სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11812

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ნაზარი (იოსებ, ნესტორ, ლეჟავა) წმიდანი 1874-1924წწ.   მიტროპოლიტი  სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია, იმერეთი. ნაზარი (იოსებ, ნესტორ, ლეჟავა) წმიდანი 1874-1924წწ.   მიტროპოლიტი  სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია, იმერეთი.

1874-1924 წწ. გარდ. 50 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ლეჟავა სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

533       ბეჭდვა

ნაზარი (იოსებ, ნესტორ, ლეჟავა) წმიდანი 1874-1924წწ. მიტროპოლიტი სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია, იმერეთი.

მიტროპოლიტი ნაზარი (იოსებ ლეჟავა) – Mitropolit Nazar (Joseph lejava) (1872 – 1924)



მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში. მისი წინაპრები სასულიერო პირნი ყოფილან და მომავალი მიტროპოლიტი სიყრმიდანვე სარწმუნოებრივ-საეკლესიო გარემოში იზრდებოდა.

ნაზარიმ დაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1892 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. იგი ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი, 1893 წლის 22 თებერვალს, მღვდლად აკურთხეს. პირად ცხოვრებაში დატრიალებული უბედურების შემდეგ (ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ – ორივე ასული), 1904 წელს იგი ბერად აღიკვეცა. 1905 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი დაინიშნა ველენსკის სასწავლებლის ჰომილეტიკის პედაგოგად; 1907 წელს კი კლევანსკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს.1910 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 1911 წელს იგი იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი გახდა. ამავე წლის 1 დეკემბერს არიქმადრიტი ნაზარი ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და ქუთათელ მიტროპოლიტად დადგინდა.


ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარის სასულიერო მოღვაწეობაში მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა: 1905 წელს ქართველმა სასულიერო მოღვაწეებმა წამოჭრეს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, რამაც რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა გაგრძელდა 1906 წელსაც. რუსეთის უმაღლესი სინოდი იძულებული გახდა, საქართველოს ეკლესიის საკითხი რუსეთის საეკლესიო კრებაზე გაეტანა. ამ კრებაზე საკითხი უარყოფითად გადაწყდა.


1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქართველებმა ისევ დასვეს ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი და 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 16 მარტს თბილისში შემდგარმა სასულიერო მოღვაწეთა კრებამ კი დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. ყველა ამ მოვლენის ცენტრში ტრიალებდა მიტროპოლიტი ნაზარი.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდი რეპრესიების ახალი წლებით შეიცვალა. ახალმა რეჟიმმა ახალი წესები მოიტანა. 1921 წელს მიწაზე კერძო საკთრება გაუქმდა და ეკლესია-მონასტრებს თავიანთი კუთვნილი მიწები ჩემოერთვათ. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მიტროპოლიტი ნაზარის ეპარქიაში შემავალი გელათის მონასტერიც. საუკუნეებგამოვლილმა მონასტერმა, რომელიც „ახალ ათინად და მეორე იერუსალიმად“ იწოდებოდა, 1923 წლის გაზაფხულზე არსებობა შეწყვიტა.



1922-23 წლები უმძიმესი პირიოდია საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ბოლშევიკური მთავრობის ინიციატივით დაინგრა ათას ორასი ეკლესია, განადგურდა საეკლესიო განძეულობა, დაიწვა უამრავი უნიკალური ხელნაწერი, რეპრესირებულ იქნა მრავალი სასულიერო პირი და ეროვნული ორიენტაციის მქონე ადამიანი.1921 წლის 23 თებერვალს წითელი არმიის შეტევის გამო მენშევიკური მთავრობის წინადადებით და საკათალიკოსო საბჭოს დადგენილების თანახმად სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა გადატანილ იქნა ქუთაისში. პატრიარქ ლეონიდეს მითითებით განძეულობის ოთხი ყუთი დამარხეს ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე ნაზარის სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ.

ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა მიაკვლიეს განძეულობას და დააპატიმრეს მიტროპოლიტი ნაზარი. მას ბრალად ედებოდა მონაწილეობა ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციასა და სიონისა და სვეტიცხოვლის ქონების გადამალვაში. კითხვაზე, თუ ვისთვის ინახებოდა განძეულობა, სასამართლო პროცესზე მიტროპოლიტმა უპასუხა: „ეკლესიისათვის და ქართველი ერისათვის“. სასამართლომ ნაზარის მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა. შემდგომში იგი შეიცვალა პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით1924 წლის აპრილში ამინისტიის საფუძველზე ორი წლის პატიმრობის შემდეგ მიტროპოლიტი ნაზარი გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის ეპარქიას, სადაც ძალზე მძიმე მდგომარეობა დახვდა. მიტროპოლიტი არ შეუშვეს სარეზიდენციო სახლში, რომელიც საწყობად იყო გადაქცეული. იგი იძულებული გახდა, ძმის ოჯახისათვის შეეფარებინა თავი.


უდრტვინელად ატარებდა მიტროპოლიტი ნაზარი თავის ჯვარსს, რომელსაც სარწმუნოებისათვის თავდადების ღვაწლით უნდა გაებრწყინებინა მღვდელმთავარი. მეუფე ნაზარს გვერდით ედგნენ და მის სამღვდელმთავრო ღვაწლს უმსუბუქებდნენ ეპარქიის ღვთისმსახურები, რომლებიც ასევე სასტიკად იდევნებოდნენ ხელისუფლებისაგან.ქართველი ხალხი ათეისტულ რეჟიმს ვერ შეურიგდა. 1924 წელს საქართველოში დაიწყო შეიარაღებული აჯანყებისათვის მზადება. 28 აგვისტოს, მარიამობას აჯანყებამ იფეთქა ქუთაისში და მალე იგი მთელ საქართველოს მოედო. საქართველოს საგანგებო კომისიის მუშაკებმა მიაგნეს აჯანყების შტაბს შიო-მღვიმის მონასტერში და დააპატიმრეს მისი ხელმძღვანელები. საბჭოთა ხელისუფლების ანგარიშსწორებამ შეუზღუდავი ხასიათი მიიღო, რასაც შედეგად უამრავი უდანაშაულო პირის დასჯა და დახვრეტა მოჰყვა.


1924 წლის აჯანყების წინა დღეს, 27 აგვისტოს, მიტროპოლიტ ნაზარის სოფელ როდინოულიდან ეწვია დელეგაცია და სოფლის ეკლესიის კურთხევა სთხოვა. დანიშნულ დროს მიტროპოლიტი ნაზარი სასულიერო პირებთან ერთად სოფელში მივიდა. მათ ეკლესია აკურთხეს. ღამით სიმონეთში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ მიტროპოლიტს და მის თანმხლებ სამღვდელოებას მოულოდნელად თავს დაესხნენ ჩეკისტები, ხელ-ფეხი შეუკრეს, თოფის კოდახებით სცემეს, შემდეგ ურემზე დააკრეს და სოფლის საბჭოში მიიყვანეს.

მეორე დღეს პატიმრები ქუთაისის შინსახკომში გადაიყვანეს და სხვა პატიმრებთან ერთად ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. ყოველგვარი გასამართლების გარეშე „განსაკუთრებულმა სამეულმა“ საფიჩხიას ტყეში დახვრიტა მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად ოთხი სასულიერო პირი: დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე.

1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ ბევრ სხვა საკითხთან ერთად განიხილა აღნიშნული მოვლენა და დაადგინა: მიტროპოლიტ ნაზართან ერთად მოკლულთა სახით კანონიზებულ იქნას საქართველოში, ეკლესიისა და ერისათვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეწოდოთ მათ სახელად ახალმოწამენი.



საპატრიარქოს უწყებანი N36 4-10 ნოემბერი 2010წ  გვ. 21


მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) 1870-1924

მიტროპოლიტი ნაზარი ერისკაცობაში ნესტორ ლეჟავა 1870 წელს (მეორე ვერსიით 1869 წელს), ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჯიხაიშში, ანდრია ლეჟავასა და ეფემია გრიგოლის ასულის ოჯახში დაიბადა. მისი აპრების რამდენიმე თაობა სასულიერო მოღვაწეები იყვნენ. ნაზარის მამა — მღვდელი ანდრია ნიკოლოზის ძე ლეჟავა 1867-1905 წლებში სოფელ დიდი ჯიხაიშის წმინდა გიორგის სახელობის (სერგიეთის) წინამძღვარი იყო (გარდაიცვალა 1911 წლის 13 მაისს), ხოლო ანდრიას მამა — მღვდელი ნიკოლოზ მარკოზის ძე ლეჟავა 1844-1859 წლებში წინამძღვრობდა დიდი ჯიხაიშის ეკლესიას (გარდაიცვალა 1875 წლის 8 იანვარს). სასულიერო პირი იყო ასევე ნესტორის ბიძა — იოანე ნიკოლოზის ძე ლეჟავა და ძმა სამსონ ლეჟავა. არცაა გასაკვირი, რომ ასეთ ტრადიციულ და კულტურულ ოჯახში დაბადებული და აღზრდილი ნესტორი, თავადაც სასულიერო კას ირჩევს. პირველდაწყებითი განათლება ნესტორმა ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდეგ სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო, რომელიც 1886 წელს დაასრულა. 1886-1892 წლებში იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სემინარიის დასრულების შემდეგ ნესტორი თავის მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა, სადაც მალევე და- ქორწინდა ალექსანდრა ივლიანეს ასულზე და გადაწყვიტა, სასულიერო გზით გაეგრძელებინა მოღვაწეობა. 1893 წლის 13 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ნესტორი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 21 თებერვალს − მღვდლად დაასხა ხელი და ხონის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1894 წლის 14 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 1 სექტემბერს ხონის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წლის 13 ივნისს მამა ნესტორს რუსეთის იმპერიის პირველ საყოველთაო აღწერაში მონაწილეობის მიღებისათვის, სამკერდე უმაღლესი ჯილდო — მუქი ბრინჯაოს მედალი ეწყალობა. იგი ასევე დაჯილდოვდა იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახელობის სამახსოვრო მედალით. 1899 წლის 14 თებერვალს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების დეპუტატად აირჩიეს. 1900 წლის აღდგომას —სკუფია უბოძეს. ამავე წელს მამა ნესტორს ცხოვრების თანამგზავრი, საყვარელი მეუღლე ალექსანდრა გამოეცალა ხელიდან. მალევე გარდაეცვალა ორი პატარა შვილიც. მეუღლის გარდაცვალებამ დიდად დაამწუხრა ახალგაზრდა მოძღვარი. თავისი მოძღვრისა და ახლობელთა ლოცვა-კურთხევით მან რუსეთში სასწავლებლად წასვლა გადაწყვიტა. 1901 წელს მღვდელმა ნესტორმა კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. სწავლის პერიოდში მან საბოლოოდ გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისათვის მიეძღვნა და ბერობაში გაეგრძელებინა სასულიერო მოღვაწეობა. IV კურსზე სწავლის პერიოდში, 1904 წლის 26 აგვისტოს იგი ბერად აღიკვეცა და სახელად ნაზარი ეწოდა. 1905 წელს მღვდელ-მონაზონმა ნაზარმა კიევის აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის მაგისტრის ხარისხით დაამთავრა და ამავე წლის 8 ნოემბერს ქ. ვოლინის სასულიერო სემინარიაში ჰომილეტიკის პედაგოგად დაინიშნა. 1907 წლის 3 დეკემ- ბერს კლევანის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს. 1908 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1910 წლის 10 მაისს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1911 წლის 17 ნოემბერს იღუმენი ნაზარი, თავისი თხოვნის საფუძველზე, საქართველოს საეგზარქო- სოში გადმოიყვანეს და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. 1911 წლის 1 დეკემბერს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს. ქართველი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ზაქარია ჭიჭინაძე მამა ნაზარის შესახებ წერდა: „არქიმანდრიტ ნაზარს მოსვლისთანავე შეეტყო ქართული მამულიშვილობა, თავის ქვეყნისა და ერის გონივრულად სიყვარული და სამსახურის ტრფიალება. მან ფხიზლად გადახედა ჩვენს წარსულს, ჩვენს ეროვნებას, ჩვენს ისტორიას და მის მწერლობას, ამის წინაშე მას დიდი გულის სითანაღრე დაემჩნა, ამიტომაც არქიმნადრიტმა ნაზარმა თავის გულის სალბუნებლად მონახა კარგი მეგობარი, კარგი ამხანაგი. ეს გახლავსთ მასწავლებელი მოძღვარი, დეკანოზი კორნელი კე-

36-1  საპატრიარქოს უწყებანი N36 4-10 ნოემბერი 2010წ 22


მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) 1870-1924 (გაგრძელება)

-კელიძე. მან თავს იდვა და თავის შრომით გამოსცა მამა კორნელის წიგნი ― „იერუსალიმის კანონარი“, ღირსეული ისტორიული შრომა. იმედი გვაქვს, არქიმანდრიტი ნაზარი არც ამის შემდეგ დაივიწყებს ასეთ წიგნების გამოცემას და ხანდისხან მაინც გამოსცემს ასეთ იშვიათ ძვირფას წიგნებს“. 1912 წლის 12 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. ამავე წლის 30 მაისს საეკლესიო მუზეუმის, ხოლო 12 აგვისტოს – სამისიონერო საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1913წლის 5 ივნისს, საეკლესიო მუზეუმის დავალებით, დაეკისრა მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მონასტრის აღდგენითი სამუშაოების ზედამხედველობა. 1914 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის, ხოლო 1916 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1915 წლის 2 მაისს საქართველოს საეგზარქოსოში ჩამოსული სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1916 წლის 19 აპრილიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრია. მამა ნაზარი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის აღდგენის ბრძოლაში. 1917 წლის 4 ივლისს, თანახმად მონასტერთა წარმომადგენლების არჩევისა, მამა ნაზარი დაამტკიცეს აღმოსავლეთ საქართველოს ბერ-მონაზონთა წარმომადგენლად სრულიად საქართველოს საეკლესიო დროებით მმართველო-ბაში. 1917 წლის 11-17 სექტემბერს არქიმანდრიტი ნაზარი პირველ საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა.1918 წლის 17 ნოემბერს მცხეთის სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტი ნაზარი ეპისკოპოსად აკურთხეს და ქუთაისის ეპარქიის მმართველად დანიშნეს. ამავე დღეს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 1919 წლის 26 მაისს ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა ნაზარმა საქართველოს დამოუკიდებლობის ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე შესანიშნავი ქადაგება წარმოსთქვა, სადაც საფუძვლიანად აღნიშნავდა (ქადაგება მოგვყავს შემოკლებით): „ქართველ ერს უძველეს დროიდან თავის ისტორიულ არსებობისა კარგად ჰქონდა შეგნებული და გათვალისწინებული ეს უაღრესი მნიშვნელობა ეროვნულ პოლიტიკური თავისუფლებისა, როდესაც მან მის დაცვა შენახვა-შენარჩუნებას შეალია მთელი ძალღონე თავის მრავალ საუკუნეთა ცხოვრებისა. არ დაზოგა და თავისუფლების საკურთხეველზე მსხვერპლად შესწირა ბევრი თავისი ღირსეული შვილები, რომელთა უკვდავი და შარავანდედით მოსილი სახელები ამკობენ და ამშვენებენ ჩვენი ერისა და ქვეყნის ისტორიას. ქართველმა ერმა უძველეს დროიდან დაიკავა ქვეყნიერების ერთი საუკეთესო, ლამაზი და მშვენიე კუთხე, და მიუხედავად მრავალრიცხოვან გარშემორტყმულ მოქიშპე, მოშურნე და მოსისხლე მტერთა, მან შეინარჩუნა ეს მართლაც მომხიბლავი მხარე, შექმნა თამარ მეფის ბრწყინვალე და ოქროს ხანა. აწარმოვა ბევრი საბედისწერო და სახელოვანი ომები, რომელთა შექმნეს ქართველ ხალხის ფარხმალის ძლიერების სახელი; ასეთი ძლევამოსილობით და დიდებით ქართველმა ერმა მოაღწია XIX ს-ის კარებამდე, როდესაც, მეტად შევიწროებულ პირობებში ჩავარდნილს, რომ შეენახა თავის  ეროვნული სული, იძულებული იყო შეეფარებია თავი და დაკავშირებოდა ისეთ მძლავრ სახელმწიფოს, როგორიც მაშინ იყო რუსეთი. ქრისტიანობის ზეგავლენით გულუბრიყვო, გარეშე მტერთა ბრძოლით ღონემიხდილმა ერმა მიაპყრო თავის თვალები ჩრდილოეთს: იფიქრა იქაც ჩემსა- ვით აღიარებენ, ძალაც მათ ხელშია და მე მტრისაგან გულდაკოდილ დას შემიტკბობენ, წყლულ შემიხვევენ და ისევ ფეხზე დამაყენებენო, ოცნებობდა მაშინ მრავალტანჯული ერი და ქვეყანა. ქართველი ერი არასოდეს ისე საშინლად არ მოტყუებულა, როგორც ამ დროს. მეგობრის სახით მოსულმა მოსისხლე მტერმა, ჩვენს ქვეყანას ნაცვლად ძმურ თანაგრძნობისა კისერზე დაადგა მეტად მძიმე და აუტანელი უღელი საშინელი მონობისა. თვით მისი დამაახლოვებელი ეკლესიაც არ დაინდო, გაჰქურდა, გათელა, გაანადგურა, მისი საუკეთესო მწყემსმთავარნი მოსწყვიდნა და აწამა და თვით ეკლესია გახადა ჩვენი გადაგვარების და მოსპობის ერთერთ იარაღად. დაატყვევა, შეხუთა და შეასუსტა ეროვნული სული; შეაჩერა მისი ცხოველმყოფელი შემოქმედება — მისი კულტურული მოსწრაფება და თავისუფალი ისტორიული მსვლელობა. პირიდან ენა ამოგვგლიჯა — მოგვისპო და მის ნაცვლად მოსისხლე მტერი თავის ენას იძულებით გვათვისებიებდა, ვინაიდგან მან კარგად იცოდა, ჩვენი პოეტის თქმისა არ იყოს: „რა ენა წარხდეს, ერი დაეცეს, ჩირქი წაეცხოს ტაძარსა წმინდას“. ქართველ ერს თავის ისტორიულ წარსულში ახსოვს ბევრი საშინელი, შეუბრალებელ მტერთა შემოსევა და ჩვენი ქვეყნის აოხრება და ნაცარმტვრად ქცევა, მაგრამ მისი ეროვნული სული იმდენად ძლიერი და ღონი-

36-2  საპატრიარქოს უწყებანი N36 4-10 ნოემბერი 2010წ 23

მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) 1870-1924 (გაგრძელება)

ერი იყო, რომ ყოველ ამგვარ განადგურების შემდეგ ის კვლავ აღდგებოდა და განახლდებოდა, ვით ფენიქსი თავის ფერფლისაგან. და მართლაც აღსრულდა, ხორცი შეისხა დიდი ხნის ნატვრა-ოცნებამ და 117 წლის განაწამები მონა თავისუფალი გახდა. შესრულდა ჩვენი მუდამ ცოცხალის, აკაკის პოეტური წინასწარმეტყველება: „დამეხსენი რუსეთველო, რა მაქვს შენთან საზიარო, თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ გინდა მომიარო, გაყინული ცივი გული, სხვას რას გიზამს, თუ არ ტრობას. შეგიპყრივარ, როგორც ლომი გველეშაპსა ძალადობით, შენი ტყვე ვარ, მაგრამ ჩემს გულს ანუგეშებს ის იმედი, რომ ოდესმე შენს ცხრაკლიტულს მთლად დალეწავს ჩემი ბედი“. მართლაც დაილეწა, დაიქცა, დაიმსხვრა ბატონობა ჩვენი ერის სიციცხლის გამწარებელისა და დღეს ჩვენ მონობისაგან თავდაღწეულნი ვდღესასწაულობთ, ვზეიმობთ უკვე ერთი წლის ეროვნულ თავისუფლებას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ამაზედ უფრო და უმწვერვალესი ბედნიერება ქვეყანაზედ წარმოუდგენელია, ვინაიდან თავისუფლება საფუძველი, წყაროა ყოველივე სხვა ბედნიერებისა. 1801 წელში ჩატყდა ჩვენი ეროვნული ხიდი და 1918 წლის 26 მაისს ხელახლავ გაკეთდა და განახლდა და ეხლა მასზე თავისუფლად მიმოდიან ივერიის ძენი და ასულნი. გაიხარე, მრავალტანჯულო ქართველო ერო, 26 მაისი დღეა შენი სულიერი დაბადების, დღეა შენი ეროვნულ გაზაფხულისა. წარმოიდგინე ის დიდი საკეთილდღეო შედეგები, რომელნიც მას თავისთავად მოჰყვება: ამისათვის 26 მაისი, დღე შენი საზიზღარ ტყვეობა-მონობის მოსპობისა და ეროვნულ თავისუფლების დროშის აფრიალებისა, ოქროს ასოებით, წაუშლელათ, სამუდამოდ აღიბეჭდება შენს და შენი მომავალი შთამომავლობის გულის ფიცარზე. ამიერიდან იწყება თავისუფალ საქართველოს ახალი ხანა, ხანა მისი პოლიტიკურ-კულტურულ, ეკონომიურ და ეკლესიურ ცხოვრების აღორძინება-აყვავე-ბისა და ამ გზით ის მჭიდროდ დაუკავშირდება თავისუფალ და განათლებულ ევროპის ერებს, რომელთა შორის ის დაიჭერს თავის საპატიო ადგილს. მადლი ღვთისა, მფარველობა ღვთისმშობლისა, რომლის წილხდომილია ჩვენი ქვეყანა, ლოცვა და კურთხევა ქალწულ ნინოსი, მოწამე ქეთევანისა და თამარ მეფისა იყოს ჩვენს თავისუფალ სამშობლოზე ამიერიდან და უკუნისამდე“. 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია. საკათოლიკოსო საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის ძალითაც სიონისა და სვეტიცხოვლის ეკლესიების განძეულობა უნდა გაეტანათ და შეენახათ ქუთაისის სახელმწიფო ხაზინაში. ქუთაისში ჩატანილი განძეულობა ჯერ საკათედრო ტაძარში მიიტანეს, სადაც რამდენიმე დღეში კათოლიკოსიც ჩავიდა. აქ გადაწყდა, რომ ყველაფერი ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის სამღვდელმთავრო სახლის აივნის ქვეშ დაემალათ, ზედ კი ქვის ფილაქანი დაეფარებინათ. 1921 წლის მარტში, როდესაც ქუთაისიც წითელმა არმიამ დაიკავა და ქალაქში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, ჩეკისტებმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს განძი მაინც აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით მიტ- როპოლიტ ნაზარს მრავალი უსიამოვნება შეხვდა. 1921 წლის 5 სექტემბერს მიტროპოლიტი ნაზარი მონაწილეობდა III საეკლესიო კრებაში, სადაც მეუფე ამბროსისთან (ხელაია) ერთად კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატად იყო წარდგენილი. ხმათა უმრავლესობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი აირჩიეს. 1923 წლის 27 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ მეუფე ნაზარი საკათოლიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა. იგი თოთხმეტი თვის პატიმრობის შემდეგ, 1924 წლის 29 მარტს გაათავისუფლეს. 1924 წლის 1 აგვისტოს, მრევლის თხოვნით, მეუფე ნაზარი, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სოფელ როდიონულის ეკლესიის საკურთხევლად ჩავიდა. მწუხრის ლოცვის შემდეგ ერთ-ერთი მრევლის ბინაში მოსასვენებლად მივიდნენ. ადგილობრივმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ მიტროპოლიტი ნაზარი და სასულიერო პირები, ვითომდა აჯანყების მოწყობის მცდელობის საფუძველზე, დააპატიმრა და ქუთაისის ციხეში გადაიყვანა. ერთი თვის პატიმრობის შემდეგ, 2 სექტემბერს, გამთენიისას, მიტროპოლიტი ნაზარი,



36-3 საპატრიარქოს უწყებანი N36 4-10 ნოემბერი 2010წ 24

მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) 1870-1924 (დასასრული)

დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სვიმონ მჭედლიძე და პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე შუაღამით ციხიდან გაიყვანეს და ქუთაისის მახლობლად ტყეში დახვრიტეს. ამ ამბის მომსწრე, დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, რომელიც კრებულთან ერთად იყო დაპატიმრებული ქუთაისის ციხეში, თავის მოგონებებში ასე აღწერს იმ ავადმოსაგონარი ღამის შესახებ: „ამასობაში ათი საათი შეიქნა და დავწექით კიდეც. ერთი რომ წავიძინე და გამომეღვიძა, ეზოში, რომელიც ხრეშითაა მოფენილი, მომესმა დაჭედილი ჩექმების რაღაც არაჩვეულებრივი ხმაურობა, რადგანაც ფანჯრიდან გადახედვა საშიშია დარაჯის მხრით, ნარზე წამოვიჩოქე, მაგრამ ვერა დავინახე რა. ამ დროს დეკანოზ ჯაჯანიძესაც გამოეღვიძა მეორე მხარეს, მაგრამ ვერც იმან გაიგო რა. მე ისევ ჩამეძინა. ცოტა ხანში ხმაურობაზე ისევ გამეღვიძა და რას ვხედავ, ვიღაც შეიარაღებული პირები შემოსულან ჩვენს სა- კანში. ერთი მათგანი ლამფასთან რაღაცას კითხულობს და მომესმა: „კორნელი კაკაბაძე, ჰო, მართლა, ის მეორე განყოფილებაშია“ და დასძინა: „აბა, ჩქარა, ჩაიცვით და წამოდითო“. ამ დროს კარზე მოადგა ციხის უფროსის თანაშემწე რუხაძე და დაიძახა: „ჩქარა წამოდით, თორემ მატარებელი გაგვასწრებსო“. ვიფიქრე, მატარებელით მივყავართ სადღაც, მაგრამ არ ვიცი, ყველანი თუ ზოგიერთი. ამიტომ საცვლების ამარა გადმოვკიდე ფეხები ნარიდან და ვუცდი, თუ მეტყვიან ჩაიცვიო. სიის მკითხველმა ჩამოთვალა: ჯაჯანიძე, მჭედლიძე, ნიკოლაძე, მობრუნდა ჩვენსკენ (ახლა კი გამაცივა), მიტროპოლიტი გააღვიძეთო და იკითხა, კუხიანიძე სად არისო. ვიღაცამ მეორე მხრიდან დამიძახა: „ვასილ, გააღვიძე ბესარიონიო და მეც, რადგანაც ის ჩვენს ნარზე იწვა, გადაუწიე ხელი, შევანძრიე და დაუძახე: „ბესარიონ, ბესარიონ-მეთქი“. რაიაო, ერთი რაღაც შეწუხებული სთქვა. მთავრობაა და გაიღვიძე-მეთქი. ამ დროს ისევ ასისთავმა დაიძახა, მიტროპოლიტს მოეხმარეთო და ამ მხრიდან მე და მეორე მხრიდან მღვდელი ვარდოსანიძე გადმოვედით და მივეშველეთ მიტროპოლიტს ბარგის შეკვრაში. კოვზები ზოგი ვერცხლისა იყო და ზოგიც უბრალო. და ამიტომ შევეკითხე მიტროპოლიტს, ” თუ რომელია მისი კოვზი; — რომელიც ყველაზე ნაკლულიაო. ვიფიქრე, მეტეხშიც დასჭირდება-თქო და  მეც, რომელიც ყველაზე უკეთესი იყო, ის ჩაუდევი. ბარგის შეკვრაში მიტროპოლიტი გარე გასულიყო და სხვები რო გაირეკეს წინ, ჯაჯანიძემ ესღა მოასწრო: „ვასილ, აბა შენ იცი ბავშ....“ და გარეკეს კიდეც. მიტროპოლიტი კაბის ამარა შემობრუნდა და ანაფორა ჩაიცვა, გამოგვეთხოვა ყველას, პირზე კოცნით და გვითხრა: „არ შეშინდეთ, მხნედ იყავით, სიკვდილი ყველა ერთიაო“ და გაჰყვა იმათ. მაგრამ ამ სიტყვების მნიშვნელობას ჩვენ მაშინ ვერ მივხვდით“. 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, წმინდა სინოდის გაფართოებულ სხდომაზე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), თავის კრებულთან ერ- თად, წმინდათა დასში შერაცხა, წმინდა მღვდელმოწამე ნაზარის სახელწოდებით. ხსენების დღე აგვისტო. 27 ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბას (გიგიბერია) ლოცვა-კურთხევით სოფელ კულაშში აშენდა წმინდა მღვდელმოწამე ნაზარის სახელობის ეკლესია, რომლის კურთხევაც ნოემბრის თვეში მოხდება.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2020
ბოლო რედაქტირება 30.09.2025
სულ რედაქტირებულია 8

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0