პროტოპრესვიტერი იასონ რომანის ძე „კაპანაძე 1874 წელს ქუთაისის გუბერნიაში შორაპნის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1894 წლის 31 იანვარს კურსიდან მიატოვა სწავლა და სავარაუდოდ მალევე ამერიკაში გაემგზავრა. 1895 წლის 1 დეკემბერს ამერიკაში, ალეუტის ეპარქიის კადბაკის (ალიასკა) აღდგომის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1897 წლის. 19 ივლისს ალეუტისა და ალიასკის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ზიოროვი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და მედავითნის ადგილზე დატოვა. 1897 წლის 1 სექტემბერს პენსილვანიის შტატში გადაიყვანეს. 1900 წლის 6 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 29 მარტს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. 1902 წლის 1 ივლისს კლივლენდის წმ. თეოდოსის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. ეს სამრევლო 1895 წელს დაარსდა და მამა იასონის იქ დანიშვნის დროს მრევლი 15 რუსულ გაჭირვებულ ოჯახს ითვლიდა. მოძღვარმა დახმარებისათვის რუსეთის ეკლესიის სამისიონერო ფონდს მიმართა, საიდანაც ფულადი დახმარება მიიღო.
მან მაშინვე დიდი საგანმანათლებლო მოღვაწეობა გააჩაღა. ამავე წელსვე კლივლენდში არსე- ს ბული რომაულ-კათოლიკური 1 წმ. ავგუსტინეს დედათა მონასტერი დაიხურა და მისი მიწები და საკუთრება (30 აკრი) 30 000 დოლარად მამა იასონმა შეიძინა ტაძრისათვის. ამ ტერიტორიაზე გაკეთდა ორი ქუჩა, წმ. ოლღასი და წმ. ტიხონის, სადაც 80 ოჯახი მრევლი დასახლდა. სამსართულიან ქვის სახლში კი პირველ სართულზე განთავსდა სკოლა და მღვდლის საცხოვრებელი, მეორე სართულზე ეკლესია, ხოლო მესამეზე შორიდან საცხოვრებელი ოთახები ჩამოსული მოსწავლეებისთვის. მამა იასონის დამსახურებით ეს სკოლა ცნობილი გახდა მთელ ამერიკაში და იქ სასწავლებლად
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N27 16-23 ივლისი 2015წ გვ.18
შორეული შტატებიდანაც კი ჩადიოდნენ. სკოლის სახელწოდება გახლდათ „ბურსა“. 1903 წლის 6 აპრილს მამა იასონს სკუფია უბოძეს. 1903 წლის 1 ივლისიდან 1907 წლის 1 ივლისამდე ამერიკის საეკლესიო საზოგადოების მთავარი თავმჯდომარეა. 1905 წელს კამილავკა ეწყალობა. 1908 წლის 14 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. საეკლესიო მთავრობისაგან ჰქონდა ნებართვა გამშვენებული ჯვრის ტარებისა, რომელიც კლივლენდის მრევლმა მიართვა საჩუქრად. მამა იასონის ექვსწლიანი სამსახური კლივლენდში ნათელ სურათად დარჩა ტაძრის ისტორიაში, 1908 წლის 29 მაისს მოძღვარი გათავისუფლდა ალეუტის ეპარქიიდან და საქართველოში დაბრუნდა. 1908 წლის 18 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი იმერეთის ეპარქიაში მიიღო და ქუთაისის საკათედრო ტაძრის უშტატო წევრად დანიშნა.
დეკანოზი იასონ კაპანაძე ოჯახით. ფოტო გადაღებულია 1908 წელს.
1910 წლის 23 სექტემბერს იმერეთის ეპარქიის სამზრუნველოს წევრად აირჩიეს. 1914 წლის აგვისტოში პირველ მსოფლიო ომში სამხედრო კაპელანად წავიდა და მთელი ოთხი წელიწადი ფრონტზე გაატარა. იქვე მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1919 წლის თებერვლის ბოლოს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა. მის დანიშვნაზე დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე წერდა: „ეს კაცი სემინარიის რექტორმა ნიკოლოზმა (საუბარია 1895 წელზე -–- გ. მ.), როდესაც ის გადაიყვანეს ამერიკაში ალეუტის და ალიასკის ეპისკოპოსად, წაიყვანა ტფილისის სემინარიიდან, როგორც ზედმიწევნით ლამაზი (ქალური სილამაზე ჰქონდა) ყმაწვილი; იქ მღვდლად აკურთხეს, ცოლი შერთეს ამერიკელი რუსი, ორი მოზრდილი შვილით გადმოვიდა საქართველოში ჯერ ძველი რეჟიმის დროს, პენსიას იღებდა ამერიკაში 15 წლის სამსახურისათვის; იმერეთში არ შეიწყნარეს ეს კაპანაძე, ხან სამხედრო მღვდლად იყო ჩვენს ჯარებში, შემდეგ უადგილოდ დაეხე- ტებოდა; როდესაც დეკანოზი ანტონ თოთიბაძე გადავიდა სამხედრო ტაძარში და მისი „კანდელაკობა“ თავისუფალი იყო, 1918 წელში, ეს ადგილი დეკანოზ ალექსანდრე სიმონიშვილს მისცეს, ამის სიკვდილის შემდეგ კი ლეონიდმა მოითხოვა მაგისი სიონში განწესება, როგორც ინგლისური ენის მცოდნისა, მაშინ 1919-ში ინგლისელების ჯარი იდგა ტფილისში - „ინდუსები“ შავ-კანიანები; მეც მხარი დავუჭირე კაპანაძის სიონში გადმოყვანას; კარგი მწიგნობარია, ქართულად მგალობელი და ეკლესიაში მოსახმარი, მაგრამ მეტად მყვირალა, აჩქარებული, ამ თვისებით აქარწყლებს ყოველივე თავის ღირსებას; ეს კაპანაძე სისხლს უშრობდა დეკანოზ კალისტრატე ცინცაძეს და დეკანოზ დიმიტრი ლაზარიშვილს ლეონიდის დროს საკათალიკოსო საბჭოში, სადაც კაპანაძე ლეონიდის იმერეთში გაქცევის შემდეგ (ბოლშევიკების შემოსვლის დროს) შევიდა საკათალიკოსო საბჭოს წევრად, როგორც 1920 წლის საეკლესიო კრების მიერ ამ თანამდებობის კანდიდატად ამორჩეული“. 1920-1921 წლებში დეკანოზი იასონი ასევე საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიის მდივანი გახლდათ. 1920 და 1921 წლებში იგი ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე და მესამე საეკლესიო კრებებს. 1922 წლის თებერვალში მან განაცხადა სურვილი კვლავ ამერიკაში გამგზავრებაზე და თხოვნაც შეიტანა საკათალიკოსო საბჭოში, რაზედაც თანხმობა მიიღო. მისი გაცილება სამღვდელოებამ დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის ბინაზე აღნიშნა. აი, როგორ იხსენებს ამ ამბავს დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე: „დღეს გამოსათხოვარი სადილი გაუმართეს სიონის კანდელაკს დეკ. ი. კაპანაძეს, რომელიც ცოლ-შვილით მიემგზავრება ამერიკაში... დიდი მარხვის პირველი კვირის ხუთშაბათი იყო. შევიკრიბეთ სულ ოცი კაცი კათალიკოზიანა, ვიყავით სულ სამღვდელონი. თამადობდა დეკანოზი ტყემალაძე, სუფრაზე მრავალი გამოსამშვიდობებელი სიტყვა ითქვა. მეც ჩემი მხრივ კეთილი მგზავრობა უსურვე დეკ. კაპანაძეს, აღვნიშნე, რომ ჩვენს სამლვდელოებაში ის იყო ძალა და მისი ჩვენი წრიდან გათიშვა მეტად საწყენია და დანაკლისი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მამა იასონი დიდხანს ვერ შეძლებს სამშობლოს გარეთ დარჩენას და ის ისევ მალე დაგვიბრუნდება; „შინ რო ბავშვი სტიროდეს, გარედ ტაბლას რა უნდა“ –- ეს ითქმის ამ შემთხვევაზედაც! შენ ეხლა მიდიხარ ამერიკაში ანუ უკეთ რო ვსთქვათ, ამერიკაში მცხოვრებ რუსებთან, სადაც შენ შეხვდები ჩვენს ყოფილ ნაბატონართ. იქ არიან გარდახვეწილი უკანასკნელი ექსარხოსი –-– ჩვენი მტერ-მოყვარე პლატონი და რუსის მღვდლები -–– სლუინინი და მისთანანი ალექსანდრე ნეველის ეკლესიიდან ლტოლვილნი. როს ნახო ისინი, უთხარ, რომ რუსული მართლმადიდებლობა გაკოტრდა! მათ მხოლოდ ბატონობის ნიადაგზე სდომებიათ ჩვენთან ურთიერთობა! ისინი სრულებით მოწყვეტილნი ყოფილან ქრისტიანულ ძმურ კავშირსა და ურთიერთობას სხვა ერთმორწმუნე ერთადმი, ამ შემთხვევაში ქართველებთან. რამდენი ნაბიჯი იქმნა 1917 წლის მარტიდან გადადგმული საქართველოს მართლმადიდებელ რუსობასთან ძმურ-ქრისტიანულ კავშირის დასაარსებლად, მაგრამ ყოველთვის ისინი გაურბოდნენ და
27-2 საპატრიარქოს უწყებანი N27 16-23 ივლისი 2015წ გვ.19
გაურბიან ჩვენთან კეთილ-ურთიერთობის აღდგენას, თითქოს ჩვენ მათთვის რაიმე დაგვეშავებიოს ან წაგვერთმიოს! ჩვენმა სინოდმა და ამათაც „სხიზმატიკებ“-მწვალებლებად მოგვნათლეს! ეს იმიტომ, რომ სინოდს ჩამოვშორდით! უგუნურნი! განა შეიძლება დღეს ჩვენი სინოდთან მორჩილება! დეე, თვითონ აგონ პასუხი ღვთისა და ისტორიის წინაშე... გადაეცი მათ, რომ ჩვენ მუდამ მზადა ვართ ძმურ კავშირისა და ურთიერთობისათვის; მაგრამ რომ ჩვენი ეკლესია ისევ ემონოს რუსეთისას, ამას ჩვენ ცოცხალი თავით არ ვიზამთ...“ 1922 წლის მარტში, დლემდე გავრცელებული ვერსიის თანახმად, დეკანოზმა იასონმა წაიღო გენუის კონფერენციაზე კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) მიერ შედგენილი მემორანდუმი, რასაც 1923 წლის იანვარში მთელი საკათოლიკოსო საბჭოს დაპატიმრება მოჰყვა. სასამართლო გაიმართა 1924 წლის 10-19 მარტს ნაძალადევის თეატრში. სასამართლოზე მყოფი ყველა სასულიერო პირი, კათოლიკოს ამბროსის გარდა, აცხადებდა, რომ არაფერი იცოდა მემორანდუმის გაგზავნის შესახებ, ხოლო საკათალიკოსო საბჭოს წევრ ნიკოლოზ თავდგირიძის დაკითხვის ოქმში წერია, რომ: „მემორანდუმის შესახებ თურმე მასაც მხოლოდ გაზეთ, კომუნისტიდან“ გაუგია. მის შედგენაში, მისი აზრით, ალბათ საკათალიკოსო საბჭოს ყოფილ მდივანს რაფიელ ინგილოს (ივანიცკი) მიუღია მონაწილეობა. წაკითხულ ოქმებიდან აღმოჩნდა, რომ წინასწარ გამოძიებაზე ბრალდებულს განუცხადებია, რომ მისი აზრით მემორანდუმის შედგენაში გულმოდგინე მონაწილეობა უნდა მიეღოთ რ. ივანიცკის და დეკანოზ კაპანაძეს, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. შეკითხვაზე, თუ რატომ არის წინააღმდეგობა მის პირველ ჩვენებასა და დღევანდელში, ის აცხადებს, რომ ეს აიხსნება იმ მდგომარეობით, რომელშიაც ის იმყოფებოდა თავის დატუსაღების დროს. ბრალდებული ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ვითომ ეს პირობები საშინელი იყო“. უზენაესმა სასამართლომ განაჩენი 19 მარტს, საღამოს 8 საათზე, 25 საათის თათბირის შემდეგ გამოიტანა ყველაზე მძიმე სასჯელი. დადგენილების მე-4 და მე-5 მუხლში ვკითხულობთ: „საკათალიკოსო საბჭოს წევრთ იასონ კაპანაძეს, კალ. ცინცაძეს, ნიკ. თავდგირიძეს, იოსებ მირიანაშვილსა და მარკოზ ტყემალაძეს მისთვის, რომ მისჯილ ხელაიასთან წინასწარ შეთანხმებით და ერთად შეადგინეს და გაუგზავნეს გენუის კონფერენციას მოწოდება იმ მიზნით, რათა გამოეწვიათ უცხო სახელმწიფოების საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საქმეებში ჩარევა (ინტერვენცია), ასევე, რომ მემორანდუმში მოათავსეს ცრუ ხმები, ვითომ საქართველოს ხალხს ართმევენ ქონებას და ეზიდებიან საზღვარგარეთ და სხვა, რაიც გათვალისწინებულია ს. ს. კოდ. 10, 60 და 73 მუხლებში –– თავისუფლების აღკვეთა პირველს დეკანოზ კაპანაძეს (დაუსწრებლად) -– 9 წლით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით, ხოლო დანარჩენთ -– ხუთი წლის ვადით სასტიკი იზოლაციით და ქონების კონფესკაციით“. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ამ უკანასკნელი ოთხი ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის გაუარესება და გულწრფელი აღიარება დანაშაულისა, რის გამოც მათ სასჯელი კიდევ უფრო შეუმცირა, ხოლო კაპანაძეს იგივე დაუტოვა. დეკანოზი კალისტრატე თავის მოგონებებში „რაც გამახსენდა“ წერს: „..დაკითხულებმა ამ საქმეზე, როგორც ბრალდებულებმა... არ სცნეს თავი დამნაშავეთ მათ წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებში და თავის გასამართლებლად ახსნეს: პირველმა -– ამბროსიმ -– რომ მოწოდება იყო შედგენილი, შემუშავებული და ხელმოწერილი მის მიერ და გადაეცა სანდო, მაგრამ უცნობ პირს, რომელსაც იცნობდა დეკანოზი იასონ კაპანაძე, ამ უკანასკნელის მეშვეობით გენუის კონფერენციაზე მისატანად... და არ იცის.. მიიტანა თუ არა კაპანაძემ ეს მემორანდუმი“, ხოლო დანარჩენმა წევრებმა ცინცაძემ, მირიანაშვილმა და თავდგირიძემ კატეგორიული უარი განაცხადეს, რომ მათ არაფერი მოხსენებიათ საკათალიკოსო საბჭოში ამ მემორანდუმზე, ტყემალაძემ კი აჩვენა, რომ კათალიკოსმა გააკეთა მოხსენება საკათ. საბჭოში, რომელსაც დაესწრო მხოლოდ სამი წევრიო, მათ შორის თვითონაც, მოხსენება არ იყო ოფიციალური, რის გამოც არ იყო შეტანილი სხდომის ოქმშიო“.
27-3 საპატრიარქოს უწყებანი N27 16-23 ივლისი 2015წ გვ.20
ამის შემდეგ დეკანოზი იასონი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. იგი კვლავ ამერიკაში ჩავიდა, სადაც მრავალი მეგობარი და ნაცნობი ჰყავდა. მსახურობდა ამერიკის რუსულ საზღვარგარეთის ეკლესიაში, ოჰაიოს შტატში, ქ. კლივლენდის ტაძრის წინამძღვრად (სადაც XIX ს-ის ბოლოს მსახურობდა). იქვე მიენიჭა პროტოპრესვიტერის წოდება. მამა იასონს დიდი სახელი და ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული მთელ ქ. კლივლენდში და 1957 წელს, როდესაც ის პენსიაზე გავიდა, იგი კვლავ დარჩა ტაძრის საპატიო წინამძღვრად. 1962 წლის 15 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მანქანა მოცურდა ყინულზე და ამოტრიალდა, მამა იასონი თავის მეუღლესთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა. დაკრძალულია კლივლენდის წმ. თეოდოსის სასაფლაოზე. მეუღლე მარიამ კაშევაროვა (28.03.1881- 1962) და შვილები: ნიკოლოზი (6.01.1898) და რომანი (9.06.1899). მისი შთამომავალია დეკანოზი იასონ კაპანაძე, რომელიც I1988- 1999 წლებში ასევე კლივლენდის წმ. თეოდოსის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ, ხოლო 1999 წლიდან საცხოვრებლად ნიუ-იორკის შტატში ქ. ელმირა-ჰეითსში გადავიდა და ამავე ქალაქის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ჰყავს მეუღლე მარგარეტ კაპანაძე.