ბერი ანდრია (ნუგზარ მილორავა) 1994-2011წწ
ნუგზარ მილორავა დაიბადა 1994 წლის 23 თებერვალს საქართველოს ულამაზეს მხარეში, სვანეთში, მესტიაში. ქვეყნისთვის ურთულესი პერიოდი, მთებსა და ყინვაში, აფხაზეთიდან დევნილთა შორის მუცლადმყოფმა გამოიარა.
მოგვიანებით, მშობლები ჩვილ ნუგზართან ერთად, ქუთაისში გადავიდნენ საცხოვრებლად. სწავლობდა ქუთაისის მე-19, შემდეგ I ექსპერიმენტულ სკოლაში.
განსაკუთრებული სიყვარულით სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებს . საოცრად დიდი ფანტაზია ჰქონდა და მისი სული ახლოს იყო ბუნებასთან.
წერდა ჩანახატებს და მოთხრობებს. 2006 წელს გამოიცა მისი ჩანახატების კრებული “სიცოცხლის საგალობელი”, სადაც თავისი თვალით დანახული სამყარო და განცდები გადმოსცა.
ეკლესიური ცხოვრება 10 წლიდან დაიწყო. გამოირჩეოდა ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, სიმშვიდით.
10-11 წლის მოზარდს მონაზვნური ცხოვრების სურვილი ერთ საოცარ მღვდელმონაზონთან სიახლოვემ გაუჩინა.
2010 წელს დაიწყო მისთვის უმძიმესი პერიოდი. გაუსაძლისი ტკივილები.
წელიწად ნახევარი უდრტვინველად იტანჯებოდა. 8 თვე სარეცელს გაუნძრევლად მიჯაჭვული, ადიდებდა და მადლობდა უფალს, თავს ავედრებდა დედა ღვთისმშობელს.
რამდენიმე თვეში იმხანად უკვე მორჩილ ნიკოლოზს, პატრიარქის კურთხევით, სიყრმის ოცნება ბერ-მონოზონობისა აუსრულდა.
მიუხედავად ტკივილისა, ყოველთვის მანუგეშებელი იყო მისი ქმედება, სიტყვები.. მასთან მისულს სიმშვიდე ეუფლებოდა. თავად მან და მისივე თხოვნით, მისმა მშობლებმა დაიწყეს ზრუნვა ონკოლოგიურ ონკოცენტრში იმხანად სამკურნალოდ მყოფ ავთვისაებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე და მოზარდებზე.
2011 წლის 13 აპრილს უწმინდესისა და უნეტარესის კათოლიკოს პატრიარქი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მარტყოფის “ღვთაების” მღვდელ-მონაზონმა შალვა შენგელიამ აღკვეცა მონაზვნად და სახელად ანდრია უწოდა.
უფლის შეწევნით, უწყვეტი ლოცვით, უდრტვინველად, რუდუნებით დაითმინა ყოველივე. უფლისავე ნებით, მაშინ დატოვა ამიერი, როცა მშობლები დაარწმუნა უფლის სიდიადეში, სწორად ლოცვა ასწავლა, მოამზადა იმისთვის, რომ ერთადერთი შვილის სხეული მიებარებინათ მიწისთვის და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილიყვნენ, არ დაებრკოლებინათ მისი სული, მისი სულის საოხად, სთხოვა, არასოდეს შეეწყვიტათ ზრუნვა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე და მოზარდებზე.
გარდაცვალებამდე, მის სანუგეშოდ და გასაძლიერებლად მოსულმა შვიდმა ბერ-მონაზონმა უგალობა, გასვლის ლოცვების კითხვისას თავადაც ყვებოდა გალობას..
2011 წლის 28 ივლისს, მისთვის გამორჩეულ დღეს, კვირიკობას, შენდობა სთხოვა დედას, განუცხადა გარდაცვალების მოახლოვების შესახებ, სთხოვა სულის ამოსვლისთანავე, მუხლებზე დამდგარს სამადლობელი ლოცვით ეცა თაყვანი დედა ღვთისმშობლისათვის...და რამდენიმე საათში უკვდავი სული შეჰვედრა უფალს.