21 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით იღუმენი მელქისედეკი (ხაჩიძე) და იღუმენი ადამი (ახალაძე);
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით – მღვდელი გიორგი კუსრაძე, მღვდელი ანტონ გელაშვილი, მღვდელი მიქაელ თევზაძე, მღვდელი გიორგი წურწუმია და მღვდელი ევდემოზ ალელიშვილი.
მღვდელი მიქაელ თევზაძე წმინდა ბარბარეს ტაძარში 2003 წლის 22 აგვისტოდან მსახურობს.
- მამაო, ორიოდე სიტყვით გვიამბეთ, როგორ გახდით მღვდელმსახური.
- ჩემმა ბავშვობამ დიდუბის ეკლესიაში გაიარა, რადგან ამ ეკლესიის მეზობლად მდებარე, ამჟამად წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის სკოლაში ვსწავლობდი. დედის გარდაცვალების შემდეგ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ვთხოვე, სტიქარში სამსახურებლად ლოცვა-კურთხევა მოეცა. 2000 წელს ჩავაბარე გელათის სასულიერო აკადემიაში. 2001 წლის 21 ოქტომბერს უწმინდესმა დიაკვნად დამასხა ხელი სიონის საკათედრო ტაძარში. დიაკვნობის პერიოდში გახლდით პატრიარქის ჟამთააღმწერელი. 2002 წლის 16 ივნისს უწმინდესმა ყაზბეგის რაიონში წამიყოლა და ამ დღეს დამასხა ხელი მღვდლად. იმავე წლის 16 ივლისს მისივე ლოცვა-კურთხევით დავინიშნე სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის სოფელ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად. მანამდე ვმსახურობდი სოფელ აჩხოტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერში. ვიყავი ეპარქიის გაზეთის "მადლიანი სტეფანწმინდის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და მიმყავდა ისტორიული რუბრიკა "კუთხის ეკლესიები და მათი ისტორიული დატვირთვები". უკვე სამი წელია, რაც ამ ტაძარში ვმსახურობ. მყავს ოჯახი, ოთხი შვილი: ლევანი, მარიამი, გიორგი და ნიკოლოზი.
- რამდენადაც ვიცი, განათლებით ისტორიკოსი ბრძანდებით და ამ მიმართულებითაც მოღვაწეობთ.
- 2006 წელს გამოვეცი ორი სამეცნიერო ნაშრომი: "საქართველოს ეკლესიის როლი ქართული კულტურის გადასარჩენად XIII-XV საუკუნეებში" და "გიორგი ბრწყინვალის სახელმწიფოებრივი, საეკლესიო და კულტურული მოღვაწეობა". ამ ნაშრომებში შევეცადე გამეშუქებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზრუნვა ქართული კულტურის გადასარჩენად, საისტორიო და საეკლესიო ლიტერატურის გამოყენებით დამესაბუთებინა, თუ როგორ მოახერხა ქართულმა ეკლესიამ მტრის გამუდმებული შემოსევებისგან ქართული კულტურის საგანძურის გადარჩენა. ეკლესია ყოველთვის აერთიანებდა დაშლის გზაზე დამდგარ საქართველოს, ძალასა და სიმხნეს მატებდა მას.
- მღვდლად მსახურების პერიოდში თქვენთვის რა იყო ყველაზე დიდი სიხარული?
- ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ საპატრიარქოს გადასცა დიღმის მასივში მდებარე არასამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მერგო პატივი, ყურადღება მივაქციო აქ დაგეგმილი წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობას. ვასრულებ პარაკლისებს და იმ სამღვდელმსახურო მოვალეობებს, რასაც ითხოვს მშენებარე ტაძარი.
- თქვენ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური ხართ. როგორი დამოკიდებულება გაქვთ წმინდა ქალწულმოწამის მიმართ?
- ჩემი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ და ჩემს ოჯახში უდიდეს პატივს მიაგებდნენ საეკლესიო დღესასწაულებს, წმინდანებს. მახსოვს, ბარბალობას (ასე ვეძახდით დასავლეთ საქართველოში) დილაადრიან ბებიას გამომცხვარი თბილ-თბილი ლობიანების სურნელი გვაღვიძებდა და გვაგრძნობინებდა ამ დღესასწაულის მადლს. ქალწულმოწამე ბარბარე გამორჩეულია ცხოვრებით, სიწმინდით, მშვენიერებით, უდიდესი კადნიერება აქვს ღვთის წინაშე, ამიტომაც ვევედროთ მას, რომ თავისი ღვთივსათნო მეოხებით დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისაგან, თავისი ლოცვის სხივებით გამოგვიყვანოს ცოდვების წყვდიადიდან და დაგვაყენოს ნათელი გამოხსნის გზაზე:
"ქალწულებითა განშვენებულო, წამებითა გაბრწყინებულო, სასწაულთმოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, წმიდაო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა სულთა ჩვენთათვის. ამინ!"