სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12058

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ნიკოლოზ გაბრიელის ძე მიქაძე 1720-1789წწ დეკანოზი ნიკოლოზ გაბრიელის ძე მიქაძე 1720-1789წწ დეკანოზი

1720-1789 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მიქაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ნიკოლოზ გაბრიელის ძე მიქაძე 1720-1789წწ დეკანოზი

დეკანოზი ნიკოლოზ მიქაძე 1720-1789
დეკანოზი ნიკოლოზ გაბრიელის ძე მიქაძე 1720 წელს ქ. თბილისში, დეკანოზის ოჯახში დაიბადა. ამ გვარმა XVIII ს-ში ქართულ კულტურას რამდენიმე თვალსაჩინო მოღვაწე მისცა. მათი შორეული წინაპრები სამეგრელოდან გადმოვიდნენ ქართლში. აქ ისინი სასულიერო წოდებაში შესულან. XVI ს-ის II ნახ. მიქაძეების ოჯახში მემკვიდრეობით გადადიოდა თბილისის სიონის დეკანოზობა და ჯვარისმტვირთველობა. მოგვყავს ამის დამადასტურებელი სიგელი: „ესე განაჩენი განუახლეთ ჩვენ მეფედ
მეფემან ლუარსაბ ამას ზედა, რომელი ჯვარის მტვირთველი კარის ჩვენისა შეისარჩლენ მიქაძე ამბროსი და თორელი ქაბულ. თორელმა იჩივლა,
ბოლნისთა სახასადრო და მემალეობის სარგო საერთო არისო. ამაზე მიქაძემ ძველ მეფეთა სიგელნი წარმოადგინა, რომელ საკუთარი მისი იყო. აგრეთვე დიდმა მნათობმა კათალიკოსმა ზებედემ უწამა გუჯართა გარჩევით და გამოძიებით. ამისათვის ჩვენც ესრეთ დაუმტკიცეთ ყოველი საჯვარის მტვირთველო სარგო საერთოდ ედვასთ და ბოლნისთა ათეული საკუთრად მიქაძე ამბროსი დეკანოზისათვის დაგვიც, რადგან ძველთაგანვე
ესრედ განწესებულა, ჩვენც ეგრეთვე დაგვიმტკიცებია და ეგრედმცა ჰგიან უცვალებელად ყოველთა შემდგომთა მეფეთა და მეპატრონეთაგან. დამტკიცდა აპრილის 3, ქკს სვმ, 1558წ.“. საარქივო დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ ამბროსის შვილს რქმევია ხარიტონი, შვილიშვილს კი იესე. ისინი სიონის საყდრის დეკანოზებად და სამეფო კარზე მემკვიდრეობით ჯვარის მტვირთველებად იწოდებიან. XVII ს-ში მოღვაწე დეკანოზ იესეს ხუთი ვაჟი ჰყავდა: მიქელი (ცნობილი მესტამბე, 1712 წელს „ვეფხისტყაოსნის გამმართველი, +1740წ.)  ზაზა (შემდგომში –- თბილელი  მიტროპოლიტი ექვთიმე, 1684-  22.05.1740წწ.), დეკანოზი გაბრიელი (დაბ. 1687წ.), დავითი, მღვდელი ოსე (1698-1758წწ.) იმავე დროს, ამ ოჯახის წარმომადგენლები ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ და თავი გამოიჩინეს, როგორც შესანიშნავმა კალიგრაფებმა და მწიგნობრებმა. დეკანოზ გაბრიელის გადაწერილია, მაგალითად,„გულანი“ (ხელნაწ. ინსტ. # –– 910); დეკანოზ ოსეს ვაჟები იყვნენ საინტერესო მემუარების („ცხოვრება-ანდერძის“) ავტორი იესე ოსეს ძე (1728-1786წწ.) და მთარგმნელი, რედაქტორი, ორიგინალური შრომების ავტორი და გადამწერი, დეკანოზი იოანე ოსეს
ძე (1750-1802წწ.). მიქელი, ექვთიმე და დავითი უშვილოები იყვნენ და შთამომავლები არ დარჩენიათ. სასულიერო პირები იყვნენ გაბრიელის ვაჟები: არქიმანდრიტი კირილე, დეკანოზი ნიკოლოზი და ნეკრესელი მღვდელმთავარი ამბროსი (ერისკაცობაში -– ზაქარია), ცნობილი მქადაგებელი და კალიგრაფი. კირილე არქიმანდრიტი თავის თავს უწოდებს
ამირანის ძეს, ხოლო ამბროსი ზოგან მიქაძე-ამბროსოვის გვარით იხსენიება. ძმათა გვარების სხვაობა საქმეში ჩაუხედავ ადამიანს გაუგებრობას უქმნის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ღვიძლ
ძმათა წინაპარი იყო ამირან ამბროსაშვილი. ამირანი და მისი შვილები იყვნენ „სიონის საყდრის ყმები“, ხოლო ერთი მათგანი, ამბროსაშვილი იესე, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ, 1684 წელს უკვე სიონის
საკათედრო ტაძრის დეკანოზია. მისი შთამომავლებიდან იესე ოსეს ძე 1764 წლის 25 ივნისს თავადობას და ბარათაშვილის გვარს იღებს, ხოლო გაბრიელის შტომ მამაპაპისეული გვარი შეინარჩინა და მას მიქაძის გვარიც წაუმატა. იოანე ბატონიშვილის მამა ნიკოლოზის შესახებ წერდა: „სიონის დეკანოზი ყოინის ძე იყო საღმრ

12-1  საპატრიარქოს უწყებანი N12 30მარტი-5აპრილი 2017წ გვ.19
დეკანოზი ნიკოლოზ მიქაძე 1720-1789 (გაგრძელება)
თო წერილში გამოცდილი, ხუცურის ხელის მწერლობაში პირველი, რომელ ჯერეთ არვინ ყოფილა ამისთანა მშვენიერის ხელის მწერალი, ვითარცა  ესე, და აგრეთვე ხელჩამომრთმელი მშვენიერად. ამან გარდასწერა მრავალნი საღმრთონი წერილნი. და ამან აღწერა ერთისა კალმითა მთელი კონდაკი, სამღვდელო მსახურებაში სახმარი, რომელსა მეორე კალამი წერაში არ უხმარია და არცა იგი კალამი ხელმეორე გამოუჭრია. ამან დია პატიოსნებით იცხოვრა და უყვარდათ მეფეთაცა. და ესრეთ დაასრულნა წელნი თვისნი“. ნიკოლოზის უადრესი დარჩენილი ხელნაწერი „კონდაკი“ 1731 წელს მიეკუთვნება, როცა იგი, მინაწერის თანახმად, ყოფილა „წლისა ათერთმეტისა“: „ღმერთო, შეიწყალე ამის მჩხაბავი დეკანოზისშვილი ნიკოლოზი... ვინც იხილვიდეთ და წარიკითხავდეთ, გაზრდას მიბრძანებდეთ ამისათვის რომე ყრმა ვიყავ ამის წერაში და არც ჯერ სხვა
წიგნი დამეწერა. ამის სრულყოფასა ვიქმენ წლისა ათერთმეტისა დეკემბრის 6, ქკს უით“. ჩანს, რომ მწერლის ხელობა მას სულ პატარაობიდანვე
შეასწავლეს. დღემდე დარჩენილია დეკანოზ ნიკოლოზის მიერ ნუსხურით გადაწერილი ბევრი წიგნი, უმეტესად სასულიერო შინაარსისა, რომლებიც
მოწმობს მის ძალიან დიდ დახელოვნებას ამ საქმეში; უკვე 23-26 წლის ჭაბუკი სახელმოხვეჭილი კალიგრაფია, რომელსაც უკვეთავენ გადაწერას: მეფე  თეიმურაზII -- „დოგმატიკონს“; ვახტანგ VI-ის სიძე, ანუკა ბატონიშვილის მეუღლე ვახუშტი აბაშიძე „სადღესასწაულოს"“; ანტონ | -- „ლოცვებსა და საგალობლებს“; დოდოს რქის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სვიმონი -- „სადღესასწაულოს“; ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე (ჯორჯაძე) -- „ორ  ტიბიკონს“; იოსებ ურბნელი „საგალობლებს“;
გერმანოზ მროველი -–- „კრებულს“; დარეჯან დედოფალი -- „ანტონ I-ის თვენს“; გიორგი ბატონიშვილი „კონდაკს“. დარჩენილია მისი მხედრულად
ნაწერი კრებულებიც; მისი გადაწერილი წიგნები აღწერილი აქვთ თედო ჟორდანიას და მოსე ჯანაშვილს. გარდა ამისა, იგი საბუთებსაც წერდა.
დეკანოზ ნიკოლოზს სხვადასხვაგვარ შეკვეთათა შესრულება უხდებოდა: შედარებით მცირე ზომის წიგნებს წერდა (დაახლ. 15/20 სმ. ფორმატისა), საშუალოს (დაახლ. 21/16 სმ.) და ფრიად დიდსაც (დაახლ.
42/29, 32/21 სმ. და სხვ.); ზოგი წიგნი (უმეტესობა) მარტივადაა გაფორმებული, შედარებით უპრეტენზიოდ, ზოგი კი საგანგებოდ იყო შეკვეთილი მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენელთა მიერ და
მდიდრულად, საზეიმოდაა მორთული. ასეთი წიგნებია „სადღესასწაულო“ ვახუშტი აბაშიძისა და ანტონ კათოლიკოსისათვის გადაწერილ „საგალობელთა კრებული“ -- ფერადი, მდიდრული თავსამკაულით,
საზედაო ასოებით, ჩარჩოებში ჩასმული გვერდებით, ხლართული მთავრული სათაურებით, მონოგრამებით, რომლებიც შეჯვარედინებული ასოებითაა გამოყვანილი. „სადღესასწაულოში“ წმინდანთა მრავალრიცხოვანი სურათებიცაა ჩართული და სხვ.
ხელი, განსაკუთრებით ნუსხური, დეკანოზ ნიკოლოზს მართლაც დიდად გაწაფული ჰქონდა. წერდა მკაფიოდ, კალმის ძლიერი დაჭირებით, ყოველგვარი სიტლანქის გარეშე, გამოჰყავდა ასოების მსხვილხაზოვანი ნაწილები; ნაწერი იმდენად თანაბარი და ზუსტია, თითქოს მანქანით შესრულებული იყოს, რადგან ძნელი წარმოსადგენია ადამიანის ხელის
ასეთი ავტომატიზაცია (ასეთი რამ დამახასიათებელია XVII-XVIII სს-თა საუკეთესო კალიგრაფების ნაწერისათვის). მიუხედავად ამისა, ნაწერი მშრალ, „მანქანურ“ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მით უფრო, რომ ნიკოლოზს ყოველთვის გააზრებული აქვს ფურცლის გაფორმების დეკორაციული ეფექტი. დეკანოზ ნიკოლოზის გადაწერილ ხელნაწერებში დიდი ადგილი უჭირავს ანდერძ-მინაწერებს. ჩვეულებრივ, წიგნის გადაწერისას იგი რამდენჯერმე ახსენებს თავის თავს, აღნიშნავს თავის წოდებას (ადრე დეკანოზის შვილად იწოდება, მერე სიონის
დეკანოზად, ერთგან კი სიონის ეკლესიის პროტოპრესვიტერადაც მოიხსენიებს თავის თავს). როგორც ზემოთ დავინახეთ, იგი არ ერიდება თავისი განწყობილებისა და მდგომარეობის გადმოსაცემად ლექსის ჩართვასაც; ანტონ კათოლიკოსის ლოცვათა კრებულში მისი სახელი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, თანაც არა უბრალო ნუსხურ მინაწერებში, არამედ
ხლართული მთავრულით ნაწერ ტექსტსა და მონოგრამებში, რომელთაც მთელი გვერდები უჭირავთ. ეს უეჭველად მოწმობს, რომ „მწერლის“ შრომა მაშინ ჩვენში დიდად ფასობდა. 1748 წელს იგი უკვე მლვდელია. დეკანოზობა მან,

12-2 საპატრიარქოს უწყებანი N12 30მარტი-5აპრილი 2017წ გვ.20
დეკანოზი ნიკოლოზ მიქაძე 1720-1789 (დასასრული)
თუ მის მიერ გადაწერილ წიგნთა ანდერძებს შევაჯერებთ, 1748-1752 წლებში მიიღო, რადგან 1752 წელს მოსკოვში გაგზავნილ თბილელ მიტროპოლიტ ათანასეს (ამილახვარი) ამალაში დეკანოზი ნიკოლოზი
იხსენიება. მოსკოვში ის დარჩა 1754 წლის აგვისტომდე. იქ ყოფნისას 1753 წელს მან გადაწერა ხელნაწერი # –– 20 (ჟორდანია, ხელნაწერთა აღწერილობა I, 18), ამავე დროს, მოსკოვში იგი იყო სვიმონ ბატონიშვილის მეუღლის -– ანა პაატას ასულის მოძღვარი. სხვადასხვა სასულიერო ავტორთა თხზულებების კრებულს, სახელწოდებით „მარგალიტს“, ასეთი მინაწერი აქვს: „მოსკოს ვიყავ, წიგნსა ვწერდი, მარგალიტსა ობოლსა მე, ნაღვლისაგან შეიწრებულს, ხელი მივყავ ჩხაბასა მე, როდეს მესმა ხმა წასვლისა, ტფილისს წავალ ძმას თანა მე, და იესო მიძღოდე სლვად
ნიკოლაოზ მწერალსა მე, მშვიდობით თქვენ, მოსკოელნო, ვეღარ მოვალ თქვენთანა, მე შენდობა ყავთ ჩემ ცოდვილის, დეკანოზის მგზავრისა მე“.
დეკანოზი ნიკოლოზი სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზად მსახურობდა 1746-1752 და 1754- 1767 წლებში. როგორც ჩანს, 1767 წლის შემდეგ 
დეკანოზი ნიკოლოზი ისევ რუსეთში წასულა. იგი მიიცვალა 1789 წლის იანვარში, ბოგოიავლენსკის მონასტერში როგორც ამას წერს მისი ძმა, მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი (H-– 983). დეკანოზი ნიკოლოზი უშვილო იყო, ამიტომ მან იშვილა და აღზარდა იოსებ გიორგის ძე ფალავანდიშვილი, რომელმაც ცოლად შეირთო ნიკოლოზის
ძმისშვილი, ამბროსი ნეკრესელის ერთადერთი ასული თინათინი და შემდეგში იგი გახდა სიონის ტაძრის დეკანოზი. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.01.2026
ბოლო რედაქტირება 02.01.2026
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0