უსუფაშვილი ევსტათი ბერდიაკონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 24მამა ევსტატე (უსუფაშვილი): - წარმოშობით გურჯაანელი ვარ. ეკლესიური ცხოვრება 14 წლისამ დავიწყე. პირველად გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ტაძარში მივედი (ამჟამად იქ მამათა მონასტერია). ქრისტიანობას თავიდან იქ ვეზიარე. ამ დროს ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი გახდლათ სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი მეუფე ანდრია (გვაზავა). მაშინდელი ჩემი სულიერი მოძღვრის, მამა გიორგი თევდორაშვილის ლოცვა-კურთხევით, მეუფემ მიკურთხა სტიქარი. იმ დროს მამა გიორგი ღვთისმშობლის ტაძარში წირავდა. მისი ლოცვა-კურთხევით გამიჩნდა სურვილი, მარხვაში მცირე ხნით მონასტერში წავსულიყავი. 2003 წელს პირველად მოვილოცე ქვათახევის მამათა მონასტერი. ამ დროს მეუფე ანდრია უკვე სამთავისისა და გორის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.
მონასტრული ცხოვრების სურვილი ჩემში თანდათან ძლიერდებოდა. როცა ეს ნაბიჯი დარწმუნებით გადავდგი, თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტრის იღუმენთან, არქიმანდრიტ ბართლომესთან მივედი. გავიარე მორჩილება. შევიმოსე მორჩილის კაბით და მამა ბართლომეს ლოცვა-კურთხევით, მსახურება მარტყოფის ყოველთა წმინდათა მონასტერში გავაგრძელე, რომლის წინამძღვარი თავად მამა ბართლომე გახლავთ. რამდენიმე თვის შემდეგ კი მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გადმომიყვანეს. მაშინ მონასტრის კეთილმოწესე მამა ლუკა იყო. მასთან მორჩილებაში ერთი წელი ვიყავი. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ტაძრის კურთხევის დღეს ბერობის უფლება მოგვეცა მე და ახლა უკვე წალკის წმინდა კონსტანტინესა და ელენე დედოფლის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესეს მღვდელმონაზონ ანგიას. მაშინ ის მორჩილი დემეტრე იყო.
წელიწადნახევრის შემდეგ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ექვთიმემ დიაკვნად დამასხა ხელი გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, იქ, სადაც პირველად ვეზიარე ქრისტიანობას. ამ ყველაფერმა ჩემში საოცარი სიხარული შემოიტანა.
2007 წელს მამა ბართლომემ უკვე ბერად აღმკვეცა. მონასტერი ჩემთვის ყველაფერია. მონასტერი არის სულის განწმენდის ადგილი, სადაც ადამიანები ლოცვით, მარხვით უფალს თავს ავედრებენ.
მონასტერში ძირითადი საქმე ლოცვა და შრომაა. ამ სავანეში ხდება ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის. წმინდა მამები მონასტერს მიწიერ სამოთხესაც უწოდებენ.
მამა ბართლომეს ლოცვა-კურთხევით, ვცდილობთ, ერთმანეთი გავიტანოთ ძმობით, სიყვარულით, თანადგომით, ლოცვით და ღვთის ნება ასე აღვასრულოთ.
საპატრიარქოს უწყებანი N36 5-18 ოქტომბერი 2006წ გვ.13
აღკვეცა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაიშვილი) ბერად აღკვეცა წალკის კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი დემეტრე ბრეგვაძე და მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მორჩილი გიორგი უსუფაშვილი. დემეტრეს ეწოდა ანგია, ხოლო გიორგის – ევსტაფი.