონის მისაღებად. „მიუტევე კაცთა შეცოდებანი მათნი, რათა მამამანცა თქვენმან ზეცათამან მოგიტევოს თქვენ შეცოდებანი თქვენი“.
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 11-17სექტემბერი 2008წ გვ.20
დეკანოზი დავით კარგარეთელი 1888-1972 (დასასრული)
საპასუხო წერილში მეუფე წერს: „მაღალ ღირსო დეკანოზო მამაო დავით! კარგად ყოფნას და ჯანმრთელობას ვთხოვ ღმერთს თქვენთვის. ერთი წერილი, არაა დიდი ხანი, რომ გამოგიგზავნეთ. თუ წერილი დამიგვიანდა, ნუ გეწყინება, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მეც შენსავით (უფრო უარესადაც) დაუძლურებული ვარ, ღრმა მოხუცი, ვეღარ ვხედავ რამეს და სიარული მიჭირს. თქვენ აღარ ჩამობრძანდით. მე მინდოდა თქვენი ნახვა. თქვენი ქალიშვილი იყო, კარგა ხანია ჩემთან და შემპირდა, მე მოვაწყობ მაგ საქმესო, მაგრამ ალბათ ვერ მოაწყო! მე შენ არ დამვიწყებიხარ და არც დამავიწყდები არასოდეს. თუ ჩამოვა თქვენგან ვინმე, რუსული კალენდარი მაქვს და გამოგიგზავნით. იყავი კარგად და ნუ ინერვიულებ“. როგორც ვხედავთ, მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, მამა დავითი მაინც აღასრულებდა საეკლესიო წესებს, ნათლავდა ბავშვებს და აპატიოსნებდა მიცვალებულებს. მან სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ატარა მღვდლის მძიმე ჯვარი და ბოლომდე ერთგულად ემსახურა დედაეკლესიას. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემმა (სიდამონიძე) დეკანოზი დავითი ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. დეკანოზი დავითი 1972 წლის 24 ივლისს გარდაიცვალა. იგი სოფელ როკითის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაშია დასაფლავებული (რომელიც გადმოცემით, XVII საუკუნეშია აშენებული). ფოოების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით დეკანოზ დავითის შვილიშვილს ანა ანდღულაძეს