საპატრიარქოს უწყებანი N32 18-24სექტემბერი 2008წ გვ.18
დეკანოზი ანტონ ნოზაძე 1860-1944
დეკანოზი ანტონ ნოზაძე 1860 წელს იმერეთში, საჩხერის მაზრაში, სოფელ მოძვში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. XIX საუკუნის 80-იან წლებში სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ ლიჩის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. მამა ანტონის დიდი მონდომებითა და ძალისხმევით სოფელ ლიჩში დაარსდა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რომელიც სანიმუშო და თითით საჩვენებელი სასწავლებელი იყო იმ პერიოდის იმერეთში. აი, რას წერს ვინმე ა.გ გაზეთ „საქართველო“-ს 1917წლის ერთ-ერთ ნომერში: „სოფელი ლიჩი ცენტრს მოშორებულია და კულტურის მხრით ცოტათი ჩა-მორჩენილია სხვა ზემო იმერეთის სოფლებს. მთელ ლიჩის საზოგადოებაში, რომელშიც 6 სოფელი შედის, მხოლოდ ერთი სამინისტრო სასწავლებელი არსებობს. სხვა სოფლებში ღოდორაში, ციცქიურში და სხვაგან არ არსებობს სკოლა და არც აზრად მოსვლიათ დღემდე დააარსონ. მოზარდი თაობა ამ ლიჩის საზოგადოებაში 1. 600-ზე მეტი ბავშვი იქნება, რომელიც დღეს უსკოლობის გამო ღვთის ანაბარად არიან უსწავლელნი, დროა ენკენისთვიდან გაიღოს ამ საზოგადოების უსკოლო სოფლებში სასწავლებლები, თორემ კიჩის სკოლა მათზე მოშორებულია და ვერ ისარგებლებენ. ამ სოფლებიდან ლიჩის სასწავლებელში სრულებით არ დადიან და სასწავლებლის შესანახს კი იხდიან.
ეს სასწავლებელი კარგა ხანია დაარსებულია ამ სოფელში, შენობა მათ საკუთარი აქვს და კოხტა. აქვს საკუთარი ბაღი და ვენახი, წინედ მე ვმასწავლებლობდი ამ სკოლაში ომში გაწვევამდე, სკოლაში დაიარებოდა მხოლოდ 50 ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ მთელ საზოგადოებაში ეს ერთი სკოლა არსებობდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ სოფლის მღვდელს ანტონ ნოზაძეს, რომელიც ისწრაფოდა ეს მივარდნილი სოფელი და მთელი საზოგადოება ეხსნა სიბნელისაგან“. მამა ანტონი ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგაც უშიშრად განაგრძობდა ღვთისმსახურებას. იგი ჩუმად ნათლავდა ბავშვებს და წესს უგებდა მიცვალებულებს. ამის გამო XX საუკუნის 20-30-იან წლებში რამდენჯერმე დააპირეს მისი დაპატიმრება. იგი არ შეუშინდა კომუნისტებს, თავის ფეხით მივიდა რაიონის პროკურორთან და გაბედულად განუცხადა: „ორი პარასკევიღა დამრჩენია და თუ გინდა, დამაპატიმრეთ“. მართლაც, მისმა ასეთმა ვაჟკაცურმა საქციელმა გაჭრა და იგი აღარ დააპატიმრეს. სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა მღვდლის ხარისხში, უკანასკნელ პერიოდში იყო საჩხერის რაიონის ერთ-ერთი ოლქის ეკლესიების მთავარხუცესი და მოძღვართ-მოძღვრი. სოფელ ლიჩში დღესაც არის მისი საფლავი წარწერიანი ქვით. დეკანოზი ანტონი 1944 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მამა ანტონს ჰყავდა ხუთი შვილი: 3 ვაჟი და 2 ასული. ძალიან უნდოდა მისი ერთ-ერთი ვაჟი სასულიერო პირი გამხდარიყო, უფროსმა შვილმა გიორგიმ კიდევაც დაამთავრა სასულიერო სემინარია თბილისში, მაგრამ შემდეგში აღარ გაჰყვა ამ გზას.
სასულიერო პირები იყვნენ მამა ანტონის ორივე სიძე — ერთი, მღვდელი გერვასი ჯაოშვილი (ბოლოს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, გარდაიცვალა დეკანოზის წოდებით, 1969 წელს) და მეორე მღვდელი ფარნაოზ ზაბახიძე (მოღვაწეობდა აღ-მოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, უკანა ფშავში, გარდაიცვალა ახალგაზრდა 1919-20 წლებში). შემორჩენილია მცირე მოგონებები მამა ანტონსა და მის წინაპრებზე, რომელიც მისმა უფროსმა ვაჟმა გიორგიმ შეადგინა. მასში აღწერილია მათი ოჯახის მოკლე ისტორია და დამსახურებანი ეკლესიის წინაშე. „მამაჩემი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ მოძვში. ამ სოფელში თითქმის ყველა ნოზაძეებია. მე მახსოვს ჩემი ბაბუა იოსები, მის მამას პავლე ერქვა და მღვდლად იყო სოფელ მოძვში. მის მამას ლაზარე ერქვა და ამის მამას დათუნა. დათუნას შთამომავლები მოძვში შეადგენდენ ერთ უბანს – დათუნაშვილებს. ასევე იყო იქ კრავიშვილების უბანი, პეტრიაშვილები და სხვები.
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 18-24სექტემბერი 2008წ გვ.19
დეკანოზი ანტონ ნოზაძე 1860-1944(გაგრძელება)
პავლე მღვდელს შვილი არ გაუჩნდა და ძალიან სწუხდა ამას. მის ცოლს სიზმარაში დალაპარაკებია ანგელოზი, რომელსაც უთქვამს ფონაში წადით, ღამე უთიეთ ფონის წმინდა გიორგის და შვილი მოგეცემათო, სოფელი ფონი სურამის დასავლეთით არის სამი კილომეტრით დაშორებული. იქაც ყველა ნოზაძეა და იქიდან ნოზაძეები გავრცელდნენ ზემო ქართლში, ალში, ბორჯომში და ზემო იმერეთში – მეჩხეტურში, მოძვში და სხვაგანაც. ყველა ნოზაძეებისათვის ფონა წარმოადგენდა სამლოცველოს. ნოზაძეს თუ გაუჭირდებოდა, მიდიოდა ფონაში, ღამეს უთევდა ფონის წმინდა გიორგის და ისიც ეხმარებოდა გაჭირვებულს. პავლე მღვდელმა შემოისვა ცხენზე ცოლი და გასწია ფონაში ღამის სათევად. მოძვის ნოზაძეებმა ეს რომ გაიგეს, გამოუდგნენ მას, მიეწივნენ გზაში და გამოაბრუნეს უკან, ჩვენ უმღვდელოდ ვერ ვიცხოვრებთო. პავლე იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო, მაგრამ შემდეგ ღამე ჩუმათ ისევ გაიპარა თავისი ცოლით ფონაში. უკან დაედევნენ მაგრამ ვეღარ მიეწივნენ და პავლე მივიდა ფონაში. რამოდენიმე დღე და ღამე ლოცულობდა, მართლაც, ცოლი დაორსულდა და გამობრუნდა მოძვში, შეეძინა ერთადერთი შვილი იოსები. იოსები მოყვანილი, ლამაზი და ნიჭიერი ბიჭი იზრდებოდა. 12 წლის რომ გახდა, შეურჩიეს საცოლედ გორისელი გოგონა აბუთიძე.
გორისელმა მღვდელმა ჯვარი არ დაწერა, რადგან ბაბუაჩემი მცირეწლოვნად ჩათვალა. ქალი კი მაშინ 13 წლისა იყო და ითვლებოდა სრულწლოვნად. პავლე მღვდელმა მიმართა ნებართვისათვის ქუთაისის ეპისკოპოსს. მან მოთხოვა პავლეს, მომიყვანე თქვენი ვაჟი და მერე გაგცემ პასუხსო. პავლეც ასე მოიქცა. ეპისკოპოსს მოეწონა ახალგაზრდა ლამაზი ბიჭი და ნება დართო ჯვრისწერაზე. ასე შეუღლდნენ 12 წლის ბიჭი და 13 წლის ქალი. იოსებს და ნინოს ეყოლათ შვილები: მაია, გიორგი, ანტონი (მამაჩემი), ბერდია, ელისაბედი, ვლადიმერი, პავლე და ნატალია ბაბუაჩემი კარგა მოყვანილი, ლამაზი და ნიჭიერი კაცი იყო. სოფლის მეურნეობის გარდა, ის კარგი ბეითალი იყო. არჩენდა დაავადებულ ცხენებს, ჯორებს და სხვა პირუტყვებს. ერთმა კაცმა ავადმყოფი ჯორი მოუყვანა და უთხრა: „ჩემო იოსებ, ეს ჯორი მე არ მარგია, უაქიმე და თუ მორჩეს შენი იყოსო. ბაბუამ ჯორი მოარჩინა და სიცოცხლის ბოლომდე სარგებლობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ჯორი მამაჩემს დარჩა. იოსებს დიდი ავტო-რიტეტი ჰქონდა როგორც სოფელში, ისე თავად წერეთლებში. მას ხშირად მიმართავდნენ რჩევისათვის, იგი ხშირად იყო მედიატორი. მისი გადაწყვეტილება სავალდებულო იყო ყველასათვის. ითვლებოდა ნაფიც თამადად. ერთ წვეულებაში, რომელსაც ის თამადობდა უქეიფოდ გახდა, სახლში დაბრუნდა და შარდი შეუკავდა. მამაჩემმა ექიმი ჩამოიყვანა საჩხერედან, მან შარდი გამოუშვა, მაგრამ სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩა. ალბათ პროსტატა ჭირდა. ეს მოხდა 1903 წელს. ბებიაჩემმა ნინომ კიდევ დიდხანს იცოცხლა. მოხუცებულობაში დაბრმავდა. მამაჩემმა ნახა ვიღაც თათარი ექიმი, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა და მხედველობა დაუბრუნა. თვითონ ნინო დიდი ნიჭის ქალი არ იყო, მაგრამ იშვიათი გულკეთილი იყო. ჩვენ შვილიშვილებს თავს გვევლებოდა და ჩვენც ძალიან გვიყვარდა დიდედა ნინო. ბაბუაჩემმა თავისი ორი ვაჟი მამაჩემი და ბიძია გიორგი ქუთაისში წაიყვანა და მიაბარა სასულიერო სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრეს. მამაჩემი ჯერ მას-წავლებლად მუშაობდა, ჯერ სოფელ ზოდში (ჭიათურის რაიონი), შემდეგ სოფელ მოძვში. XIX საუკუნის 80-იან წლებში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქიოძე) იგი დიაკვნად აკურთხა და სოფელ ჭალუახში დანიშნა, სადაც აგრეთვე მასწავლებლობდა. შემდეგ მალევე ეპისკოპოსმა გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ ლიჩში განამწესა, სადაც მან დაამთავრა თავისი სიცოცხლე 84 წლის ასაკში. სოფელ ლიჩში ის იქაურ სასწავლებელში იყო საღმრთო სჯულის მასწავლებლად. როგორი კაცი იყო მამაჩემი ანტონი? გარეგნულად და ნიჭით ისიც დაჯილდოებული იყო, მაგრამ ცოტაოდნად ჩამორჩებოდა ბაბუას. იმისთანა მაინც ვერ იყო. თავის წრეში ის ითვლებოდა მოწინავე, განათლებულ და პატიოსან კაცად. სამღვდელო ყრილობებზე დეპუტატად ირჩევდნენ მას. რუსულ ენას ფლობდა. იყო სიტყვის კაცი. ნათქვამს არაფერ შემთხვევაში არ უღალატებდა. საღამოზე
32-2 საპატრიარქოს უწყებანი N32 18-24სექტემბერი 2008წ გვ.20
დეკანოზი ანტონ ნოზაძე 1860-1944(დასასრული)
კვირა-უქმეების წინა საღამოს ტანს დაიბანდა. მწუხრს ლოცულობდა. მერე შუაღამეს ადგებოდა და კიდევ ლოცულობდა. დილას ცისკარს ლოცულობდა და შემდეგ მიდიოდა საწირავად. მო-ნათვლას, ჯვრისწერას და მიცვალებულის წესის აგებას პუნქტუალურად ასრულებდა. გასამრჯე-ლოს ღებულობდა იმდენს, რაც იყო დაწესებული, არც ზედმეტს მოითხოვდა და არც ნაკლებს დაჯერდებოდა. მეზობლებთან ურთიერთობა კარგი ჰქონდა. სოფლის მეურნეობა უყვარდა და ისევე შრომობდა, როგორც გლეხი. ჭირნახულს და ღვინოს იმდენს მოიწევდა, რომ შეძლებულ გლეხს არ ჩამორჩებოდა. ჩვენ შვილებსაც გვერდში გვიყენებდა და გვამუშავებდა. ჩამრჩა მეხ- სიერებაში შემდეგი: ქუთაისის ბანკიდან გაიტაცეს დიდძალი ფული. მთავრობამ ფულის ეს თან-ხა გუბერნიის მცხოვრებლებზე გაანაწილა და მოითხოვა, მოკლე დროში დაეფარათ. თითოეულ გლეხს მოუხდა დიდი თანხის გადახდა. ბევრმა გლეხმა ვერ შეძლო. ასეთებს არბევდნენ და თუ რამე ებადათ ოჯახში, ართმევდნენ. ფულის სესხებაც შეუძლებელი გახდა იმის გამო, რომ სო-ფელში ფული აღარ იყო. მამაჩემმა სთხოვა მთავრობას და ბანკში მიბარებული ფული გადა-ურიცხა გლეხების მაგიერ, რაც იმ პირობებში დიდი სიკეთე იყო. მოშაირე ერთმა გლეხმა ასეთი ლექსი გამოსთქვა: „მისთანა შენი მტერია, ბეკამში ერთი მღვდელია, დრუნჩი მიუგავს მურიას, თვალები ქორის ფერია. ნეტა შენს თვალებს აჩვენა ჩვენი ანტონი მღვდელია, მეზობლობა კარ-გი იცის, თუ არ ამაგი ჩვენია, ის რომ ხელმწიფემ გაიგოს, გაზეთში განა წერია“. მამას ოჯახი უყვარდა, შვილებს თავს გვევლებოდა, მაგრამ ოჯახში მკაცრი რეჟიმი სუფევდა. მისი ბრძანება უსიტყვოდ უნდა შესრულებული დედაჩემი სევრანია უაღრესად კეთილი და წყნარი ადამიანი იყო. გაჭირვებულ ადამიანს რითაც შეეძლო, ეხმარებოდა. თითქოს ექიმობაც იცოდა და წამლებიც ჰქონდა. ყველაფერი ეს უფასოდ. ამის გამო ჩვენ, შვილებსაც ძალიან გვიყვარდა და ხალხსაც. ანბანი დედამ გვასწავლა „დედა ენით“, მორალურად მან გაგვზარდა და ამ მხრივ თუ რაიმე კარგია ჩვენში, მას უნდა ვუმადლოდეთ. მამა პატრიოტი კაცი იყო. ერთხელ ბრძანება მიიღო, ქართული ბეჭედი წარწერით — „ლიჩის წმინდა გიორგის ეკლესია“ შეეცვალა რუსული წარწერით. ამ ბრძანებას არ დაემორჩილა და სიკვდილამდე სარგებლობდა ქართული ბეჭდით“.