დეკანოზი რომანოზ გულბანი დაიბადა 1850-იან წლებში, ლეჩხუმის მაზრაში. 1870-იან წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1880-იანი წლების დასაწყისში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) აკურთხა მღვდლად და დაინიშნა ლაილაშის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 1880-იანი წლების ბოლოს დაჯილდოვდა საგვერდულით ხოლო 1892 წლის აღდგომას, წმ. სინოდის ბრძანების საფუძველზე დაჯილდოვდა სკუფიით. მამა რომანოზმა სოფელ ლაილაშში დაარსა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს, საეკლესიო გალობას და ტიბიკონს ასწავლიდნენ. 1893 წლის 20 აპრილს სასწავლო დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობის და გაწეული შრომის გამო წმ. სინოდის ბრძანებით დაჯილდოვდა ქართული ბიბლიით. 1897 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა კამილავკით, 1901 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით. 1903 წლის 3 თებერვალს დაჯილდოვდა წმ. ანას III ხარისხის ორდენით, ხოლო 1907 წლის 6 მაისს მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1913 წლის აღდგომას დაჯილდოვდა წმ. ანას II ხარისხის ორდენით. დეკანოზ რომანოზ გულბანს ჰყავდა მეუღლე მართა ქარსელაძე და 9 შვილი: 2 ვაჟი და 7 ქალიშვილი. ფოტო მოგვაწოდა მამა რომანოზის შვილიშვილმა მონაზონმა ევამ (ჩაჩხიანი).