სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12188

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დავითაშვილი 1869-1910წწ მღვდელი. სოფ. წრომი (ხაშური) ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დავითაშვილი 1869-1910წწ მღვდელი. სოფ. წრომი (ხაშური)

1869-1910 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი დავითაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დავითაშვილი 1869-1910წწ მღვდელი. სოფ. წრომი (ხაშური)

მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი 1869-1910



მღვდელი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დავითაშვილი 1869 წლის 13 აპრილს გორის მაზრაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებლის ორი კლასი და 1891 წლის 31 მაისს ჩააბარა გამოცდები თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ კომისიას პედაგოგის მოწმობის მისაღებად. 1891-1900 წლებში
იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1891 წლის სექტემბრიდან მოხისის ტაძართან დააარსა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა, რომელსაც რუისის ოლქის სამღვდელოებამ 13 მანეთი შესწირა. ამის გამო, 1891 წლის 4 დეკემბერს ალექსანდრემ გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე მათ დიდი მადლობა გადაუხადა. 1896 წლის სექტემბერში როკის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გადაიყვანეს. 1897 წლის სექტემბრიდან ვანათის სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგად დაინიშნა. 1900 წლის 26 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და იქსორლისხევის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარში განამწესეს. 1901 წლის 16 ივნისს ღოღეთის წმ. თომა  მოციქულის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1902 წელს გაარემონტა ღოღეთის ტაძარი და ამის გამო, საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1904 წლის 24 თებერვლიდან წრომის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძრის წინამძღვარია. 1905-1906 წლებში, რუსეთის
პირველი რევოლუციის დროს, რომელიც საქართველოშიც მძვინვარებდა, რამდენიმე სასულიერო პირი შეიწირა. ზოგი დააყაჩაღეს ან გაძარცვეს, ზოგიც დაიჭირეს, ზოგი მოკლეს ან აწამეს, ზოგმაც ანაფორა გაიხადა. მათ რიგებში იყო მღვდელი ალექსანდრეც. აი, რას წერდა ქართული პრესა ამასთან დაკავშირებით: „როგორც სოფ. წრომიდან (ქართლი)
გვატყობინებენ, სამაზრო პოლიციას შეუპყრია და გორის საპყრობილეში გაუგზავნია ადგილობრივი მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი". 1906 წლის მარტში მღვდელი ალექსანდრე გაასამართლეს და უფის გუბერნიაში გადაასახლეს. როგორც ჩანს, იმ ეტაპზე მრავლად იყვნენ გადასახლებაში მყოფი ქართველები, რომელთაც მღვდელი ალექსანდრე ნუგეშად მოევლინათ. საპატიმროში მყოფი ადამიანის მდგომარეობა უმძიმესი და აუტანელია. განსაკუთრებით რთული ასატანი იქნებოდა ეს უცხო მიწაზე გადასახლებული ქართველებისათვის. მათი ეს მძიმე ყოფა-ცხოვრება კარგად არის ასახული მღვდელ ალექსანდრეს სტატიაში, რომელიც მან 1906 წლის აპრილის დასაწყისში გამოგზავნა საქართველოში. წერილის სათაურია „რუსეთში გადასახლებულთა გაჭირვება“: „ვალად მაძევს გაცნობოთ საქართველოდან უფის გუბერნიაში გადმოსახლებულთა გაჭირვებული მდგომარეობა. აი, რაშია საქმე: ჩვენ, რიცხვით 15 კაცს, უფის გუბერნიაში გადმოსახლებულთ სხვადასხვა ადგილი დაგვინიშნეს საცხოვრებლად. ზოგს მენძელინსკი გადაგვიწყვიტეს, ზოგს ბირსკი, ზოგს სტურლიტამაკი და სხვა. რადგან უგზოობისა გამო ეტაფებით მისვლა-მოსვლა შეჩერებული იყო და არის დღესაც, მოგვცეს წინადადება, ჩვენის ხარჯით წავსულიყავით დანიშნულ ადგილებში. ვისაც ცოტაოდენი სახსარი ჰქონდა, მოინდომა თავის ხარჯით წასვლა, ვისაც არა, ძალა უნებურად საპყრობილეში უნდა დარჩენილიყო. მე მოვინდომე ჩემის ხარჯებით მენზელინსკში წასვლა
(300 ვერსია უფიდან). როდესაც საპყრობილიდან გამოვდიოდი, იქ დარჩენილმა ქართველებმა ერთხმად შემომბღავლეს, შენ რომ მიდიხარ, ჩვენ აქ ვისთან გვტოვებო. დიდად ამაღელვა იმათმა სასოწარკვეთილებით სავსე საყვედურმა -- დავპირდი, გავალ ქალაქში და ვეცდები, რომ ყველანი ერთად დავანიშვნინო გუბერნატორს-მეთქი. ჯერჯერობით ამით დავამშვიდე. რომ გამოვედი, პირველად ვნახე „უფიმსკი-ვესტნიკის“ რედაქტორი, რომელსაც შევჩივლე გადმოსახლებულთა მდგომარეობა. რედაქტორმა მეორე დღეს გაზეთში წერილი დაბეჭდა კავკასიელ პოლიტიკურ დამნაშავეთა შესახებ და სურვილი გამოსთქვა, რომ მახლობელს ადგილს დაენიშნათ ყველანი, რადგან შორს გზები არ არის და მათი იქ გაგზავნა მოასწავებს გზაში სიცივით სიკვდილსაო. მე კი მირჩია გუბერნატორთან მისვლა. მივედი გუბერნატორთან, რომელმაც ძალიან კარგად მიმიღო და კიდეც შემისრულა თხოვნა, რომ საპყრობილეში დარჩენილები და მეც, ყველანი ერთად, ბელებეიში გავეგზავნეთ. მე ფული არა მქონდა ცოტას მეტი, ამიტომ სახლიდან მოვითხოვე და მესამე დღეს მივიღე 90 მანეთი დეპეშით (უნდა მოგახსენოთ, რომ

12-1  საპატრიარქოს უწყებანი N12 19ნოემბერი-2დეკემბერი 2020წ გვ.22
მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი 1869-1910 (გაგრძელება)

ეს 90 მანეთი უკანასკნელი საღსარი ცხოვრებისა წავართვი ჩემ ობლად დარჩენილ ცოლ-შვილს). საპყრობილეში დარჩენილნი ყველანი წამოვიყვანე ჩემი ხარჯით, ბელებეიში ერთად დავიჭირეთ სახლი და ახლა აქა ვართ ყველანი. ამ ჟამად მეც გამომელია ფული. ეხლა ყველა ერთნაირად დავრჩით უსახსროთ. მთავრობა ჩვენ შესახებ ყურს აგრე რიგად არ გაიბერტყავს ჩვეულებისამებრ, მით უმეტეს ეხლა. გაცნობებთ რა ამას, ბ-ნო რედაქტორო, უმორჩილესად გთხოვთ, იშუამდგომლოთ ქართველ გულშემატკივარ საზოგადოების წინაშე ან გაზეთის საშუალებით ან კერძოდ და აღმოგვიჩინოთ დახმარება. გთხოვთ, ეს დახმარება დააჩქაროთ და ჩემ სახელზე გამოგზავნოთ ფული“. მართლაც, ქართველმა საზოგადოებამ გულთან ახლოს მიიტანა თავის თანამოძმეთა გაჭირვება და შეაგროვა გარკვეული თანხა, რაც გაგზავნილ იქნა ქ. ბელებეიში. 1906 წლის ივნისში გაზეთ „შრომაში“ გამოქვეყნდა მღვდელ ალექსანდრეს წერილი, სადაც ის მადლობას უხდის ყველა გულშემატკივარს: „ძვირფასო რედაქტორო! გთხოვთ, თქვენის გაზეთის საშუალებით გულწრფელი მადლობა გამოუცხადოთ ბელებეიში მყოფ ქართველთა სასარგებლოდ გამოგზავნილი ფულისთვის შემდეგ პირთ: ბ-ნ სოლომატინს და ჭრელაშვილს და ვინც გადასცა მათ ფული ჩვენ სასარგებლოდ, რომელთაგან მივიღეთ 66 მანეთი; ბ-ნ ჩხიკვაძეს დ. ხონში, რომელმაც გამოგვიგზავნა დეპეშით 10 მანეთი; ბ-ნ სალარიძეს, რომელაც ტფილისიდან დეპეშით გამოგზავნა 15 მანეთი; სასინოდო კანტორის მოსამსახურეთ, რომელთაც შეაგრივეს 20 მანეთი; გორის მთავარდიაკონს დავით სალარიძეს და ისააკ შალიკაშვილს, რომელთაც გამოგზავნეს 37 მანეთი და ციცქიშვილს, რომელმაც
დეპეშით გამოგვიგზავნა 25 მანეთი (ეს ციცქიშვილი, ჩვენი ვარაუდით, მღვდელი უნდა იყოს). ეს ზემოდ ხსენებული შემოწირულება მანანასაებრ
მოგვესწრო. დიდად ვმადლობთ ყველას თანაგრძნობისათვის. აქაურ მთავრობისაგან გულ-მოკლულებს, თქვენმა თანაგრძნობამ სიცოცხლე და
მხნეობა მოგვიმატა. ძალიან გაჭირვებულნი ვიყავით, გუბერნატორს რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, მიწერ-მოწერის მეტი არაფერი გამოვიდა. დიახ, „ზავტრა ზავტრაებით გვკვებავენ. მარტიდან დაწყებული თიბათვემდის ამნაირად გვასაზრდოვებენ. ვიტანჯებოდით და ამინისტიას მოველოდით, მაგრამ ესეც
„ზავტრა“ გამოდგა. ეხლა ისევ წინანდელ გაჭირვებულ მდგომარეობაში უნდა ჩავცვივდეთ, თუ ისევ ჩვენმა მოძმეებმა არ მოგვაქციეს ყურადღება. ვთხოვთ დანარჩენ ქართულ გაზეთებს, ეს წერილი გადაბეჭდონ. აქაურ ქართველების მინდობილობით, მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი“.
1906 წლის შემოდგომაზე გადასახლებაში მყოფი მოძღვარი ამინისტიის ძალით გათავისუფლდა და სამშობლოში დაბრუნდა. იგი კვლავ სოფ. წრომში აგრძელებს თავის მოღვაწეობას. მისი სიცოცხლე, სამწუხაროდ, რამდენიმე წელიწადში ტრაგიკულად დასრულდა. აი, რას წერდა 1910 წლის 11 მარტს გორის მაზრის უფროსი, თავადი ვახვახიშვილი თბილისის გუბერნატორს: „გუშინ, საღამოს, სოფელ წრომში 12 კაცისაგან შემდგარმა ყაჩაღთა ბრბომ მოკლა მღვდელი დავიდოვი (დავითაშვილი). მივემგზავრები რაზმის თანხლებით. დასახმარებლად მოვლინებულნი არიან სურამის, გომის, ბორჯომის ბოქაულები“. მკვლელობის გარემოებათა შესწავლის შედეგებზე საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ახალციხის, ახალქალაქისა და გორის მაზრებში თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის თანაშემწის მოხსენება, რომელიც დაწერილია 16 მარტს. მოხსენებაში ვკითხულობთ: „ამა წლის 12 მარტს, 4 საათზე გომში ჩამოსვლისთანავე მე შემხვდა გორის მაზრის უფროსი, პოლკოვნიკი, თავადი ვახვახოვი. მასთან ერთად დაუყოვნებლივ შევუდექი მკვლელობის გარემოებათა გამოძიებას. მლვდელ ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დავიდოვის მკვლელობის გარემოებათა გაცნობისა და ბოროტმოქმედთა ვინაობის დადგენის მიზნით, დილის 5 საათზე, თავად ვახვახოვთან ერთად, აგრეთვე ჩემს განკარგულებაში მყოფ პოლიციის წარმომადგენელთა თანხლებით, გავემართე სოფელ წრომში. ჩავედი სოფელში და დავათვალიერე მღვდელ დავიდოვის მკვლელობის ადგილი. აღმოჩნდა, რომ მას ეკავა ბინა თავად ციციანოვის (ციციშვილი) სახლში, რომელიც სოფლის განაპირას მდებარეობდა. მღვდელი დავიდოვი 10 მარტს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე შეიპყრეს ბოროტმოქმედებმა საკუთარ სახლში, გაიყვანეს ეზოში, ორჯერ ესროლეს ტყვია თავში და მოკლეს. მკვლელობა მოხდა შემდეგ პირობებში: 10 მარტს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მღვდელ ალექსანდრე დავიდოვის ეზოში შევიდა რვა კაცი, ერთის გარდა ყველა შეიარაღებული იყო თოფებითა და რევოლვერებით. პირველად ისინი შევიდნენ საჯინიბოში, შეიპყრეს მღვდლის მსახური, 16 წლის გერმანე შუბითიძე და გაემართნენ მღვდლის ბინისაკენ. მღვდელი ამ დროს იწვა საწოლზე და ეთამაშებოდა უმცროს ქალიშვილს. ამავე ოთახში იმყოფებოდნენ მღვდლის ცოლი და მისი 16 წლის ქალიშვილი თამარი. შევიდნენ ოთახში და შეეკითხნენ:

12-2  საპატრიარქოს უწყებანი N12 19ნოემბერი-2დეკემბერი 2020წ გვ.23
მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი 1869-1910 (გაგრძელება)
ეს შენ ხარ, საშო?
დიახ. -– იყო პასუხი.
მაშინ ბოროტმოქმედებმა მოსთხოვეს მას ფული და იარაღი, რაზეც უპასუხა, რომ არ გააჩნია არც ფული, არც იარაღი და თავისი უარის დასადასტურებლად სთხოვა გაეჩხრიკათ ბინა. მღვდლის ცოლმა და ქალიშვილმა შეიარაღებული პირების დანახვაზე ატეხეს ყვირილი და შეეცადნენ გაქცეულიყვნენ ოთახიდან, მაგრამ ყაჩაღებმა არ გაუშვეს. ხმაურის გაგებაზე კნეინები ნადეჟდა ილიას ასული და ქეთევან სვიმონის ასული ციციშვილები მოვიდნენ მღვდლის ბინაში, სადაც ისინი შეუშვეს, მაგრამ უკან აღარ გაუშვეს. სახლის პატრონი, თავადი ლევან ამირანდოს ძე ციციშვილი, ავადმყოფი კაცი, იმყოფებოდა თავის ოთახში. მაშინ ყაჩაღებმა შესთავაზეს მღვდელს მათთან ერთად ეზოში გასვლა მოსალაპარაკებლად. მღვდელმა დროის გაყვანის მიზნით დაიწყო აუჩქარებლად ჩაცმა, მაგრამ იგი ძალით, საცვლების ამარა გაიყვანეს გარეთ. მღვდლის მეუღლე გაჰყვა ყაჩაღებს, მაგრამ ორმა  მათგანმა სცემა თოფის კონდახებით. ამ დროს გაისმა ორი გასროლა, რის შემდეგაც ყაჩაღები სწრაფად გაუჩინარდნენ. ატყდა განგაში, შეგროვდა ხალხი, მაგრამ ვერავინ გაბედა ყაჩაღების დადევნება. როგორც მღვდლის ცოლისა და ქალიშვილის ჩვენებით ჩანს, მათ შეძლეს ზოგიერთი სახის ამოცნობა.
ოლღა სვიმონის ასულ დავიდოვის განცხადებით, თავდასხმელთაგან ორი ყაჩაღი 1905 წლის ბოლოს მისულა მათთან იარაღის მოთხოვნით. თუ ვინ იყვნენ ეს ყაჩაღები, ვერავინ გამოიცნო, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებთა გამოკითხვის შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ ყაჩაღები და ასევე ბოროტმოქმედების მოტივები კარგად იყვნენ ცნობილნი მცხოვრებთათვის, მაგრამ შიშის გამო დუმდნენ. ყაჩაღთა კვალზე გაშვებული პოლიციის ძაღლი მიადგა მებორნეების ჯიხურს მდინარე მტკვართან. ორგზის დაკითხული მებორნეები, სოფელ ახალშენში მცხოვრები გლეხი ანდრია ნიკოლოზის ძე დონაძე და წრომელი გლეხი ტატე პავლეს ძე ჩუტკერაშვილი აღნიშნავდნენ, რომ შეიარაღებული პირები 10 მარტის საღამოს მათ არ გადაუყვანიათ, რაც, ჩემი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც მამასახლისის თქმით მღვდლის მკვლელთა კვალი მიდის ბორნამდე. ამიტომ მებორნეები ანდრია დონაძე და ტატე ჩუტკერაშვილი დავაკავე. მოკვლეული „ცნობით აღმოჩნდა, რომ რევოლუციური მოძრაობის დროს მღვდელი დავიდოვი მიეკუთვნებოდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას და ეწეოდა მავნე პროპაგანდას სოფელ წრომის გლეხობაში, რისთვისაც, როგორც გორისა და დუშეთის მაზრების დროებითი გენერალ-გუბერნატორის 1906 წლის 3 თებერვლის მიმართვიდან ჩანს, გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და გადაასახლეს უფის გუბერნიაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. ექვსი თვის შემდეგ მღვდელი დავიდოვი დაბრუნდა და აღადგინეს თავის უფლებებში. უკანასკნელ ხანებში კი საგრძნობლად გამემარჯვენდა, საუბრის დროს გმობდა შანტაჟისტთა დანაშაულებრივ მოქმედებას, რის გამოც, როგორც ჩანს, ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება დაიმსახურა და შიშით  იმის გამო, რომ იგი მათ გასცემდა, უნდა აიხსნას მისი მკვლელობის მოტივები“.

12-3  საპატრიარქოს უწყებანი N12 19ნოემბერი-2დეკემბერი 2020წ გვ.24
მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი 1869-1910 (დასასრული)

საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ VI ტომში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მღვდელი ალექსანდრე /დავითაშვილი მოკლეს გლეხებმა იმის გამო, რომ ეწეოდა პროპაგანდას რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ. იქვე აღნიშნულია, რომ იგი ადრე გადაასახლეს გლეხობაში პროპაგანდისტული საქმიანობისათვის, ხოლო გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მოქმედებდა რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ და ა. შ. მკვლევარი გურამ შენგელია, რომელმაც დეტალურად გამოიკვლია მღვდელ ალექსანდრე დავითაშვილის ცხოვრების ეს პერიოდი, აღნიშნავს: „ეს მოსაზრებანი ურთიერთგამომრიცხავია. გამოდის, რომ მამა ალექსანდრე, თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის მოხსენების მიხედვით, „წინათ გადასახლებული იყო გლეხობაში პროპა- განდის გამო“, ხოლო როცა დაბრუნდა გადასახლებიდან, მოქმედებდა რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები თავიანთი დანაშაულებრივი ქმედების გამართლების მიზნით ჩადენილ დანაშაულს ზოგჯერ რევოლუციურ აქტად ასაღებდნენ. არცთუ იშვიათად,, ზოგიერთ ტერორისტსა და ყაჩაღს რევოლუციონერად ნათლავდნენ. ჩვენი ვარაუდით სწორედ მსგავსი რევოლუციონერების, ფაქტობრივად მძარცველ ტერორისტთა მსხვერპლი გახდა მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი. როგორც ჩანს, მისი მკვლელობა დაკავშირებული იყო ორ გარემოებასთან, კერძოდ, ფულისა და იარაღის გამოძალვასთან და ბანდიტების მხილების ვარაუდთან, რაც ცხადი ხდება შემოთავაზებული საარქივო დოკუმენტიდანაც. ისიც უნდა ითქვას, რომ ალექსანდრე დავითაშვილი აქტიურად  უჭერდა მხარს ქართული ეკლესიის  ავტოკეფალიის აღდგენას. გამოძიების შედეგად დად გინდა, რომ მლვდელი დავითაშვილი „ადრე პროპაგანდას ეწეოდა გლეხობაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე...“. ასეთ პიროვნებას,  ბუნებრივია, კავკასიის ადმინისტრაციული ორგანოები წყალობის თვალით არ შეხედავდნენ,  მას პოლიტიკურად არასაიმედოთა სიაში მიუჩენდნენ ადგილს. ამ შემზარავი ტერაქტის ერთ-ერთ მიზეზად, ჩვენი ვარაუდით, უნდა მივიჩნიოთ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ფართოდ გაშლილ მოძრაობაში მღვდელ ალექსანდრე დავითაშვილის აქტიური მონაწილეობა წერს გურამ შენგელია.1911 წლის 8 თებერვალს მის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილებს წელიწადში 150 მანეთი პენსია დაენიშნათ. მისი მეუღლე გახლდათ ოლღა სვიმონის ასული (დაბ. 1877წ.); შვილები: თამარი (დაბ. 1894წ.), გიორგი (დაბ. 1896წ.), ირაკლი (დაბ. 1901წ.), ელენე (დაბ. 190ვწ.), ქეთევანი (დაბ. 1908წ.).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.02.2026
ბოლო რედაქტირება 11.02.2026
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0