სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12432

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
გურიის ამბები; ავტ. კახა ვამირის ძე ჩავლეშვილი  დაბ. ოზურგეთი 1968წ. გურიის ამბები; ავტ. კახა ვამირის ძე ჩავლეშვილი  დაბ. ოზურგეთი 1968წ.
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი ჩავლეშვილი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

27       ბეჭდვა

გურიის ამბები; ავტ. კახა ვამირის ძე ჩავლეშვილი დაბ. ოზურგეთი 1968წ.

მღვდელი გიორგი იოანეს ძე ღლონტი მეუღლესთან სოფიო იორდანეს ასულ ჭყონიასთან ერთად. გიორგიმ 1884წ. ააშენა დვაბზუს ეკლესია, იგი საკურთხეველთან სასიკვდილოდ დაჭრა ცნობილმა გავარდნილმა და "მაუზერისტმა" კიკია მამულაიშვილმა.





აპოლონ ურუშაძის წარმოუდგენელი ისტორია  ფბ პოსტი 22 მაისი, 2024წ.

.

აპოლონ ურუშაძე -  გურული აზნაური, გურიის 1905 წლის აჯანყების და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, გრაფი, „გენერალ-მაიორი“, ვიბორგის მხარის კომენდანტი,  ნიკოლოზ მეორის და ლავრენტი ბერიას სტომატოლოგი, ესერი, თბილისის პოლიციის უფროსი, ანტიბოლშევიკური მოძრაობის რეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.

.

დაიბადა ლანჩხუთში 1886 წელს, 1907 წელს დაამთავრა პეტერბურგის უმაღლესი სტომატოლოგიური სასწავლებელი. 1912 წელს მიიწვიეს რუსეთის საიმპერატორო კარზე და 1917 წლამდე იყო იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პირადი სტომატოლოგი. პარალელურად, პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914-1917) იყო პეტერბურგის მთავარი სამხედრო ჰოსპიტლის სტომატოლოგიური განყოფილების უფროსი. 1915  წელს მიენიჭა სამოქალაქო საკლასო ჩინი - Действительный статский советник, რომელიც არმიის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდების ტოლფასი იყო, 1917 წელს იყო ვიბორგის მხარის კომენდანტი. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში ესერთა ცენტრალური კომიტეტის წევრი, ამავე წლიდან იყო  თბილისის პოლიციის უფროსი.

.

საგულისხმოა, რომ ურუშაძის მიერ იმპერატორისათვის გაკეთებულმა შტიფტმა თავისი როლი ითამაშა ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირებაში, რის თაობაზეც კრემლის კლინიკის უფროსის პროფესორ ალექსანდრე დოინიკოვი თავის მოგონებებში წერს: „1954 წელს საქართველოში ვიყავი და რესპუბლიკის მთავარმა სტომატოლოგმა, აპოლონ პავლესძე ურუშაძემ, რომელიც ნიკოლოზ II-ის მკურნალი ექიმი იყო, მითხრა, როგორ გაუკეთა იმპერატორს პლატინის შტიფტი. ასე რომ, მე ვიცოდი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ - ალექსის ნეშტის არარსებობა საერთო სამარხში და პლატინის შტიფტის არსებობა ერთ-ერთ თავის ქალაში.“ აქვე  „სამარხში ნაპოვნი ყბების ჩვენმა გამოკვლევამ ცალსახა პასუხი გასცა - ისინი ეკუთვნიან ნიკოლოზ II-ს, იმპერატორის ქალიშვილებს, ფრეილენს, კამედინერს და ექიმ ბოტკინს. ჩვენ ამაში ასი პროცენტით ვართ დარწმუნებული.“ ურუშაძის მონათხრობით ასევე იდენტიფიცირებული იყო იმპერატორის მოახლე ანა დემიდოვას ნეშტი, რომლისთვისაც ოქროს ხიდი ჰქონდა გაკეთებული. სწორედ მისი მონათხრობი გახლდათ მნიშვნელოვანი წყარო იმპერატორის ოჯახის ნაშთების იდენტიფიცირებისთვის.

.

ურუშაძე, რომელიც ახლაგაზრდობიდანვე სოციალდემოკრატი იყო 1921 წელს მონაწილეობას იღებდა თბილისის დაცვაში, თუმცა ყველაზე საინტერესო მომენტი ირკვევა ურუშაძის კიდევ ერთი პაციენტის ლავრენტი ბერიას დაკითხვის ოქმიდან, რომლის მიხედვით ბერიას ეკითხებიან იცოდა მან თუ არა ის რომ აპოლონ ურუშაძე მკურნალობდა პოლონეთის კონსულს, რომლის მეშვეობით მას არალეგალური კავშირი ჰქონდა მენშევიკების საგარეო ბიუროსთან და კერძოდ, პოლონეთში ნოე ჟორდანიას მდივან კოტე იმნაძესთან. იგივე ოქმის მიხედვით ბერიას წარუდგინეს ურუშაძის 1937 წლის 8 თებერვალის წერილი იმნაძისადმი, რომელიც გადაეცა თბილისში ყოფილი პოლონეთის გენერალური კონსულის ზალესკის მეშვეობით, რომლის შინაარსი ასეთია:

„ძმაო კოტე

.

გისურვებთ ჯანმრთელობას. მხოლოდ დღეს მომეცა საშუალება მოგწერო წერილი. ამდენი ხანი გავიდა რაც არ მინახიხარ და რამდენის გადატანა მოგვიწია ამ ხნის განმავლობაში! ვფიქრობ, ახლა რომ გვნახო ვერ გაგვიცნობ. ჩვენი მორალური მდგომარეობა და ჩვენი ტანჯვა საშინელია. ჩვენ სრულიად მოწყვეტილი ვართ სამყაროსგან და არაფერი ვიცით რა ხდება. ძალიან ბევრს ველოდით, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. აქ სრული ანარქია სუფევს. ვინ ვის აგდებს ციხეში გაუგებარია. გუშინდელი ხელისუფლება ციხეშია და ხვალ ვინ ვის დააპატიმრებს არვინ იცის. მდგომარეობა ძალიან რთულია. ყოველდღე რაღაც ახალს ველით. ახლა ყველაფერი შესაძლებელია.

.

ამხანაგები თქვენთან კონტაქტის დამყარებას მთხოვენ. აუცილებელია რაც შეიძლება მალე მივიღოთ თქვენგან ცნობები. როგორ გრძნობს თავს ნოე? სად იმყოფება? რას აკეთებს? თუ ნახავ გთხოვთ გულითადი მოკითხვა გადასცე. ველოდები თქვენგან დეტალურ ინფორმაციას იმავე საშუალებით. რაც შეეხება ამ წერილს, ამის შესახებ შენს გარდა არავინ არ უნდა იცოდეს. ფრთხილად იყავით, რომ ამ წერილის შესახებ არავინ, თუნდაც ერთმა ჩვენიანმაც არ უნდა გაიგოს.

.

ბოლშევიკებს ახლა ყველგან ჰყავთ საკუთარი აგენტები. პასუხი გამომიგზავნე ზალესკის მისამართზე, შიგ ცალკე კონვერტი ჩადე. ზალესკიმ იცის ამის შესახებ და მომცემს. მხოლოდ მე, ზალესკი და შენ გვეცოდინება ჩვენი მიმოწერის შესახებ. თუ საჭიროდ თვლი, აცნობე ნოეს. სხვას არავის არაფერი უთხრა. დაიმახსოვრე, რომ ეს საშიშია და შეიძლება მთელი საქმე დაიღუპოს.

.

ამბობენ, რომ ემიგრანტებს შორის სრული უთანხმოება და ანარქიაა. რა მოხდა? დაწერე დეტალურად. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ვინ რა არის. ვინ დარჩა, ვინ წავიდა. სად არიან ევგენი, აკაკი, კოტია, გვარჯალაძე, არსენიძე, კაკი წერეთელი და ჩვენი სხვა ლიდერები. აკეთებენ რამეს? დაწერეთ პოლიტიკურ სიტუაციაზე. შეიძლება რაიმეს იმედი გვქონდეს უახლოეს მომავალში თუ არა! საჭიროა ინფორმაცია სანდო წყაროებიდან, რომელთა საფუძველზეც რაიმის გაკეთების საშუალება იქნება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ.

.

ასე რომ, ჩვენ რაც შეიძლება მალე ველოდებით პასუხს. ეს წერილი საიდუმლოა. შენს გარდა არავინ უნდა წაიკითხოს. როგორც კი წაიკითხავთ, მაშინვე გაანადგურე. მიპასუხე იგივენაირად...

.

შენი აპოლონ ურუშაძე“.

.

აპოლონ ურუშაძის შემდგომი ისტორია ასეთია: 1923 წელს  ჩეკამ დააპატიმრა. 1930–იანი წლების მეორე ნახევარში და 1940–იანი წლების დამდეგს აპოლონ ურუშაძე იყო ევროპაში მოქმედი ძლიერი საერთაშორისო ანტიბოლშევიკური პოლიტიკური მოძრაობის - "პრომეთე"-ს და საფრანგეთში მოქმედი "საქართველოს ეროვნული საბჭოს" რეზიდენტი საქართველოში. 1926 წლიდან იყო  მის მიერვე დაარსებული თბილისის პირველი საჩვენებელი სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი.  1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1937-1948 წლებში იყო მის მიერ დაარსებული თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, გარდაიცვალა 1961 წელს.

.

- Кремлевский стоматолог - Из воспоминаний профессора Дойникова;

- Копия протокола допроса Л. П. Берия от 10 ноября 1953 г; (Генеральный прокурор СССР действительный государственный советник юстиции Руденко допросил обвиняемого Берия Лаврентия Павловича.);

- საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონი (nplg:gov:ge)


"გურიის რესპუბლიკის" კიდევ ერთი სახე - ექიმი გიორგი სევერიანეს-ძე ჭოღოშვილი  ფბ. პოსტი 31 იანვარი, 2023წ.

.

გიორგი ჭოღოშვილის რევოლუციური მეტსახელი იყო „მესხი“, მისი ოჯახი მესხეთიდან იყო წარმოშობით, შემდეგში ოჯახი ქუთაისში გადასულა, ქუთაისიდან კიევში წასულა სადაც სამედიცინო განათლება მიუღია, რის შემდეგაც ზურგეთში ექიმად დაუწყია მუშაობა.

.

ჭოღოშვილი აქტიურად მონაწილებდა გურიის 1905-1906 წლების აჯანყებაში. "გურიის რესპუბლიკის" საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იგი გახლდათ გურიის რევოლუციის ფანატიკოსი მხარდამჭერი და ერთერთი იდეოლოგი. ამასთანავე გურიაში ჭოღოშვილი ითვლებოდა ერთერთ უგანათლებულეს პიროვნებად და ინტელიგენტად. 

.

ჭოღოშვილი იყო 1905 წელს არჩეული ე.წ. "გურიის პარლამენტის" ხმოსანი და იმავდროეულად ასრულებდა რამდენიმე ფუნქციას, კერძოდ იყო რევოლუციური სწავლების ბიუროს წევრი და გურიის რესპუბლიკის სანიტარული რაზმის ექიმი. 

.

გურიის რესპუბლიკის მასალების მიხედვით ჭოღოშვილი ასრულებდა გურიის კომიტეტის განსაკუთრებულ დავალებებს, რასაც ადასტურებს ის, რომ გურიის კომიტეტის განსაკუთრებული დავალებით ჩასული იყო ოდესაში. მისი ჩასვლის მიზანი გახლდათ იარაღის შეძენა გურიის რესპუბლიკისათვის. მასვე ებარა მოსახლეობიდან იარაღის შეძენის მიზნით აკრებილი გადასახადი ე.წ. „თოფის ფული“.

.

სანიტარული რაზმი, რომლის ხელმძღვანელიც იგი გახლდათ საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, რაზმმა რესპუბლიკის პერიოდში განახორციელა რამდენიმე საველე გასვლა კერძოდ, ჭოღოშვილის მიერ ორგანიზებული იქნა საველე ჰოსპიტალი სოფელ შემოქმედში, სადაც ნასაკირალის ბრძოლაში დაჭრილ მეომრებს მკუნალობდნენ. 

.

ჭოღოშვილი  გურიაში ისე უყვარდათ, ბავშვებს მის სახელს არქმევდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა ჭოღოშვილმა გურიაში რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ, როგორც ექიმმა დაჭრილი კაზაკების მკურნალობაზე უარი ვერ თქვა, რაც გურულებმა არ აპატიეს. გურულების განაწყენებას ისიც დაემატა, რომ რუსებმაც, როგორც რევოლუციის ერთერთ იდეოლოგს დევნა დაუწყეს და იგი იძულებული გახდა ემიგრაციაში საფრანგეთში წასულიყო.

.

საფრანგეთში ჭოღოშვილი ცხოვრობდა ქალაქ ნიცაში, მან როგორც ექმიმმა მონაწილება მიიღო პირველ მსოფლიო ომში, რა დროსაც მიღებული აქვს ექვსი სხვადასხვა სახის ორდენი. მისი ცხოვრებისეული ისტორიებიდან კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ირკვევა - მეორე მსოფლიო ომის დროს მან თავის ოჯახში დამალა ებრაელი რაბინი. ომის დასრულების შემდეგ რაბინი ნიუ-იორკში წავიდა და რაბინის დახმარებისათვის ნიუ-იორკის ებრაულმა საზოგადოებას მისთვის სამუდამო პენსიაც დაუნიშნავს.

.

მოზადებულია 

- გ. ა. ზატერიანნის „გურიის რესპუბლიკა“ (1911 წელი).

- old.tbiliselebi.ge

- ფოტო dspace.nplg.gov.ge 


იასე დოლიძე  31 ივლისი 2026წლის ფბ. პოსტი

.1925 წლის ოგონიოკში გამოქვეყნებულ ამ ფოტოზე არის ოზურგეთელი იასე დოლიძე, რომელიც დაბადებულა 1822 წელს, მაშინ როდესაც მამია გურიელი გახლდათ გურიის მთავარი, ამის შემდეგ მოიცვალა რუსეთის ხუთი იმპერატორი და არაერთ ომში მიიღო მონაწილება. სტატიის ტექტსტი: 

.„ქუთაისის გუბერნიაში მცხოვრები გლეხი იასე დოლიძე 1822 წელს ბატონყმობის დროს დაიბადა. იგი 10 წლის ასაკში მემამულემ წაიყვანა სამსახურში, შემდგომში კი გადავიდა თავის გლეხურ მეურნეობაზე, მან საკუთარი შრომით ფეხზე დააყენა შვიდი შვილი და ყველა მათგანს განათლება მიაღებინა. მონაწილეობა მიიღო არაერთ საომარ ლაშქრობაში, მათ შორის - სევასტოპოლის კამპანიაში და გამოიცვალა ხუთი რუსეთის იმპერატორი. ამჟამად იგი 103 წლისაა, მიუხედავად ხანდაზმულობისა, სრულად აქვს შენარჩუნებული საღი გონება და ფიზიკური ჯანმრთელობა. იგი ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. სურათზე გამოსახულია ამხანაგი დოლიძე, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ოზურგეთში და საქართველოსთვის უჩვეულო სიცივის დროს (1925 წლის იანვარი), სახლში შეშა შეაქვს."

.

Огонек 1925 год №25


ფბ. პოსტი ივლისი 2026წ.

თომა ბოლქვაძე

.ფოტოს აქვს წარწერა მეორე მხარეზე - „თომა მელენტის ძე ბოლქვაძე, მებრძოლი პარტიზანული რაზმის უფროსი მიქელგაბრიელის საზოგადოებიდან. დაიღუპა 1905 წლის 18 ოქტომბერს განიარაღების მიზნით პლასტუნებზე თავდასხმის დროს.“

.სურათზე მითითებული ინფორმაციას ადასტურებს თენგიზ ჟღენტი თავის წიგნში „1905 წელი გურიაში“ (შეიძლება ამ წიგნიდან გადმოტანილი ინფორმაციაც იყოს ამ ფოტოზე). კერძოდ ჟღენტს ჩაწერილი აქვს ნატანების და სუფსის გაერთიანებული წითელი რაზმის წევრის ლადიკო კვაჭანტირაძისაგან შემდეგი:

.„ჩვენი წითელი რაზმის მეთაური გიორგი მურვანიძე იყო, მის თანაშემწეთ იაგორ ბოლქვაძე. ნატანებისა და სუფსის რაიონი გრიშა დუმბაძემ გააერთიანა. ასეულის უფროსად ნატანების თემიდან ალთიმოს გობრონიძე იყო, სუფსის თემიდან თომა ბოლქვაძე. წითელ რაზმს ჰქონდა თავისი ფორმა წითელი „ჟილეტკა“, შავი ჩაქურა და თოფი ხელში. ვსწავლობდით თუ როგორ გაგვეკეთებია „ბარიკადა“, როგორ გაგვება ტელეფონები გზაში, როგორ შეხვდეთ თვით მტერს და სხვა.“

."ოქტომბერში ჩვენ მივიღეთ ცნობა კომიტეტიდან აგვეყარა რკინის გზა ნატანებსა და სუფსას შორის, დაგვემსხვრია ტელეფონები და აგვეფეთქებია ხიდეები, დაგვეჭრა ოზურგეთის შარა-გზაზე ტელეგრაფის ბოძები - ყოველივე ეს იმავე. ღამეს .სისრულეში მოვიყვანეთ. შესწყდა მიმოსვლა და მოძრაობა, როდესაც ეს აქტი მოხდა, ნატანებში იდგა ასი კაცისაგან შემდგარი კაზაკების რაზმი. კაზაკები აყრილ რკ. გზ. ლიანდაგთან მივიდენ და დაუწყეს ცემა იმათ, ვინც კი შეხვდა; მოხუცი, ქალი თუ ბავში, ამან გამოიწვია შეტაკება კაზაკებსა და წითელ რაზმელებს შორის. მოკლეს რვა კაზაკი და წამოიღეს მათი თოფები. რაზმელებიდან მოკვდა სუფსის რაზმის უფროსი თომა ბოლქვაძე.“

.- თენგიზ ჟღენტი - 1905 წელი გურიაში (1927)

- ფოტოზე თომა მელენტის ძე ბოლქვაძე მიქელ-გაბრიელიდან


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.07.2026
ბოლო რედაქტირება 01.08.2026
სულ რედაქტირებულია 5




ჩავლეშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

2 0