სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11770

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ქართველიშვილი იოანე 1772-1816წწ მღვდელი დაბ. სოფ. ფხვენისი, გორი ქართველიშვილი იოანე 1772-1816წწ მღვდელი დაბ. სოფ. ფხვენისი, გორი

1772-1816 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ქართველიშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

406       ბეჭდვა

ქართველიშვილი იოანე 1772-1816წწ მღვდელი დაბ. სოფ. ფხვენისი, გორი

ქართველიშვილი იოანე 1772-1816წწ მღვდელი დაბ. სოფ. ფხვენისი, გორი

დაბადების ადგილი: სოფელი ფხვენისი.

1784 წელს სასწავლებლად მიაბარეს კალოუბნის ეკლესიაში; 1788 წელს სიონის ტაძარში მთავარ-დიაკვნად აკურთხეს, 1792 წელს მღვდლად ეკურთხა; 1790-იან წლებში ფიზიკისა და ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო. გრამატიკას ასწავლიდა ვარლამ ერისთავი. მალე იგი, როგორც ფრიად განსწავლული პიროვნება, იულონ ბატონიშვილმა თავის ძეთა აღმზრდელად მოიწვია. 1804 წლიდან მან თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. სასწავლებელში მუშობის დროს (1809) მან შეადგინა ქართული ენის გრამატიკა - "ქართული ღრამმატიკა შეთხზული ტფილისის საკეთილშობილო სასწავლებლის მოძღვრის პროტოპოპის იოანე ქართველიშვილისაგან სახმარად მისივე სასწავლებელსა. 1809 წ. ტფილისი". სახელმძღვანელოს შექმნის საბაბად ავტორი ასახელებს ანტონ I-ის გრამატიკის სირთულეს. 1815 წელს თბილისში დაიბეჭდა ქართველიშვილის ხელნაწერი გრამატიკისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული "ქართული ღრამმატიკა", რომლის მეორე გამოცემა (მოსკოვი, 1825) არსებითად არ განსხვავდება პირველისაგან. იმის მიუხედავად, რომ თავის გრამატიკაში იგი ძირითადად ემყარება ანტონ I-ისა და გაიოზ რექტორის გრამატიკებს, მან მაინც მოახერხა საკუთარი სიტყვის თქმა. ამასთანავე, XVIII-XIXსს. ქართულ გრამატიკებს შორის ქართველიშვილის გრამატიკა გამოირჩევა თავისი სიმარტივითა და დახვეწილობით, მასალის სისტემატიზაციით, სხარტი და გასაგები განმარტებებით. საზოგადო მოღვაწე და ქართული კულტურის მოამაგე. ეწეოდა პედაგოგიურ-ლიტერატურულ მოღვაწეობას, მთარგმნელობით მუშაობას. განსაკუთრევით ფასეულია მისი მემუარები, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია და საყურადღებო ცნობებს შეიცავს XVIII საუკუნის საქართველოს საზოგდოებრივი ცხოვრების შესახებ. 

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.496

ბიბლიოგრაფია

იოანე ქართველიშვილის მემუარები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1952. - 128გვ.

ქართული ღრამმატიკა (ავტორი). - თბილისი, 1815. - 128გვ.


 საპატრიარქოს უწყებანი N17 15-21მაისი 2008წ გვ.19

დეკანოზი იოანე ქართველიშვილი (1772-1816)

დეკანოზი იოანე — ერისკაცობაში იოანე ოთარის ძე ქართველიშვილი 1772 წლის 20 სექტემბერს ქართლში, სოფელ ფხვენისში დაიბადა. მამამისი, ოთარ ქართველიშვილი, ბატონიშვილთა ნაყმევი, ყმობიდან გათავისუფლებული სოფელ გომისჯვარში დაბინავებულა, შემდეგ აქედან აყრილა და მისულა სამშვილდეს აბდულა-ბეგთან. აბდულა-ბეგს (იესე მეფის შვილს) მიუცია ოთარისა და მისი ძმისთვის მამული და თავის კარზე გაუჩერებია. სამშვილდეს აკლების შემდეგ, ოთარი და მისი ძმა შიდა ქართლში გადმოსულან. ოთარი სოფელ ფხვენისში დასახლებულა და სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენდა თავს. როცა მამა გარდაეცვლა იოანე ჯერ კიდევ პატარა იყო. დედამ თამარმა, თავს იდვა მისი აღზრდა. იგი შვილს თავიდანვე სამღვდელოდ ამზადებდა. დედამ იოანე სასწავლებლად მიაბარა თავდაპირველად ფხვენისის მღვდელს, შემდეგ სოფელ შინდისის მღვდელს და ბოლოს — ცხინვალისას. 1784 წელს იოანე დედამ თბილისში ჩაიყვანა და კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელს იოანეს მიაბარა. 1787 წლის ივნისში იგი იღუმენ ტრიფილეს (ჯორაშვილი — შემდგომში არქიმანდრიტი) ძმისწულზე დაინიშნა. ამავე დროს იგი იპოდიაკონად მსახურობს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში და თან სწავლას განაგრძობს — სწავლობს მხედრულს, რადგან მანამდე მხოლოდ ხუცურად იყო განსწავლული. 1788 წლის 16 იანვარს იოანემ ჯვარი დაიწერა არა ტრიფილეს ძმისწულზე, არამედ ლეკყოფილ დიმიტრის ასულ მარიამზე. 1788 წლის 12 მარტს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში თბილელმა მიტროპოლიტმა გერმანემ დიაკვნად აკურთხა. 1788-89 წლებში თავისი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით გადაწერა ლოცვები მხედრულად, ასევე წიგნი „მარგალიტად“ წოდებული და სადღესასწაულო (ცხრა თვე). 1791 წლის აპრილში ანტონ II კათოლიკოსმა დიაკონი იოანე სასწავლებლად მიაბარა არქიმანდრიტ ვარლაამს (ერისთავი). აქ მან შეისწავლა რიტოკირა, გრამატიკა, კატეგორია, ლოგიკა და მეტაფიზიკა. 1792 წლის 6 იანვარს თბილისის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში ანტონ II-მ მღვდლად დაასხა ხელი. ამავე წლის 12 თებერვალს შეეძინა პირველი ვაჟი, რომელიც ალექსანდრე ბატონიშვილს მოანათლინა. 1793 წლის 23 სექტემბერს ასული შეეძინა, რომელიც ქვათახევის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ანტონმა (თარხნიშვილმა) მონათლა. 1794 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ს ლოცვა-კურთხევით, სწავლის გასაგრძელებლად სიონის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზ იოანე ოსეს ძეს მიებარა. მასთან მამა იოანემ ფიზიკა და დოგმატიკა შეისწავლა.  ახალგაზრდა მოძღვარი თავისი შვილების მასწავლებლად აიყვანა. ამის შემდეგ მამა იოანეს ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა იულონ ბატონიშვილისას. 1795 წლის 6 სექტემბერს გარდაეცვალა შვილი თეკლა. 1796 წლის 20 თებერვალს ეყოლა ასული თებრონია, რომელიც იულონ ბატონიშვილის მეუღლემ, სალომემ მონათლა. 1798 წლის აგვისტოში კვლავ შეეძინა ასული, რომელიც 17 სექტემბერს დავით ოსეს ძემ მონათლა. 1800 წლის 27 იანვარს ვაჟი გაბრიელი ეყოლა. იგი ლევან ბატონიშვილმა, იულონის ძემ მონათლა. გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ იულონ ბატონიშვილი შეიქმნა მეფობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მაძიებელთაგანი. მღვდელი იოანე ახლა მას უკვე მწერლად ჰყავს და იმდენ წერილებს აწერინებს, რომ ავადმყოფი დედის სანახავად წასასვლელი დრო არ რჩება. იგი დაჰყვება იულონსა და მის ჯარს მუხრანიდან მარტყოფში, აქედან ქიზიყში, ქიზიყიდან იორ-ამავე წლის ოქტომბერში იულონ ბატონიშვილმა

17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 15-21მაისი 2008წ გვ.20

დეკანოზი იოანე ქართველიშვილი (1772-1816) (გაგრძელება)

სართიჭალაზე, მუხრანი, ჭალა, ჯარიაშენის გავლით იმერეთში გადადის 1801 წლის 29 აპრილს იულონი ქუთაისში ჩააღწევს. მამა იოანე აქ რუსეთში გასაგზავნ წერილებს უწერს სოლომონ მეფესა და იულონს. 1802 წლის იანვარში იულონის ნებართვით მიდის თბილისში დიდი ხნის უნახავი ცოლ-შვილის სანახავად, მაგრამ ცოლ-შვილი პატარძეულში დახვდა წასული. გენერალმა ლაზარევმა არ მისცა უფლება პატარძეულში გამგზავრებისა და მანაც ცოლ-შვილი თბილისში გამოიძახა. პატარძულიდან ჩამოსული მამა იოანეს ოჯახი დარეჯან დედოფალმა ავლაბარს დაასახლა, ულუფა დაუნიშნა და თავისთან დაიტოვა. ამავე წლის 8 მაისს მღვდელი იოანე დაესწრო თბილისში გუბერნიის გახსნას და კოვალენსკის საქართველოს განმგებლად დაყენებას. იოანე ვეღარ ახერხებს იმერეთში დაბრუნებას და დარეჯან დედოფალთან რჩება. 1804 წლის იანვარში საქართველოს მთავარმართებელმა გენერალმა პავლე ციციანოვმა მამა იოანე თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნა. სასწავლებლის დირექტორს დეკანოზ ალექსი პეტრიაშვილს (შემდგომში არქიმანდრიტი ათანასე) ევალება სახელმძღვანელოების თარგმნა. ამ საქმეში მას მღვდელი იოანეც ეხმარება. 1806 წელს სასწავლებელში წარმატებული მუშაობისათვის მამა იოანეს სამკერდე ოქროს ჯვრით აჯილდოებენ და ჯამაგირს უმატებენ. 1810 წელს ტორმასოვი ახვერდოვის პირით სთხოვს მღვდელ იოანეს, რომ როგორმე აიძულოს მისი აღზრდილი ლევან იულონის ძე ნებაყოფლობით ჩაბარდეს რუსეთის მთავრობას. მამა იოანემ ეს მისია ვერ შეასრულა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მღვდელ იოანეს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი იოანე ქართველიშვილი 1816 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა (ფონდი 16/152. საქმე 1874. გვ. 2). დეკანოზმა იოანემ 1801-02 წლებში დაწერა მემუარები „ვითარებათა აღწერა“, ეს მემუარები დაცული იყო იოანეს უმცროსი შვილის, შემდგომში სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზის და საქართველი-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრის გაბრიელის (1800-1866) ოჯახში.

შემდეგ იგი გაბრიელის ვაჟის დავითის საკუთრებად იქცა. დავით ქართველიშვილის ოჯახიდან მემუარები მღვდელ პოლიევქტო კარბელაშვილის ხელში მოხვდა. მან კი გადასცა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას, რომელმაც იგი დაბეჭდა 1889 წლის შემდეგ ნომრებში 203, 204, 205, 253, 255,

262, 266, 273. ქართველიშვილის მოგონებების ის ნაწილი, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევას და თბილისის აოხრებას ეხება, როგორც მემუარების ნიმუში, დაბეჭდეს თავის „სიტყვიერების თეორიაში“ არქიმანდრიტმა კირიონმა (საძაგლიშვილი -– შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი)' და გრიგოლ ყიფშიძემ 1898 წელს (გვ. 170-77). 1952 წელს ავთანდილ იოსელიანმა გამოსცა „ვითარებათა აღწერა, რომელსაც იგი მემუარებს უწოდებს და თან დაურთო დეკანოზ იოანეს „შემოსავლების ნუსხა“.

ავტოგრაფი ქართველიშვილის ამ შრომისა დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში (ა 1196). ეს შრომა, მიუხედავად ვიწრო ოჯახური დანიშნულებისა ქართველიშვილი ამ შრომას წერდა თავის შვილებისათვის უნდოდა გაეცნო მათთვის რა სიძნელეები ნახა მან ცხოვრებაში) მნიშვნელოვანი ძეგლია სწავლა-აღზრდის საკითხების შესასწავლად XVIII საუკუნის ბოლო წლების საქართველოში, იძლევა მდიდარ მასალას XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური დასების შესახებ და ქვეყნის იმდროინდელ მდგომარეობაზე. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.11.2023
ბოლო რედაქტირება 11.09.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0