დეკანოზი კონდრატე მალაქიას ძე · ჩაჩიბაია 1867 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. მან 1880-იან წლების მიწურულს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ კიწიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1892 წელს მამა კონდრატე საგვერდულით დააჯილდოვეს. 1894 წლის იანვარში ნოქალაქევის ოლქის მთავარხუცესი მღვდელი იოანე ხუხუნი თანამდებობიდან გადადგა, მის ადგილზე კი მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით, ახალგაზრდა მოძღვარი, მღვდელი კონდრატე დაინიშნა. 1895 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე იგი სკუფიით დაჯილდოვდა. დანიშვნისთანავე მამა კონდრატემ განსაკუთრებული ყურადღება საგანმანათლებლო საქმიანობას მიაქცია. დიდია მისი ამაგი სკოლის დაარსების საქმეში. აი, რას წერენ გაზეთ „მწყემსის“ 1896 წლის 30 დეკემბრის №23-24 ფურცლებზე: „გაიხსნა და იკურთხა ორკლასიანი სამრევლო სკოლა სოფელ კიწიაში, თანახმად უწმიდეს სინოდთან არსებული სამასწავლებლო საბჭოს გადაწყვეტილებისა. უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ საჭირო იყო ამ სოფელში სკოლის გახსნა, რადგან ეს სოფელი არის ერთი ყრუ-მიგდებული შუა სოფელთაგანი, რომელთა მკვიდრნი მოკლებულნი არიან როგორც ზნეობრივ, ისე გონებით სწავლა-განათლებას და თანაც ეს, ზემოთხსე- ნებული სოფელი თავისი მდებარეობით და ჰავით სხვა მახლობელ სოფლებს ბევრით სჯობია. ყოვლადუსამღვდელოესის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის გრიგოლის განკარგულებით სოფელ კიწიაში 21 ენკენისთვეს მობრძანდა საეკლესიო-სამრევლო და წერა-კითხვის სკოლების ზედამხედველი უ. თ. ჟორდანია, რომელმაც მოხსენებული სასწავლებლის ხელმძღვანელის, ბლაღოჩინ კონდრატე ჩაჩიბაიასა და ერთი მასწავლებლის თანდასწრებით გამოსცადა ყმაწვილები. 169 მთხოვნელთაგან მიღებული იქნა 110. ამავე თვის 22, კვირა დღით, შემდგომად ლიტურგიის შესრულებისა და პარაკლისის გადახდისა, აკურთხეს სკოლის დროებითი შენობა დიდი საზოგადოების თანდასწრებით. ენკენისთვიდან უკვე დაიწყო სწავლა ამ სკოლაში“. გაზეთმა „ცნობის ფურცელმა“ 1896 წლის 30 ნოემბრის ნომერში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მთელს საქართველოს აცნობა, გაზეთში ვკითხულობთ: „სოფელი კიწია, აქ გაიხსნა 21-22 ენკენისთვეს ორკლასიანი სამრევლო სკოლა, ახალი რეფორმისა. ამ სკოლის დაარსება უკვე დამტკიცებულია
29-1 საპატრიარქოს უწყებანი N29 27სექტემბერი-3ოქტომბერი 2007წ გვ.19
დეკანოზი კონდრატე ჩაჩიბაია 1867-1947 (დასასრული)
უწმინდესის სინოდთან არსებული სამასწავლებლო საბჭოსაგან და სკოლას კრედიტიც გაეხსნება, ამ მოკლე ხანში მახლობელ ხაზინიდამ. ეს სასიამოვნო ამბავი უკვე _ შეუტყობინებიათ სკოლის ხელმძღვანელის, მამა ბლაღოჩინის კონდრატე ჩაჩიბაიასათვის“. გაზეთ „კვალში“ (1897 წლის №48) კი თვით მამა კონდრატეს წერილია გამოქვეყნებული: სადაც აღნიშნულია, თუ რა შემწეობა აღმოუჩინეს სკოლას სოფელ კიწიის მცხოვრებმა ზოგიერთმა პიროვნებამ, როგორც მიწის ნაკვეთით, ასევე სამოცდაათი მანეთის ღირებულების დასარგავ-დასამყენი მცენარეებით“. სოფელ კიწიაში სკოლის გახსნას გამოეხმაურა გაზეთი „ივერიაც“. სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით არსებობს ერთი საინტერესო ამბავი. პენსიონერი პედაგოგი ბატონი აკაკი გადილია ეყრდობა რა მამა კონდრატეს ზეპირ მოგონებებს, წერს: „კონდრატეს გაუგია, რომ რუსეთის სინოდს გადაწყვეტილი ჰქონდა სასულიერო სკოლის გახსნა მარტვილის რომელიმე სოფელში. კონდრატე თავად ჩავიდა პეტერბურგში და სინოდის ბიუროკრატები დაიყოლია სკოლა სოფელ კიწიაში გახსნილიყო. გამოჩენილან მეტოქეებიც, მაგრამ საქმე სოფელ კიწიის სასარგებლოდ გადაწყვეტილა“. ყოველივე ამ დამსახურებათა გამო, მამა კონდრატე 1901 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1902 წლის 11 მაისს განათლების დარგში გაწეული შრომისათვის, წმინდა სინოდმა - ქართული ბიბლიით დააჯილდოვა. მას 1905 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს, 1909 წლის აღდგომას, წმინდა ანას III ხარსიხის ორდენი ეწყა-ლობა, 1910 წლის 15 მაისს კი დეკანოზის წოდება მიენიჭა. შემორჩენილია მამა კონდრატეს ერთი მეტად საინტერესო ქადაგება, თქმული 1914 წლის 9 მარტს (ახ. სტ. 22 მარტი), ნოქალაქევის ორმეოცთა მოწამეთა სახელობის ეკლესიის კურთხევის დღეს. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ქადაგებიდან: „კეთილ მსმენელნო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დღეს, ამ ტაძრის დღესასწაულობაზე მე ვეცდები გაგაცნოთ თქვენი ცხოვრება და ამა ტაძრის წმინდანებთა ორმეოცთა მოწამეთა. მართლმადიდებელი ეკლესია თითოეულ დღეს წმიდა ჰყოფს მაცხოვრის იესო ქრისტეს, ღვთისმშობელს და ანუ რომელიმე ღვთის სათნოყოფილ წმინდანების ხსენებითა და ყველა ქრისტეს სარწმუნოებისათვის წვალებულთა მოწამეთა, შეჰყურებს რა მოსარჩლედ და მოშურნედ სარწმუნოებისათვის ლოცვითა და ვედრებითა მიიქცევა მათდამი. რა საკვირველია, დიდი სულიერი სარგებლობაა იმათთვის, ვინც თვალყურს ადევნებს ასეთ მათს ხსენებას და მისგან გამოყავს მრავალი ნაყოფიერი ზნეობრივი სწავლა და მაგალითი და თანვე მისგან იძენს ახალ ძალას ამ მძიმე და მღელვარე ქვეყნიური ცხოვრების საბრძოლველად. ასეთი დღესასწაულები, რომელსაც ჩვენ დღეს ვასრულებთ, დაწესებულია უძველესი დროიდან. საზოგადოდ, დღესასწაულობით წმინდა მოწამეთა ხსენება არის შემოღებული პირველ საუკუნეში ქრისტეს მოსვლის შემდეგ. დედა აზრი ასეთი დღესასწაულობისა ის არის ძმანო და დანო, რომ ხშირად მოვიგონოთ ჩვენი მოწყალებანი ღვთისა და ამით აღვძრათ ჩვენს გულში მისადმი გრძნობა მადლობისა და სიყვარულისა, როგორც ჩვენი კეთილის მომცემელის დაუსაბამო მამისადმი. ასეთ დღესასწაულებზე დაწესებულია განსაკუთრებული დიდებით ღვთის მსახურება, რომელსაც თითოეული ქრისტი-ანი ვალდებულია ეკლესიაში დაესწროს და გაატაროს დრო ლოცვაში და ღვთის ვედრებაში, საღმრთო წერილის კითხვაში, ღვთის სათნო საქმეების გაკეთებაში და მოწყალების გაცემაში. წინააღმდეგ, დიდ ცოდვად ჩაეთვლება მათ, ვინც ასეთ დღესასწულებში, ნაცვლად ზემოთ მოყვანილის სათნოებათა, მიეცემა ამაო და ფუჭ ამა ქვეყნიერ კმაყოფილებას, როგორც მაგალითად: მთვრალობას, სხვადასხვა თავდაუჭერელ ქცევას და უმსგავსო მხიარულებას და მით შეურაცხჰყოფს წმინდა დღესასწაულებს...“ ამის შემდეგ მამა კონდრატე ვრცლად მიმოიხილავს მოწამეთა ცხოვრებას და ქადაგებას ასე ამთავრებს: „ქრისტეს სახელით გთხოვთ და გევედრებით ყველას, თქვენ მართლმადიდებელნო ქრისტიანენო და განსაკუთრებით ამ ტაძრის მრევლთა, მიბაძეთ თქვენ წინაპრებთა, რომელთა უხსოვარ დროში V პირველ საუკუნე-ებში გაუშენებიათ ეს დიდებული ტაძარი ამ ორმოც მოწამეთა სახელობაზე. ყოველ წლიურად ერთხელ მაინც 9 მარტს, ამ ორმოც მოწამეთა გარდაცვალების დღეს, შეიკრიბენით მათ საფლავზე, როგორც ეს იცოდნენ პირველ ქრისტიანეთა, და შეასრულეთ მათი ხსენება ლოცვითა და ვედრებითა.
.....ლა ქართველთათვის სათაყვანო ტაძრისა, რომელიც ამ დროებით, თუმცა შეწევნითა ღვთისათა და თქვენის მეცადინეობითა კი შეკეთდა ცოტაოდნად, რასაც ყველაზე უფრო ნათლად ამტკიცებს დღეს დიდებით აქ მოსვენებული ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ბოდბის დედათა სავანეში დამზადებული ამ ორმეოცთა მოწამეთა წმინდა ხატი, მაგრამ, თუ კი მივიღებთ სახეში უწინდელ მის დიდებას, რაიცა უკუღმართ დროთა ბრუნვას ამ მდგომარეობამდე მოუყვანია, კიდევ ბევრს და ბევრს გამშვენებას თხოულობს იგი, მის თაყვანისმცემელთაგან კი უხვ შემწეობას. წმინდანო ორმეოცნო მოწამენო, თქვენ მეოხ ეყვენით მადიდებელთა და თაყვანისმცემელთა თქვენთა, ამინ!“ 1914 წლის 2 სექტემბერს, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის განჩინებით, ნოქალაქევის ოლქის მთავარხუცესი დეკანოზი კონდრატე ჩაჩიბაია ახლად გახსნილი კიწიის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა, ხოლო 1916 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის I, II და III სა-ეკლესიო კრებებზე, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი. 1921 წელს საქართველოში კომუნისტური ხელისუფლება მოვიდა სათავეში. ეკლესიასა და სამღვდელოებას მძიმე დღეები დაუდგა. 1923 წელს, ადგილობრივი თვითმათველობისაგან შევიწროებული მამა კონდრატე დახმარებას საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოსაგან ითხოვდა, რადგან მას დაჭერით ემუქრებოდნენ. 1924 წლის სისხლიანი რეპრესიების შემდგომ ხელისუფლებამ ტაძარი გააუქმა. მამა კონდრატე იძულებული გახდა მხოლოდ პედაგოგიური მოღვაწეობა გაეგრძელებინა. კონდრატე ჩაჩიბაიას თაოსნობით სოფელ კიწიის სამრევლო-საეკლესიო სკოლა XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში საშუალო სკოლად გადაკეთდა, სადაც თავადაც ასწავლიდა. აკაკი გადილია თავის მემუარულ ჩანაწერებში აღნიშნავს: „კიწიის საშუალო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივში სკოლის დაარსების ასი წლისთავის აღსანიშნავ ზეიმისათვის იყო აზრი, დაწერილიყო სკოლის ისტორია (მატიანე), მაგრამ არავის უზრუნია მის განხორციელებაზე. არადა, ეს მაშინ უნდა გაკეთებულიყო, როცა სკოლის დამაარსებელი კონდრატე ჩაჩიბაია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო“. კონდრატე ჩაჩიბაია 1947 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფელ კიწიის სასაფლაოზე. სტატიაში გამოყენებულია მარტვილის გ. ელიავას სახელობის ეროვნული მუზეუმის დირექტორის გია ელიავას წერილი „ვინ იყო კონდრატე ჩაჩიბაია“ და ნანა ბაღათურიას მიერ გამოქვეყნებული მასალა გაზეთ „მახარიაში“. ფოტოები მოგვაწოდა მამა კონდრატეს შვილიშვილმა ბატონმა თეიმურაზ ჩაჩიბაიამ.