ვალერი ვაგნერის ძე ოღიაშვილი დაბ, 18.08.1975 ლაგოდეხი. წარმომავლობითსოფ. ანაგა (სიღნაღი). ისტორიკოსი
ისტორიული ძეგლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ქ. ლაგოდეხი
1.,,მონასტერი დიდთა ძალითა ლაგოდეხი” - ( IX_X ს.ს.)
სამნავიანი ბაზილიკა, მონასტრის სახელწოდება პირველად გხვდება მეთერთმეტე საუკუნის 20-იანი წლების დოკუმენტში ,, დაწერილი მელქისედეკ კათალიკოსისა მცხეთის სვეტიცხოვლისადმი”. მონასტრის ეკლესია დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთის მხარე, საკურთხევლის (აბსიდის) ნაწილი.
2.ციხე-სიმაგრე “ლაკუასტი,,- (VIII ს.) მდებარეობს ქ. ლაგოდეხის ტერიტორიაზე, ციხის მშენებლობა უკავშირდება წმიდა მოწამე მეფე არჩილის სახელს. XX საუკუნის 30-იან წლებში.
3.წმ. სამების ეკლესია –(1995წ.) მდებარეობს ქ. ლაგოდეხის ცენტრალურ მოედანზე, განეკუთვნება ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიათა ჯგუფს. ეკლესია ნაწილობრივ ფრესკული მხატვრობის ნიმუშებით არის შემკული. არქიტექტორი გურამ ბოკერია, ქტიტორი ნუგზარ კაკიაშვილი.
4.ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
ეკლესიის მშენებლობა 1864 წელს დაიწყო. მშენებლობის ინიციატორი ლაგოდეხში განლაგებული ტფილისის გრენადერთა პოლკის პირადი შემადგენლობა იყო. რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის გამო ზემოთხსენებული პოლკი ლაგოდეხიდან ფრონტის ხაზზე გაიწვიეს, ხოლო პოლკის დაბრუნების შემდეგ მშენებლობა გაგრძელდა და 1892 წელს ჯერ კიდევ დაუსრულელ ეკლესიაში წირვა-ლოცვა სრულდებოდა. ეკლესია საბოლოოდ 1897 წელს დასრულდა. შტატით 1 მღვდელი დაინიშნა. ტაძარი 1000 ადამიანს იტევს. ეკლესიას, გახსნიდან დახურვამდე (1924 წ.)Mპოლკის მღვდელი მიქაელ იონას ძე დონჟაშვილი ემსახურებოდა.
გასაბჭოების შემდგომ ტაძარი დახურეს, მოანგრიეს გუმბათები. 1924 წლიდან შენობაში ,,კომკავშირის კლუბი”, ხოლო შემდგომში კინოთეატრი განათავსეს, მეორე მსოფლიო ომის დროს კი სამხედრო საწყობად აქციეს.
ტაძრის ხელახალი აღორძინება 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო, ეკლესიის აღდგენას სათავეში ნეკრესელი მიტროპოლიტი მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი) ჩაუდგა.
1998 წლის 4 ნოემბერს (ყაზანის ღვთისმშობლის ხსენების დღეს) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ტაძარი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
5.წმ. ნიკოლოზის ეკლესია – (1944 წ) მდებარეობს ქ. ლაგოდეხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე. ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიის დახურვის შემდგომ (1924 წ.), მორწმუნე მართლმადიდებელი მოსახლეობა მეგობრობის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთი სახლში იკრიბებოდა, სადაც სამლოცველო იყო მოწყობილი. 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ეკლესიების გახსნის უფლება მისცა, სწორედ ამ დროს ლაგოდეხის მრევლმა, ქალბატონ დობრიდინას ხელმძღვანელობით, ითხოვეს ნებართვა ეკლესიის მშენებლობის შესახებ, რაზეც თანხმობა მიიღეს, ეკლესიისათვის ფართობი ქალბატონმა დობრიდინამ შეიძინა, რომელიც 1 მაისის (ამჟამად დავით გურამიშვილის) ქუჩაზე გამოინახა. მალევე მშენებლობაც დაიწყო, რომელსაც მამა ბესარიონი (კოლესნიკოვი)ხელმძღვანელობდა. აშენებულ იქნა მცირე ზომის სამლოცველო სახლი, 1960-იან წლებში ქალაქის ხელმძღვანელობამ მრევლს ახალი ეკლესიის მშენებლობის უფლება მისცა, მაგრამ ეკლესიის მშენებლობის დაწყების შემდეგ, მრევლმა უარი მიიღო, მშენებლობა შეჩერდა. წირვა-ლოცვა კვლავ სამლოცველო სახლში განახლდა. წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, მცირე ზომების მიუხედავათ უამრავი ხატი არის დაცული, მათ შორის XVIII საუკუნის ჯვარცმა, რომელიც დედა ანტონინა (პეჩორკინა) მოსკოვში შეიძინა და ლაგოდეხში დიდი წვალებით ჩამოიტანა.ასევე ეკლესიაში ინახებოდა ყაზანის ღვთისმშობლის ხატი.
რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეებიდან სამლოცველო სახლს მრავალი ბერ-მონაზონი სტუმრობდა. კომუნისტური რეჟიმის დროს წმ. ნიკოლოზის ეკლესია ლაგოდეხის რაიონის ერთადერთ მართლმადიდებლურ კერას წარმოადგენდა, სადაც დიდ დღესასწაულებზე უამრავი მრევლი იკრიბებოდა, როგორც ლაგოდეხის, ასევე კახეთის სხვადასხვა კუთხეებიდან.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
6.მაჭის ციხე (თოღა) და კარის ეკლესია - (V-XIIს.ს.) ციხე-სიმაგრე მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვართან, მდინარეების მაწიმის წყალის და ბნელი ხეობის შესართავთან. თავდაპირველად წარმოადგენდა მაჭის საერისთავოს ცენტრს, ხოლო შემდგომში გახდა საქართველოს მეფეების საზაფხულო რეზიდენცია. მეთოთხმეტე საუკუნის
ბოლოს აოხრებულ იქნა თემურ-ლენგის მიერ, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, შაჰ-აბას პირველის შემოსევის დროს, საბოლოოდ დაკარგა ფუნქცია.
კარის ეკლესია – ერთნავიანი ბაზილიკა ( IX ს. ), დარბაზული ტიპის, (7,3X5,3 მ. )
დარბაზის სიმაღლეა 4,8 მ. ფართობი – 38,69 კვ.მ. მდებარეობს ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე სოფ. მაწიმის ჩრდილოეთით.
7.ღვთისმშობლის ეკლესია _ხოშატიანი - (XIს.) დარბაზული ტიპის ეკლესია,
გვიან მიშენებული სამრეკლოთი. სამრეკლოს საძირკველში მდებარეობს ლეგენდარული,
ურჩხულებთან მებრძოლი გმირის ხოშატის საფლავი. მდებარეობს სოფ. არეშფერანის
მიდამოებში. ფართობი – დაახლ.-30 კვ.მ. რესტავრირებულია ივანიშვილის ფონდის მიერ.
8.წმ. სამების ეკლესია - (XI ს.) დარბაზული ტიპის ეკლესია, მდებარეობს სოფ. ფონასთან. დასავლეთის მხრიდან გვიან პერიოდში (XIII ს. ) მიშენებული სამრეკლოთი.
ფართობი- დაახლ. 50 კვ.მ. რესტავრირებულია გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის მიერ.
9.ლელიანის წმ. თეოდორე ტირონის ეკლესია _ (XI-XII ს.ს.) სამნავიანი ბაზილიკა, გვიან მიშენებული სამრეკლოთი(XIII ს. ). მოხსენიებულია მეფე არჩილის ნაწარმოებში ,,არჩილიანი”. ფართობი- დაახლ. 90 კვ.მ.
10.სალესავის (რაჭისუბნის) საყდარი - ერთნავიანი ბაზილიკა ( შუა საუკუნეები ), დარბაზული ტიპის. ფართობი- დაახლ. 35 კვ.მ. მდებარეობს სოფ. რაჭისუბნის ჩრდილოეთით, მდ. სალესავის ხეობაში, ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე.
11.წმ. ნიკოლოზის ეკლესია –(2007 წ.) მდებარეობს სოფელ კართუბანის ცენტრალურ ნაწილში. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი სტილისაა. მშენებლობა 2001 წლის 27 ნოემბერს დაიწყო, როდესაც ნეკრესელმა მიტროპოლიტმა მეუფე სერგიმ ეკლესიისათვის გამოყოფილი მიწა და საძირკველი აკურთხა. მშენებლობას ხელმძღვანელობდა მამა გიორგი (ხაჩიძე). 2007 წელს მშენებლობა დასრულდა და 22 მაისს – წმ. ნიკოლოზის ხსენების დგეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, ნეკრესის ეპარქიასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ერთ-ერთი ულამაზესი ეკლესია შეემატა.
12.წმ. გიორგის ეკლესია – (1991 წ.) მდებარეობს სოფელ თელის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე, მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი ბატონი ნუგზარ კაკიაშვილი იყო, ხოლო პროექტი გურამ ბოკერიას ეკუთვნის.
13.ონანაურის ეკლესია – ე.წ. ,,ჭრელი საყდარი” – (სავარ. XI ს.) მდებარეობს სოფელ აფენის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლის სასაფლაოზე. დარბაზული ტიპის, ერთნავიანი ბაზილიკა, ეკლესიის დასავლეთ გარე კედელზე გამოსახულია წმ. ევსტათი პლაკიდა ნადირობის დროს. ეს ფრესკა, აღმოსავლეთ საქართველოში, ერთადერთ გარემხატვრობის ნიმუშს წარმოადგენს. გარემხატვრობა დამოწმებულია დასავლეთ საქართველოში, სვანეთის ტერიტორიაზე. მხატვრობა ნაწილობრივ დაზიანებულია.
14.წმ. გიორგის ეკლესია – (2003 წ.) მდებარეობს სოფელ გიორგეთში, გიორგეთის საჯარო სკოლის მახლობლად. მშენებლობის ინიციატორი გიორგეთელი ზურაბ ლობჟანიძეა. ეკლესია დარბაზული ტიპის, ერთნავინი ბაზილიკაა, რომელიც ბოლნისის მწვანე ქვითაა აშენებული. ეკლესია 2003 წლის 23 ნოემბერს – წმ. გიორგის ხსენების დღეს გაიხსნა.
15.წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია – (სავარ. XI ს.) მდებარეობს სოფელ ლელიანის მიმდებარე ტერიტორიაზე აბაშისწილში, დარბაზული ტიპის, ერთნავინი ბაზილიკა. ფარტობი –დაახლ. 40 კვ.მ. რესტავრირებულია ივანიშვილის ფონდის მიერ.
16.შრომის საყდარი _ (შუა საუკუნეები) – მდებარეობს ქ. ლაგოდეხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქალაქიდან 3 კმ დაშორებით შრომის ვენახების ტერიტორიაზე. სამნავიანი ბაზილიკა, ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, გადარჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი მხარე. ფართობი – დაახლ. 50 კვ.მ.
17.ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია – (XIX ს. 90-იანი წლები) მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის ცენტრალურ ნაწილში, ვარდისუბნის საჯარო სკოლის მახლობლად. აგებულ იქნა XIX საუკუნის მიწურულს, გოთურ სტილში, სოფელ ვორონცოვსკოეში (ვარდისუბანი) მცხოვრები გერმანელი კოლონისტების მიერ???. მოსახლეობა მას ,,გერმანულ კირხას” უწოდებს. I მსოფლიო ომის დროს კოლონისტებმა ტერიტორია დატოვეს, ხოლო ეკლესია მართლმადიდებელ მრევლს გადაეცა. 20-იან წლებში ეკლესია დახურეს და მას, როგორც კოლმეურნეობის საწყობს იყენებდნენ. 1990-იან წლებში ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა და კვლავ მოქმედი გახდა.
ვალერი ოღიაშვილი, ისტორიკოსი.