ვიტალი სიდორენკო (1928–1992) - მამა ვიტალი კრასნოდარის მხარეში დაიბადა. მერვე დღეს ტაძრად მიყვანისას მოძღვარმა წესისამებრ იგი საკურთხეველში შეიყვანა. საოცარი მადლი გარდამოვიდა ჩვილისგან. გადმოგვცემენ, რომ ნათლობისას ყრმა ემბაზში ფეხზე იდგა და იღიმებოდაო, ხორცის ჭამა სულ პატარას აუკრძალავს, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევს რძესაც არ აკარებდა პირს. კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმ.სახარება გამხდარა.
ზარების რეკვას რომ გაიგებდა, სამუშაოს მიატოვებდა და ტაძრისკენ გარბოდა. მეშვიდე კლასში ყოფილა, რომ ნეკრასოვის „რკინიგზის“ წაკითხვა უთხოვიათ, მას კი ასე წაუკითხავს: „სამყაროს მართავს მეფე დაუნდობელი. ეს მეფე სტალინიაო“.
მის რელიგიურ „დანაშაულს“ პოლიტიკურიც მიემატა და სკოლიდან გარიცხეს. 16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია, რადგან მხოლოდ ზეცის მოქალაქეობა სურდა. ერთხანს წმიდა სერგის ლავრაში ცხოვრობდა, ომის შემდეგ რომ გაიხსნა, მაგრამ იქ მისი უსაბუთოდ გაჩერება არ მოხერხდებოდა, ამიტომ მამებმა გლინის უდაბნოში წასვლა ურჩიეს. მერე მისი გლინის უდაბნოში დამალვაც გაჭირდა და მოძღვრის კურთხევით ტაგანროგში გადავიდა. იქ გარს შემოიკრიბა მორწმუნენი, რომლებიც მერე მისი სულიერი შვილები გახდნენ. ხშირად იჭერდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ. ამ შეჭირვებაში ტუბერკულოზი დაემართა. მამებმა ვიტალი
ბერად აღკვეცეს და აფხაზეთის მთებში გაუშვეს. იმხანად იქ მრავალი ბერი მოღვაწეობდა. მილიციამ რამდენჯერმე დაარბია იქაურობა. ბერებმა აკურთხეს მამა ვიტალი და ისიც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც იმხანად მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა მოღვაწეობდა. ვიტალიმ ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაიწყო მსახურება. 1976წ. მღვდლად აკურთხეს. მეუფე ზინობის კურთხევით მოიხსნა ჯაჭვები, რომელსაც ჩვიდმეტი წელი ფარულად ატარებდა. დიდუბეში, ერთ პატარა ქოხში დასახლდა. მიტროპოლიტ ზინობის კურთხევით შეეძლო აქვე
შეეწირა უსისხლო მსხვერპლი ან მონაზვნები აღეკვეცა. მალე მისი სახლი მონასტრად იქცა. მთელი ქვეყნიდან მოდიოდნენ მასთან ნუგეშის მისაღებად. მასთან შესვლისას „ღირს არსს“ ილოცებდი და მოძღვარს კურთხევას სთხოვდი, ის კი პასუხად მუხლს მოიდრეკდა შენს წინაშე, ხელზე გეამბორებოდა და აქეთ გთხოვდა კურთხევას. შემდეგ დაგსვამდა, თვითონ იატაკზე მოირთხამდა ფეხს და საათობით იჯდა გაუნძრევლად, გისმენდა, მერე წიგნს აიღებდა და მამათა ნაწერებს გიკითხავდა. ცხოვრებაზე მოწუწუნეს ანუგეშებდა. სიკვდილის წინ ერთი ნუგეშის
სიტყვა დაუტოვებია: „მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო“, - ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, საკურთხევლის წინ, მის საფლავზე არასოდეს წყდება მლოცველთა დენა. ისიც მრავალს შეეწევა, მრავალსაც გამოცხადებია და ნუგეშიუცია