მაიორი რომან ზარანდია. და 1951 წელის 28 ივნისი, სოფ ვარჩე.
23 ბრიგადის მე-5-ე ბატ. მეთაურის მოადგილე. დაჯილდოვებულია გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით. ამჟამად ცხოვრობს თბილისში.
23 სექტემბერს მე-5 ბატალიონთან მყოფი რუსი დამკვირვებელთა ჯგუფის მეთაურმა ზარანდიას უთხრა:
- თქვენმა ბატალიონმა, ბატონო ზარანდია! პოზიციები უნდა დატოვოს, სანამ გვიან არ არის!..
- რატომ? - გაკვირვებით ჰკითხა ზარანდიამ.
- იმიტომ, რომ წუხელ ღამით აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოიყვანეს რუსეთის რეგულარული არმიის რამდენიმე ათასი კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცი!..
- ეს როგორ?! - მხოლოდ ეს აღმოხდა, გაოგნებულ ზარანდიას.
- მეგობრულად გირჩევ და თუ დროზე არ დატოვებთ პოზიციებს, ყველანი დაიღუპებით!..
- ჩვენ ფარხმალს არ დავყრით!.. - მტკიცედ მიუგო ზარანდიამ და თვალებში შეაშტერდა სამშვიდობო ჯგუფის მეთაურს, ტანხმელ, სპორტული აღნაგობის, სერიოზული სახის რუს ოფიცერს.
- თქვენ ასეთ შემოტევას ვერ გაუძლებთ, ბატონო ზარანდია!.. - ათრთოლებული ხმით უთხრა რუსმა ოფიცერმა.
- ჩვენ უფრო მეტს გავუძელით 15-17 მარტს!.. ბატონო მშვიდობისმყოფელო!.. - ზარანდიას ანერვიულებულ ხმაში რუსების მიმართ დაუფარავმა სიძულვილმა გაიჟღერა. არადა, ამ რუს ოფიცერს, რატომღაც ენდობოდა და ყოველთვის საკმაოდ მეგობრულადაც ექცეოდა.
- რომან „დარაგოი“ ყველანი განწირულები ხართ თქვენი პრეზიდენტისგან!.. - მოურიდებლად უთხრა რუსმა ოფიცერმა მაიორ ზარანდიას ისე, რომ წარბიც არ შეურხევია.
- მაგის დედაც!.. - სიმწრისგან ამოიღრიალა რომან ზარანდიამ. - ასეც ვიცოდი!.. ამ ორჯონიკიძის მოდგმისგან სხვას აბა, რას უნდა მოელოდეს კაცი?
დამკვირვებელთა ჯგუფის მეთაურმა მხარზე მეგობრულად მოუთათუნა ხელი სასოწარკვეთილებამდე მისულ ზარანდიას, მხედრული მანერით შეტრიალდა და თავის რაზმთან ერთად სოხუმის მიმართულებით გაემგზავრა...
ნუგზარ ქებურია;