სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11770

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
 პლატონ ლავრენტის ძე ცქიტიშვილი დაბ. 1875-1960წწ დეკანოზი დაბ. სოფ. საქარა. ზესტაფონი  პლატონ ლავრენტის ძე ცქიტიშვილი დაბ. 1875-1960წწ დეკანოზი დაბ. სოფ. საქარა. ზესტაფონი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ცქიტიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

421       ბეჭდვა

პლატონ ლავრენტის ძე ცქიტიშვილი დაბ. 1875-1960წწ დეკანოზი დაბ. სოფ. საქარა. ზესტაფონი


დეკანოზი პლატონ ლავრენტის ძე ცქიტიშვილი

დაიბადა 1875 წელს სოფელ საქარაში (ზესტაფონის რაიონი) დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია 1900 წელს, ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1912 წელს. 1900-1904 წლებში იყო ქუთაისისს სასულიერო სემინარიის მასწავლებელი, 1904-1907 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი, 1907-1912 წლებში ხარკოვის სასულიერო სასწავ-ლებლის მასწავლებელი, 1913-1917 წლებში ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიაში საღვთო სჯულს. 1917-1921 წლებში ისევ მასწავლებელია, 1921-30 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზეა. ბოლოს ასწავლიდა ბარისახოში (ხევსურეთი). 1931-1935 წლეებში თბილისის რკინიგზის სკოლის მასწავლებელია. 1935-1947 წლებში ისევ საერო სამსახურშია, 1947-1953 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი. ცხოვრობდა ბარნოვის ქ. N 52.

საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.20

მღვდელმონაზონი ლავრენტი ცქიტიშვილი

მღვდელი ლავრენტი ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი იმერეთში ცნობილი და განთქმული მოძღვარი იყო. იგი 1879 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად აკურთხა და დილიკაურის ყოვლადწმინდა მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა, სა-დაც 1900 წლამდე იმსახურა. შემდეგში იგი სხვა ეკლესიებშიც მოღვაწეობდა, კერძოდ: 1900-1902 წლებში თხილწყაროს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, 1902-06 წლებში გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში, 1906-1907 წლებში სპეთის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში. 1909 წელს კი სკანდის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1913 წლის 15 მაისს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათ-ვის სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. მღვდელი ლავრენტი 1915 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი 23 აგვისტოს, დილით, 8 საათზე ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიასვენეს, საიდანაც წირვის შემდეგ თავის მშობლიურ სოფელ საქარაში, საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარეს მიწას. აი, რას წერდა მისი გარდაცვალების შესახებ გაზეთ „სამშობლოში“ ვინმე მ. ფარცხნალელი: „ოც აგვისტოს ქ. ქუთაისში გარდაიცვალა მღვდელი ლავრენტი ცქიტიშვილი. მამა ლავრენტი, ჩვენი ძველი მღვდლების, ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო. მას, როგორც ყველა ჩვენ საუკეთესო ძველ მღვდლებს, ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი ქრისტეს მოძღვრება, იყო საღმრთო წერილის ზედმიწევნით მცოდნე და მშვენიერი მწიგნობარი ქართულ ენაზე. მისი სასოებიანი წირვა-ლოცვა ურწმუნოსაც კი აუტოკებდა გულს. იშვიათი შემთხვევა იყო მის ცხოვრებაში, წირვა-ლოცვა ისე გაეთავებინა, რომ ხალხისათვის შესაფერი სულიერი საზრდო არ მიეცა. ბუნებით იყო ფიცხი კაცი, მაგრამ უზომო გულკეთილი, ადამიანის მოყვარული და პატივისმცემელი. თავის სამწყოსაგან მოითხოვდა ქრისტიანულ სიყვარულს ურთიერთშორის და ქართველურ პურადობას. ძუნწობა თავისიც ეზარებოდა და სხვისიც, ამ სოფლად ბევრი დავიდარაბის გადამტანი იყო. უკანასკნელ ჟამს, ძვირფასი მეუღლის და ორი მოსწრებული შვილის დაკარგვამ, ამასთანავე თავის საკუთარი ბედის უკუღმა დატრიალებამ, სა- სოწარკვეთილებაში ჩააგდო. თავის ხანგრძლივი სამსახურისათვის, სასულიერო მთავრობისაგან შესაფერად იყო დაჯილდოვებული. იშვიათი არის ასეთი მღვდელი ჩვენში. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“. ღვთისნიერმა მოძღვარმა თავისი შვილებიც ღვთის სამსახურში ჩააყენა. უფროსი ვაჟი, დეკანოზი იოანე, ასევე ცნობილი სასულიერო პირი გახლდათ (იხ. მასზე „საპატრიარქოს უწყებანი“ №13. 2009წ.). თავისი ერთადერთი ქალიშვილი პელაგია იმერეთში ცნობილი დეკანოზის დავით ღამბაშიძის ვაჟს (ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორი, იხ. მასზე „საპატრიარქოს უწყებანი“ №13. 2009წ.), მღვდელ ქსენეფონტეს მიათხოვა. ასევე ცნობილი სასულიერო მოღვაწეა მისი შემდეგი შვილი პლატონი. მის შესახებ ჩვენი გაზეთის მორიგ ნომერში გვექნება საუბარი.

22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.18

დეკანოზი პლატონ ცქიტიშვილი 1875-1960

დეკანოზი პლატონ ლავრენტის ძე ცქიტიშვილი 1875 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ საქარაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი ლავრენტი ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი იმერეთში ცნობილი და განთქმული მოძღვარი იყო (იხ.„საპატრიარქოს უწყებანი“, №22). ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიღებული პირველდაწყებითი განათლების შემდეგ, 1890 წელს პატარა პლატონი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დასრულებისთანავე სწავლა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო და სასწავლებელი 1900 წელს მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. იმავე წელს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა. 1902 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1904 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის დახურვის შემდეგ, ობრაზცოვის სკოლის მასწავლებელია. 1905 წლის 6 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად და კარის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1907-11 წლებში ხარკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1911 წლის შემოდგომაზე საქართველოში დაბრუნდა. 1912 წლის 18 მარტს იმერეთის ეპარქიაში თუზის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 19 ნოემბერს ქუთაისის ქალთა კაუჩხევსკის გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად და ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესეს. 1917-21 წლებში ქუთაისის ათწლიან საერო სკოლაში ასწავლის. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1921 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაადგინა. მამა პლატონ ცქიტიშვილთან დაკავშირებულია საქართველოს ეკლესიის ისტორიის ერთი მეტად მტკივნეული საკითხი. 1921 წლის თებერვლის დღეებში, როდესაც წითელი არმია თბილისის უტევდა, საკათოლიკოსო საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის ძალითაც სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა უნდა გაეტანათ და შეენახათ ქუთაისის სახელმწიფო ხაზინაში ან ბანკში. განძეულობა მოათავსეს ოთხ დიდ ყუთში, რომლის ქალაქიდან გატანა კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით დაევალა სვეტიცხოვლის ტაძრის არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე). ქუთაისში ჩატანილი განძეულობა ჯერ საკათედრო ტაძარში მიიტანეს, სადაც რამდენიმე დღეში კათოლიკოსიც ჩავიდა. აქ გადაწყდა, რომ ყველაფერი ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის (ლეჟავა) სამღვდელმთავრო სახლის აივნის ქვეშ დაემალათ, ზედ კი ქვის ფილაქანი დაეფარებინათ. გან ძის ადგილმდებარეობა იცოდა მხოლოდ პატრიარქმა ლეონიდემ, მიტროპოლიტმა ნაზარმა, არქიმანდრიტმა პავლემ და დეკანოზმა პლატონმა. 1921 წლის მარტში, როდესაც ქუთაისიც წითელმა არმიამ დაიკავა და ქალაქში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, ჩეკისტებმა განძი მაინც აღმოაჩინეს. სწორედ მამა პლატონს ბრალდებოდა ამ საიდუმლოს გაცემა. როგორც შემდგომში გაირკვა, მას დაკითხვაზე მოტყუებით ათქმევინეს განძის ადგილმდებარეობა. იგი ამ შემთხვე- ვას ძალიან განიცდიდა და მთელი ცხოვრების მანძილზე უზომოდ წუხდა ამ ამბის გამო. შემდგომში უკვე, როდესაც იგი ეკლესიას დაუბრუნდა, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ამ შემთხვევის გამო მას სასჯელიც დაადო და რამოდენიმე წელი მედავითნედ ამსახურებდა. 1921 წლის 1-5 აგვისტოს მონაწილეობდა გელათში გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებაზე. 1923 წლის მიწურულს შეწყვიტა მღვდელმსახურება და ქუთაისის აგრონომიულ ტექნიკუმში ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. 1925-27 წლებში მესტიაში, სურამში და ქუთაისში სახალხო გამომძიებელია. 1927-30 წლებში ბარისახოს ოთხკლასიანი სკოლის, ხოლო 1931-35 წლებში თბილისის რკინიგზის რვაწლიანი სკოლის მასწავლებელია. 1935-41 და 1945-47 წლებში ფინანსთა სამინისტროში ბუღალტრის თანამდებობაზეა. 1941-45 წლებში წყნეთის ათწლიან სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად მუშაობს. 1947 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) მდივნად დაინიშ-ნა და სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მედავითნედ დაად-..

22-3 საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.19

დეკანოზი პლატონ ცქიტიშვილი 1875-1960(გაგრძელება)

.. გინეს. 1953 წლის 22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) აღადგინა სასულიერო ხარისხში და ნათვლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. დეკანოზი პლატონი 1960 წლის 7 აპრილს სიონის სა-პატრიარქო ტაძარში სახარების კითხვის დროს გარდაიცვალა. შემორჩენილია მამა პლატონის ერთი ქადაგება, რომელიც მან 1916 წლის 14 იანვარს, ნინოობის დღესასწაულზე, ყვირილას ეკლესიაში წარმოსთქვა: „ამ საშინელი ქარიშხალის დროს, რომლის გამო მსოფლიო დრტვი- ნავს. ამ უმაგალითო ომის დროს, როდესაც ასე შეუბრალებლად და დაუზოგავად ისპობა მილი- ნობით სიცოცხლე; ამ ჩვენ დროს როდესაც გააფთრებული ადამიანი მხოლოდ იმას ფიქრობს, თუ როგორი უსასტიკესი იარაღი იხმაროს, რათა რაც შეიძლება მეტი სისხლი დაღვაროს თავის მსგავსი ადამიანისა; ამ სასტიკ დროს, როდესაც თოფზარბაზნების გრიალში და ხიშტ-ხმალ-ხანჯალის ტრიალში გაკაჟებული გული ადამიანისა ჰქმნის სისხლის წიტელ ნიაღვრებს, რომლითაც რწყავს და ღვლავს ბრძოლის მთებს და მინდვრებს; იმ დროს, როდესაც შინ მყოფთ მარტოღა ის დარჩენიათ, რომ გულის კანკალით გასცქერიან ბრძოლის მხარეს და წამიდან წამს მოელიან ამბავს, რას მოუტანს იგი მისი ღვიძლი შვილის შესახებ, რომელიც დიდი ხანია გაისტუმრა დაუზოგავი მტრის შესატევად, ან მოუტანს იგი ამბავს საყვარელი ძმის შესახებ, რომლის ამბავი წელიწადია და მეტი არ გაუგია, რას მოუტანს იგი მისი ძვირფასი ქმრის შესახებ, რომლის ამბავი აგერ ორი წელიწადია არავითარი არ იცის; იმ დროს, როდესაც მუშა ხელი ისე შემცირდა, რომ არსებობისთვის საშვალების შოვნა თითქმის შეუძლებელი შეიქმნა და არა გაგონილი და არა ნახული სიძვირე უათკეცებს ადამიანს გაჭირვებულ სიცოცხლეს; იმ დროს როდესაც მაინც ეხლა ნახა დრო ზოგიერთმა ადამიანმა მოხერხებულად და ადვილად გაყვლიფოს თვისი მოყვასი და მით ჯიბე უღირსად გაისქელოს; აი, ამ დროს, ვიმეორებ ძვირფასო მსმენელნო, ვისარგებლო იმ შემთხვევით, რომლის ძალით თქვენ ყველანი დღეს აქ შეკრებილხართ და თქვენი ყურადღება კადნიერად გადავიტანო შორს, ძლიერ შორს, იმ ნეტარ ხანაში, საიდანაც ქართველი ხალხი ხელახლა იშვა ძლიერებისა და დიდებისათვის. ნება მიბოძეთ თქვენი ყურადღება გარს შემოვარტყა იმ ნეტარ ხსენებულ ქალწულს, რომელმან მრა- ვალი საუკუნეების წინედ უკვდავების სხივი მოფინა ქართველ ერს და მით ჰყო იგი დღემდის მართლაც უკვდავი. სმენა მიბოძეთ გაგაგონოთ, ანუ უკეთ ვსთქვათ, მოგაგონოთ მოკლე ცნობა ამ ნეტარ ადამიანის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე, რასაც დიადი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ქართველი ერის ცხოვრებაში და ის დიდება, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიის ფურცლები დამშვენებულია, ეს დიდება, ვიმეორებ, წარმოშობილია დღიდან ფეხის შემოდგომისა საქართველოს მიწაზე წმიდა ქალწულისა ნინოსი. ასული ღვთის მოყვარული მშობლებისა ზაბულონისა და სუსანასი. ნინო ადრე დაობლდა. დედამ წაუყვანა იგი თავის ძმას, მაშინდელ იერუსალიმის პატრიარქს. ბიძამ იგი მიაბარა ერთ შემოსილ ქალს, რომელთანაც ნინომ შეისწავლა ქრისტეს მოძღვრება და გაეცნო კვართის ისტორიას, ძლიერ სურდა ენახა ის ქვეყანა, სადაც კვართი უფლისა განისვენებდა. რომისკენ მოგზაურობის დროს გაეცნო მონასტერში მშვენიერ რიფსიმეს, რომელმაც თავი დააღწია მეფე დიოსკორეს მხეცურ სურვილისა გამო დედა ნინოსთან ერთად შეაფარა თავი სომხეთის ქვეყანას. აქ მეფე ტრიდატმა ნახა მშვენიერი რიფსიმა და აღმზრდელი მისი გაიანე, ნინო კი გადარჩა და გამოეშურა საქართველოსკენ. მაღალი მთების შორიდან ხილვამ უსასოებაში ჩააგდო ნინო, მაგრამ მას ძილის დროს მოევლინა გასამხნევებლად ღვთისმშობელი და გადასცა მას ჯვარი ვაზისა. გამხნევებული ნინო მოვიდა მცხეთას და დაეწრო ქართველების მაშინდელი კერპების დღესასწაულს. ძლიერ დააღონა იგი ამ სანახობამ. მისი ლოცვავედრებით კერპები იმ დღესვე შეიმუსრენ ბუნების საშინელის მოვლენილი ძალით. შემდეგ ნინო გაეცნო მეფის მებაღის ოჯახს, თვით დედოფალი ნანა განკურნა სნეულებისაგან და როგორც სხვას ბევრს, ისე მასაც უქადაგა ქრისტეს სარწმუნოება. მაშინდელი მეფე მირიანი ერთი უბედურის შემთხვევის შემდეგ მუხლმოდრეკით შესთხოვდა ნინოს გაეცნო მისთვის ქრისტეს მოძღვრება და ნინოს რჩევით მოინათლა და მონათლა სამეფო ოჯახი, დიდებულნი, ამალა და მთელი ხალხი. აქედან ნინო გადავიდა კახეთში, სადაც ბევრი გააქრისტიანა და დაქანცული მოღვაწეობითა მიიცვალა 14 იანვარს, სოფელ ბოდბეში, სადაც ასაფლავია და რომლის საფლავზე დღეს ქალთა მონასტერია აგებული. როგორც სანთელი ბნელ ოთახში, სხივოსანმა ნინომ ქრისტეს მოძღვრებით გაბრწყინებულმა შემოაშუქა საქართველოს წყვდიადში და გაუნათა შიგ მჯდომარე ქართველებს, მისცა მათ ახალი მცნება ქრისტესი: „გივარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“ და დააყენა იგი განახლების გზაზე. ეს მცნება შეისისხლხორცა ქართველმა და მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორია დაამშვენა ამ მცნების ასრულებით. სიყვარული მოყვასისადმი ამხნევებდა ქართველ ერს და მჭიდროდ აერთებდა მას მტრის წინააღმდეგ. იგი ყოველთვის უძლეველი იყო და მას ვერავინ ვერ სჩაგრავდა. ნინოს მოტანილი ქრისტეს მოძღვრება — სიყვარული მოყვასისადმი აკეთილშობილებდა როგორც ერს, ისე იმ კერძო პირებს, ვისაც წილ-ხდომილი ჰქონდა ერის სათავეში ყოფნა. მათი ცხოვრება და მოღვაწეობა ცხადად გვიჩვენებს ამას. ავიღოთ შორის დროიდან მეფე დიმიტრი, ერისათვის თავდადებული. თვით თამარი, გლახაკთ მოწყალე და ერის ბედნიერებისათვის დაუღალავი მოღვაწე და საქართველოსთ-..

22-4 საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.20

დეკანოზი პლატონ ცქიტიშვილი 1875-1960(დასასრული)

 

.. ვის ოქროს დროის შემქმნელი. დავით აღმაშენებელი, ქრისტეს მოძღვრებაში ღრმად გამსჭვალული და საქართველოს ხელახლა ამყვავებელი. ერეკლე მეფე ქრისტეს სარწმუნოებისა და მამულისათვის შეუპოვარი მეომარი, რომელმაც საქართველოს გმირული სახელი გაუთქვა ბევრ სხვა სახელმწიფოებში. ესენი და ბევრი კიდევ სხვა იყვნენ დიდება ერისა, ქება მათი ქება იყო ერისა და ეს ყოველივე მათი იყო, რომ ქრისტეს სარწმუნოებამ, ნინოსაგან გადმოცემულმა და სიყვარულმა ბუნება მათი გააკეთილშობილა და მით ისინი დიდებულნი იყვნენ. სიყვარულის მცნებამ რამდენი მკლავმაგარი გმირებით, გიორგი სააკაძეებით და ენამახვილი დიმიტრი ყიფიანებით აავსო და ადიდა ჩვენი ქვეყანა! სიყვარულის მცნებამ, რამდენ ჩვენს მგოსანს აუჟღერა და უჟღერებს სიმებს და შექმნა მათში ჩვენვე სადიდებლად მიუბაძავი შოთა რუსთაველი, რომლისთვისაც, როგორც ქრისტესთვის, თანასწორია ქალი და კაცი, ძუ და ხვადი. შექმა ილია, შექმნა აკაკი, მუდამ ხალხის გულში სიყვარულის მომღერალი. სიყვარულის მცნებამ და საერთოდ ნინოსაგან შემოტანილ ქრისტეს მოძღვრებამ რამდენი წმინდა და ღვაწლითშემოსილი მღვდელმთავრებით და ღირსი მამებით დაამშვენა საქართველოს საეკლესიო მატიანე, რამდენი თავისი ერის სიყვარულით გაჟღენთილი და მათი ქომაგნი მღვდელმთავრები გაბრიელები, ქუთათელი და გენათელი დაგვიბადა ქართველ ერს ნინოს ნაქადაგებმა სარწმუნოებამ, რამდენი ერისთვის წამებულნი მოძღვრებით და შეუპოვარი მებრძოლნი სიმართლის მტრებთან დავით ღამბაშიძეები გადაეცენ ისტორიას, როგორც სიყვარულის მოციქულნი და მჩაგვრელების მამხილებელნი. ავიღოთ დღევანდელი მაგალითი. ასი ათასობით რომ ქართველი ახალგაზრდა სტოვებს ოჯახს და ეტევება გაშმაგებულ მტერს, ნუთუ ესეც შედეგი არ არის მოყვასისადმი სიყვარულის მცნების შესისხლხორცებისა! აი, რა მოუტანა ქართველ ერს ქრისტეს მოძღვრებამ, აი, რა დიდება არგუნა საქართველოს წმინდა ნინომ თვისი ფეხის შემოდგმით და ქადაგებით ჩვენში. მადლიერი ერი დღემდის გულმხურვალედ უწოდებს მას მოციქულთა სწორს და ღირსეულად სთვლის მას ქართველთა განმანათლებლად. მაგრამ კერძოდ ჩემს აღტაცებას საზღვარი არა აქვს იმ ამბის გამო, რომლითაც მე დამარწმუნეს და კიდევაც დღეს ჩემი თვალით ვხედავ და მოწამეც ვარ იმ დიადი შემთხვევისა ყვირილის ცხოვრებაში, რომელთაც აქაურ ვაჭართა წრეს, წერა-კითხვის განყოფილებას და სხვა კეთილი პირების მეთაურობით განუზრახავს წმინდა აზრი და წმინდა ნინოს დღესასწაულის დღე დაუსახავს ეროვნულ დღესასწაულად, დღეთ მრავალნაირ სიმპატიურ დაწესებულების და საქველმოქმედო საქმეების დასაწყისად. დიახ, სასიამოვნოა ასეთი მოვლენა საზოგადოდ და კერძოთ ჩემთვის ძლიერ სასიხარულოა ვაჭართა წოდბის დღევანდელი დასაწყისი ჩემს სამშობლო ყვირილაში. სჩანს, თქვენშიდაც არ გაქმრალა ნაპერწკალი იმ სიყვარულისა და სათნოებისა, რომელიც წმინდა ნინოს დაუთესია ამ ჩვიდმეტი საუკუნის წინად ჩვენში. სჩანს, თქვენც გინდათ განახორციელოთ თქვენს ცხოვრებაში მცნება ძმათა სიყვარულისა და საშუალოდ ამისთვის ამოგირჩევიათ გაერთიანება და მჭიდროდ შეკავშირება. გეტყობათ, შეგიგნიათ დევიზი, რომელიც ამბობს:„ძალა ერთობაშიაო“ და გინდათ თქვენს ცხოვრებაში ეს დაიდვათ უმთავრეს მიზნად და წინდად ნაყოფიერ მუშაობისა მოყვასის სასრგებლოდ. გილოცავთ წრფელის გულით დასაწყისს, დიახაც, შემოკრბით ნინოს გარშემო, მსგავსად იაკობის შვილებისა, რომელნიც შემოეხვივნენ მამას ლოცვა-კურთხევის მისაღებად, რათა ეცხოვრათ ბედნიერად. თქვენც  ნინოს გარშემო მჭიდროდ შეკავშირებულმა დაიჭირეთ დროშა. გულში ნინოს უმანკო სახელი და მისი მცნება ძმათა სიყვარულისა, ხელში ნინოს სასწაული ჯვარი ვაზისა, გაუძეხით ერთი მეორეს ძმურად ჭირსა და ლხინში, ნუ ჩამორჩებით საერთო საქმეს, წინსვლა დაისახეთ უმთავრეს მიზნად და სულიერი და ზნეობრივი წარმა-ტებისთვის საშუალებას ნუ დაზოგავთ“.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.10.2023
ბოლო რედაქტირება 17.09.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0