საპატრიარქოს უწყებანი N2 24-30იანვარი 2008წ გვ.18
დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი (1872-1935)
„თელავში ბუმბერაზი ჭადრის გასწვრივ აივნიანი ლამაზი სახლი ღვინიაშვილებს ეკუთვნოდა. ვინ არ ყოფილა სტუმრად ამ სახლში: ლადო მესხიშვილი თუ ნიკო შიუკაშვილი, კოტე მარჯანიშვილი თუ სანდრო ახმეტელი, „ცისფერყანწელები“ თუ „არიფიონელები“. ამ სტუმართმოყვარე ოჯახს სათავეში ედგნენ სოფელ ვანთის ხელთუქმნელი ეკლესიის დეკანოზ ილევან ღვინიაშვილი და სოფელ კაკაბეთიდან მატაცაანთ ნატო“ – წერს გაზეთ „ალაზნის განთიადში“ ბატონი გიორგი ჯავახიშვილი. სწორედ დეკანოზ ლევან ღვინიაშვილზე გვინდა მო- გითხროთ რამდენიმე სიტყვით. დეკანოზი ლეონტი — ერისკაცობაში ლევან ილიას ძე ღვინიაშვილი 1872 წელს დაიბადა. თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1888 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1894 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა.
მამა ლეონტი სიმამართან მღვდელ ისააკ მატათაშვილთან ერთად
1894 წლის 1 მაისს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდ-რემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 6 მაისს თბილისის ეგზარქოსების ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ვანთის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1899 წლის 4 ივლისს მღვდელი ლეონტი თელავი-სიღნაღის სასწავლო კომიტეტში დეპუტატად აირჩიეს. 1902 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე საგვერდულით, ხოლო 1910 წლის აღდგომას, სკუფიით დაჯილდოვდა. ამავე წლის 10 ივლისს კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1912 წლის 9 თებერვალს თელავის მაზრის, პირველი ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1915 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 1917 წლის სექტემბრიდან ალავერდის საეპარქიო საბჭოს წევრია. 1918 წლიდან ახმეტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. დეკანოზი ლეონტი მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრისა და 1920 წლის 27 ივნისის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველ და მეორე საეკლესიო კრებებზე. 1919 წელს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1920 წელს ახმეტის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1922 წლის 11 სექტემბერს და 1924 წლის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორჯერ დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ციხიდან გათავისუფლებულ მოძღვარს ხელისუფლება მოსვენებას არ აძლევდა და ბინძური გზებით ცდილობდა მისი ავტორიტეტის შელახვას. ამასთან დაკავშირებით 1924 წლის 26 მარტს იგი იძულებულია თხოვნით მიმართოს ალავერდელ ეპისკოპოსს დავითს (კაჭახიძე): „ვინაიდან პირადი მტრების ინტრიგებით ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ მე წამდაუწუმ მატუსაღებენ უმიზეზოდ, უმორჩილესად გთხოვთ, გადამიყვანოთ ახმეტიდან სოფელ შალაურში, რომელიც მღვდელ ქრისტეფორე ყოჩიაშვილის გარდაცვალების გამო ითვლება ამჟამად თავისუფლად და მომცეთ საშუალება ამ მოხუცებულობის დროს ჩემს სახლში დავბინავდე, რადგან თელავში საკუთარი სახლი მაქვს და სოფელი შალაური კიდევ, მოგეხსენებათ, თითქმის მიკრულია თელავზე“. მეუფე დავითმა გაითვალისწინა მისი თხოვნა და ამავე წლის აპრილიდან დეკანოზი ლეონტი შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანა.
მამა ლეონტი მეუღლე ნატალია მატათაშვილთან და შვილებთან ნინო და თიკოსთან
1929 წლის აღდგომას, ალავერდელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) ეკლესიაში ერთგული და უანგარო სამსახურისათვის ენქერით დააჯილდოვა. 1931 წლის მარტში, დეკანოზ ეპიფანე ჯაოშვილის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) მამა ლეონტი ქ. თელავის „ღვთაების“ სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესად დანიშნა. 1932 წლის 30 ივნისით დათარიღებულ წერილში მთავარხუცესი, დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი მწუხარებით მიმართავს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, რომ კახეთის თვალი და გული, ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი მეტად უნუგეშო მდგომარეობაშია. „მისი ეზო სანახირედ არის გადაქცეული, მღვდელმონაზონ სტეფანეს კოლმეურნეები მეტად უხეშად ექცევიან. სამჯერ გატეხეს ტაძარი, წაიღეს შემდეგი ნივთები: სამი თვალი ამოაცალეს წმინდა იოსებ ალავერდელის ხატს, ჩამოხსნეს კრეტსაბმელი, რვა არშიანი თოკით, წაიღეს ნამწვავი კელაპტრები, დაახლოებით 5 გირვანქამდე. ტაძარში ამჟამად აწყვია კასრები, სადაც კომბოსტოსა და კიტრის წნილია ჩადებული, რის გამოც ტაძარში საშინელი სუნი დგას. მღვდელმონაზონი სტეფანე ეს ბოლო 5 თვეა საერთოდ გააგდეს ტაძრიდან და ეკლესიის მოშორებით დასახლდა. გთხოვთ უმდაბლესად, აღძრად შუამდგომლობა სადაც ჯერ არს, რათა ალავერდის ტაძარი იყოს შენა-ხული ჯეროვნად, როგორც ისტორიული ძეგლი“. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარებისა, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე), რომელსაც მინდობილი ჰქონდა ალავერდის ეპარქიის მართვაც, შეძლებისდაგვარად ახერხებდა ყურადღება მიექცია იქ მიმდინარე მოვლენებისათვის.
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 24-30იანვარი 2008წ გვ.19
დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი (1872-1935) (გაგრძელება)
იგი დროგამოშვებით ჩადიოდა ეპარქიაში სამღვდელმთავრო მსახურების ჩასატარებლად და სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, გარდა ამისა, როცა თვითონ ვერ ახერხებდა ამას, მაშინ საკათოლიკოსო სინოდის წევრებს აგზავნიდა, რომელთაც ევალებოდათ შეესწავლათ იქ არსებული სიძნელეები და პრობლემები, დაეთვალიერებინათ მოქმედი ტაძრები და შემდეგ ცნობები მიეწოდებინათ საკათოლიკოსო სინოდისათვის. ამ მოვლენათა ეპიცენტრში ყოველთის ფიგურირებს დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი, რო-მელსაც უმძიმეს პირობებში უხდებოდა საეკლესიო მოღვაწეობა. აქვე კარგად არის ასახული მაშინდელი კახეთის სულიერი მდგომარეობაც. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ სრულიად გაგაცნოთ ერთ-ერთი მათგანი: „1932 წლის 23 სექტემბერს, პარასკევს, ღამის 1 საათზე, კახეთის მატარებლით კათოლიკოს-პატრიარქი საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად, დეკანოზ ბენიამენ კანდელაკთან, სიონის ტაძრის კანდელაკ დეკანოზ მიხეილ ნაცვლიშვილთან, დეკანოზ დიმიტრი ლაზარიშ-ვილთან და პროტოდიაკონ ამბროსი ახობაძესთან ერთად, გაემგზავრა თელავში, ჯვართა- მაღლების დღესასწაულზე დასასწრებად და ალავერდის ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვის ჩასატარებლად: „დილის 10 სთ-ზე ჩავედით სადგურში. რკინიგზაზე დაგვხვდა მთავარხუცესი დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი სამღვდელოებით. კათალიკოსი დარჩა ღვინიაშვილის სახლში იმ დღეს. შაბათს 24-ში და კვირას 25-ში დილით პატრიარქმა წირვა-ლოცვა ჩაატარა „ღვთაების“ საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტ მელქისედეკის თანამ- წირველობით. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიაში მსახურებას მცირე ხალხი დაესწრო. როგორც ლოცვის, ისე წირვის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა. წირვის შემდეგ გადახდილ იქნა პანაშვიდი დეკანოზ ეპიფანე ჯაოშვილის სულის საოხად, რომელსაც დაესწრენ განსვენებულის ოჯახის წევრები და ახლობლები. კვირა საღამოს მისი უწმიდესობის გან-კარგულებით მოხდა კრება ალავერდის საეპარქიო საბჭოსი, რომელსაც დაესწრენ ადგილობრივი სამრევლო საბჭოს თავჯდომარე და სასულიერო პირნი. განსაკუთრებით დამსწრეებთ მიეცათ წინადადება გამოეთქვათ მოსაზრება ალავერდის ეპარქიის მუდმივი მღვდელმთავრის დანიშვნის შესახებ, თუნდაც იმ პირობით, რომ იცხოვროს თბილისში და დროებით მიმოიხილოს ეპარქია, თუ ადგილობრივი გარემოება ხელს არ უწყობს მის თელავში ცხოვრებას. დამსწრეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მუდმივი მღვდელმთავრის დანიშვნა, ამ დროისათვის არ არის შესაძლებელი ეპარქიაში. საეპარქიო შემოსავლის სიმცირე, მისი შემთხვევითი ხასიათი, ბინის უქონლობა, ხელს შეუშლის მღვდელმთავრის მსახურებას. ამ ჟამად ისეთი მძიმე მდგომარეობა ეპარქიაში, რომ საშუალება არ გამოიძებნა სრული მგალობელთა გუნდის გამართვაზე. ამ გარემოებათა გამო მღვდელმთავარი მოკლებული იქნება სათანადო პატივს და ვერაფერ სამსახურს ვერ გაუწევს საეკლესიო საქმეს. ამიტომ უმჯობესი იქნება ალავერდის ეპარქიის ვინაიდან მართვა-გამგეობა დატოვებულ იქნას ჯერჯერობით არსებულ მდგომარეობაში, თბილისიდან მართვა ალავერდის ეპარქიისა მისი უწმიდესობის მიერ და ზოგიერთ შემთხვევაში მისი მობრძანება, თუნდაც იშვიათად, უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ეპარქიას, ვიდრე მუდმივი მღვდელმთავარი. დასასრულს დამსწრეთ გუ-ლითადი მადლობა მოახსენეს მის უწმიდესობას ეპარქიისათვის გაწეული შრომისათვის და გამხნევებულებმა და დაიმედებულებმა, რომ წმ. სინოდი ყურადღებით მოეკიდებოდა მათ მოხსენებას, ხოლო მისი უწმიდესობა არ მოაკლებს მამამთავრულ მზრუნველობას, მიიღეს ლოცვა-კურთხევა და გამოეთხოვნენ. ორშაბათს, 26 სექტემბერს 10 სთ-ზე პატრიარქი თავისი ამალით და დეკანოზ ლეონტი ღვინიაშვილთან ერთად გაემგზავრნენ ალავერდისაკენ, ხოლო გზად მობრძანდა აწყურის თეთრი გიორგის სავანეში, ტაძარში სათანადო პატივით შეხვდა წინამძღვარი არქიმანდრიტი მელქისედეკი კრებულით. იყვნენ მღვდ-ლებიც. პარაკლისის შემდეგ პატრიარქმა მამამთავრული სიტყვა-სწავლებით ანუგეშა და გაამხნევა მრევლი. ტაძრისა და კარ-მიდამოს დათვალიერების შემდეგ არქიმანდრიტმა მელქისედეკმა მიიწვია კათალიკოს-პატრიარქი საუზმეზე. მისი მოხსენებიდან გაირკვა, რომ ადგილობრივ საეკლესიო საქმეებს, უფრო კი შემოსავალს დაეუფლენ უპასუხისმგებლო პირები, რომელნიც თავს უწოდებენ „საბჭოს“, კრეფავენ ყოველგვარ შემოსავალს, რომელშიც ანგარიშს არავის არ აძლევენ. ეკლესიაში არ იყიდება საეკლესიო სანთელი. მისმა უწმიდესობამ მოიწვია ხსენე-ბული საბჭოს წევრები, რომლებთანაც ჰქონდა სათანადო საუბარი ამალის თანდასწრებით. საბჭოს წევრებმა გულდასმით მოისმინეს ნათქვამი, ყურადიღეს კეთილი რჩევა და აღუთქვეს პატრიარქს, რომ დღეიდან იმოქმედებენ მთავარხუცესთან შეთანხმებით, მიიღებენ მისგან საეკლესიო სანთელს და საბუთებს-დავთრებს, შემოსავალ-გასავალს კანონიერად აწარმოებენ. ამის შემდეგ კათალიკოსმა დალოცა დამსწრენი, სავანის მოღვაწენი და გაემართა ალავერდისა-კენ.
2-2 საპატრიარქოს უწყებანი N2 24-30იანვარი 2008წ გვ.20
დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი (1872-1935) (დასასრული)
საღამოს 5 სთ-ზე კათალიკოსის ეტლი მიუახლოვდა ალავერდს. ტაძრის გარშემო ფართო მინდორი დაფარული იყო დღესასწაულზე მოსული მლოცველთა ურმებით. ტაძარში მის უწმიდესობას დახვდა ადგილობრივი კრებული. პარაკლისის შემდეგ მისი უწმიდესობა წაბრძანდა დასასვენებლად საგანგებოდ განმზადებულ ოთახში. საღამოს 7ის ნახევარზე დაიწყო ზარების სადღესასწაულო რეკვა. პატრიარქი შებრძანდა ტაძარში და დაიწყო ლოცვა. ეკლესია მჭიდროდ იყო გავსებული მლოცველებით. სახარების წაკითხვის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა ჯვართამაღლების დღესასწაულზე და მის მნიშვნელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმსახურება დიდხანს გაგრძელდა, ტაძარს ხალხი არ მოკლებია. 10 სთ-ზე კათალიკოსი გამობრძანდა ტაძრიდან. ამ დროს მეტად სასიამოვნო სურათს წარმოადგენდა ტაძრის ეზო და გალავნის გარშემო მინდორი, რომელიც ისე იყო განათებული, თითქოს ხანძარი გაჩენილაო. მეორე დღეს დიდი ზეიმით შესრულდა საღვთო ლიტურგია. უამრავი ხალხი ეზიარა, როგორც ხნიერნი, ისე პატარები. წირვის დამთავრების შემდეგ პატრიარქმა ხალხს მიმართა სიტყვა-მოძღვრებით. ქადაგებას მოება პანაშვიდი განსვენებულ ეპისკოპოს პეტრესა და პიროსის საფლავების წინაშე. პატრიარქმა ხალხს გაახსენა განსვენებული მღვდელმთავრების შრომა-ამაგი. უკმაყოფილება გამოითქვა ეპისკოპოს პიროსის საფლავთან დაკავშირებით, რომელსაც ქვაც კი არ ედო საფლავზე. სამღვდელოებას მიეცა დავალება დადოს ქვა შესაფერისი წარწერით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომელიც მოახდინა მლოცველებზე ახალგაზრდა პროტოდიაკონის ამბროსი ახობაძის ხმამ და მსახურებამ. მთავარხუცეს უშუალოდ დაევალა გაეწია სათანადო ყურადღება ალავერდის ტაძრისათვის. ორშაბათს 28 სექტემბერს დილით 8 სთ-ზე მისმა უწმიდესობამ დატოვა ალავერდი და წაბრძანდა თელავისკენ. საიდანაც დღის 12 სთ-ზე გაემგზავრა თბილისისაკენ. თბილისში ჩასვლისთანავე შეიკრიბა სინოდის საგანგებო სხდომა, სადაც მიღებულ იქნა შემდეგი განჩინება. გარდაცვალებული ეპისკოპოს პიროსის საფლავზე დაიდოს მარმარილოს ქვა სათანადო წარწერით. ხელს აწერენ: სინოდის თავჯდომარე კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე, მიტროპოლიტი სვიმონ ქუთათელი, მიტროპოლიტი ვარლაამი, ეპისკოპოსი იეროთეოზი ნინოწმიდელი, ეპისკოპოსი ეფრემი ურბნელი, დეკანოზი იოსებ მირიანაშვილი, დეკანოზი გიორგი გამრეკელი, დეკანოზი ბენიამენ კანდელაკი, დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი“. 1933 წლის აღდგომას, ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) დეკანოზი ლეონტი მიტრით დააჯილდოვა. დეკანოზი ლეონტი 1935 წლის 6 მარტს გარდაიცვალა. ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მამა ლეონტის შვილთაშვილს ნინო ღვინიაშვილს