სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12012

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914წწ. პროტოდიაკონი დაბ. ერთაწმიდა (კასპი) კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914წწ. პროტოდიაკონი დაბ. ერთაწმიდა (კასპი)

1862-1914 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კარგარეთელი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914წწ. პროტოდიაკონი დაბ. ერთაწმიდა (კასპი)

პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის მსახურობდნენ გამორჩეული და ღირსეული პიროვნებები, რომლებიც თავიანთი ავტორიტეტისა და თავდადების წყალობით თაობათა აღმზრდელებად გვევლინებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა –- სიონის საკათედრო ტაძრის პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი. იგი გახლდათ საოცარი მგალობელი და მკითხველი სახარებისა, რომელსაც წმ. ილია მართალმა (ჭავჭავაძე) ერთი ვრცელი წერილიც უძღვნა -–– საოცარი ნიჭით საღმრთო წერილის ქართულად, მამაპაპურად დავედრებული კილოთი წაკითხვისათვის. ყველასთვის საყვარელი მგოსანი აკაკი წერეთელიც თავის ერთ-ერთ წერილში კეთილად იხსენიებს მას. პროტოდიაკვანი კონსტანტინე წარმოშობით ქართლიდან, სოფელ ერთაწმინდიდან იყო. მისი გვარი აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა და წინაპრებიც სასულიერო პირები ჰყავდა. კარგარეთელების ოჯახი მეტად მუსიკალური ყოფილა; ოჯახის ყველა წევრი მღეროდა და საუკეთესო ხმები ჰქონდათ.

ბაბუა, დიაკვანი იოსებ დავითის ძე კარგარეთელი - 1806 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი შიომღვიმის მონასტერში ისწავლა. 1832 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) დიაკვნად აკურთხა და ერთაწმინდის წმ. ევსტათი პლაკიდას სახელობის ტაძარში დაადგინა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა და დარჩა სამი შვილი: დეკანოზი გიორგი,  სვიმონი (1833) და მიხეილი (1835). დიაკვანი იოსები 1863 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა და ერთაწმინდის ეკლესიაში განისვენებს. 

დეკანოზი გიორგი კარგარეთელი 1832 წლის 25 ივლისს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერი სემინარიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1852 წელს თბილისში, კარის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1856 წლის 23 იანვარს მეტეხის ციხის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1857 წლის 1 იანვარს დიაკვნად აკურთხეს და ანჩისხატის ტაძარში დაადგინეს. 1860 წლის 1 ოქტომბერს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ღოღეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში დანიშნა, 1863 წელს ერთაწმინდის წმ. ევსტათი პლაკიდას სახელობის ტაძარში დიაკვნის შტატში განამწესეს. 1873 წლის 2 იანვრიდან ამავე ტაძრის წინამძღვარია. 1873 წლის 22 მაისს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1874 წლის 12 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1877 წლის 21 აპრილს სკუფია უბოძეს. 1881 წლის 9 მარტს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი გადასცა. 1891 წელს კამილავკა ეწყალობა. 1890 წელს ერთაწმინდის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა, სადაც წლების განმავლობაში თავდადებული პედაგოგიური სამსახურისათვის არაერთი მადლობა დაიმსახურა. 1897 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1903 წლის 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1910 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1913 წლის 9 ოქტომბერს მოხუცებულობის გამო პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1920 წლის 3 აპრილს. მისი ცხედარი 7 აპრილს ერთაწმინდის
სასაფლაოზე დაკრძალეს. ჰყავდა მეუღლე ანასტასია გედეონის ასული (1840) და შვილები: პროტოდიაკვანი კონსტანტინე, ნიკოლოზი (1859), მარიამი (1854), იოსები (1870) და ანა (1874).


პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი 1862 წელს დაიბადა. 1878-1882 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. სასწავლებელში სწავლის პერიოდში ახალგაზრდა კოტე ამავე სასწავლებლის მგალობელთა გუნდში გალობდა. ცნობილი პედაგოგი და მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი კოტესა და მის უმცროს ძმაზე -– ია კარგარეთელზე იგონებდა: „ია არის მღვდლის -– გიორგი კარგარეთელის შვილი, მამა საუცხოო მომღერალი იყო. ეხლაც მახსოვს ის ტკბილი წამები, როცა მამაჩემი, პაპაჩემი და ახალგაზრდა მღვდელი გიორგი დააგუგუნებდნენ ძველებურ სიმღერა-გალობებს სადილ-ვახშამზე. კოტე და ია ჩემის მასწავლებლობის დროს სწავლობდნენ გორის სასულიერო სასწავლებელში. ორივენი სასწავლებლის საეკლესიო ხოროს მომღერლები იყვნენ.  კოტე კარგარეთელი შესანიშნავი ხმის პატრონი იყო. თბილისის სიონის არქიდიაკონი. უცხოებიც კი მოდიოდნენ მის მომსასმენად. მას მომხიბლავი ბარიტონის ხმა ჰქონდა. ერთმა არტისტმა კიდეც ურჩია, გაეხადა ანაფორა და წასულიყო იტალიაში სიმღერის შესასწავლად, მაგრამ მან ეს არ იკისრა, კოტე კარგარეთელი უდროოდ მიიცვალა 1914 წელს“. 1882 წლის 24 აპრილს კონსტანტინე ყუბანის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1883 წლის 24 ივნისს ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1884 წლის 9 ივნისს საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა. 1885 წლის 7 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში მედავითნის ადგილზე განამწესეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე), რომელიც სემინარიის სწავლის პერიოდში სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსის კვერთხის მტვირთველად და სტიქაროსნად მსახურობდა,
39-1  საპატრიარქოს უწყებანი N39 13-19ნოემბერი 2014წ გვ.17
პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914 (გაგრძელება)
დიაკვან კონსტანტინეს გადმოყვანაზე საინტერესო დეტალს იხსენებს: 1886 წლის  გაზაფხულზე (უწმინდეს კალისტრატეს  გადმოყვანის წელი ზუსტად აღარ ახსოვდა, ამიტომაც არის აქ უზუსტობა  გ. მ.) განჯის (მაშინ ერქვა ელიზავეტოპოლი –- გ. მ.) დიაკონი (შემდეგში  სახელგანთქმული პროტოდიაკონი) კონსტანტინე კარგარეთელი გამოგზავნეს  სიონში დისციპლინარული სასჯელის მოსახდელად, წინამძღვრის დეკანოზ მიხეილ მძინაროვის (მძინარაშვილი გ. მ.) შეურაცხყოფისთვის. კარგარეთე- ლი ტფილისში მოეწონათ და პავლე ექსარხოსმა (1882-1887) დასტოვა სიონში. კოტეს მშვენიერმა ბარიტონმა, მოხდენილმა გარეგნობამ და ახალგაზრდულმა სითამამემ, ტუბერკულიოზის ნიშნებით დაავადებული პროტოდიაკონი მიხეილ დავითაშვილი დააფიქრა, –- მან არჩია, ეთხოვა მღვდლის ადგილი სიონშივე. მთავარეპისკოპოზმა პავლემ, სემინარიის რექტორის დეკ. პავლე ჩუდეცკის დასაფლავებაზე წარმოთქმული სიტყვისა და ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის დ. ი. ყიფიანის წერილის შემდეგ, კარგად იცოდა, რომ ის პეტერბურღიდან ტფილისში ვეღარ დაბრუნდებოდა (ამ აზრისანი იყვნენ სინოდის წევრები, სინოდის ობერპროკურორი კ. პ. პობედონოსცევი, იმპერატორი ალექსანდრე III და თვით პავლე) და ამისათვის მამა დავითაშვილს თხოვნა შეუსრულა: შეიშურა გამოცდილის და კარგი პროტოდიაკონის დატოვება თავის მოადგილისათვის“. ასე და ამრიგად დარჩა თბილისში მამა კონსტანტინე. 1886 წლის 10 იანვარს დიაკვნის შტატში დაადგინეს. 1887 წლის 26 მაისს საქართველოს საეპარქიო ხაზინის სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს. 1887 წლის 5 აგვისტოს პროტოდიაკვნის მოვალეობის შესრულება დაევალა. 1888 წლის 12 ივნისს კეთილსინდისიერი და თავდადებული სამსახურისათვის დაამტკიცეს სიონის საკათედრო ტაძრის პროტოდიაკვნად. 1896 წლის 14 მაისს და 1899 წლის 6 მაისს ერთგული და მუყაითი სამსახურისათვის რუსეთის წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი გადასცა. 1900 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1912 წლის 15 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. ასევე ჰქონდა იმპერატორ ალექსანდრე IIII-ის სახელობის ჯილდო –– ვერცხლის მედალი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე თავის მოგონებებში რამდენჯერმე იხსენიებს მამა კონსტანტინეს, სადაც კარგად ჩანს მისი პირდაპირი და ვაჟკაცური ხასიათი. „აღდგომიდან სულიწმიდის მოფენამდე მღვდელმსახურნი ქადაგების დაწყებამდე წარმოთქვამდნენ: „ქრისტე აღდგა“, ხოლო წლის სხვა დროს: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“. მე პირადად ყოველთვის მომწონდა (არ მახსოვს, ვისგან ვისწავლე) სულიწმიდის მოფენის დღეებში ორივე წინადადების შეერთება. ჯერ ვამბობდი: „სახელითა მამისათა...“, შემდეგ კი –– „ქრისტე აღდგა“. 1911 წლის მენელსაცხებლე დედათა კვირაში ეგზარქოსის ეკლესიაში უნდა მექადაგა. ქადაგება მღვდელმსახურთა ზიარების დროს წარმოვთქვი. როცა დავიწყე „სახელითა მამისათა...“ ვერ მოვასწარი მეთქვა „ქრისტე აღდგა“, რომ ეგზარქოსმა ინოკენტიმ, რომელსაც ზიარება ეჭირა, ჩემი მისამართით მთელი საკურთხევლის გასაგონად განაცხადა: „ესეც შენი აკადემიადამთავრებული“. ამან თანამწირველებზე გულდამამძიმებელი შთაბეჭდილება მოახდინა, ვინაიდან დრო მეტად შეუფერებელი იყო. ორი საათის შემდეგ ეგზარქოსი „წითელი ჯვრის“ ნავთლუღის მარიამ მაგდალინელის სახელობის საზოგადოებაში პარაკლისს იხდიდა. აქ წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა და მას ეს წინადადება წარუმძღვარა: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ქრისტე აღდგა!“ მთავარდიაკონმა კარგარეთელმა, რომელმაც მაინცდამაინც არ იცოდა ენაზე კბილის დაჭერა, ისე ხმამაღლა შენიშნა: „ესეც შენი მღვდელმთავარი; იგი იმასვე იმეორებს, რაც ახლახან თქვა მის მიერ ამ გამონათქვამისათვის გაკიცხულმა დეკანოზმა!“, -– ეგზარქოსმა გაიგონა, გაწითლდა და პირველივე სიტყვაზე ენა დაება, მაგრამ დაუდეგარი მთავარდიაკვონის შენიშვნა ჩაყლაპა“. 1913 წელს მამა კონსტანტინეს გადაუხადეს იიუბილე, რომელზეც საქართველოს ეგზარქოს ალექსის (მოლჩანოვი) ნებართვით გორის მაზრის მთავარხუცესმა მ. კანდელაკმა ოლქის სამღვდელოების სახელით მიართვა სამღვდელო კვერთხი, ხოლო ივანე რატიშვილმა წიგნი „ცხოვრება იესო ქრისტესი“. თავის მხრივ, მამა კონსტანტინე ჟურნალ „შინაური
39-2  საპატრიარქოს უწყებანი N39 13-19ნოემბერი 2014წ გვ.18
პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914 (გაგრძელება)
 საქმეებში“ სამადლობელ წერილში წერდა: „რადგან არ ძალმიძს ყველა იმ პატივცემულ პირს, რომელთაც წერილით თუ დეპეშით მომილოცეს 25 წლის იუბილე მთავარდიაკვნის ხარისხში, ცალ-ცალკე მადლობა გამოუცხადო, გთხოვთ, თქვენის პატივცემული გაზეთის საშუალებით. მომცეთ გულწრფელი მადლობა უძღვნა მათ. მათი მოლოცვა ჩემთვის დაუფასებელია და მამხნევებს ახალ სამსახუროდ მეუფის წმ. ტრაპეზის წინაშე პროტოდიაკონხბი კონსტანტინე 1914 წლის 8 სექტემბერს უეცრად  გარდაიცვალა. დასაფლავებულია ერთაწმინდის წმ. ესტატეს სახელობის ეკლესიაში. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე იოსების ასული (1869) და შვილები: იოანე (1886), ნინო (1891, გათხოვილი ვინმე დანიელსონზე), არჩილი (1894) და ელენე (1899). საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა კონსტანტინე კარგარეთელზე მისმა უმცროსმა ძმამ, ცნობილმა საოპერო მომღერალმა ია კარგარეთელმა. „ჩემი უფროსი ძმა –– კოტე –– იყო ექსარხოსების არქიდიაკონი, არაჩვეულებრივი ხმის პატრონი (ბასსო cantante -– მღერადი ბანი), რომლის ტემბრსა და დიაპაზონს მრავალი ცნობილი მომღერალი შენატროდა და მის მოსასმენად სიონის ტაძარში შედიოდა“. თვით ია კარგარეთელი ხშირად იტყოდა ხოლმე: „ჩემს ძმას რომ გზა გაეკვლია თავის მოწოდების მიხედვით და მომღერალ-არტისტად გამხდარიყო, არაერთ სახელოვან მომღერალს პირველობაში შეეჯიბრებოდაო“, ერთხელ ოპერის ცნობილ არტისტებს -– ბარიტონ კამიონსკის და ტენორ ბორისენკოს -– მოესმინათ კოტე კარგარეთელის ხმა სიონის ტაძარში და მათზე მის ხმას ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ ეს პირები შეეცადნენ მის გადმობირებას, რათა იგი მომღერალ-არტისტის გზაზე დაეყენებინათ, მაგრამ ამაოდ. კოტე კარგარეთელის მდიდარი ხმის და მუსიკალობის დამადასტურებელია ერთი ეპიზოდი ცნობილ რუს მეცენატ ზიმინთან დაკავშირებით (სერგეი ივანეს ძე ზიმინი, 1875-1942, რუსი თეატრალური მოღვაწე, მეცენატი. 1904 წელს მოსკოვში დააარსა საოპერო თეატრი, რომელმაც საგრძნობი როლი შეასრულა რუსული საოპერო ხელოვნების განვითარებაში). 1895 წელს ზიმინი თბილისში ჩამოვიდა და თბილისში სწვევია თავის მეგობრებს -– ია კარგარეთელსა და ნ. გ. ქართველიშვილს. ზიმინის სურვილის  თანახმად, ის პირველად სიონის ტაძარში წაუყვანიათ ამ უძველესი ძეგლის დასათვალიერებლად და კოტეს ხმის მოსასმენად. მისი ხმის სილამაზის შესახებ ბევრი რამ სმენია ზიმინს ცნობილ არტისტებისგან. კარგარეთელის ხმას ის გაუოცებია და მისი ახლოს გაცნობა მოისურვა. ერთ მშვენიერ დღეს
საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.19
პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914 (გაგრძელება)
ეს გარემოება: მწამს, რომ ჩვენ შორის არსებული კავშირი სამარადისო და უკვდავია და მერე, ადრე თუ გვიან, მეც დღევანდელ შენს გზას დავადგები და ისევ შეგხვდები საიქიოს... ამიერიდგან დაობლდა და მოაკლდა შენგან თავდადებულ ზრუნვა-პატრონობას საყვარელი ოჯახი, მაგრამ არც ესაა მიზეზი ჩემის გლოვა-მწუხარებისა; შენი შვილების აღზრდისათვის იმდენი გაარიგე, რამდენიც აღემატებოდა შენს ძალას და სამსახურის ვითარებას. ხოლო შენს ბადლად ოჯახს მზრუნველად უტოვებ კურთხეულ ქართველ დიასახლის წარმომადგენელს, შენი ცხოვრების ღირსეულ თანამგზავრს დედაკაცს, რომელიც უშენობას არ აგრძნობინებს შენს ობლებს. გულს მიკლავს და მწუხარებით მავსებს ის, რომ შენი სიკვდილით ობლდება და უმწეო მდგომარეობაში დგება ეს ჩვენი ეროვნების სიქადული, თბილისის ეკლესიების გვირგვინი --დედა სიონი, ოცდახუთი წლის განმავლობაში სიონი ბრწყინავდა შენი ციური მღვდელმოქმედებით, ოცდახუთი წელიწადი ღვთის სათხიდ ღაღადებდი სიონში, ოცდახუთი წლის განმავლობაში ლმობიერად აღვსილი, მომხიბლავი  და სარწმუნოებრივ გრძნობათა ცხოველ განცდის უცნაური ჰანგებით აღბეჭდილ მგრგვინვარე ხმით აღვიძებდი მთელ თბილისის მართლმადიდებლებს, განურჩევლად ეროვნებისა, ოცდახუთი წლის განმავლობაში ანდამატივით იზიდავდი ხალხს, დიდსა და პატარას, სიონის ტაძარში შენი საუცხოვო გარეგნობით, იმ სავსე მთვარის მსგავსი ბადრი სახით, რომელსაც ამკობდნენ სიკეთის გამომეტყველი თვალები. „კვირას წირვა მოვისმინოთ, კოტეს ხმით დავსტკბეთ, კოტეს შეხედვითო“ –- არაიშვიათად გაიგონებდით კვირა უქმეებში ქართველის და რუსისაგან, ქალის და მამაკაცისაგან, მოხუცისა და ჯეელისაგან. თბილისის მორწმუნე მკვიდრთა წარმოდგენაში შენი სახელი ჩაწნულ-შეერთებულია, ერთი მხრით, მადლიანად შესრულებული სამღვთო მოქმედებასთან და, მეორე მხრით, სიონის ტაძართან. დიდსა და პატარას უყვარდა სიონი, ყველა ხალისით მოეშურებოდა აქეთკენ. სხვათაშორის, იმიტომ, რომ შენ მოქმედებდი აქ, შენი მძლავრი ხმა გაისმოდა ამ საღმრთო თაღების ქვეშ, შენი ნაკურთხი სახე და კეთილშობილური მიმოხვრა უორკეცებდა მლოცველებს სასო- ებას ამ მამაპაპათა სალოცავ ძველ ხატებზედ. სიონი უკოტეოდ არავის 8 წარმოედგინა დღევანდლამდე და ' დღეს კი, საუბედუროდ, ეს ასე აღარ V არის: კოტე მოკვდა სიონისთვის, კოტე აღარასოდეს აღარ სწირავს სიონში, კოტეს ხმა ამიერიდგან აღარ გაიგონება ამ სალოცავში! არც განათლებით და არც იერარქიული ხარისხით მაღალი ალაგი არ გეჭირა საზოგადოებაში, ძვირფასო მეგობარო, მაგრამ იმ დიდი ნიჭის გამო, რომლითაც ცხებულ იყავი ზეციური მამისაგან, დიდ კაცად გცნობდნენ და ძვირად გაფასებდნენ ისეთი დიდბუნებოვანი და რჩეული პირები, როგორიც იყო ქართველი ერის ცნობილი ჭირისუფალი,  უკვდავი ილია. ქართული სახარების კითხვის შენმა მომხიბლავმა კილომ იმდენად მძლავრად იმოქმედა  ამ ბუმბერაზი კაცის გულზე, რომ მან წარუდგინა შენი თავი ქართველობას, როგორც საამაყო და თავმოსაწონი პიროვნება. ილია ჭავჭავაძემ თავისი მძლავრი კალმით ჩაგწერა სამშობლო ისტორიაში და შენი სახელი ამოუფხეკელი იქნება ჩვენი ქვეყნის მატიანეს კაბადონებიდან. მაგრამ განა მარტო შენი ეროვნების, შენი სისხლის და მოდგმის პირებზედ მოქმედებდი მძლავრად და გავლენიანად? მარტო ქართველები ხედავდნენ, მარტო ქართველები მოდიოდნენ აღფრთოვანებაში, მარტო ქართველები აფასებდნენ ღვთისმსახურების შენს უებარ ნიჭს? არა, ყველა გაგებულ და განვითარებულ, მორწმუნე უცხოელიც, იმდენადვე აღფრთოვანებული ხდებოდნენ შენი ღირსებისაგან, რამდენადაც ქართველები; არ ყოფილა ექსარხოსი, რომ შენ გეწიროს მასთან და მას არ დაეფასებინოს შენი იშვიათი ხმის ღირსება, ცოდნა და სამაგალითო მოხდენილობა. ექსარხოსებს თან მიჰქონდათ თავიანთ სამშობლოში შენი ქედა-დიდება და როდესაც ფართო რუსეთის რომელიმე კუთხიდან გვიგზავნიდნენ ახალ ექსარხოსს, დიდი და პატარა პირველად იმას ულოცავდნენ, რომ პროტოდიაკვნად გეყოლებათ გამოჩენილი და სახელოვანი კონსტანტინე კარგარეთელიო. ეხლა კი შენისთანა პირს უნდა შავი მიწა მივაყაროთ და აი, ამის წარმოდგენად გათვალისწინება, რომ მწარედ გვატირებს და გვაგლოვებს
38-5 საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.20
პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914 (დასასრული)
დასაწყისი იხ: 39 საპატრიარქოს უწყებანი N39 13-19ნოემბერი 2014წ გვ.16

ყველას. ერთადერთი დარდების შემამსუბუქებელ ზოლად მიგვაჩნია ის, რომ არც საიქიოს იქნები მოკლებული გულითად მოსიყვარულე პირებს. ვიცი, რომ მამობრივი სიხარულითა და სიყვარულით შეგეგებება, სხვათა შორის, დაუვიწყარი ბიძაჩემი, ყოვლადსამღვდელოე ალექსანდრე, რომელსაც შვილის მსგავსად შეტკბობილ-შეთვისებული ჰყავდი აქ. სიამოვნებით მოგეგებება შენ იგივე ილია, რომელმაც გადიდა ამქვეყნად, სიტკბოებითა და თანაგრძნობით შეგხვდება შენი და ჩემი უზომო პატივისმცემელი, ამ ტაძრის ყოფილი დეკანოზი, მამა გრიგოლი (საუბარია ცნობილ მგალობელ დეკანოზ გრიგოლ მღებრიშვილზე გ. მ.) და მრავალნი შენი და ჩემი უზომო პატივისცემელნი. მაშ, ნახვამდის, დაუვიწყარო კოტე! ზეციერო მამაო ჩვენო, მრავალმოწყალეო ღმერთო, გულმოდგინედ გევედრები: „შენ თავადმან ქვეყანასა ზედა ცხოვრება მიცვალებულსა ამას დიდებულ ჰყავ, შენვე, სახიერო, ცხოვრებისაგან განსვლა ამისი შესვლად წმიდათა და მართალთა შენთა თანა ღირსჰყავ, და სული ამისი აღ რაცხე ყოველთა წმიდათა თანა, რომელნი საუკუნითგან სათნო გეყვნეს შენ. ამინ!


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.12.2025
ბოლო რედაქტირება 14.12.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0